ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.07.2014
უკრაინაში ჩამოგდებული თვითმფრინავი და ამერიკული „ფასეულობები“

  აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა დათმეს სლავიანსკი და კრამატორსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის ნაკლებ წარმატებული გამოდგა. წინა სტატიაში ჩვენ ვივარაუდეთ კიდეც, რომ დონეცკელი და ლუგანსკელი მებრძოლების უკან დახევა გამართლებული იყო სამხედრო-ოპერატიული, ისევე, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტ პოროშენკოს მიეცა შანსი, კვლავ აღედგინა სამშვიდობო პროცესი. მაგრამ პრეზიდენტმა-ოლიგარქმა მისდამი გაგზავნილი სიგნალი სწორად ვერ აღიქვა და შეეცადა, წინააღმდეგობა წელში გაეტეხა. თუმცა ბრძოლები დონბასელთა უპირობო სამხედრო ლიდერის - იგორ სტრელკოვის (გირკინის)  ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის წყალობით ამბოხებულთა სასარგებლოდ წარიმართა: უკუგდებულ იქნა ბანდერელთა ყველა შემოტევა დონეცკსა და ლუგანსკზე, მეტიც, დონბასელებმა ალყაში მოაქციეს უკრაინელთა ჯარების ნაწილი, დონბასის სამხრეთში, უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან. უკრაინელმა ბანდერელებმა დიდი ზარალი განიცადეს ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. ოპერატიული სამხედრო ვითარება კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ სტრელკოვმა ამოცანა-მინიმუმი შეასრულა და ბანდერელებს საშუალება არ მისცა, უპირატესობა განევითარებინათ.

   სწორედ ამ ფონზე განიცდის კატასტროფას მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი დონბასის საჰაერო სივრცეში და იღუპება 298 მშვიდობიანი ადამიანი, რომელთა უმეტესი ნაწილი ევროპელია, კერძოდ, ჰოლანდიელი. ეს რეზონანსული ტრაგედიაა, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის. ბევრი ჩვენგანი მეტ-ნაკლები სიხშირით სარგებლობს ავიაკომპანიების მომსახურებით, ჩვენ, როგორც თვითმფრინავის მგზავრებს, განსაკუთრებული სიბრალულისა და სოლიდარობის გრძნობა გვიჩნდება ავიაკატასტროფების მსხვერპლთა მიმართ. ასეა მთელ მსოფლიოში და ამიტომაც არის ყველა ავიაკატასტროფა რეზონანსული, მით უმეტეს, თუ საუბარია სამხედრო მოქმედებების შედეგად გამოწვეულ კატასტროფაზე. შესაბამისად, ამ ტიპის ტრაგედია პოლიტიკურად გამოყენებადია. საზოგადოებრივი აზრი საერთაშორისო მასშტაბით დაგმობს და მკვეთრად უარყოფითად იქნება განწყობილი მის მიმართ, ვინც გახდა მიზეზი თვითმფრინავის ჩამოგდებისა.

   შესაბამისად, ცხადი უნდა იყოს, რომ არც დონბასელ მებრძოლებს, მით უმეტეს, არც რუსეთის ფედერაციას, არაფერში სჭირდებოდა და ხელს არ აძლევდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. არადა, დასავლური პრესა ტრაგედიის დღესვე ურცხვად „აყეფდა“ და დამნაშავეც უკვე „იპოვა“ - რა თქმა უნდა, დონბასელი მებრძოლების სახით. ბევრი უშუალოდ პუტინს ადანაშაულებს. თუმცა ნაქები დასავლური „თავისუფალი“ მასმედია თავისით არც თუ ისე ხშირად აზროვნებს, არამედ ელის თავიანთ პოლიტიკოსთა განცხადებებს. შეერთებული შტატების უმაღლესმა ხელმძღვანელობამ - პრეზიდენტმა ობამამ, აგრეთვე პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, თითქოს მათ ჰქონდათ ცნობები, რომ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ამბოხებულთა მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტით იქნა განადგურებული. მაგრამ სად არის დაპირებული მტკიცებულებები? რა თქმა უნდა, ასეთი მტკიცებულებები ობამას და მის ქვეშევრდომებს არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებები ჰაერში ნასროლ სიტყვებად დარჩა. სამაგიეროდ, მორჩილ-აგრესიული მასმედიის საშუალებით ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ტრაგედიაში დამნაშავე რუსეთია. ავიაკატასტროფა, რომლის გამოძიება მხოლოდ ახლა იწყება და თავად რუსეთი მოითხოვს, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, მთლიანად რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს ბრალდებათ. ამერიკის მორჩილი „პუდელის“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კემერონი ღიად ითხოვს, ავიაკატასტროფის შემდეგ რუსეთის მიმართ შეიცვალოს მიდგომა და სანქციები გამკაცრდეს. გაზეთ „სანდი ტაიმსში“ კემერონი წერს, რომ თუკი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ თვითმფრინავი „სეპარატისტებმა“ ჩამოაგდეს, მისი აზრით, ეს იქნება „რუსეთის ქმედებების შედეგი, რომელიც ახდენს სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას, არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს, წვრთნის და აიარაღებს კრიმინალურ ფორმირებებს“.

   უკვე „დიდი მიღწევაა“, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაინც გამოძიების შედეგებს ახსენებს, როგორც გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს, მაგრამ საინტერესოა, თეორიულად იგი თვითმფრინავის განადგურებას მხოლოდ ამბოხებულების მიერ რატომ ვარაუდობს და იქვე არ მიუთითებს, თუ როგორ მოიქცეს დასავლეთი, თუკი იგივე გამოძიება აჩვენებს, რომ თვითმფრინავი არა ამბოხებულებმა, არამედ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს? არც უკრაინის სუვერენიტეტზე ზრუნვა არის კემერონის გულწრფელი განზრახვა - ზემოთ მოყვანილ ციტატში „სუვერენულ სახელმწიფოდ“ უკრაინის ნაცვლად სირია რომ მოვიაზროთ, ნუთუ არ შეიძლება?! განა დასავლეთი არ ახდენს სირიის სახელმწიფოს „დესტაბილიზაციას, არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს, წვრთნის და აიარაღებს კრიმინალურ ფორმირებებს?!“ რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ დამტკიცდა, მაგრამ, ეტყობა, სირიელებს საკმარისად თეთრი კანის ფერი არ აქვთ. არც ლუგანსკელი და დონეცკელი მშვიდობიანი მოქალაქეები, ბანდერელთა მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაღუპულები, არც ოდესაში ჩატარებული ხოცვა-ჟლეტა აინტერესებს დასავლეთს - ტრაგედია მარტო „თეთრკანიანი ევროპელების“ დაღუპვაა - ჰოლანდიელების, ავსტრალიელების, ბრიტანელების... თვითმფრინავის ტრაგედიასთან რა მოსატანია სლავი „უნტერმენშ“-ების ტრაგედია?!

   ეს ისე, მორალის საკითხები რომ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან. რაც შეეხება რეალპოლიტიკას, აშკარად იკვეთება, რომ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფამ უკრაინელ ბანდერელებსა და მათ დასავლელ მფარველებს პროპაგანდისტული ანტირუსული ისტერიის გაჩაღების საშუალება მისცა. შემთხვევით არ ითხოვს პოროშენკო, დონბასელი მებრძოლების „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადებას, ყველა გამომდინარე შედეგით. ისტერიულ ფონს უკვე ვერ გაუძლო გერმანიის კანცლერმა ფრაუ მერკელმა, რომელიც, ტრაგედიის პირველი დღის საღი შეფასებების შემდეგ, გადაიხარა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მომხრე ანგლო-საქსებისაკენ და მოუწოდა საფრანგეთს, არ დაუშვას რუსეთისათვის საბრძოლო ხომალდის „მისტრალის“ გადაცემა. ეს უკვე რეალური შედეგია, თუმცა რამდენად გატეხავს ასეთი ზეწოლა რუსეთს, ძალზე საეჭვოა.

  ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ ჩვენ გამოვრიცხავთ ამბოხებულთა მიერ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებას და ამ კატასტროფას დასავლეთის მიერ მართულ კიევის ხუნტას ვაბრალებთ. არავითარ შემთხვევაში. პირიქით, თეორიულად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამბოხებულებს ჩამოეგდოთ თვითმფრინავი. საამისოდ მათ სტაციონარული ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემა, მაგალითად, „ბუკ“-ის ტიპის, დასჭირდებოდათ. ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ ასეთი სისტემა არ გააჩნიათ და ისინი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ მისწვდებოდნენ სამგზავრო თვითმფრინავს 10 – 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე. ოფიციალური კიევი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოსკოვს აბრალებს და აცხადებს, რომ სეპარატისტებს მიღებული აქვთ „ბუკ“-ის სისტემის რაკეტები (აქვე ისმის კითხვა, და ეს შეკითხვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაუსვა კიევს - რატომ არ ჩაკეტა უკრაინამ საჰაერო სივრცე სამგზავრო თვითმფრინავებისთვის დონბასის თავზე, თუკი სეპარატისტები ასე საშიშნი არიან?). დავუშვათ და, გამოძიებამ აჩვენა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი MH 17 მართლაც ამბოხებულთა მიერ გაშვებული რაკეტის მიერ განადგურდა. ვერასგზით ვერ ვიფიქრებთ, რომ ეს მათ განზრახ გააკეთეს, რადგან უბრალოდ არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, თუ გასროლა მათი მხრიდან მოხდა, უნდა ვივარაუდოთ ფატალური შეცდომა, ამბოხებულებს უნდა არეოდათ სამგზავრო თვითმფრინავი „ანტონოვის“ ტიპის უკრაინის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში. მაგრამ თუკი გამოძიება აჩვენებს, რომ MH 17 კიევის ხუნტის მომხრეთა მიერ იქნა განადგურებული, მაშინ შემთხვევითობა მთლად დამაჯერებელი ვერსია არ იქნება! როგორც ზემოთ ვნახეთ, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ავიაკატასტროფა უფრო კიევს და მის უკან მდგომ ძალებს აწყობთ და არა რუსეთს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, განსხვავებით ამბოხებულებისაგან, ნამდვილად აქვთ „ბუკ“-ის სარაკეტო სისტემა და ასევე გამანადგურებელი სამხედრო თვითმფრინავებიც აქვთ. მათთვის ბევრად უფრო იოლია, 11 ათას მეტრზე მყოფი მიზნის აფეთქება, ვიდრე ამბოხებულებისათვის.

   რა თქმა უნდა, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანს არ სურს, დაიჯეროს, რომ სხვა ადამიანს შეუძლია, ასეთი ტრაგედია შეგნებულად გამოიწვიოს. პირადად მეც არ მსურს, რომ ეს ასე იყოს, თუმცა ვიცით, რა სისასტიკე გამოავლინეს ბანდერელებმა 2 მაისს ოდესაში. ასევე ვიცით, რომ კიევში, ოღონდ კი იანუკოვიჩის ქვეშ სკამი შერყეულიყო, არ დაინდეს საკუთარი „მაიდანელები“, რომლებიც „უცნობმა“ სნაიპერებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს (შემდეგ ეს იანუკოვიჩის „ბერკუტს“ დაბრალდა). ჩვენ ასევე ვიცით ამერიკული სპეცსამსახურების სტილი - 2008 წელს პირადად მე ვთარგმნე და კრებულში „აშშ საგარეო პოლიტიკის საფუძვლები - დასკვნები საქართველოსთვის“ გამოვაქვეყნე შვეიცარელი ავტორის, დანიელე განზერის სენსაციური და უტყუარი დოკუმენტაცია „ნატო-ს საიდუმლო არმიები: ოპერაცია „გლადიო“ და ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში“. მაშინ ეს ნაშრომი რუსულადაც არ იყო ნათარგმნი. დღესდღეობით უკვე აღიარებულია, მაგრამ არავინ დასჯილა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილ მემარჯვენე ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის ქვეყნებში უამრავი ტერაქტი მოაწყო, რათა ეს ტერაქტები მემარცხენე, პროსაბჭოთა ძალებს დაბრალებოდათ. დ. განზერი მრავალ ფაქტზე დაყრდნობით დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ცივი ომის პერიოდში, დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ გასაიდუმლოებული ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ახდენდნენ აფეთქებებს, გატაცებებს, მკვლელობებს, ხოლო მასმედიის საშუალებით ეს აქტები ბრალდებოდა მემარცხენე მიმართულების გაერთიანებებსა და პარტიებს (კომუნისტებს).

 ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი საიდუმლო ქსელი იტალიის ტერიტორიაზე ატარებდა „გლადიოს“ (ხმალი) სახელწოდებას. განზერის ნაშრომში ნაჩვენებია, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იტალიაში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ტერორისტული აქტი სწორედ ამ საიდუმლო ქსელის ოპერატიული მუშაკების მიერ იყო მოწყობილი და არა მემარცხენე ბოევიკების, როგორც მათ აბრალებდნენ. ამასთან, საიდუმლო აგენტებს კოორდინაციას უწევდნენ სპეცსამსახურები, ხოლო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოებს და თვით პოლიტიკოსებსაც კი მათი საქმიანობის გაკონტროლება ან შეჩერება არ შეეძლოთ. ანალოგიური ქსელები შექმნილი იყო დანიაში, ნორვეგიაში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში. ნატო-ს წევრ თურქეთშიც არსებობდა მძლავრი და განშტოებული ტერორისტული ორგანიზაცია სახელწოდებით „რუხი მგლები“, რომელიც ნატო-ს ქვეყნების სპეცსამსახურების და თურქი სამხედროების მფარველობის ქვეშ მოქმედებდა.

  გამომდინარე ამ ცოდნიდან, განა შეუძლებელია, რომ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება ანალოგიური პროექტის ნაწილი იყოს? მე მგონი, რომ ძალიანაც შესაძლებელია. აღარაფერს ვამბობთ ამერიკული კრეისერის - “Vincennes” მიერ 1988 წლის 3 ივლისს „შემთხვევით“ განადგურებულ ირანულ სამგზავრო თვითმფრინავზე, რის შედეგადაც 290 ადამიანი დაიღუპა - მართალია, არა „თეთრკანიანი ევროპელი“, მაგრამ მაინც ადამიანი, მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის, 66 ბავშვი (ამერიკული ხომალდის კაპიტანი უილიამ როჯერსი დასჯის ნაცვლად „პატივის ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვეს)! უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 2001 წელს შავ ზღვაზე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავიც გვახსოვს, რომელსაც ძირითადად ისრაელის მოქალაქეები გადაჰყავდა თელ-ავივიდან ნოვოსიბირსკში. მაშინ უკრაინას სამხედრო წვრთნები ჰქონდა და რაკეტა მართლაც შემთხვევით მოხვდა სამგზავრო თითმფრინავს. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას და სამხედრო ხელმძღვანელობას კარგა ხანს არ სურდათ თავიანთი შეცდომის აღიარება.

  ასეთი ბინძური „ფასეულობების“ მქონე სახელმწიფოები არ უნდა უთითებდნენ სხვებს მორალზე. ეს, უბრალოდ, უსამართლობაა.

 

       გულბაათ რცხილაძე

წყარო: გაზეთი "საქართველო და მსოფლიო", 23 ივლისი, 2014 წ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"