ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
14.01.2016
კახი კალაძე უცხოელი ლობისტების და ქართველი იდიოტების წინააღმდეგ

    დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული ე. წ. „არაპროფესიონალი პოლიტიკოსი“, და სწორედ ამიტომაც ხალხთან უფრო ახლოს მდგომი და რაციონალურად მოაზროვნე კახი კალაძე. როგორ თუ, რუსული „გაზპრომისაგან“ დააპირა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის შესყიდვა - გაისმის „ნაცების“ და მათი იდეური მხარდამჭერების წივილ-კივილი. ისტერია აიტაცა და გააღივა მასმედიამ, ამ არაჯანსაღ გარემოს კი უცხოელი ელჩები და სხვა რანგის მოხელეები კიდევ უფრო ამძაფრებენ.

     არადა, საქართველოს მთავრობისა და, კერძოდ, კახი კალაძის პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია - ნებისმიერი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოება მოითხოვს, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ჰქონდეს ენერგორესურსების იმპორტი, პირველ ყოვლისა, ბუნებრივი აირით მომარაგება. გასაგებია, რომ აზერბაიჯანი პრინციპში არ არის საქართველოსათვის მტრული სახელმწიფო და ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებთან ზოგი საერთო სატკივარიც გვაქვს. ამას მაინც ვამბობ, თუმცა ყველამ იცის, რომ პრეზიდენტმა ალიევმა ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევით, დემონსტრაციულად უმასპინძლა ქართული პროკურატურის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს და ცოტა ხნის წინ ისიც ცნობილი გახდა, რომ აზერბანული „სოკარი“ კვლავინდებურად აფინანსებს ბობოლა „ნაციონალებს“... ჩავთვალოთ, რომ ყოველივე ეს საქართველოს სტრატეგიულ საფრთხეს არ უქმნის და აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორი რჩება.

    მაგრამ სტრატეგიული აზროვნება პოლიტიკაში ნიშნავს, რომ უმჯობესია, მეგობარსაც გარკვეული უნდობლობით უყურო და გაუთვალისწინებელი ვითარებისაგან თავი დაიზღვიო. სწორედ ამ პრინციპს შეესაბამება ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“. კალაძე სამომავლოდ ირანთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. გასაგებია, რომ კონკურენცია არავის უყვარს და მათ შორის, არც „სოკარს“ მოეწონა ქართულ ბაზარზე „გაზპრომის“ შესაძლო დაბრუნება. „სოკარი“ უმდიდრესი კომპანიაა და მისი ინტერესების ლობიზმს ბევრი იკისრებს. მაგრამ გაუგებარია ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტის მიერ კალაძისადმი ასეთი შეკითხვის დასმა: „საქართველომ რომ გაზი რუსეთში შეიძინოს, განა ეს აზერბაიჯანის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება?“ გაუგებარია, ეს რბილად თუ ვიტყვით, სინამდვილეში კი ამ ტიპის შეკითხვის დასმა ენერგეტიკის მინისტრისადმი არის სრული იდიოტიზმი. მინისტრი ვალდებულია, იფიქროს საქართველოს ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ამ ინტერესების განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ მეზობელი სახელმწიფოს კანონიერი უფლებები არ დაირღვეს და ყველა იურიდიული და ეთიკური ნორმა დაცული იქნას. სხვა შემთხვევაში, მეზობელი სახელმწიფოს ინტერესზე საუბარი არის იდიოტიზმი. ის, რასაც დღეს მთავრობა და ენერგეტიკის მინისტრი აკეთებენ, სრულად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს ისე, რომ არავის კანონიერ უფლებებს არ არღვევს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ეს ერთი იშვიათი შემთხვევათაგანია, როდესაც საქართველო უცხოეთს ქედს არ უხრის და საკუთარ ინტერესებზე აკეთებს აქცენტს.

     რუსული გაზის დაკავშირება „ოკუპაციის“ თემასთან არის სისულელე და უსინდისობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა აწ განსვენებული კახა ბენდუქიძის იდეოლოგიიდან გამომდინარე, გააუქმა „სტრატეგიული ობიექტის“ ცნება და არაერთი ასეთი ობიექტი მიჰყიდა ზოგიერთ რუსეთელ ოლიგარქს. მე არასოდეს მომწონებია ის ვითარება, როდესაც საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ თურქმენეთიდან ან მხოლოდ რუსეთიდან იღებდა, არ მომწონს დღევანდელი ვითარებაც, როდესაც გაზს მხოლოდ აზერბაიჯანიდან ვიღებთ. ზოგიერთ გაზეთში გაჟღერებული ცნობა იმის შესახებ, რომ „გაზპრომთან“ ახალი კონტრაქტით საქართველო შედარებით ნაკლებ ფულად მოგებას ნახავს, მართალიც რომ იყოს, აღნიშნული კონტრაქტის გაფორმება საქართველოს სტრატეგიული ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის მაინც ნამდვილად გამართლებულია.

     შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ საკითხში სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"