ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
23.10.2016
საქართველო 2016 წლის არჩევნების შემდეგ

  საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგია „ქართული ოცნების“ გამარჯვება დიდი უპირატესობით. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, მათ შორის, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით. „ქ.ოცნების“ უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ 20 პროცენტს აღემატება. თუმცა „ნაციონალებმა“ მაინც საგრძნობლად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო - 27 პროცენტი. მაგრამ ჩვენვე ვთქვით, რომ მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი იმ 17 პროცენტიდან, რომელთაც გამოკითხვაში თავი შეიკავეს, ხმას ოპოზიციას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთ ოპოზიციად ხალხის ამ ნაწილმა სწორედ „ნაციონალები“ მიიჩნია.

ერთგვარი მოულოდნელობაა, რომ პარლამენტში ვერ შევიდა ნინო ბურჯანაძის პარტია, მაგრამ მისი მაჩვენებლები გამოკითხვაში სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში ჯდება, ისევე, როგორც, სტატისტიკური ცდომილების ფარგლებს შეესაბამება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ლეიბორისტების“ მაჩვენებლები. სამაგიეროდ, პარლამენტში შევიდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც არჩევნებამდე დარჩენილ დროს (ჩვენი გამოკითხვა დასრულდა 17 სექტემბერს, არჩევნების პირველი ტური კი 8 ოქტომბერს გაიმართა) მოახერხა საკუთარი მომხრეების მობილიზება და სავსებით გამართლებულად განახორციელა ხმაურიანი კამპანია აჭარაში თურქეთის მშვიდობიანი ექსპანსიისაგან საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. ევრაზიის ინსტიტუტის გამოკითხვაში აჭარასთან დაკავშირებული ეს მომენტიც, სხვათა შორის, აღნიშნულია.

  ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ „ქ.ოცნების“ გამარჯვება და მის მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაუფლება უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს.

   ჩვენი პროგნოზი:

ახალი პარლამენტი და მთავრობა განაგრძობს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების აქცენტირებას, ნატოსა და ევროსტრუქტურებში „ინტეგრაციის“ შესახებ რიტორიკის ფონზე. ამასთან, რუსეთთან არსებული კონტაქტები ცოტა უფრო ინტენსიური და საქმიანი გახდება, თუმცა გარღვევის მოხდენისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოლოდინის საფუძველიც არ არსებობს. ახალი ხელისუფლება დარჩება ძალზე ფრთხილი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იგი თავს აარიდებს კონფლიქტებს, მაგრამ ასევე გაექცევა გადამჭრელი ზომების მიღებას, როდესაც აუცილებელია საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს ჩანს თუნდაც თურქეთის პროვოკაციული ქმედებების მიმართ პასიური დამოკიდებულების მაგალითზე, როდესაც თურქულმა მხარემ ბათუმში სკოლა გახსნა ადგილობრივი ხელისუფლების აუცილებელი ნებართვის გარეშე.

  მთლიანობაში, საქართველო განაგრძობს თავის ღარიბულ ყოფას და იგი დარჩება კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ობიექტი, და ვერ გახდება სუბიექტი.--

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"