ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
10.05.2017
9 მაისი და უმამა-პაპო ქართველები

     ყველა ნორმალურ ქართველს, ისევე როგორც რუსს, სომეხს, აზერბაიჯანელს, უკრაინელს, ბელარუსს, ყაზახს, ბაშკირს, თათარს, მოლდაველს, ოსს, აფხაზს... უხარია 9 მაისის მოსვლა, დღისა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს და ევროპაში დამთავრდა ისტორიის ყველაზე საშინელი და სისხლისმღვრელი ომი. დიდ სამამულო ომს თავი შესწირა ასობით ათასმა საქართველოს მკვიდრმა.

     დღევანდელ საქართველოში, მაშინ, როდესაც უკვე მეხუთე წელია, თითქოს თავიდან მოვიცილეთ „ნაციონალების“ ავაზაკური რეჟიმი, რომელმაც 9 მაისი გამარჯვების დღიდან ლამის „დამარცხების დღედ“ გადააქცია, ეს დიდი დღე მაინც არ აღინიშნება ჯეროვნად. მთავრობა რაღაც მორცხვად, მოვალეობის მოხდის მიზნით მიდის გამარჯვების პარკში (რომელსაც დიდი ხანია, „ვაკის პარკი“ დაარქვეს და იქვე გაჩეხილი ხეების ადგილზე კორპუსები, საელჩოები და „მაგნატების“ კერძო სახლები წამოჭიმეს) და ყვავილების თაიგულს ტოვებს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. იქ შეკრებილ ვეტერანებს ჩვენი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები მტკნარად გაუღიმებენ და მალევე მიატოვებენ. უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ასეულ ცოცხლად დარჩენილ გმირს 200 ან 300 ლარს აჩუქებენ და მორჩა, ეს იყო ჩვენი ე. წ. სახელმწიფოს მონაწილეობა საცხრამაისო ზეიმში. ან კი რა ზეიმია ეს, როდესაც არც ტელევიზია და რადიო, არც ქალაქებში განთავსებული სარეკლამო ბანერები არ გვამცნობენ, არ გვილოცავენ ამ დიად დღეს?! არა და არა, მერამდენე წელია უკვე, ჩვენი საამური ფსევდო-დამოუკიდებლობისა, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას თავში აზრად ეს არ მოსვლია. პირიქით, საცხრამაისო ღონისძიებები და სიმბოლიკა სამარცხვინო მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი განწყობა კერძო სექტორზეც არის გადასული, მათი სარეკლამო კლიპები არ გვილოცავენ გამარჯვების დღეს, როგორც ამას შობის და ახალი წლის პერიოდში აკეთებენ ხოლმე.

     საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ამ მხრივ სხვადასხვაგვარი ვითარებაა. ზოგ რესპუბლიკაში 9 მაისს უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ, მაგრამ ზოგში - ძალზე ფართოდ და ხმაურიანად. ბუნებრივია, პირველ რიგში ამ მხრივ გამორჩეულია რუსეთი, უზარმაზარი სამხედრო და სამოქალაქო აღლუმებით. მაგრამ ეს ღონისძიებები მხოლოდ ნაწილია იმ დიდი პატრიოტული პროექტისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ყოველდღურობაში. ამ პროექტის დედააზრი მდგომარეობს ბავშვებისა და ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაში, მათში ისტორიის გმირებისადმი პატივისცემის გაღვივებაში, სამხედრო სულის გაძლიერებაში. შეცდომას უშვებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოველი ის რესპუბლიკა, ვინც დიდი სამამულო ომის ხსოვნას უგულებელჰყოფს ან სულაც უპირისპირდება: ამ გზით ისინი დიდ გამარჯვებას თავად „ჩუქნიან“ რუსეთს და უარს ამბობენ საკუთარი წინაპრების გმირულ წარსულზე. სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვეშვათ უცხოელების წინაშე ომში დაღუპული 300 ათასი ქართველით ტრაბახს - არ ყოფილა ეს ომი ქართველების, მარტო რუსების ყოფილა. შესაბამისად, ის დიდი გმირობა და მსოფლიოს გადარჩენაც მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა... გვინდა ასე? უარი ვთქვათ საკუთარ მამა-პაპათა წვლილზე მსოფლიოს გადარჩენაში?

     ამიტომ სჯობს, 9 მაისისადმი მიდგომაში რუსებს მივბაძოთ და არა, დავუშვათ, უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და არ იცის, რით უშველოს. მით უმეტეს, რომ რუსების სასახელოდ უნდა ითქვას: ისინი არ იჩემებენ დიად გამარჯვებას მხოლოდ თავისთვის, სწორედ რუსები მოუწოდებენ ყველას, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების  თანაზიარნი იყონ. გადაშალეთ ნებისმიერ რუსული გაზეთი, შეხედეთ ნებისმიერ რუსულ პროგრამას ტელევიზიით - რუსეთის ხელისუფლებაცა და ხალხიც ერთხმად მიაგებს პატივს ყველა გმირს, მათი ეროვნებისგან დამოუკიდებლად. და ჩვენ როგორ ვიქცევით - ისევ და ისევ თავად ვკრავთ ხელს ამ შემოთავაზებას? თავად ვამბობთ უარს ჩვენი წინაპრების გმირობაზე?

     აღარაფერს ვამბობ გამარჯვების ავტორის, ქართული გენიის მწვერვალის - იოსებ სტალინის შესახებ. რუსეთში და სხვა ქვეყნებში თუ ჰყავს მლანძღველები სტალინს, არ იქნებოდა ისე გასაკვირი. ვიტყოდით, რომ ადგილი აქვს ლატენტურ ნაციონალიზმს, ნაციონალურ შურს და სტალინს მისი ქართველობის გამო არ მიაგებენ პატივს. მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთში და კიდევ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სტალინის სახელი გაცილებით დიდ პატივშია, ვიდრე მის ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში. სტალინს ამით არაფერი აკლდება, ისევ საქართველოს აკლდება. ერთხელ დავწერე და კიდევ ვიტყვი: აბა ყოფილიყო სტალინი სომეხი, აზერბაიჯანელი ან ნებისმიერი სხვა კავკასიელი ეროვნების - წარმოიდგინეთ, რა პატივში იქნებოდა მისი სახელი, რამდენ ძეგლს დაუდგამდნენ, როგორი დიდებით შემოსავდნენ მის ბიოგრაფიას... და ჩვენ, ქართველებს, რა გვჭირს? მართლაც ცუდი რომ სჭარბობდეს სტალინის ბიოგრაფიაში კარგს (რაც ასე არ არის), მაინც მეტი პატივისცემა და პატრიოტიზმი გვმართებს, რადგან სტალინი ქართველია და გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ვეღარავინ ამოშლის ისტორიიდან. ისევე ვერ ამოშლის (მიუხედავად მუდმივი მცდელობებისა), როგორც სტალინის გადამწყვეტ როლს მეორე მსოფლიო ომში. ლიბერალური „ნარატივით“, სტალინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი და იმავე დროს ყველაზე დიდი დამნაშავე და მკვლელი ქართველია. ამგვარი თვითგვემა და უცხოელთა საამებლად სტალინის გინება საქართველოს ვერაფერს უშველის, მხოლოდ უფრო მეტად მოახდენს ჩვენი ეროვნული ცნობიერების დეგრადაციასა და პატრიოტულ სულს ჩაკლავს. ეს კი გამიზნულად ხდება, დემოკრატიის სახელით. ამიტომაც დარჩა ქართული საზოგადოება პირგაღებული, როდესაც მას თურქმა „მეგობრებმა“ დიდგორის ბრძოლის ოფიციალურად ზეიმი აუკრძალეს. კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის წინ, ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის დარჩენილი არც თუ ისე მრავალი წლის მანძილზე...

     ქართველი ლიბერალები იქამდე დაეცნენ, რომ სკოლის ბავშვებს, მრავალ იდეოლოგიურ საწამლავთან ერთად, ასეთ შხამსაც აწვეთებენ: „საქართველო რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, მეორე მსოფლიო ომი მას არ შეეხებოდა და ამდენი ათასი ქართველი არ დაიღუპებოდა, ქართული გენოფონდი შენარჩუნდებოდა“. ერთი შეხედვით, ლოგიკურია. მაგრამ სკოლის ასაკის ბავშვს არ აქვს განათლების ისეთი დონე და აზროვნების უნარი, რომ საკითხი ასე დასვას: „საბჭოთა კავშირის გარეშე საქართველო მართლა კი იქნებოდა დამოუკიდებელი და ომებისგან თავდაღწეული? ვინ შეაჩერებდა თურქეთს და სხვა მეზობლებს? დაბოლოს, რუსეთზე გამარჯვების შემთხვევაში, ჰიტლერი დატოვებდა-კი საქართველოს დამოუკიდებლად?“ მაგრამ დავუშვათ და დავეთანხმოთ, რომ საბჭოთა კავშირში ყოფნის გამო დაიღუპა 300 ათასი ქართველი - ცუდი საქმისთვის დაიღუპნენ? განა ისინი საქართველოსთან ერთად, მთელი მსოფლიოს გადარჩენას არ შეეწირნენ?! ეს გარემოება ხომ რამდენადმე ამაღლებს მათი გმირობის ხარისხს. დაბოლოს, საბჭოთა საქართველოში, მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულამდე, დაახლოებით 4 მილიონი ქართველი და კიდევ მილიონორასიათასი სხვა ეროვნებების ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა. განა ეს არის გენოფონდის განადგურება?! ახლა, სანუკვარი „დამოუკიდებლობის“ დროს სად არის 4 მილიონი ქართველი?!

     საბჭოთა კავშირმა, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, იხსნა მსოფლიო ნაციზმის ტრიუმფისაგან. ფაქტი ეს არის, რომლის გადაწერასაც დიდი ხანია, ცდილობს „ცივილიზებული სამყარო“. ამერიკაში, მაგალითად, რიგითმა ქუჩაში გამვლელმა მოქალაქემ არაფერი იცის საბჭოთა კავშირის როლის შესახებ მეორე მსოფლიო ომში, ჰგონიათ, რომ ომი ამერიკამ მოიგო. თუმცა ეს მწირი „ცოდნაც“ კიდევ უფრო სასაცილო ხდება, როდესაც ამერიკელი ობივატელი დიდ გასაჭირში ვარდება და ვერ იხსენებს, გერმანია ფაშისტური იყო თუ ფაშიზმს ებრძოდა... ასეთი სურათი აჩვენა ნიუ-იორკის ქუჩებში „რაშა თუდეის“ ჟურნალისტების გასეირნებამ, რომლებმაც რიგითი ამერიკელები გამოჰკითხეს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით. ამერიკა დიდი სახელმწიფოა, საკუთარი გზა აქვს და ავად თუ კარგად, ვითარდება ასეთი ისტორიის უცოდინარი ხალხის პირობებშიც. მაგრამ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისი მოქალაქეები აგრერიგ გაუთვითცნობიერებელნი იყვნენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ისტორიული განათლების დონე (სხვა დარგებთან ერთად) ამაღლდეს. ბოლოსდაბოლოს, ცალკე აღებულმა საქართველომ იმ დიდ ომში გერმანიასთან და მის ევროპელ მოკავშირეებთან საომრად 700 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა ფრონტზე (საიდანაც, როგორც ვიცით, 300 ათასი დაიღუპა), ხოლო უზარმაზარმა ამერიკამ იმავე პერიოდში, 1941 წლის 7 დეკემბრიდან 1945 წლის 2 სექტემბრამდე დაღუპულების სახით სულ მხოლოდ 407 316 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა! და რამდენი მილიონი მსხვერპლი აქვთ გაღებული რუსებს, ბელორუსებს, საბჭოეთის სხვა ხალხებს... ამის მერე უსინდისოს და უვიცის მეტმა ვინ უნდა თქვას, რომ აშშ-ის როლი ნაციზმთან ბრძოლაში აღემატება საბჭოთა კავშირის წვლილს?!

    ისტორიას რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობების თვალსაზრისით მხოლოდ პოზიტივების ძიება სჭირდება. აუცილებელია, რომ ეს ყველამ შეიგნოს, ვინც განზრახ არ მტრობს საქართველოს, რადგან სწორედ საქართველოს სჭირდება ამ დიდი ხსოვნის შენარჩუნება. რაც უფრო დიდია ჩვენი ხალხის წვლილი დიდ სამამულო ომში, მით უფრო დიდია დაფასება რუსეთში. რაც უფრო თავად დავშორდებით ჩვენს საერთო ისტორიას, მით უფრო გაღრმავდება გაუცხოება რუსეთთან, ხოლო მასთან მოლაპარაკებების კი არა და, ელემენტარული ურთიერთგაგების პერსპექტივები ბოლომდე გაქრება. განა რას მოახერხებს ასე გაუცხოებული საქართველო რუსეთთან მიმართებით? ყველა ნეიტრალურმა, ობიექტურად მოაზროვნე პატრიოტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ეს შეკითხვა და მაშინ გამოჩნდება რეალურად, ვინ არის საქართველოს მტერი - „პრორუსულად“ შერაცხული ქართველები თუ დასავლეთიდან უხვად დაფინანსებული, დამახინჯებული ქართულით მობლუყუნე უსახური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და „არასამთავრობოები“!

     ჩვენი ოპონენტები ნორმალური ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, საკუთარ მამა-პაპას მაინც გაიხსენებდნენ. შეუძლებელია, ზოგიერთი მათგანის წინაპარი მაინც არ იყოს დიდი სამამულო ომის მონაწილე, მაშინ, როდესაც პატარა საქართველოდან 700 ათასი კაცი წავიდა ფრონტზე. მიუხედავად იმისა, ვინ „ქოცია“ დღეს, ვინ „ნაცი“, ვინ კიდევ სხვა პარტიის წევრი ან უპარტიო, ჩვენი წინაპრების გმირობა ფრონტსა თუ ზურგში უნდა გვაერთიანებდეს, 9 მაისს, ისევე როგორც დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზე, უნდა იქნას დავიწყებული მტრობა და შუღლი, რადგან ჩვენი წინაპრები საერთო ბოროტებას ებრძოდნენ. მაგრამ ბოროტი თესლები არ ისვენებენ და სწორედ ასეთ წმინდა დღეებს აყენებენ ეჭვს ქვეშ, ყველანაირად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას. რა ქნას ვეტერანმა ან 9 მაისს მოზეიმე ნებისმიერმა პატრიოტმა, როდესაც ფაქტია, რომ ფაშიზმი წითელმა საბჭოეთმა დაამარცხა და სწორედ წითელი დროშაა გამარჯვების სიმბოლო? კარგი, დავუშვათ, ცხოველური ანტიკომუნისტია ვინმე, მაგრამ „ისე“ კარგი კაცია - მაშ რაღას ერჩი ე. წ. გიორგის ბაფთას, რომელიც მართლა წმ. გიორგის ორდენის საფუძველზეა გამოგონილი გამარჯვების სიმბოლოდ? გამოიგონეს 2000-იან წლებში ნეიტრალურ, „უპარტიო“ სიმბოლოდ, რომ ვისაც წითელი დროშა არ უნდა, მან ეს ბაფთა მაინც მიიღოს. მაგრამ არა, არც ის უნდათ, არც ეს! მალე ისე წაიყვანენ საქმეს, რომ საეკლესიო სიწმინდეებსაც - ჯვრებსა და ხატებს აგვიკრძალავენ, აქაო და, „ოკუპანტი რუსები“ მართლმადიდებლები არიან და ჯვარს და ხატს „რუსულ პროპაგანდაში“ იყენებენო! დავფიქრდეთ ყველანი, სანამ გვიანი არ არის, და თავიანთი ადგილი მივუჩინოთ უმამა-პაპო მანქურთებს!

      სწორედ ამიტომ, ევრაზიის ინსტიტუტი ყველაფერს აკეთებს ისტორიის უკვდავსაყოფად, რომელიც ხიდია ქართველებსა და რუსებს შორის. ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, შევაკეთეთ დიდი სამამულო ომის დროინდელი რამდენიმე საძმო სასაფლაო და მონუმენტი, სრული განადგურებისგან ვიხსენით გომბორის მონუმენტი, რომელიც განსაკუთრებით არასახარბიელო ვითარებაში იყო და მისი შეკეთება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ასევე შეკეთდა კახეთში თელავის, რუისპირის საძმო სასაფლაოები, ნატახტარში კეთილმოეწყო საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვისას 1942 წელს დაღუპული მფრინავის  ანატოლი ზებზდას საფლავი, შესანიშნავი მონუმენტი სოფ. დირბში; აჭარაში ჩვენი საქმიანობის შესახებ „საქართველო და მსოფლიოს“ მკითხველებს არაერთხელ მოვუყევი... მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერს, რეგიონებში არსებული მეგობარი ორგანიზაციების ყველა წევრს მათი ხელმძღვანელების - ემზარ შალიკაშვილის (თელავი - კახეთი), თემურ თვალიაშვილის და რობერტ ბეკურიშვილის (მცხეთა-თიანეთი), გივი ვანიშვილის (შიდა ქართლი), სოსო ქორიძის (აჭარა), გოჩა ტიკარაძის (გურია), მიშა აფციაურის და შოთა ვართანაშვილის (კახეთის ახალგაზრდული ორგანიზაცია) სახით. ცალკე მადლობა - ბატონ კობა ქოქოსაძეს (ჭიათურა). ბოდიშს ვუხდი იმ უცხო ადამიანებს, ვინც ტელეფონით შემეხმიანა, მაგრამ ვერ შევხვდი - ამას ობიექტური მიზეზები აქვს, ვინაიდან ეკონომიის მიზნით უარი ვთქვით ცენტრალური ოფისის დაფინანსებაზე თბილისში. მთავარია - საქმე, და არა კეთილმოწყობილი ოფისი. სამწუხარო ისაა, სამარცხვინოც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სარემონტო სამუშაოები ჩვენი წინაპრების უკვდავსაყოფი ძეგლებისა ვერ განხორციელდებოდა საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის დახმარების გარეშე. მართალია, ამ დახმარებას მეტად შეზღუდული ხასიათი აქვს და საუბარი მინიმალურ თანხებზეა, მაგრამ ქართველი „მეცენატები“ ამ ხარჯსაც გაურბიან. გამოდის, რომ ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნის თემა „ოკუპანტი რუსეთის“ საქმეა. აფერუმ ჩვენ, ქართველებს! ნუთუ ყველა „მეცენატიც“ ისეთივე უმამა-პაპოა, როგორც ყველა ლიბერალი?

     ერთადერთი ქართველი (თუკი ერთ ჩემს ბავშობის მეგობარს არ ჩავთვლი), ვინც ოდესმე უანგაროდ დაგვხმარებია (მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ბიზნესმენი და მაგნატი),  ესაა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია - ერთადერთი პოლიტიკის ანალიტიკოსი და იმავდროულად პოლიტიკოსი, რომელიც შორს იყურება და საქართველოს მომავალი ადარდებს. ასეთი ადამიანების სიმრავლეს ვუსურვებ საქართველოს, ხოლო მიუხედავად დღევანდელი არასახარბიელო ვითარებისა, ყველას (განსაკუთრებით - ომის ვეტერანებს!!!) გილოცავთ 9 მაისის გამარჯვების დღეს - ღვთის შეწევნით, „ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერი განადგურებულ იქნება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!“

 

 

გულბაათ რცხილაძე

სტატია დაწერილია გაზეთისთვის "საქართველო და მსოფლიო"

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"