ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
27.12.2014
აჭარის განმათავისუფლებლებს პატივი მიაგეს

   სახალხო მოძრაობის - „ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ წევრებმა, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, თავიანთ ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო გეგმად  დიდი სამამულო ომის, აგრეთვე უფრო ადრინდელი, მეფის პერიოდის დიდების მემორიალების აღდგენა-რეაბილიტაცია დაისახეს. ეს ძეგლები სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში არიან იავარქმნილნი. ასე მაგალითად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ დირბში, შეკეთებულ იქნა დიდი სამამულო ომის მემორიალი, ამჯერად კი სრულდება ქობულეთთან, სოფ. ხუცუბანში, რუსი ჯარისკაცების საძმო სასაფლაოს რესტავრაცია. რუსი ჯარისკაცები 1878 წლის 18 იანვარს დაეცნენ ციხისძირის ბრძოლაში, რომელიც რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენდა. პოლკოვნიკ რებინდერის მიერ 1902 წელს სასაფლაოზე დადგმული ქვის მონუმენტი ჯვრით,  ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გაიწმინდა და გადაიღება. გაწმენდილ იქნა სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორია სარეველისა და ნაგვისაგან, მოიყარა ხრეში, დალაგდა ქვის ფილები. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო საძმო სასაფლაოს გარშემორტყმული ქვის ღობის  გასამაგრებლად. ხალხი ენთუზიაზმით მუშაობს.

   „როდესაც ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რუსი ჯარისკაცების საძმო სასაფლაოს აღდგენაში დახმარება შეგვთავაზეს, ჩვენ ეს ძალიან გაგვიხარდა - ხომ სწორედ მათ მიერ 1877-78 წლების ომში გამოჩენილი გმირობის შედეგად იქნა გათავისუფლებული აჭარა, ჩვენი მშობლიური კუთხე. ჩვენ ბევრი დადებითი გვახსოვს რუსეთისაგან საბჭოთა პერიოდშიც და კარგი მაინც მეტი იყო, ვიდრე ცუდი“ - ამბობს 44 წლის იმედა თხილაიშვილი, სოფელ ხუცუბნის მკვიდრი, რომელმაც არაერთი წელიწადი გაატარა რუსეთში და მადლიერებით იხსენებს იმ დროს.

   ნაწილობრივ რესტავრირებული საძმო სასაფლაოს წინასწარ გახსნაზე, უფრო კი მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებაზე, სოფელ ხუცუბნის მკვიდრნი შეიკრიბნენ. აგრეთვე მოვიდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ბათუმის ინტელიგენციის („აჭარის მამულიშვილთა კავშირი“) წარმომადგენლები. ხუცუბანში მონუმენტის აღდგენის იდეის ავტორი სიმონ ქორიძე ასევე დიდ ხანს ცხოვრობდა რუსეთში და აფასებს რუსებისა და ქართველების ერთობლივ წარსულს. „აჭარაში ყოველთვის დიდი სითბოთი ვეკიდებოდით რუსებს, რუსეთს, მაგრამ დღეს მაინც განსაკუთრებული დღეა - შეხედეთ ამ ხალხს, როგორი კმაყოფილები არიან, როგორი ენთუზიაზმი გამოამჟღავნეს“ - განაცხადა მან.

   დაღუპული მეომრების სულების მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ, რომელიც მამა ნოე გუგუციძემ გადაიხადა, სტუმრებმა მოკლე მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს. ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა: „იმ განმათავისუფლებელ ომში ბალკანეთისა და კავკასიის საომარ ფრონტებზე დაახლოებით 200 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩვენ ამ ადამიანების გმირობა უნდა გვახსოვდეს და ვაფასებდეთ. ჩვენ აგრეთვე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსული არმიის შემადგენლობაში ქართველებიც იბრძოდნენ, მაშინ არ არსებობდა არავითარი გაცალკევება ეთნიკური ნიშნით, 

ყველა იბრძოდა საერთო საქმის, საერთო რწმენის, საერთო ხელმწიფის, საერთო თავისუფლებისათვის. ჩვენ უნდა დავასრულოთ რესტავრაცია და მოვუფრთხილდეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ისტორიულ სიწმინდეს“.

   სარესტავრაციო სამუშაოები მთლიანად 18 იანავრს, ციხისძირის ბრძოლაში დაღუპული მეომრების მორიგ წლისთავზე დასრულდება. სასაფლაოს შესასვლელში კი დამაგრდა აბრა წარწერით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე: „მადლიერი აჭარა და სრულიად საქართველო არ დაივიწყებს განმათავისუფლებლებს“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"