ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
19.09.2014
„მოღალატე“ შოტლანდიელები

  გუშინ გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიელების უმრავლესობამ (55%) უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. საქართველოში დამკვიდრებული პოლიტიკური აზროვნების ნორმებში ეს მოვლენა არ ჯდება - როგორ შეიძლება, უარი თქვა საკუთარი ერის დამოუკიდებლობაზე? თანაც საუბარია მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე შოტლანდიაზე, და არა რომელიღაც ზღვისიქითა კოლონიაზე.

   საქმეც ისაა, რომ ერის ინტერესები მხოლოდ ფორმალური დამოუკიდებლობით არ განისაზღვრება. საზოგადოება, ჯერ კიდევ უძველესი ჩინელი თუ ანტიკური მოაზროვნეებიდან მოყოლებული, ეძებს გზებს, იყოს ბედნიერი, ბედნიერება კი მრავალი ფაქტორისაგან შედგება, რომელთაგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სულაც არ არის უმთავრესი. შოტლანდიელების არჩევანი განპირობებულია არა ფუჭი ემოციებით, არამედ რაციონალური გათვლით - რა იქნება ჩემი და ჩემი შვილებისათვის უკეთესი მომავალი? ამომრჩეველთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ არ ღირს ბედის ცდა დამოუკიდებლობის გზაზე, უმჯობესია, შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა და „დღევანდელი კვერცხი“, ნაცვლად „ხვალინდელი ქათმისა“.

   ქართველი ამომრჩევლისათვის ეს სიტუაცია დღესაც არ არის გასაგები და მით უმეტეს გაუგებარი იყო 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, როდესაც ერს ეგონა, რომ მთავარია, გამოაცხადო დამოუკიდებლობა და თავად ამ გამოცხადების ფაქტში დევს უდიდესი საკრალური პატრიოტიზმი. არადა, ობიექტურობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევამ და საქართველოს ავტომატურმა გარიყვამ დამოუკიდებელ არსებობაში, პირველ ყოვლისა საქართველო დააზარალა - არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურად, არამედ, პირველ რიგში, მორალურად. საბჭოთა ხანაში საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ამაყი ქართველი ერი დღეს სრულ ფრუსტრაციასა და გაურკვევლობაშია, მომავალს კი ნაკლები იმედით შესცქერის. არადა, 1991 წლის რეფერენდუმზე ვინმეს ხმა რომ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიეცა, მას უდავოდ „მოღალატედ“ შერაცხავდნენ.

   სამაგიეროდ, „მოღალატე“ შოტლანდიელებს ბევრად უკეთესი პერსპექტივები აქვთ, ვიდრე ჩვენ, თუმცა დიდ ბრიტანეთშიც, ისევე როგორც მთელ ევროპაში, დიდძალი პრობლემები დაგროვდა და ისინიც შორს არიან „იდეალური სახელმწიფოს“ მდგომარეობისაგან.

   შეიძლება, მავანმა თქვას, რომ ამ სტრიქონების ავტორი ახლა, პოსტ ფაქტუმ ალაპარაკდა, როდესაც დაინახა, რომ შოტლანდიამ უარი უთხრა საკუთარ დამოუკიდებლობას. არა, ბატონებო, შოტლანდიელებს მხარი რომც დაეჭირათ დამოუკიდებლობისათვის, განსხვავებით 1991 წლის ქართული რეფერენდუმისა, ეს იქნებოდა რაციონალურ გათვლაზე დამყარებული არჩევანი და არა ემოციური გადაწყვეტილება. შესაბამისად, მთავარი ამ შემთხვევაში რეფერენდუმის შედეგი კი არ არის, არამედ ის მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობს შოტლანდიელი ამომრჩეველი. ჩვენთან, საქართველოში, კიდევ არ ჩამცხრალა აზროვნების დამთრგუნავი ემოციები, „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები ყოველმხრივ ცდილობენ, ქვეყანაში შეინარჩუნონ ანტირუსული ისტერია, ემოციები, რათა ხალხს საშუალება არ მიეცეს, რაციონალურად, გათვლის საფუძველზე გააკეთოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანი.

   დღეს ქართველები თავს ვიტყუებთ ფორმალური დამოუკიდებლობით, ამ დროს კი ამერიკის ელჩი ძიძასავით არის მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის, მთავრობისათვისა თუ ოპოზიციისათვის, ჟურნალისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. დადის ბატონი ნორლანდი, არიგებს რჩევებსა და დარიგებებს, დროდადრო - დოლარებსაც, „პელიონკებს“ უცვლის დიდსა და პატარას, ამერიკის საელჩოს გარეშე არ ხდება თითქმის არაფერი, არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ რჩება ბატონი ელჩის კომენტარის გარეშე.

   იმავეს ვიტყოდი ჩვენს „დამოუკიდებელ“ აფხაზ და ოს ძმებზე, რომლებთანაც რუსი ჩინოვნიკების გარეშე არ ხდება არაფერი. ისინიც შორს არიან ბედნიერებისაგან. თუმცა მთელი რიგი პარამეტრებით ჩვენზე უკეთ გრძნობენ თავს, რადგან არც დამარცხების სინდრომი აწუხებთ და რუსული დახმარება უფრო ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკული.

   შოტლანდიას რაც შეეხება, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო გუშინდელი არჩევანი. ერთიანი დიდი ბრიტანეთი გადარჩა, მაგრამ მისი და მთელი ევროპის სტრუქტურული სისუსტეები კიდევ უფრო აშკარა გახდა.

 

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"