ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
20.10.2014
შესაძლო რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების გამო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით
გულბაათ რცხილაძის ინტერვიუ გაზეთ "ახალ თაობას"
 
-  რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ პროექტი სახელისუფლებო წრეებში აფხაზეთის ანექსიად შეფასდა. რუსული მხარის ეს ქმედება ცოტა გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც მოსკოვიდან არაერთი დამაიმედებელი განცხადებები გაკეთდა, რაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გადაიყვანდა ახალ ფაზაში...
 
- გაუგებარი რა არის? საქართველოს მთავრობის წამყვანი ფიგურები ნატოს ეპატიჟებიან საქართველოში სარაკეტო სისტემების განსათავსებლად, არ შეცვლილა ნატოში ინტეგრაციის სურვილი, დროდადრო ცალკეული მინისტრები რუსეთს "ოკუპანტად" მოიხსენიებენ უკრაინასთან მიმართებაში, ვითომ ჩვენი პრობლემები გვაკლდეს... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება თავად ვერ გარკვეულა საკუთარ პრიორიტეტებში, "ნაცების" მხრიდან "დამანდრაჟებულები" გაურბიან ყოველგვარ კონტაქტებს რუს კოლეგებთან. პრემიერი ერთს ამბობს, თავდაცვის მინისტრი მეორეს, შინაგან საქმეთა მინისტრი მესამეს და ასე შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობებში კი ყველაფერი დატოვებულია კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ამარად. ამ დროს ბატონ ზურაბ აბაშიძეს საკუთარი სტაფიც არ გააჩნია, მისი შესაძლებლობები ტექნიკურადაც კი ფრიად მოკრძალებულია, პოლიტიკურზე რომ არაფერი ვთქვათ.
რუსეთიც აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა, იგი აღრმავებს აფხაზეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, თავს იზღვევს კავკასიაში დასავლეთის შესაძლო ექსპანსიისაგან, საქართველოს ხელისუფლებას კი ბოლომდე არ ენდობა. თუმცა გადაჭარბებული, დილეტანტური და პროვოკაციული იქნებოდა აფხაზეთის ანექსიაზე საუბარი. დიდი განსხვავებაა მოკავშირეობასა და ინტეგრაციას, ერთი მხრივ, და ანექსიას შორის, მეორე მხრივ. ფსევდოექსპერტებს ვურჩევ, ელემენტარულ ტერმინებში გაერკვნენ ჯერ, სანამ რამეს "დააბრეხვებენ" მასმედიის საშუალებით.
 
- აღნიშნული დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზური  მხარისთვისაც, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას გარკვეულწილად სუვერენიტეტის დაკარგვად აფასებენ და ნეგატიურად მიიჩნევენ, გამოდის, რომ რუსეთი აფხაზეთში პოზიციების კიდევ უფრო გამყრებას ცდილობს?
 
- აფხაზური მხარე არის ის, ვინც ხალხმა აირჩია ხმათა უმრავლესობით და ვინც უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს ასეთ ხელშეკრულებას. გადაჭარბებით ნუ შევაფასებთ ოპოზიციური ძალების მოსაზრებებს ამ თემასთან დაკავშირებით. ხაჯიმბამ სწორედ იმიტომ გაიმარჯვა, რომ სწორედ აფხაზურ საზოგადოებას სურს რუსეთთან ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხი, ხაჯიმბა კი ამ სურვილს ახორციელებს. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთელი ოსების მსგავსად, აფხაზებიც მზად არიან, უარი თქვან სახელმწიფოებრიობაზე და შეუერთდნენ რუსეთს, ფედერაციული რესპუბლიკის სტატუსით. აფხაზებს სურთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, საქმეს პრაგმატულად უდგებიან - ესმით, რომ რეალური ძალა, რომელსაც კავკასიაში შეუძლია საქმეების გადაწყვეტა, რუსეთია და არა აშშ თავის ნატოიანად.
 
- პოლიტიკოსთა ნაწილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩაშლის მომხრეა, ეს რას შეცვლის?
 
- ეს შეცვლის იმას, რომ ჩაიშლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შანსები, საქართველოში იბატონებს სიბნელე და "ნაცმოძრაობა". თუმცა საქართველოს ხელისუფლება დღეს არც ისე სუსტია, რომ ასეთ პროვოკაციულ მოწოდებებს აჰყვეს.
 
- უკრაინის მოვლენების ფონზე რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროექტი რუსეთისათვის საერთაშორისო თვალსაზრისით?
 
- უკრაინის მოვლენები კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის სწრაფვას, იყოს დაცული თავისი საზღვრების მთელ პერიმეტრზე. კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური ადგილია რუსეთისათვის, ამიტომ იგი თავისი პოზიციების გაძლიერებაზე ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის იზრუნებს. რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციას, იგი საკმაოდ სუსტი იქნება და არანაირად არ აისახება რუსეთზე. დასავლეთს იმის ძალა არ შესწევს, რომ რუსეთს ახლა უკვე კავკასიაშიც აქტიურად დაუპირისპირდეს.
 
- განა ამგვარი ქმედებებით რუსეთი კიდევ უფროარ  იმძიმებს საკუთარ მდგომარეობას? მოსალოდნელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანცქიები შეიძლება დროში გაიწელოს, რაც არც თუ სახარბიელო იქნება რუსეთისთვის..
 
- ახლახანს ჩვენმა ინსტიტუტმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევა გამოსცა და ბროშურის სახით დიდი ტირაჟით გაავრცელა მოსახლეობაში. ამ კვლევაში სანქციების შედეგებზეც არის საუბარი. ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ მტკივნეულია, ყველაფერი პროფესიონალურ დონეზეა გათვლილი - სად, რა სფეროში და როგორ უნდა დაერტყათ რუსეთისათვის. ანუ სანქციები არ ყოფილა სპონტანური ხასიათის და ისინი დიდი ხნის წინ მზადდებოდა, რაც ისევ და ისევ მიუთითებს იმაზე, რომ "მაიდანი", შემდგომ კი დონბასის ძალადობრივი დამორჩილების მცდელობები იმთავითვე ანტირუსულ ხასიათს ატარებდა და დასავლეთის მიერ იყო ინსპირირებული. თუმცა დასავლელ სტრატეგებს მთავარი რამ შეეშალათ: რუსი ერი არის ძალზე გამძლე და მებრძოლი ერი, რომელიც ბევრს ითმენს, მაგრამ თუ ძალზე შორს შეტოპავ და მოახდენ ამ ერის პროვოცირებას, იგი უდიდეს გასაჭირს გადაიტანს, მაგრამ მტერს არ დანებდება და ხურდასაც საკადრისად დაუბრუნებს. დღეს სწორედ ასეთი სიტუაციაა - ხანგრძლივი თვლემის შემდეგ რუსები გამოღვიძების გზაზე არიან, ამაში კი ხელი მათ თავისდა უნებურად დასავლეთმა შეუწყო, კონფრონტაციული კურსით და სანქციების შემოღებით. რუსეთმა ეს გამოწვევა მიიღო. 
 
- დაბოლოს, რა მოიგო და რა წააგო რუსეთმა უკრაინის მოვლენებით?
 
- საკუთრივ უკრაინაში კონფრონტაცია არ აძლევდა ხელს რუსეთს, თუნდაც ყირიმის დაბრუნება არ უღირდა ამდენი რესურსების შთანთქმად, განსაკუთრებით კი ომი დონბასში. მე დავესესხები ჰენრი კისინჯერს - გამოჩენილ ამერიკელ დიპლომატს, რომელიც თავისი მხცოვანი ასაკის მიუხედავად, დღესაც აქტიურად არის ჩართული მთელ რიგ საერთაშორისო პროცესებში და ანალიზის უნარიც ბრწყინვალედ აქვს შენარჩუნებული. კერძოდ, კისინჯერმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში იანუკოვიჩი სწორედ მაშინ დაამხეს, როდესაც სოჭში ოლიმპიადა ტარდებოდა. პრეზიდენტმა პუტინმა, - ამბობს კისინჯერი, მილიარდობით დოლარი დახარჯა ოლიმპიადის ჩასატარებლად, ხოლო ოლიმპიადის საშუალებით რუსეთი მსოფლიოში იმკვიდრებდა ღია, სტუმართმოყვარე, მშვიდობიანი ერისა და სახელმწიფოს იმიჯს. ამიტომ ის, რომ პუტინს დაგეგმილი ჰქონდა, ოლიმპიადის პარალელურად ყირიმში შეჭრა და უკრაინის ტერიტორიების ჩამორთმევა, არალოგიკურია. ეს ომი რუსეთს თავს მოახვიეს, რუსეთი უბრალოდ ვერ შეეგუებოდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას და ამ გზით უკრაინის დასავლეთისადმი დაქვემდებარებას. ამიტომ რუსეთს სპონტანურად მოუწია უკრაინის საშინაო პროცესებში აქტიური, მათ შორის, ძალისმიერი ჩართვა... აი ყოველივე ამაზე ამახვილებს ყურადღებას ჰენრი კისინჯერი და მე სავსებით ვიზიარებ ამ პოზიციას: უკრაინის მოვლენებისათვის რუსეთი არ იყო მზად და სწორედ ამიტომ რუსეთს ვერ დავაბრალებ ბოროტ განზრახვას. რაც უკრაინაში მოხდა და ხდება, არის თავად უკრაინელების ბრალი, რომლებიც აჰყვნენ დასავლეთის მიერ ჩანერგილ პროვოკატორებს და ააფეთქეს მეტ-ნაკლებად დალაგებული ქვეყანა, სადაც მშვიდობა სუფევდა და საკმაოდ ნორმალური სამუშაო და საცხოვრებელი პირობები იყო, ვიდრე "მაიდანი" გაიმარჯვებდა. 
 
რაც შეეხება რუსეთს, ისიც არ არის ამ მოვლენებით გამარჯვებული, სწორედ რუსეთის საზღვრებთან შეიქმნა ახალი დიდი პრობლემა უკრაინის სახით, მაგრამ ამავე დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთს მიეცა ბიძგი, გამოფხიზლდეს და შეიცნოს დასავლეთის მტრული ქმედებები. გამოფხიზლებაში კი იგულისხმება ის, რომ რუსეთი თავისი დამოუკიდებლობის ხარისხს აამაღლებს, გახდება უფრო ავტარკიული და სუვერენული, წარმოებას მთლიანად საკუთარ ტერიტორიაზე გადმოიტანს, განავითარებს საკუთარ საბანკო სექტორს და ბევრ სხვა ნაბიჯსაც გადადგამს. მას ამის ყველა შესაძლებლობა აქვს - როგორც ბუნებრივი წიაღისეულის, ისე ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების ჩათვლით. რუსეთი მეტ ყურადღებას მიაპყრობს აზიის რეგიონს, ჩინეთთან თანამშრომლობა არსებითად ღრმავდება, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გარდა ამისა, რუსეთი ფეხს იკიდებს სამხრეთ ამერიკის კონტინენტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში. სავარაუდოდ, თანდათან მოხდება რუსეთისა და ირანის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რისაც ასე ეშინიათ ვაშინგტონში. 
 
ესაუბრა შორენა გონგლაძე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"