ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
10.11.2015
რუსეთი მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ

   თითქმის უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ სინაის ნახევარკუნძულზე, შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა ტერორისტების მიერ ჩადენილი მორიგი საშინელებაა. ტრაგედიამ 224 ადამიანის, ძირითადად რუსეთის მოქალაქეების, სიცოცხლე შეიწირა. „ისლამური სახელმწიფოს“ ეგვიპტურმა ფილიალმა თავის თავზე აიღო ტერაქტი.

  შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები, როგორც ცნობილია, რუსეთს ბრალს სდებენ, რომ თითქოს რუსული თვითმფრინავები არა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, არამედ რომელიღაც მითიურ „ოპოზიციას“ ანადგურებენ სირიაში. ამ ლოგიკით გამოდის, რომ პროამერიკულმა „დემოკრატიულმა ოპოზიციამ“ საბოლოოდ განიცადა მუტაცია და მან მოაწყო კიდეც ტერაქტი. ამიტომ რუსეთის სამხედრო ავიაცია აწი ვალდებულიცაა, გაანადგუროს ნებისმიერი შეიარაღებული დაჯგუფება სირიის ტერიტორიაზე, რომელიც არ ემორჩილება ბაშარ ასადის კანონიერ ხელისუფლებას.

  დიახ, ტერორიზმთან მსოფლიოში ბრძოლის ლიდერად დღეს სწორედ რუსეთი გვევლინება, მოსწონს ეს ბევრს თუ არა. სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამ ეს დაადასტურა - რუსეთს ებრძვიან და მის წინააღმდეგ შურს იძიებენ სატანის მსახური ტერორისტები იმიტომ, რომ განსხვავებით მავანთაგან, რუსეთი რეალურად ებრძვის ისლამიზმში გახვეულ მსოფლიო ბოროტებას.

  საქართველოში, ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ ზოგიერთს გაუკვირდება - „როგორ, რუსეთს ხომ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული?! ამიტომ თავად რუსეთია ბოროტება!“ ასეთი აზროვნება არა პატრიოტიზმის, არამედ პროვინციალიზმის ნიშანია. რუსეთი არ არის აბსოლუტური სიკეთე (იმისგან დამოუკიდებლად, რომ 2008 წლის ომის დაწყება ამერიკელების მიერ დაგეშილი სააკაშვილის და მისი ხროვის კისერზეა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და ამ საკითხში რუსეთთან კომპრომისი არ იქნება, მაგრამ დღევანდელ მსოფლიო ასპარეზზე სწორედ რუსეთი ებრძვის იმ მსოფლიო ბოროტებას, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მთლიანად გაანადგურებს პატარა საქართველოს. მერე აღარ გვექნება „ოკუპირებული ტერიტორიების“ პრობლემა, არამედ იმაზე უარესი პრობლემა გვექნება, ვიდრე თემურ-ლენგის შემოსევების დროს ჰქონდა ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს.

 

იოსებ თხილაიშვილი
ქ.ქობულეთი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"