ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
08.03.2017
ბათუმის ახალი მეჩეთის პრობლემის წამალი პლებისციტია

    და, მართლაც, პრობლემად იქცა ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. აქტივისტთა ჯგუფი ყოველმხრივ ცდილობს, ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს აზრი იმის შესახებ, რომ ბათუმში აუცილებელია მეჩეთის აშენება, ამჟამად არსებული და მოქმედი ისტორიული მეჩეთის პარალელურად. ეს იწვევს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობას, ბათუმის მცხოვრებთა ჩათვლით. მიუხედავად ამისა, აქტივისტები არ ამბობენ უარს თავიანთ ამ ჩანაფიქრზე, მათ უკვე შეიძინეს სოლიდური მიწის ნაკვეთი ქალაქში, მეჩეთის ასაშენებლად, გახსნეს საბანკო ანგარიში შემოწირულობებისთვის და გააჩაღეს ფართომასშტაბიანი სარეკლამო-პროპაგანდისტური კამპანია ამ იდეის სასარგებლოდ.

    მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილი საკუთარ პოზიციას იმით ასაბუთებს, რომ ბათუმის ახალი მეჩეთი „თურქეთის ფულზე“ უნდა აშენდეს. მათი აზრით, ასევე მიუღებელია, რომ მეჩეთს დაერქვას ოსმალეთის სულთნის აბდულ-აზიზის სახელი, რომელმაც ააგო 1860-იან წლებში მეჩეთი ბათუმის თურქული გარნიზონისათვის და მას სულთნის საპატივსაცემოდ „აზიზიეს მეჩეთი“ ეწოდა.

    შესაბამისად, თუკი თავად საქართველო დააფინანსებს მშენებლობას და თუკი მეჩეთი „აზიზიედ“ არ იწოდება, იგი მორალურად გამართლებულია და არ იქნება საფუძველი, შევეწინააღმდეგოთ მას.

    მაგრამ ასეთი არგუმენტაცია ძირშივე არასწორია და საფრთხეს შეიცავს. ჯერ ერთი, ახალი მეჩეთის მომხრეებმა - მუსლიმმა აქტივისტებმა (საქართველოს მოქალაქეებმა), რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი არა მხოლოდ და არა იმდენად თურქეთთან, არამედ დასავლური სახელმწიფოების სტრუქტურებთან, უკვე კარგა ხანია, მოახდინეს იმ ფულის წარმომავლობის შენიღბვა, რომლის საშუალებითაც მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთი (3 ჰექტარი) მეჩეთის აშენების მიზნით: „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ თავისი პროპაგანდისტური ვიდეოკლიპების საშუალებით დაუღალავად ამტკიცებს, რომ ეს ფული თითქოს ქართველი (აჭარელი) მუსლიმების მიერ არის შემოწირული (ამასთან, „საინიციატივო ჯგუფი“ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა საჭიროა თურქულ- და არაბულენოვანი პლაკატები, შემოწირულობის მოწოდებით). „აზიზიეს“ სახელწოდებას ისინი არ ახსენებენ. ასე და ამრიგად, ახალი მეჩეთის მოწინააღმდეგეების არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობა უცხოური დაფინანსებით განხორციელდება და მას არაქართული დასახელება ექნება, გაბათილებულია.

    მაგრამ არის სხვა, უფრო პრინციპული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა, ვიდრე ეს მისი დაფინანსებისა და სახელწოდების წარმომავლობაა. კერძოდ: ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობას არ სურს კიდევ ერთი მეჩეთის ხილვა. ამას აჩვენებენ სხვადასხვა გამოკითხვები. მეჩეთის მშენებლობა აჭარასა და მთელ საქართველოში დაძაბულობის ახალ ტალღას გამოიწვევს, ამჯერად - რელიგიურ ნიადაგზე. ამიტომ, გამომდინარე სახელმწიფო ინტერესებიდან, ასეთ მშენებლობა დაუშვებელია.

    მშენებლობის მომხრეები, თავიანთი მხრივ, არ დაეთანხმებიან იმას, რომ ბათუმელთა უმრავლესობა წინააღმდეგია. ამიტომ ერთადერთ დემოკრატიულ გამოსავლად ამ ვითარებიდან მიმაჩნია ბათუმელთა შორის პლებისციტის ჩატარება, სურთ თუ არა მათ, თავიანთ ქალაქში ახალი მეჩეთი იხილონ. დროა, საქართველო მიეჩვიოს სადავო საკითხების გადაწყვეტას პირდაპირი დემოკრატიის მეშვეობით, ლოკალურ დონეზე მაინც. იდეოლოგიზირებული არგუმენტაცია, რომ მეჩეთის მშენებლობა რელიგიის თავისუფლების გამოხატვას წარმოადგენს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება, არ გახლავთ მართებული, რადგან იკრძალება არა მეჩეთი, როგორც ასეთი, არამედ კონკრეტული მშენებლობა, კონკრეტულ ადგილზე. ბათუმში ამჟამად მოქმედი ისტორიული მეჩეთი მთლიანად აკმაყოფილებს შედარებით მცირერიცხოვანი ბათუმელი მუსლიმების მოთხოვნილებებს, ხოლო მუსლიმები, რომლებიც აჭარის სხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ნამდვილად არ განიცდიან მეჩეთების ნაკლებობას.

    რაც შეეხება ბათუმის სტუმრებს, რომლებსაც მეჩეთში ლოცვა სურთ, კეთილი და პატიოსანი, ილოცონ. თუკი ისინი ვერ ეტევიან ერთ მეჩეთში, მაშინ გარეთ, მეჩეთის კედლებთან ილოცონ. როგორც იტყვიან, თუკი სურვილი არსებობს, საშუალებაც გამოინახება... გარდა ამისა, არის ასეთი მხიარული რუსული გამონათქვამიც: „თავი იგრძენი ისე, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ სტუმარი ხარ!“

 

            გულბაათ რცხილაძე

-ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი-

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"