ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
21.05.2015
„საქართველოში სტალინი მეწაღე დარჩებოდა“

  ასეთი სათაურით გამოვიდა გერმანული გაზეთი «Die WELT» 19 მაისს. ჟურნალისტი იულია სმირნოვა იმყოფებოდა ევრაზიის ინსტიტუტში და მკითხველებს მოუთხრო შემდეგი:

„გულბაათ რცხილაძის საწერი მაგიდის მაღლა ქართველი მეფის, ერეკლე მეორის პორტრეტი ჰკიდია. მე-18 საუკუნეში ამ მეფემ მიიღო დაცვის ხელშეკრულება ეკატერინასგან, რომელსაც „დიდს“ უწოდებდნენ. რცხილაძისთვის ეს იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. იგი ხელმძღვანელობს ევრაზიის ინსტიტუტს, რომლის პატარა ოფისი თბილისის ცენტრში მდებარეობს.

რცხილაძეს მაგიდაზე, ჰენრი კისინჯერის წიგნთან ერთად, უდევს შავი-ფორთოხლისფერი ლენტი. რუსეთში ეს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა გამარჯვების სიმბოლოა, ხოლო ახლანდელ დროში იგი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამომცნობი ნიშნის ფუნქციას ასრულებს. საქართველოში, პირიქით, ეს ლენტები არ სარგებლობენ პოპულარობით. რცხილაძემ მაისის თვეში ლენტები დაუგზავნა ომის ქართველ ვეტერანებს, კონვერტში მან ასევე ჩადო ვაუჩერები მედიკამენტების მისაღებად, თითოეული 17 ევროს ოდენობით.

აღნიშნული თანხა საქართველოში სახელმწიფო პენსიის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს. რცხილაძეს სხვა, უფრო მცირე საჩუქრებიც აქვს. „გამარჯვების დღესთან“, 9 მაისთან დაკავშირებით, მან ორგანიზება გაუკეთა ისტორიის კურსებს ბავშვებისათის, ნაკლებად შეძლებული ლტოლვილების ოჯახებიდან. ვინც კურსებს დაესწრო, მან მიიღო შესაძლებლობა, უფასოდ მოინახულოს აქვაპარკი.

მაგრამ აქ საუბარია არა იმდენად წარსულზე, რამდენადაც მომავალზე.

 

 „ქართველები წარმატებულები მხოლოდ რუსეთში გახდნენ“

ეს იმიტომ, რომ რცხილაძე ერთ-ერთი ლობისტთაგანია, რომლებიც საქართველოს რუსეთთან კვლავ დაახლოებას უჭერენ მხარს. „ბევრი ქართველი წარმატებული მხოლოდ რუსეთში გახდა“ - ამბობს იგი და მაგალითად მოჰყავს ყველაზე მდიდარი ქართველი, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ერთი მაგალითია იოსებ ჯუღაშვილი: „სტალინი აქ მეწაღე დარჩებოდა, მაგრამ რუსეთში იგი გამოჩენილი პიროვნება გახდა“.

უკვე შვიდი წელიწადი გავიდა, რაც რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთის წინააღმდეგ იომეს. დასავლეთმა მაშინ მხარი პატარა სამხრეთკავკასიულ სახელმწიფოს დაუჭირა/ მაგრამ დღეს საქართველოში მოსკოვის მეგობრებ სულ უფრო ხმამაღალნი და გავლენიანნი ხდებიან. ანალიტიკური ცენტრის, National Democratic Institute-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, იმ ქართველთა რიხვი, რომელთაც სურთ რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიის კავშირში შესვლა, მაღალია ისე, როგორც არასოდეს: 31 პროცენტი მომხრეა.

მოსკოვი ევრაზიის ინსტიტუტის მსგავს ორგანიზაციებს იყენებს ქართულ საზოგადოებრიობაში საკუთარი დღის წესრიგის გასავრცელებლად. ამასთან, ყურადღება ეპყრობა არა მხოლოდ რუსეთის პოზიტიურ იმიჯს, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კრიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია. უკრაინის კრიზისმა საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობელ სახელმწიფოებში მერყეობა გამოიწვია, მაგრამ ისინი არ ღებულობენ არც ნატოში წევრობას და არც ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას. ამიტომ, მძიმე ეკონომიკური ვითარება და ევროკავშირით იმედგაცრუება სულ უფრო და უფრო მეტ ქართველს უბიძგებს, დახმარება რუსეთში ეძებონ.

 

უკვე წლებია, ეკონომიკა სუსტდება

ამ განწყობებზე აგებს თავის პოზიციას რცხილაძე: „საქართველო აღარ ვითარდება“ - აღნიშნავს იგი. „ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა, უამრავი ადამიანი ვალებშია ჩაფლული“. ამაში მას მრავალი ქართველი დაეთანხმება. ეროვნულმა ვალუტამ - ლარმა, 2014 წლის მიწურულიდან ამერიკულ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 30 პროცენტი დაკარგა, ექსპორტი მკვეთრად დაეცა. „ევროპიდან ლამაზი სიტყვები მოდის, მაგრამ არა დახმარება“ - განავრცო აზრი რცხილაძემ, რომლისგანაც, როგორც ექსპერტისგან, ხშირად იღებენ ინტერვიუებს მთავრობის ერთგული რუსული მასმედიის საშუალებები.

 იგი გახლავთ პოლიტოლოგიის დოქტორი, ადრე მუშაობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და რამდენიმე წელიწადი გერმანიაში გაატარა, როგორც მკვლევარმა-სტიპენდიატმა. მისი სტრატეგია პირველ ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც ქართველმა პატრიოტმა და არა როგორც რუსეთის მხარდამჭერმა. თუკი საქართველო რუსეთს დაუახლოვდება, მოსკოვი ქართულ ნაწარმს და მუშა-ხელს ბაზარს გაუხსნის - ირწმუნება რცხილაძე.

მისი აზრით, ნატოში ინტეგრაცია დამანგრეველი იქნებოდა, რადგან, ქვეყანა რომც გახდეს ალიანსის წევრი, სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში დასავლეთი მაინც არ ჩაერთვება საომარ მოქმედებებში მის გამო. რცხილაძე მშვიდად უყურებს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას ახორციელებს: „ამბობენ, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანარჩენ საქართველოს ოკუპირება განახორციელა“.  

 

დემონსტრაციები თბილისში

ევრაზიულ ინსტიტუტს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან - РИСИ (რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი - მთარგმნელის შენიშვნა) აქვს ურთიერთობა. რცხილაძის ერთ-ერთი თანამშრომელი ჰყვება, რომ იგი სულ ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც შეხვდა РИСИ-ს ხელმძღვანელს, უწინ სპეცსამსახურების წარმომადგენელ ლეონიდ რეშეტნიკოვს.

РИСИ-ს ტიპის ორგანიზაციები ბოლო დროს ძალზე გააქტიურდნენ საქართველოში. ერთ მშვენიერ საღამოს, თბილისის ქუჩებზე უეცრად გამოჩნდნენ დემონსტრანტები, რამდენიმე ათეული მამაკაცი, ყველანი შავებში ჩაცმულნი. ისინი აცხადებენ, რომ გამოდიან ნატოს წინააღმდეგ და მხარს ნეიტრალურ საქართველოს უჭერენ. ბოლო პერიოდამდე ამგვარი გამოვლინებები სერიოზულად არ აღიქმებოდა. ახლა მდგომარეობა იცვლება.

ამასწინანდელმა გამოკითხვებმა გამოავლინა თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებს ქართველებს: უმუშევრობა (66 პროცენტი), ინფლაცია (43 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი). სამი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი მტავრობა შეცვალა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“. მაშინ მას ეგებებოდნენ, როგორც მესიას. მაგრამ ახლა კოალიციის რეიტინგი ეცემა. „მთავრობით იმედგაცრუება უზარმაზარია“ - ამბობს პოლიტოლოგი ელენა ხოშტარია, ქართული ორგანიზაცია „გრასიდან“.

 

ექს-პრემიერ თაავისი სატელევიზიო გადაცემით

ივანიშვილი წლინახევრის წინ გადადგა, მაგრამ თუმცა ახლანდელ პრემიერის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილს უკავია, მისი მდიდარი წინამორბედი აგრძელებს კულისებიდან მართვას. „საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილს უთანხმებს“ - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიამ, რომელსაც იგი ეკუთვნის, ნოემბერში დატოვა სამთავრობო კოალიცია. საქართველოს ექსპრემიერი კვირაობით გამოდის ტელევიზიით საკუთარ გადაცემაში, რომელშიც მიმოიხილავს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური საკითხებს და კრიტიკოსებს ლანძღავს. „ივანიშვილის გამონათქვამები სატელევიზიო გადაცემებში შეიძლება, გაგებულ იქნას, როგორც პირდაპირი მითითებები მთავრობას“ - ამბობს ფანჯიკიძე.

სანამ მთავრობისადმი მხარდაჭერა სუსტდება, იზრდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოპულარობა, რომელსაც სათავეში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას. მან მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები გაატარა, მაგრამ ქვეყანას სულ უფრო და უფრო ავტორიტარულად მართავდა. ხალხი ამას ასე იოლად არ ივიწყებს“ - დაასკვნის სმირნოვა.

დანარჩენი რამდენიმე საკითხის რეზიუმეს «Россия сегодня»-ს საიტის მიხედვით გთავაზობთ:

 „საქართველოს ამომრჩეველთა 45% ამჟამად მერყეობს, აღნიშნავს Die Welt-ის ავტორი და ამ იმედგაცრუებიდან ისეთი პრორუსული პარტიები, როგორებიც არიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ან ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, სავარაუდოდ ნახავენ სარგებელს. სმირნოვას სიტყვებით, იმისათვის, რათა საკუთარი პრორუსული პოზიცია გაამყაროს, ეს ბანაკი იყენებს არა მხოლოდ ეკონომიკურ არგუმენტებს, არამედ „ტრადიციული ფასეულობების“ დამცველადაც გამოდის, რათა ეს ფასეულობები იხსნას განადგურებისაგან, რასაც მათ დასავლეთთან დაახლოება უქადის.

როგორც სმირნოვა წერს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პატრიარქს, მხარს უჭერს მოსახლეობის 87%, ფართოდ არის გავრცელებული ჰომოფობია, არც ერთ პოლიტიკოსი არ აკრიტიკებს ეკლესიას. გარდა ამისა, ქართული ეკლესია მჭიდრო ურთიერთობებში იმყოფება რუსეთის მართლმადიდბელ ეკლესიასთან.

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. მაგრამ, როგორც აღნიშნავს ავტორი, „შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის რეალიზაცია უკიდურესად ნელა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუმჯობესების გარეშე მიმდინარეობს“. ქართველები იმედოვნებდნენ სავიზო რეჟმის გამარტივებას, რიგაში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე. მაგრამ, ავტორის აზრით, საქართველო ამასაც ვერ მიიღებს. „რიგის სამიტის შემდეგ ევროკავშირით იმედგაცრუება კიდევ უფრო გაიზრდება“ - შიშობს ეკა გიგაური, Transparency International-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი“.

 თავის სტატიას იულია სმირნოვა მუქარანარევი პათეტიკით ასრულებს: „ევროკავშირისკენ მიმართული კურსი უალტერნატივოა დიდი პარტიებისათვის. საქართველოში ხომ სწორედ ზემოთ ხსენებული ერეკლე მეორის დროიდან, რომლის პორტრეტიც ლობისტი რცხილაძის კაბინეტში ჰკიდია, იციან, თუ რა ილუზორული ხასიათი აქვს რუსეთთან ხელშეკრულებებს. მიუხედავად დაცვის სიგელისა, რუსეთის ჯარებმა მე-18 საუკუნეში ერეკლეს არ გაუწიეს დახმარება, როდესაც ქვეყანას სპარსეთი დაესხა თავს. ნაცვლად ამისა, ექვსი წლის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ მთლიანად დაარღვია ხელშეკრულება და საქართველოს ანექსირება მოახდინა“.

 

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"