ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
22.03.2015
რატომ არ აკრძალავენ „ნაციონალურ მოძრაობას“

   გაეროს მიერ დაუნიზმის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულმა 21-მა მარტმაც ჩაიარა – მშვიდად, ზედმეტი ექსცესების გარეშე. „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზება, მით უმეტეს, თბილისელების, ამიტომაც „პერმანენტული აქციები“ დააანონსა რეგიონებში, „კორუფციასთან საბრძოლველად“.

   მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ამ ფონზე კომიკურად გამოჩნდა. თუკი მთავრობა მართლაც გადადგება, არავითარ შემთხვევაში „ნაციონალების“ მოთხოვნის გამო. მეორეს მხრივ, „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებს დიდი ოდენობით ფინანსებს, მასმედიის მნიშვნელოვან ნაწილზე გავლენას, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსსა და „პროდასავლური ძალების“ ლიდერობას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამ ეტაპზე „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში რეალურად არ შედის, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არც ისე დაბალია, რომ მის მიერ ხელდასმული მთავრობის დამარცხება ადვილად შეიძლებოდეს. სამაგიეროდ, „ნაცმოძრაობის“ სადეპუტატო ადგილების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს და პარლამენტში ე. წ. „პრორუსული პარტიების“ წარმომადგენლებიც ვიხილოთ.

   მაგრამ ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ მიდის ვადამდელ არჩევნებზე და არც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს, რაც ამ ორგანიზაციის აკრძალვის საფუძველი გახდებოდა. ამას ითხოვენ ყოფილი პოლიტპატიმრები – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი, რომლებიც საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ, “ნაცების“ აქციის პარალელურად. „ნაცმოძრაობის“, როგორც კრიმინალური გაერთიანების ალაგმვას, ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში ვითხოვდით. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ დგამს და „ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ მისი მაქსიმალური რეიტინგი 15-20 პროცენტს არ სცდება, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის წყაროდ რჩება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება საქართველოს საგარეო–პოლიტიკური ინტერესების სწორად გააზრებას. „ნაცები“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებაში ამ თემაზე სერიოზული მსჯელობის გამართვას, თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედის საშუალებით ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ აქცევენ ნებისმიერს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს და არ ეთაყვანება დასავლურ კურსს. დატერორებულია თვით „ქართული ოცნებაც“, რომლის ვერც ერთი წარმომადგენელი „ნაცების“ წინააღმდეგ ამ საკითხში კრინტსაც ვერ ძრავს. ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც სათქმელი გასაგებად თქვა და შემდეგ არც „ნაცების“ მიერ ატეხილი ისტერიის და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოიკაკვა, საოცარ გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ და ამ პიროვნების, მოხევე კაცის, განსაკუთრებულად ვაჟკაცურ ხასიათს უნდა მივაწეროთ.

   გარდა ამისა, „ნაცები“ გაერივნენ უკრაინის ომში, აქტიური როლი შეასრულეს ბოევიკების ტრანსფერში. რასაკვირველია, და ამაზეც არაერთხელ ვწერდით, რომ ეს მათ გააკეთეს საქართველოზე გათვლით – შესაძლოა, აღნიშნული ბოევიკები სამომავლოდ საქართველოს დესტაბილიზაციისათვის იქნან გამოყენებულნი. უკრაინა გახდა „ნაცების“ ბუდე, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა რუსეთისათვის (რუსეთში სასაცილოდ არ ჰყოფნით „ჰალსტუხჭამია“ მიშა), სამაგიეროდ საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისათვის.

   „ნაცმოძრაობა“ არ არის მოწოდებული, პატიოსანი არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება. იგი მიჩვეულია ძალადობას, არჩევნების შედეგების გაყალბებას და ყოველივე იმ „სიკეთეებს“, რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცის. თითქოს ეს უნდა იყოს კიდეც საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებამ ყური უგდოს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს და „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად სცნოს. მაგრამ რეალურად, გარდა იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთის შიშით ვერ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, მას „ნაცმოძრაობის“ არსებობა აწყობს კიდეც.

   ამის მიზეზია ის დიდი სიძულვილი, რომელიც ხალხში არის დაბუდებული სააკაშვილისა და მისი დამქაშების მიმართ. რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს ხალხი „ქართული ოცნებით“, შეუძლებელია, დავიწყებას იქნას მიცემული სააკაშვილის რეჟმის მიერ ჩადენილი უმძიმესი, არაადამიანური დანაშაულობები. თანაც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რუსული ბაზრის ჩაკეტვის გამო, ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სუფევდა, ვიდრე დღეს არის.

   შესაბამისად, ძალიან რთულია, „ნაციონალების“ ამომრჩეველი გახდეს ის ხალხი, რომელმაც 2012 წელს ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ასეთები, შეიძლება, რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი კაცი აღმოჩნდეს. „ნაცების“ მიმართ ხალხის სიძულვილი, აგრეთვე „გაწეწილი“ ბიზნესმენების შიში უახლოესი წარსულისადმი წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვა არ ემუქრება. ეს მით უფრო, რომ ყბადაღებული „მესამე ძალა“ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა...

   21 მარტის დემონსტრაციაზე ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის გამოსახატად ყველაზე ხშირად ეპითეტი „უნიათო“ გამოიყენებოდა. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ იმას საყვედურობს ხელისუფლებას, რომ იგი დღეს ისეთივე ძალისმიერი მეთოდებით არ მოქმედებს, როგორც „ნაცური“ ხელისუფლება მოქმედებდა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართ. დიახ, „უნიათო ქოცები“ არ არიან ის ტიპაჟები, რომლებიც გადამჭრელ ზომებს მიიღებენ. მაგრამ ვერც „ნაცები“ დაიბრუნებენ ხალხის სიმპათიებს. ამიტომ, „გ-ნაცი“ და „ქ-ოცი“ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ძალებად რჩებიან, რომლებსაც ამავე დროს, ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ.

   კარგია ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა, ცუდი. მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ, არ დავიმსახურეთ „უნაცო“ ცხოვრება. ყოველ დღე უნდა გვახსენებდნენ თავს დამნაშავე პარტიის ბელადები, რათა მომავალში არ დავუშვათ მსგავსი სიმახინჯის მოსვლა ხელისუფლებაში – თუკი ამომრჩეველმა ერთხელ აირჩია ისინი, რა გარანტიაა, რომ მსგავსთ მომავალში კიდევ არ აირჩევს? შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე უარის თქმა ნაწილობრივ მაინც არის გამართლებული.

  

 გულბაათ რცხილაძე 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"