ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
17.06.2015
გერმანული პრესა საქართველოს შესახებ: “ყველაფრის და არაფრის მოლოდინში“

  საქართველოში ანტიდასალვური განწყობების ზრდით გაღიზიანებული დასავლური მასმედია აგრძელებს საქართველოსადმი მიძღვნილი რეპორტაჟების სერიას. “DIE WELT“-ისა და „Neue Zuercher Zeitung“-ის შემდეგ, წამყვანი გერმანული გაზეთი „Frankfurter Allgemeine Zeitung” აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყველაფრის და არაფრის მოლოდინში“, რომლის ავტორი ფრიდრიხ შმიდტია. გერმანელმა ჟურნალისტმა  ევრაზიის ინსტიტუტის ხელმზძღვანელთან, გულბაათ რცხილაძესთან ჩაიწერა ინტერვიუ, შემდეგ კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ი. ალასანიასთან.

გთავაზობთ სტატიაში ევრაზიის ინსტიტუტისადმი მიძღვნილ მონაკვეთს:

 

   ამ დღეებში პრორუსული „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ ინტერნეტპორტალ „ლენტა რუ“-სთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის ელჩის გარეშე კრინტსაც ვერ ძრავს. მაგრამ თბილისში სხვებიც მუშაობენ საერთო რუსულ-ევრაზიულ კონცეფციაზე. მაგალითად, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე წარმოადგენს ქართველების მდუმარე, მაგრამ დიდ ჯგუფს, რომელნიც დასავლურ ინტეგრაციას უარჰყოფენ.  ამ ქართველი კაცის ინსტიტუტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის, მაგრამ უფრო მეტად ნატოს კურსს, რომელსაც რცხილაძე ადანაშაულებს „ადამიანის უფლებათა მანტიის ქვეშ იუგოსლავიის განადგურებაში“. ამავე ინსტიტუტმა მოაწყო მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო კურსები მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, ვეტერანებს კი უფასო მედიკამენტების ვაუჩერები დაუგზავნა. რცხილაძე გადმომცემს უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილ ბროშურას, რომელშიც ეს კრიზისი შეფასებულია, როგორც „დასავლეთის ჯვაროსნული ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ“. ყოველივე ეს მოსკოვის კურსის ერთგულ შთაბეჭდილებას ტოვებს, „ფაშისტური მაიდანის“ ტერმინის გამოყენებით და „დასავლური დემოკრატიის“ ბრჭყალებში მოქცევით. ამის საპირისპიროდ რცხილაძე აცხადებს, რომ მისი ინსტიტუტი იდეოლოგიურად და ფინანსურად დამოუკიდებელია და იგი მხოლოდ ერთგვარ „მადლობას“ იღებს იმ ბიზნესმენებისათვის კონსულტაციების გაწევის სანაცვლოდ, რომლებსაც რუსეთში ინვესტირება სურთ და გარკვეული პრობლემების მოგვარება ესაჭიროებათ.

   რცხილაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს ინტერესშია და შიშობს, საქართველომ არ დაკარგოს თავისი ნიშა მეზობელი ქვეყნის ბაზარზე. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ აღიარებას იგი ტრაგედიად მიიჩნევს, თუმცა დასძენს: „რაც უფრო მკვეთრად მოვახდენთ ჩვენი თავის პოზიციონირებას, როგორც დასავლეთის წარმომდგენლები, მით უფრო დავშორდებით აფხაზებსა და ოსებს“. ეს პოზიცია საქართველოში არ არის უმრავლესობის აზრი, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს ასე იყო. --

 

გერმანული ორიგინალი (15.06.2015): „Warten auf alles und auf nichts”.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"