ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
04.12.2014
პოლიტიკა - ფანტაზიორთა დაუნდობელი მტერი

ევრაზიული ინტეგრაცია - კრიტიკული განხილვა სიმფეროპოლში

   სიმფეროპოლის აეროპორტი უღიმღამოდ ხვდება მოსკოვიდან ჩამოფრენილ სტუმრებს. ბარგის მომლოდინე მგზავრები ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ისმენენ გაფრთხილებას: „პატივცემულო მგზავრებო,  დაავადება ებოლა 90 პროცენტ შემთხვევაში კლავს ინფიცირებულ ადამიანებს, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. თუკი ატყობთ, რომ გარკვეული სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ აეროპორტის ადმინისტრაციას“. ეს ცოტა აბსურდული განცხადება აეროპორტის დინამიკებიდან რუსულ ენაზე ჟღერს, თუმცა წარწერები აეროპორტში, ისევე, როგორც მთლიანად ქალაქში, ჯერ კიდევ ძირითადად უკრაინულია. ებოლას საშინელება უცბად მავიწყდება, როდესაც ვხედავ ტიპიური რუსული შარმით შემკულ ქალბატონს - თამარა გუზენკოვას, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, რომლის მოწვევითაც ჩამოვედი ყირიმის დედაქალაქში, კონფერენციაზე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ავ-კარგიანობის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

   „თამარა სემიონოვნა, როგორ გიკითხოთ?“ - გულწრფელი ოვაციებით გადახვევის შემდეგ ვეკითხები კოლეგა-ქალბატონს. თამარა სემიონოვნა ცოტა დაბალი ხმით, მაგრამ აღფრთოვანებული, შინაგანად ბედნიერი სახით მპასუხობს: „ბედნიერები ვართ, პირდაპირ გვახრჩობს ბედნიერების გრძნობა - ჩვენი ინსტიტუტის დელეგაცია ხომ პირველად ჩამოვედით აქ, ყირიმის რუსეთში დაბრუნების შემდეგ!“

   ნოემბერია. სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „კუკურუზნიკი“ ხრუშჩოვის მიერ ერთი ხელის მოსმით უკრაინისათვის მიერთებული ყირიმის ნახევარკუნძული კვლავ რუსეთს დაუბრუნდა. ყირიმელები, ანუ ძირითადად, ეთნიკური რუსები, რუსეთში დაბრუნების გზით გადაურჩნენ დონეცკ-ლუგანსკის სავალალო ბედს, მათ ასევე ასცდათ მობანდიტო ოლიგარქის - კოლომოისკის ყმობის ხვედრი, განსხვავებით დნეპროპეტროვსკისა და ოდესისაგან; ხოლო კიეველებისგან განსხვავებით, ყირიმელები არ არიან იძულებულნი, უყურონ ულტრა-ნაციონალისტების, ლიაშკოსა და ტიაგნიბოკის საპარლამენტო „მოღვაწეობას“,  უფრთხოდნენ დიმიტრი იაროშის ფაშისტურ რაზმებს და, რა თქმა უნდა, ყირიმი ვერც უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მოწვეულ „გამოჩენილი რეფორმატორების“ - საქართველოში ჩამოწერილი „ნაციონალების“ რჩევა-დარიგებებს მიიღებს...

   სამაგიეროდ, რუსეთის ხელისუფლება, კიევის მიერ ყოველთვის დაჩაგრულ და უგულებელყოფილ ყირიმში დიდი ინვესტიციების მოზიდვას აპირებს. თუნდაც მარტო „არტეკის“ სრული აღდგენისათვის გათვალისწინებული უზარმაზარი თანხები ავიღოთ, ისევე, როგორც, ყირიმის თითქმის უვარგისი ტრასების რეაბილიტაციის გეგმა რად ღირს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქერჩის სრუტეში კონტინენტთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტი... არ არის სფერო, რომელსაც მოსკოვი ყირიმში უყურადღებოდ დატოვებს. ყირიმს აუცილებლად ელის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში წარმოუდგენელი ჩანდა.

   სიმფეროპოლის საუკეთესო სასტუმროს „მოსკვა“ ანუ „მოსკოვი“ ჰქვია. სწორედ აქ დავბინავდით მოსკოვიდან, ვლადიკავკაზიდან, ბიშკეკიდან, მინსიკდან, ერევნიდან, კიშინიოვიდან, ტირასპოლიდან და მე, საქართველოდან ჩამოსული სტუმრები. მოგვიანებით განსაკუთრებით საინტერესო სტუმარი - ეს იმიტომ, რომ იგი კიევიდან ჩამოვიდა, შემოგვიერთდა. დიახ, უკრაინა მთლიანად არ არის მოცული ანტირუსული ისტერიით, კიევშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, პოლიტიკის ექსპერტები, რომლებიც ვითარებას რეალურად აფასებენ... თუმცა მათი განსხვავებული აზრი დღეს გმირობის ტოლფასია. კიევის რეჟიმი თანდათან სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავადსახსენებელ სააკაშვილის რეჟიმს. ასეთი განცდა დამრჩა კიეველ ჟურნალისტთან, ანდრეი განჟასთან საუბრის შემდეგ...

   რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ სასტუმრო „მოსკოვში“ გამართული კონფერენცია ფრიად საინტერესო გამოდგა, არც ერთი გამომსვლელის მოხსენება არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, ყველა მათგანი საქმიანი და კრიტიკული იყო. ფორუმზე აღინიშნა კიდეც, რომ ევრაზიულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით უფრო მეტი შენიშვნა და კრიტიკა გამოითქვა, ვიდრე კმაყოფილება და „ნათელი მომავალი“. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსეთის საექსპერტო საზოგადოება არ არის მიცემული თვითკმაყოფილებას და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიც, რომლის ანალიტიკური საქმიანობის შედეგებს უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია ეცნობა და ითვალისწინებს, ამ საქმეს შესანიშნავად უძღვება.

   აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი, სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სპეციალისტების -პოლიტოლოგებისა და ეკონომისტების მომზადების მაღალი დონე. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრ ირხინის მოხსენებამ: „ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციული პროექტების კონკურენცია: უკრაინის არჩევანი და რუსეთის პასუხის პრობლემები“. რუსმა სპეციალისტმა კრიტიკული ანალიზი გაუკეთა და სავსებით სწორი დასკვნა გამოიტანა - ევრაზიული ინტეგრაცია ლამაზ სიტყვებად დარჩება, თუკი რუსეთმა არ შეცვალა მთელი რიგი მიდგომებისა, ეგრეთ წოდებული «мягкая сила»-ს თვალსაზრისით. ევრაზიული ინტეგრაციის მონაწილე სუბიექტებს ესაჭიროებათ ერთიანი, საკუთარი იდეოლოგია და არა დასავლური იდეოლოგიის გაზიარება. ევრაზიულ სივრცეში, მომხსენებლის დაკვირვებით, პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური კონკურენცია მიმდინარეობს, დასავლეთი ამ სივრცეშია შემოჭრილი და ცდილობს, საკუთარი კორექტივები შეიტანოს პროცესებში. რუსულ საინტეგრაციო პროექტს დასავლური უპირისპირდება. იდეოლოგიური ვაკუუმის პირობებში კი, უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან უფრო ლოგიკურია, რომ ორიგინალს მიკედლებოდა, ვიდრე პერიფერიას. ეს ეხება არა მარტო იდეოლოგიას, არამედ ეკონომიკასაც. რუსეთმა აქამდე ჯერ კიდევ არ შემოგვთავაზა მისაღები ლოგიკა, ხოლო მისი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე დამატებით შემაკავებელი ფაქტორია - მიიჩნევს ა. ირხინი.

   იდეოლოგიის გამომუშავების და ე. წ. „დასავლურ ფასეულობებზე“ უარის თქმის აუცილებლობის შესახებ პირადად მე, ჩემს კოლეგა გიორგი ვეკუასთან ერთად, 2010 წელს ვწერდით რუსეთში გამოსულ სამეცნიერო სტატიაში და ამიტომ სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ რუსი სპეციალისტების ნაწილი მაინც დგას იმავე აზრზე.

   დიდი ინტერესი გამოიწვია სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის, ჟურნალ „ეროვნული სტრატეგიის პრობლემების“ მთავარი რედაქტორის, აჟდარ კურტოვის მოხსენებამ, რომელშიც ყაზახეთის პოლიტიკის მთელი რიგი ასპექტები იქნა გაკრიტიკებული. ამ დროს, ყაზახეთი ევრაზიული ინტეგრაციის მოტორად ითვლება. რუსმა სპეციალისტმა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის დამსახურებებიც აღნიშნა, მაგრამ მისი პოლიტიკა თავისი არსით ინტეგრაციისთვის სასარგებლოდ არ მიიჩნია. მისი აზრით, რუსეთი საკუთარ ინტერესებსა და პოზიციებს არასაკმარისად იცავს და გაუმართლებელ დათმობებზე მიდის მეზობელ სახელმწიფოთა ვიწრო, მოკლევადიანი ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ. კრიტიკის მთავარი ობიექტი კურტოვის გამოსვლაში იყო ის, რომ ნაზარბაევმა მოახდინა ევრაზიული ინტეგრაციის დეპოლიტიზაცია, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, რუსეთს თავს მოახვია საკუთარი პოლიტიკური ნება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება ეროვნული კვოტების არსებობა საბაჟო კავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სტრუქტურებში, რაც ყაზახეთის და არა რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ამ დროს კი, ყაზახეთის მხარე რუსულ მხარეს საყვედურობს, რომ რუსეთიდან ექსპორტის მოცულობა ყაზახეთის მიმართულებით უფრო დიდია, ვიდრე პირიქით. კურტოვის განცხადებით, ყაზახეთში არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი ეკონომიკა თითქმის არაფერს ხარჯავს თავდაცვაზე, რადგან ყაზახეთის თავდაცვისუნარიანობას რეგიონში სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს. ეს კი საშუალებას აძლევს ყაზახეთის მთავრობას, რუსეთთან შედარებით საგადასახადო ნიხრები დასწიოს.

   ოლეგ ნემენსკიმ - სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთის სწრაფვა, ევრაზიის სივრცეზე განახორციელოს ცივილიზაციური საინტეგრაციო პროექტი, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მეზობელი ხალხებისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებას.

  სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბელარუსიის, სომხეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, ეკონომისტმა, პროფესორმა ნოხ ტოკაევმა კი, სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი აღნიშნა: „სომხეთი, ვგონებ, ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც თავიანთ ოლიგარქებს პატივს სცემენ, რადგან მათ ეს პატივისცემა დაიმსახურეს, საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის გამო“.

   ვფიქრობ, საქართველოსათვის გასათვალისწინებელია ბევრი რამ, რაც სიმფეროპოლის კონფერენციაზე ითქვა. ევრაზიის ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი, უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორის მიერ, მოხსენებაში სათაურით - „ევრაზიული ინტეგრაციის სტრატეგიული გამოწვევები“. ევრაზიული ინტეგრაცია არ უნდა გულისხმობდეს (და არც გულისხმობს) საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენას, იგი უფრო სიღრმისეული პროცესია. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესების გატარებას ახდენს არა მარტო ამ ინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა - რუსეთი, არამედ მისი მეზობლებიც: ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ბელარუსი. უკრაინა, რომელიც ამ პროცესიდან ხელოვნურად ამოგლიჯეს, ბევრად უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე თითოეული ეს სახელმწიფო. საქართველო არ უნდა ცდილობდეს გეოპოლიტიკური რეალიების დამსხვრევას, ეს არ გამოვა. პოლიტიკა შესაძლებლის მიღწევის ხელოვნებაა, იგი დაუნდობლად სჯის ფანტაზიორებს.

 

            გულბაათ რცხილაძე -

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
 
წყარო: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 4 დეკემბერი, 2014 წ.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"