ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
02.07.2014
"ნაცები" და უკრაინის მოვლენები

  თავიდანვე აშკარა იყო, რომ „ვარდების რევოლუციის“ ბელადებს საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ევიწროებოდათ და „დიდი საქმეებისთვის“ სდებდნენ თავს - მოლდოვიდან დაწყებული, ყირგიზეთით დამთავრებული, ისინი შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, თავიანთი პერსონების მნიშვნელობა წარმოეჩინათ „ფერადი რევოლუციების“ წარმატების საქმეში. ბუნებრივია, ნაც-ბელადები არ თაკილობდნენ და დღესაც არ თაკილობენ იმას, რომ ისინი ამერიკის ხელისუფლების მიერ აშკარად მართვადი თოჯინები არიან. მით უმეტეს მათ არ აწუხებთ ის ფაქტი, რომ აშშ-მ ისინი საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მეზობელ რუსეთთან ურთიერთობების ხელოვნურად დასაძაბად გამოიყენა. პირიქით, ნაც-რევოლუციონერებმა პატრიოტების იმიჯი მოირგეს და „აგრესორი“ რუსეთის წინააღმდეგ დაუფარავი სიტყვიერი ომი გააჩაღეს, რომელიც, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, მათივე მიზეზით, ცხელ ბლიც-კრიგში გადაიზარდა, საქართველოსათვის გამანადგურებელი შედეგებით.

  დღეს ეს ნაც-ბანდა ისევ არ ცხრება  და რუსეთის „ჩიჩხინს“ ახლა უკვე უკრაინიდან განაგრძობს. სააკაშვილისა და მისი დამქაშების ტრიალი კიევში, მათ მიერ რუსეთისადმი გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, კრემლისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ყოველივე ეს განიხილება უკრაინული „მაიდნის“ ანტირუსულ კონტექსტში - სააკაშვილი და მისი დამქაშები დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთის ხელისუფლებისათვის, რომელთა თუნდაც სიმბოლური მონაწილეობა უკრაინულ პოლიტიკაში კიდევ უფრო გაართულებს კიევსა და მოსკოვს შორის პოზიციების დაახლოების ისედაც სუსტ შესაძლებლობას. ეს ხელს აძლევს შეერთებულ შტატებს, რომელიც მფარველობს უკრაინის ყველაზე რადიკალურ ძალებს, ე. წ. „მემარჯვენე სექტორის“ ჩათვლით. უკრაინის ბუნებრივი ინტერესები რუსეთთან პარტნიორობას მოითხოვს - რაც არ უნდა პროდასავლურად იყოს განწყობილი პოროშენკო, ადრე თუ გვიან იგი რუსეთტან პარტნიორობას მიანიჭებს უპირატესობას, რადგან იგი მაინც რაციონალურად მოაზროვნე სუბიექტია პოლიტიკისა. მისი აკვიატებული აზრი არ არის რუსეთთან ბრძოლა. მაგრამ სხვა საქმეა „მემარჯვენე სექტორი“, დასავლეთ უკრაინის ნაციონალისტები და მათთან ერთად ჩვენი „მშობლიური“ ნაც-ბანდა, რომლებსაც ამთავითვე დანგრეული აქვთ ყველა ხიდი რუსეთის მიმართულებით. ისინი ვერასოდეს გახდებიან რუსეთთან უკრაინის პარტნიორობის ინიციატორები. ამერიკა ხელს არ უშლის პოროშენკოს, მაგრამ იმაზე ზრუნავს, რომ ებრაული წარმოშობის უკრაინელ ოლიგარქს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი არ გაუჩნდეს, უკრაინის საჭირბოროტო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ თანამშრომლობას თავის დროზე თვით იულია ტიმოშენკო დათანხმდა და შესაძლოა, არც პოროშენკო იყოს გამონაკლისი.

   გამომდინარე აქედან, ნაცების აქტიურობა უკრაინაში გასაკვირი არ არის. მაგრამ ამჯერად საყურადღებოა ერთი ნიუანსი - ნაცებმა უკრაინაში ქართველი „ბოევიკების“ გაგზავნა დაიწყეს. ამის შესახებ ევრაზიის ინსტიტუტში, აპრილის თვეში ჯერ შემთხვევით გავიგეთ, შემდეგ კი ჩვენს ხელთ ჩავარდნილი ინფორმაცია რუსულმა მასმედიამ გააჟღერა. ამ ბოლო დროს კი, „ფეისბუკზე“ რამდენიმე ქართველი „ბოევიკის“ ფოტოსურათებიც გამოჩნდა, რომელთა ვინაობა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს (იხ. ფოტოები - სტატიის ბოლოს). „ბოევიკების“ რეკრუტირება, არსებული ინფორმაციებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი „გვარდიელის“ საშუალებით ხდება, რომელიც ფინეთში ცხოვრობს.

   პირადად მე ნაკლებად მჯერა ამ ნაც-ბოევიკების ეფექტურობისა და ბრძოლისუნარიანობისა. ისინიც ნაც-პარტიელებივით უფრო მსახიობები და პოზიორები არიან, მათი ნაომარი მოწინააღმდეგეს სასაცილოდაც არ ეყოფა. მათ რომ რაიმე შეეძლოთ, თავს საქართველოში, ცხინვალის ან აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიჩენდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, სამხედრო ოპერაციებში სიმბოლურ მონაწილეობას. შეიარაღებული ნაც-ბანდის ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე ორნაირი დატვირთვა აქვს - ერთი სიმბოლური, მეორე პრაქტიკული ხასიათის. ბოევიკების გაგზავნას სიმბოლური მნიშვნელობა საკუთრივ უკრაინის ნაციონალისტურ წრეებში ნაცების პრესტიჟის გამყარებისთვის აქვს, ხოლო პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ ბოევიკების გამოყენება ნაცებს საქართველოში შეეძლებათ, თუკი აქ საამისო წინაპირობები შეიქმნება.

  ალბათ უაზრობაა, ნაცებს მორალზე ესაუბრო, აუხსნა, თუ რა ტრაგედია დაატრიალა უკრაინის ფაშისტოიდურმა „მემარჯვენე სექტორმა“ ჯერ ქალაქ ოდესაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში, აუხსნა ის, რომ ამ ომში ფაშისტების მხარეს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა სირცხვილია. მათ არც ის შეაწუხებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ანთრაციტის დაბომბვისას 10 თვის ბავშვი, ეგორ ალექსანდროვი დაიღუპა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ნაც-ბანდა გამოცხადდეს იმად, რაც არის - ბანდად და ტერორისტულ ორგანიზაციად! ნაცების „გლობალური პოლიტიკა“ საქართველოსთვის ზიანის მომტანია როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიგნით. უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს გამოძიება, ვინ და რა პირობებით აგზავნიდა და აგზავნის დაქირავებულ ბოევიკებს უკრაინაში, დამნაშავეები კი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯონ.  

 

გულბაათ რცხილაძე

წყარო: გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" (2 ივლისი, 2014). 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"