ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
20.01.2018
ავღანეთის პრობლემა და ყაზახეთის ინიციატივები გაეროში

   საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო მისიაში (ISAF), რაც, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ძალზე არაპოპულარულია ხალხში. ეს გასაგებიცაა, რადგან ავღანეთში სასარბაზნე ხორცის სტატუსით  გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცები უაზროდ იხოცებიან. ქართველი ჯარისკაცის შენახვა ნატოს ათჯერ და კიდევ უფრო ნაკლები უჯდება, ვიდრე ამერიკელი ან ევროპელი ჯარისკაცისა. მეტიც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი წელიწადში 40 მილიონ ლარს ითვალისწინებს საერთაშორისო „სამშვიდობო“ მისიების თანადაფინანსებისათვის. სანაცვლოდ საქართველო მისი მთავრობის წევრებისათვის მეგობრულად მხარზე ხელის დატყაპუნებას იღებს, დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ასევე არ იშურებენ კეთილ სიტყვებს საქართველოს მიმართ. მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვებია ოდენ და არა საქმე, საქმით საქართველოს არავინ ეხმარება - ყოველ შემთხვევაში, შედეგი არ ჩანს.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა, დღეის მდგომარეობით, თავისი ნებით ჩამოშორდა ავღანეთის პრობლემების მოგვარებას. გაეროს მისია მეტად დამთრგუნველ სტატისტიკას ფლობს - 2017 წლის მანძილზე ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში რეკორდული რაოდენობის მსხვერპლია - თითქმის 18 ათასი ადამიანი. 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში ვითარების დამძიმება საფრთხეს აძლიერებს ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ, ამავე დროს, ავღანელ ხალხს თავისთან არ დაუპატიჟია.

ამ ფონზე გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას ერთი წლის მანძილზე იბარებს ყაზახეთი - მშვიდობისმოყვარე და თან ტერორიზმთან დაუნდობლად მებრძოლი სახელმწიფო, რთულ კონფლიქტებში შუამავლობის გამოცდილებით, თუნდაც სირიის გარშემო ასტანაში წარმოებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები გავიხსენოთ. ყაზახეთმა წარმატებით გადალახა ნავთობის ფასების გლობალური კლებით გამოწვეული პრობლემები და ამ კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა, რასაც ცხადჰყოფს გასული წლის მაკროეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები. ახლა კი ეს სახელმწიფო, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი და თავმჯდომარე, ავღანეთის მიმართ მსოფლიო საზოგადოების პოლიტიკის გააქტიურებას აპირებს. ავღანეთის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ვაშინგტონში აშშ პრეზიდენტ ტრამპისა და ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევის შეხვედრაზე, რომელიც 18 იანვარს არის დაგეგმილი.  ნაზარბაევი ერთ-ერთი იშვიათი უცხოელი სტუმარია, რომელსაც ტრამპი თავისი თითქმის ერთწლიანი მმართველობის პერიოდში პირადად მიიღებს. თეთრი სახლი აპირებს, უახლოეს მომავალში შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ავღანეთის მიმართ, თუმცა ეს დოკუმენტი ჯერ არ გაჟღერებულა. ავღანეთის საკითხს ამერიკისთვის შიდაპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს და აქტიური დისკუსიის საგანია. აშკარაა, რომ აშშ ანგარიშს უწევს ყაზახეთის ლიდერის შეხედულებებს და გაითვალისწინებს მათ თავის პოლიტიკაში. ცნობილი ყაზახელი პოლიტოლოგი, ერლან კარინი მასმედიასთან საუბარში ამბობს: „ავღანეთის პრობლემატიკა ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე მხედველობის არედან გაქრა. ფაქტია, რომ გაუთავებლად ხდება არჩევნების თარიღის გადაწევა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი იზრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაზარბაევის ვიზიტი ამერიკაში დღის წესრიგში დააბრუნებს ავღანურ პრობლემატიკას. ჩვენთვის, როგორც შუა აზიის რეგიონის ქვეყნისათვის, სადაც ავღანეთი მდებარეობს, ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.

ყაზახეთი, ყველაფერთან ერთად, გაეროში ავღანეთის კომიტეტსაც თავმჯდომარეობს და განხილვებს უწევს მოდერაციას, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მალე ასტანიდან წამოსულ კონკრეტულ შემოთავაზებებს იხილავს მსოფლიო საზოგადოებრიობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთის გარშემო მოლაპარაკებები, ახლო მომავალში, ასევე რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ნაზარბაევს შორის გაიმართება. შეხვედრის თარიღი დაზუსტების პროცესშია.

   გარდა ავღანეთის საკითხისა,  ნაზარბაევის ვიზიტი ამერიკაში მნიშვნელოვანი იქნება სხვა თვალსაზრისითაც, კერძოდ, ყაზახეთის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს უშიშროების საბჭოს დებატებში,  მასობრივი განადგურების შეიარაღების გაუვრცელებლობის თემაზე.

   ყაზახეთმა უკვე წარმოადგინა უშიშროების საბჭოს მოღვაწეობის პროგრამა მიმდინარე წლისათვის. უკვე იანვარში დაიწყება ყოველკვარტლური ღია განხილვები თემაზე „ვითარება ახლო აღმოსავლეთში, პალესტინის საკითხის ჩათვლით“, იერუსალიმის სტატუსის პრობლემა, შემდგომ - სირიის, ლიბიის, კონგოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, დარფურის, დასავლეთ აფრიკის, მალის, სომალის,  მიანმის, კიპროსის და კოლუმბიის შიდა კონფლიქტები იქნება განხილული. უდიდეს მნიშვნელობას იძენს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული  საკითხები. ყაზახეთი ამ ურთულეს პრობლემასთან მიმართებაშიც შეეცდება, დაიკავოს ბალანსი და ხელი შეუწყოს მშვიდობის შენარჩუნებას.

პრეზიდენტ ნაზარბაევის მიერ დასახულ პრიორიტეტებში აგრეთვე წარმოდგენილია „მწვანე ტექნოლოგიების“ განვითარება, მასობრივი განადგურების შეიარაღებების გაუვრცელებლობა, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება კონფლიქტის ზონებში და სხვ. ყაზახეთის მიერ წარმოდგენილმა დღის წესრიგმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის მხარდაჭერა ჰპოვა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ამ ორგანიზაციაში, ვასილი ნებენზიამ გამოხატა იმის მტკიცე რწმენა, რომ ყაზახეთის დელეგაციის საქმიანობა გაეროს უშიშროების საბჭოში წარმატებული იქნება. აშშ მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებმაც მოწონება და თავიანთი დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ყაზახური ინიციატივების მიმართ. ყაზახეთი მტკიცედ ადგას გაეროში მრავალვექტორიანი სამშვიდობო დიალოგის წარმოების გზას. გაეროში ყაზახეთის მუდმივი წარმომადგენელი, კაირათ უმაროვი ამ გარემოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

კიდევ ერთი, საინტერესო ინიციატივა, რომელიც ყაზახეთმა წამოაყენა გაეროს უშიშროების საბჭოში და, ალბათ, ტრადიციად დამკვიდრდება, გახლავთ უშიშროების საბჭოში არჩეული არამუდმივი წევრების სახელმწიფო დროშების აღმართვის ცერემონიის გამართვა. ამჟამად აღიმართა ყაზახეთის, ნიდერლანდების, კუვეიტის, კოტ დ’ივუარის, პოლონეთის, პერუსა და ეკვატორიული გვინეის სახელმწიფო დროშები. სხვადასხვა სახელმწიფოთა დელეგაციებს ურთიერთობის ეს ახალი ფორმა ფრიად მოეწონათ და მას „შესანიშნავი სავიზიტო ბარათი“ უწოდეს.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"