ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
25.07.2014
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება

 მიმდინარე წლის 17 ივლისს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ღია ეთერში, ამავე კომპანიის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ თავს უფლება მისცა, უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა მიეყენებინა რუსი ერისათვის, თითოეული რუსი ეროვნების წარმომადგენლისათვის - მათი მოქალაქეობისაგან დამოუკიდებლად. კერძოდ, ობოლაძემ ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევით განაცხადა, რომ ”ყველა რუსი არის ღორი” და სტუდიაში მყოფ დაბნეულ კოლეგებს უბრძანა: ”ამ სტუდიაში ერთი რუსული სიტყვა არ გავიგო!”

  ამ ქსენოფობურ და ფაშისტურ განცხადებას არ ამართლებს ემოციური ფონი, რომელიც უკავშირდება უკრაინაში მალაიზიური ავიაკომპანიის კატასტროფას. ყველასათვის გასაგებია, რომ ამ ავიაკატასტროფასთან რუს ერს და სხვადასხვა სახელმწიფოების რუსი ეროვნების მოქალაქეებს არანაირი კავშირი არ აქვთ. არ არსებობს კოლექტიური დანაშაული, მით უმეტეს, ასეთ მასშტაბებში. ამიტომ ობოლაძის განცხადებები არის ცალსახად დასაგმობი ფაშიზმი. გამომდინარე აქედან, ობოლაძეს არ აქვს მორალური და იურიდიული უფლება, განაგრძოს ჟურნალისტური მოღვაწეობა, თუკი იგი საჯაროდ, ასევე პირდაპირ ეთერში მკაფიოდ და ცალსახად არ მოიხდის ბოდიშს, რუსი ერის და საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ.

  ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობისაგან, გამოხატოს საკუთარი პოზიცია და დ. ობოლაძეს შეუჩეროს ეთერში მუშაობა, ვიდრე ეს უკანასკნელი არ აღიარებს საკუთარი სიტყვების ქსენოფობურ ხასიათს და ბოდიშს არ მოიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ტელეკომპანია ხელს უწყობს ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას და ანტირუსულ ისტერიას ნერგავს.

  ასევე მოვითხოვთ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისაგან და სახალხო დამცველის აპარატისგან, მოახდინონ რეაგირება ამ სავალალო ფაქტზე. მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იურიდიული და უფლებათდამცველი პროფილით მუშაობენ (განსაკუთრებით, ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას - ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”), დაგმონ ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მომხდარი ბაკქანალია. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ძირშივე უნდა აღკვეთოს ფაშიზმის გამოვლინება, თორემ შემდეგ უკვე გვიანი იქნება.

   თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მივაღწიოთ ფაშისტურ-ქსენოფობური განცხადებების მხარდამჭერთა დასჯას.

 

ხელმოწერები:

უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის

სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაცია

„მამული, ენა, სარწმუნოება“

ევრაზიის ინსტიტუტი

 

22.07.2014

 P.S. (25.07.2014): ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილის ამ განცხადების გავრცელების ემდეგ ობოლაძე გამოვიდა ტელევიზიით და შეეცადა “აეხსნა“, რომ იგი საუბრობდა ემოციურ ფონზე და გულისხმობდა ყბადაღებულ „პუტინის რეჟიმს“. მაგრამ მან მაინც არ მოიხადა ბოდიში რუსი ადამიანების ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის გამო. ობოლაძემ მხოლოდ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებული არასახარბიელო ვითარება მისი ბრალი არ არის.

  თავისი პოზიცია არ გამოხატა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მ. სააკაშვილის ამ პროპაგანდისტური მანქანის დესტრუქციული ხასიათი და ამაზრზენი არსი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"