ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
25.01.2015
„ებდოებს“ აღარც ხუმრობა ესმით და აღარც სიტყვის თავისუფლება ახსოვთ

ქვემოთ ორი კარიკატურაა წარმოდგენილი. პირველი - აწ უკვე სახელგანთქმული „შარლი ებდოს“ 2013 წლის ივლისის ორიგინალური გარეკანია, რომელზეც გამოსახული წვეროსანი კაცი ეგვიპტელ მუსლიმს განასახიერებს. მუსლიმი ამაოდ ცდილობს, ტყვიებისგან თავი ყურანის საშუალებით დაიცვას. სურათს კი შემდეგი კომენტარი ახლავს: „ყურანი ნაგავია. იგი ტყვიებს ვერ აკავებს“.

 

 

 

 

 

1.

.

 

2.

   აი ასეთი იყო „შარლი ებდოს“ იუმორი, სარკაზმი, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, ეგვიპტეში დემონსტრანტების დახვრეტასთან დაკავშირებით.

   მეორე კარიკატურა უკვე აღარ არის „შარლი ებდო“, თუმცა სავსებით განზრახ არის შედგენილი „ებდოს“ სტილში, რათა ამ სატირულ ჟურნალთან აღძრას ასოციაცია. წვეროსანი ეგვიპტელის ნაცვლად კი ამა წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ დახვრეტილი რედაქტორი, სტეფან შარბონიეა გამოსახული. შარბონიეს თავისი ჟურნალი უჭირავს ხელში, რომლის საშუალებითაც, ამაოდ ცდილობს, თავი დაიცვას ტყვიებისაგან. თანმხლები კომენტარი: „შარლი ებდო ნაგავია. იგი ტყვიებს ვერ აკავებს“.

   ეს მეორე კარიკატურა თავის „ფეისბუკ-გვერდზე“ საფრანგეთის ერთმა 16 წლის მოქალაქემ გააზიარა, რის გამოც იგი პოლიციამ დააკავა. დიახ, დააკავა, კანონის საფუძველზე, რომელიც სულ რაღაც ორიოდ თვის წინ შევიდა ძალაში და მიზნად ისახავს, დასაჯოს ყველა, ვინც ეჭვმიტანილ იქნება „ტერორიზმისკენ მოწოდებასა და ტერორიზმის გაფეტიშებაში“. 16 წლის ყმაწვილის მიერ გაზიარებული ეს კარიკატურა, რომლის ავტორი დადგენილი არ არის, სწორედ ამგვარად იქნა ინტერპრეტირებული პოლიციის მიერ.

   ასეთ მიდგომას „ემნესტი ინტერნეშენელი“ აკრიტიკებს, მაგრამ ეს საფრანგეთში „შარლი ებდოს“ უპატივცემულობის გამო რეპრესიული ქმედებების ერთეული შემთხვევა არ არის. დაფიქსირებულია ორ ათეულამდე დაკავების შემთხვევა და სწრაფი განაჩენის გამოტანაც. ასე მაგალითად, ქალაქ ლილში სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ტერორიზმის უწყინრად წარმოჩენის“ ბრალდებით, როდესაც მათ უარი განაცხადეს, ტერაქტის შედეგად დაღუპული „შარლი ებდოს“ თანამშრომლებისთვის წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი. პარიზში ერთ სულით ავადმყოფ კაცს 3 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მან პოლიციელებს უთხრა: „ფრანგმა ღორიჭამიებმა მიიღეს, რაც დაიმსახურეს“. 210 საათი სოციალურად სასარგებლო სამუშაოსი მიუსაჯეს 18 წლის ბორდოელს, რომელმაც ასევე მოიწონა ტერაქტი, პოლიციელების გასაგონად.

   ცნობისათვის: ზემოთ ნახსენები კანონი „ფეისბუკზე“ „არასწორი“ პუბლიკაციისათვის შესაძლებელს ხდის 7-წლიან თავისუფლების აღკვეთის ან 100-ათას-ევროიანი ჯარიმის შეფარდებას.

                                                                     

„პოლიტფორუმი“,

დაწვრილებით იხ.: "Telepolis"

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"