ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
26.09.2015
ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

   თბილისში იმყოფებოდნენ ჩინეთის საზოგადოებრივ აკადემიასთან (ჩ.ს.ა.) არსებული რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის (რ.ა.ე.ც.ა.ი.) წარმომადგენლები, ქართველ ექსპერტებთან შეხვედრის მიზნით. ჩ.ს.ა. აერთიანებს სამეცნიერო ცენტრების ქსელს 4 ათასი სპეციალისტით. რ.ა.ე.ც.ა.ი.-ში დასაქმებულია დაახლოებით ასი სწავლული, რომლებიც არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არიან დაკავებულნი, არამედ ასევე უზრუნველყოფენ ჩინეთის სახელმწიფო სტრუქტურების მომარაგებას ანალიტიკური მასალებით.

      ჩინეთის დელეგაცია, რომელიც სამი სპეციალისტისგან შედგებოდა, საქართველოში მიიღო ევრაზიის ინსტიტუტმა, მოაწყო შეხვედრები და დისკუსიები. ბ-ნი ვან სიაოციუანი (Wang Xiaoquan) - რ.ა.ე.ც.ა.ი.-ის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, ბ-ნი ჟან ნინი (Zhang Ning) - რ.ა.ე.ც.ა.ი.-ის ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე და ქ-ნი ქსიუ ჰუა (Xu Hua) - რ.ა.ე.ც.ა.ი.-ის მეცნიერ-თანამშრომელი საქართველოს ეწვივნენ, რათა ადგილობრივი კოლეგებისაგან მიეღოთ ინფორმაციები და მოესმინათ მათი მოსაზრებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

   ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა ქართველმა ექსპერტებმა - იოსებ არჩვაძემ - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გოჩა გვასალიამ - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ვალერიან დოლიძემ - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მამუკა კარტოზიამ - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალექსანდრე ბეგიაშვილმა - ისლამის საკითხების ექსპერტმა, ვასილ პაპავამ - ირანისტმა, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტმა, ისევე, როგორც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა გულბაათ რცხილაძემ და მისმა კოლეგებმა, ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა, ჩინელ სპეციალისტებს მიაწოდეს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციები მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შემდეგ საკითხებს შეეხო:

- რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრიობას ჩინეთის მიერ გამოცხადებულ სტრატეგიასთან სახელწოდებით „ერთი სარტყელი - ერთი გზა“;

- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

- საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან;

- რუსეთის მიერ საქართველოში „რბილი ძალის“ გამოყენება;

- მომავალი არჩევნები საქართველოში;

- პოლიტიკური სისტემის შესაძლო ცვლილება (საპრეზიდენტო მოდელზე დაბრუნება და სხვა ვარიანტები);

- ჩინეთის იმიჯი და აღქმა საქართველოში;

- დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა საქართველოში;

- ორმხრივი ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები როგორც ეკონომიკასა და სატრანზიტო პროექტებში, ისე ჰუმანიტარულ სფეროში;

- ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა;

- უკრაინის მოვლენები და საქართველო.

 

   ჩინური დელეგაციის საქართველოში ყოფნის მეორე დღეს სტუმრები ქვეყნის პარლამენტის დეპუტატმა, პარტიისა და საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველები“ ლიდერმა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგი (გოგი) თოფაძემ მიიღო. ნახევარი საათით დაგეგმილი შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბ-მა თოფაძემ სტუმრების მრავალრიცხოვან კონკრეტულ შეკითხვას უპასუხა. მის მიერ სხვათა შორის აღნიშნულ იქნა ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, ხოლო ამ მიმართულებით „უკვე იდგმება ნაბიჯები ზედმეტი რეკლამის გარეშე“.

   სტუმრებთან ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ევრაზიის ინსტიტუტი და რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ, გაცვლიან ინფორმაციებსა და სამეცნიერო სტატიებს. პერსპექტივაში ისახება ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებაც. გ. რცხილაძემ მოწვევა მიიღო ჩინეთის მოსანახულებლად. თავის მხრივ, რ.ა.ე.ც.ა.ი.-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არ არის მათი ბოლო ვიზიტი საქართველოში.

   ჩინეთის დელეგაცია ასევე ეწვევა ერევანს, რის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. - -

 

  ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

ფოტომასალა:







თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"