ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
29.04.2016
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიღბული სიცრუე

   შიშის და შოკის მომგვრელია თურქული გაზეთის - „დეილი საბაჰ“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ისევ და ისევ რუსული საინფორმაციო საშუალების გარეშე ვერ მოაღწევდა (პარადოქსია თითქოს, მაგრამ ასეა, თურქული პრესის მონიტორინგს საქართველოში არავინ აწარმოებს). ირკვევა, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარე 6 ჰექტარი ტერიტორია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უნდა გადაეცეს თურქეთის რესპუბლიკას, მდინარე ჩაქ-სუს (ჯაყისწყალი) კალაპოტის ხელოვნური შეცვლის საშუალებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 10-კაციანი დელეგაცია, ვინმე ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრია თურქ კოლეგებს პოსოფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და შესაბამის დოკუმენტზე ხელიც მოუწერია.

   მალე გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ თითქოს არ ხდება ტერიტორიის დათმობა, საქართველოს მხრიდან. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთ-საქართველოს 1992 წლის ხელშეკრულების თანახმად, საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის გადახედვას და რე-დელიმიტაციასა და რე-დემარკაციას არ ექვემდებარება. მაგრამ აქვე ადგილი აქვს მცდელობას, სამინისტროს მხრიდან, შეცდომაში შეიყვანოს ქართველი ხალხი. კერძოდ, გვარწმუნებენ, რომ თურმე ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.“

   ისმის კითხვა: რატომ მოხდა 1973 წელს კალაპოტშეცვლილი მდინარისთვის „პირვანდელი“ სახის დაბრუნების საკითხის წამოჭრა 2016 წელს? რატომ ატყუებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და ზემოთ წარმოდგენილი ბუნდოვანი ფორმულირებით ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს მდინარემ სულ ახლახანს იცვალა კალაპოტი და თურქული მხარის მოთხოვნა ამიტომ სამართლიანია? რატომ ვანგრევთ საკუთარი ხელით საბჭოთა კავშირის მიერ დანატოვარ საზღვარს? თუკი მდინარის კალაპოტის ხელოვნური შეცვლა („პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება“) სამართლიანია, რატომ არ მოხდა ეს საბჭოთა კავშირის დროს, 1973 წლიდან 1991 წლამდე, ე. ი. სსრკ დაშლის მომენტამდე?

   გასული საუკუნის 80-იან - 90-იან წლებში ძალიან მოდური გახდა პიროვნულად სერგო ორჯონიკიძის ლანძღვა, რომლის თაოსნობით საქართველოსთვის კუთვნილი რიგი ტერიტორიებისა მეზობელი რესპუბლიკების შემადგენლობაში აღმოჩნდა (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი). „ორჯონიკიძე“ ლამის „მოღალატის“ სინონიმად იქცა. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ს. ორჯონიკიძეს ფულზე არ გაუცვლია ქართული მიწები. იგი მოქმედებდა იმ იდეოლოგიის მიხედვით, რომლისაც პიროვნულად სჯეროდა და რომლითაც განმსჭვალული იყო. ორჯონიკიძე, იდეური „ინტერნაციონალისტი“, საქართველოს აკლებდა ტერიტორიებს, მაგრამ მაინც ერთიანი საბჭოეთის ფარგლებში. ეს სულაც არ არის ორჯონიკიძის გამართლება, მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა მის ქმედებებს აქვს. დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება კი აბსოლუტურად გაუგებარია. ორჯონიკიძისეულ იდეალიზმს ახლანდელ ბიუროკრატ ვირთხებს ვერ დავაბრალებ, იმის დაბრალებაც მიჭირს, რომ თურქებმა მათ ფული „ჩაუჯიბეს“. საქმე უნდა გვქონდეს კლინიკურ შემთხვევასთან, მაგრამ ამასთან ერთად, არც ეს კლინიკური გარემოება იქნებოდა განმსაზღვრელი, რომ არა უკვე 25-წლიანი მონური დამოკიდებულება უცხოეთის მიმართ - საქართველომ ყველას ყველაფერი უნდა დაუთმოს, ჩვენ გვყავს „პარტნიორი ქვეყნები“, ჩვენ გვმართავენ უცხოეთის ელჩები და მათი ზემდგომი ორგანოები, ჩვენ ვართ მათხოვარი ქვეყანა, არ გვაქვს არც ეროვნული ღირსება და გვინდა, რომ „გვიპატრონონ“.

  ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა და ვერასოდეს ვიქნებით დამოუკიდებელნი. ჩვენ მუდმივად ვეწევით დამოუკიდებლობის იმიტაციას, რომლის ერთადერთ გამოხატულებად რუსეთის ლანძღვა-გინება მიგვაჩნია.

   „ჩვენ“ - ამ შემთხვევაში, საქართველოს ბიუროკრატიას ეხება, მადლობა ღმერთს - ხალხს აღარ!

   ამიტომ, მაინც იმედით ვარ, რომ ჩვენი ხალხი, საზოგადოება, ხმას ამოიღებს და ჩაშლის მოღალატურ გარიგებას, რომელიც ამ წმინდა დღეებში, ვნების კვირიაკეში შედგა. მოვუწოდებ ბიუროკრატებს, ნუ დაემსგავსებიან იუდა ისკარიოტელს!

   აქვე დავძენ, რომ ასეთ პატრიოტულ საკითხებში იმედი არ მაქვს იმ ნაძირალა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომლებიც ბოტანიკური ბაღის „გადასარჩენად“ დარბიან, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ოფიციალურად აკარგინებენ თუნდაც მცირე, მაგრამ სისხლით მორწყულ, წინაპრების მიერ შემონახულ ტერიტორიას, ხმა აქვთ გაკმენდილი. არადა, თითქოს იდეალური მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ხელისუფლება გააკრიტიკო, მაგრამ არა, ამ თემაზე კრინტსაც არ დაძრავენ საქართველოს რეალური გამყიდველები!

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"