ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
27.02.2015
"ნუ ვაქცევთ საქართველოს ატომური რაკეტების სამიზნედ!" - მიმართვა ხელისუფლებას

სააგენტო "ივერიონი" და "საერთო გაზეთი" ავრცელებენ საინიციატივო ჯგუფის მიმართვას ხელისუფლებისადმი, ე. წ. "ნატოს სასწავლო ცენტრის" საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, გამოხატონ საკუთარი აზრი. ევრაზიის ინსტიტუტი მიესალმება მსჯელობის დაწყებას. ასეთი მასშტაბური თემები საქართველოში ტაბუდადებული არ უნდა იყოს.

მიმართვის ტექსტი:

 

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 

 

     ბატონებო!

     მოგმართავთ ე.წ. ,,ნატოს საწვრთნელ ცენტრთან" დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თქვენი მთავრობის სანქციით უკვე მალე უნდა გაიხსნას. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გრძნობს და აცნობიერებს, რომ ამგვარი ცენტრის გახსნა ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე სარგებელს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩინოვნიკები, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ცდილობენ, დაარწმუნონ ქართული საზოგადოება, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება, რომ ,,საწვრთნელი ცენტრი" არ იქნება რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და მისი მოქმედება რეგიონში მშვიდობის გამყარებას ისახავს მიზნად.

  აშკარაა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ განსაკუთრებულად მიამიტ ადამიანებს თუ დააჯერებს. ნატოს ეგიდით საწვრთნელი ბაზის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიის გულში, არის გეოსტრატეგიული მოვლენა, რომელიც ავტომატურად უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს და მის გამოწვევას ნიშნავს, რაც არ უნდა ,,დამამშვიდებელი" განცხადებები მოჰყვეს მას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქვეყანას მთლიანობაში,  ,,ნატოს საწვრთნელი ცენტრი" არაფერს მოუტანს, რაც რუსეთის ნეგატიურ რეაქციას გადასწონის. ამ ნაბიჯით საქართველოს უსაფრთხოებას კი არ გავაძლიერებთ, არამედ პირიქით, შევასუსტებთ, ვინაიდან საქართველოს ტერიტორია, საიდანაც პოტენციურად რუსეთისთვის საფრთხე იქნება მოსალოდნელი, მეზობელი სახელმწიფოს სამიზნედ გადაიქცევა. ეს მით უფრო სახიფათოა, რომ დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთსა და დასავლეთს (ნატოს) შორის პირდაპირი შეჯახება აღარ არის გამორიცხული და ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების ალბათობა იმაზე მეტია, ვიდრე მე-20 საუკუნის ,,ცივი ომის" დროს იყო. ამაზე ღიად საუბრობენ დასავლურ პრესაში, ავტორიტეტული სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტები. დასავლური პრესა იმასაც წერს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ნდობა ფაქტობრივად მთლიანად არის გამქრალი(იხილეთ წამყვანი გერმანული ჟურნალი ,,დერ შპიგელ"– 08.02.15).

  ყოველივე ეს ცხადჰყოფს, რომ თუნდაც კეთილი ზრახვებით ჩაფიქრებულ ,,ნატოს საწვრთნელ ცენტრს" საქართველოს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ასპარეზად გადაქცევა შეუძლია.

  რამდენად სურს ქართველ ხალხს ,,ნატოს საწვრთნელი ცენტრის" გამო ჩვენი ქვეყნის გადაქცევა რუსეთის სამხედრო მანქანის სამიზნედ? რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა რომ გამძაფრდეს და ამ დაპირისპირებაში საქართველოც იქნას ჩათრეული, როგორც ,,ნატოს საწვრთნელი ცენტრის" მასპინძელი, პასუხს ვინ აგებს და ვინ დაგვიცავს?

  საქართველოს ისედაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში – ავღანეთიდან დაწყებული, ცენტრალური აფრიკით დამთავრებული. ამიტომ, ჩვენს ქვეყანას ვერავინ დასდებს ბრალს, რომ საქართველო, ,,საწვრთნელ ცენტრზე" უარის თქმის შემთხვევაში, გაურბის პასუხისმგებლობასა და ნაკისრ ვალდებულებებს.

ბატონებო!

         ვიცით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ,,საწვრთნელი ცენტრი" ხალხის ნების დაუკითხავად იხსნება, მაგარმ იცოდეთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებს. ამიტომ ჩვენ მაინც დაბეჯითებით მოგიწოდებთ, გადადგათ ერთადერთი სწორი ნაბიჯი და მიიღოთ საქართველოსათვის აუცილებელი გადაწყვეტილება – არ დაუშვათ ,,ნატოს საწვრთნელი ცენტრის" განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე! ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თქვენი ამ ნაბიჯით კმაყოფილნი არ დარჩებიან  გარკვეული პოლიტიკური წრეები ქვეყნის გარეთ და, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ისტერიულ დემარშებს მოაწყობენ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები, მაგრამ თქვენს მხარეს იქნება საზოგადოების, მთელი ქართველი ხალხის სიმპათია და მხარდაჭერა. 

გვერწმუნეთ, ამ ფაქტორის გათვალისწინება უცხოეთშიც მოუწევთ და ,,ნაციონალებიც" შეეგუებიან, რადგან ეს იქნება დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება.

 საინიციატივო ჯგუფი

საზოგადოების წევრებისა და პოლიტიკური ექსპერტების კომენტარები - "საერთო გაზეთის" დანართი "პატრიოტი", 25.02.2015


გაგრძელება იქნება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"