ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
12.06.2014
„კაგებეს“ გაღვიძება ირაკლი ალასანიაში და ანტიქართული შეთქმულება

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის განცხადება:

  უკვე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას პროვოკაციულ მიმართვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი, რომ საქართველოში განთავსებულ იქნას ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა. სიფრთხილით გამორჩეული, ნაკლებად ემოციური ალასანია ასეთ თამამ განცხადებას საკუთარი ინიციატივით ვერ გააკეთებდა.  მაგრამ ალასანიას უკან ამ შემთხვევაში არ დგას საქართველოს მთავრობა - ეს ოფიციალურად იქნა განმარტებული. ბუნებრივია, ალასანიას არც ხალხში რეიტინგის აწევის პრობლემამ უბიძგა ამგვარი განცხადების გაკეთება, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა ჯანსაღად უყურებს ვითარებას და ხედავს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლობის გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ უწერია, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის მილიტარიზაციას ხალხი მხარს არ უჭერს.

   გამოდის, რომ ალასანია დასავლეთის „გარკვეული წრეების“ იმედად აკეთებდა ზემოთ აღნიშნულ, ცალსახად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ბოლო დრომდე მუდამ ჭაობივით ჩუმი ალასანია არ ცხრება და ახლა უკვე პირდაპირ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის მოწოდებებით გამოდის. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის აზრით, დღეს არსებული სიტუაცია, როდესაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან, მაღალი კონტრდაზვერვითი საფრთხის შემცველია და ამნისტიის დროს პარლამენტს ამაზე მეტი დრო უნდა დაეხარჯა. მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ ნატანჯი ის პოლიტპატიმრები, რომელთა პოლიტიკური მრწამსი არ შეესაბამება ხელისუფლების ოფიციალურ საგარეო კურსს, აღებულს ნატოსა და ევროკავშირზე, ციხიდან არ უნდა გამოეშვათ. გამოდის, რომ ამ ხალხს, ალასანიას ნება რომ იყოს, კვლავ საპატიმრო ელოდება, რაღაც „კონტრდაზვერვითი საფრთხის“ საფუძველზე.

   ევრაზიის ინსტიტუტში ორი ასეთი ყოფილი პოლიტპატიმარია წარმოდგენილი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი შოთა აფხაიძე და სამხედრო ოფიცერი, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე. ორივე მათგანი, ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, ანალიტიკურად აღიქვამს საქართველოს მდგომარეობას და გარესამყაროს მარტივ, შავ-თეთრ ფერებში არ ხატავს. ანუ, ისინი არ არიან ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს უპირობო წევრობის მომხრენი. სწორედ ამ მიზეზით, ამჟამად მათ თავისუფალ არსებობას და აზრის გამოხატვას საფრთხეს უქმნის დღევანდელი თავდაცვის მინისტრი - საბჭოთა კაგებეს მაღალჩინოსნის ოჯახში დაბადებული, საეჭვო ქუჩური წარსულის მქონე, სააკაშვილის რეჟიმის ერთგული მსახური (ერთგული მანამ, სანამ რეჟიმი მყარად იდგა ფეხზე), კაგებეს გენერალ იგორ გიორგაძის ნათლული (ეს ისე, „კონტრდაზვერვითი“ ამბებისათვის) ირაკლი მამიას ძე ალასანია.

   ვინაიდან საქართველოში არ არსებობს განვითარებული სამართლებრივი სისტემა, სამართლიანი სასამართლო და ქვეყანაც მხოლოდ ფორმალურ სუვერენიტეტს ფლობს, ევრაზიის ინსტიტუტი სამართლებრივ პასუხს ვერ მოსთხოვს თავდაცვის მინისტრს, თუნდაც მისი აშკარად ანტიდემოკრატიული განცხადების გამო. მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, იმის მოსასინჯად, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს „დასავლელი მეგობრები“ მოცემულ ვითარებას, ჩვენ წინამდებარე განცხადებას გავუგზავნით „შესაბამის ორგანოებს“ - საქართველოში წარმოდგენილ ამერიკულ და ევროპულ დიპლომატიურ მისიებს - საქართველოს ხელისუფლების რეალურ მმართველებს. საინტერესოა, აუწევენ ისინი ყურს „თავიანთ ნაბიჭვარს“ (ფორმალურად მაინც რომ დაადასტურონ დემოკრატიის პრინციპების პრიორიტეტულობა) თუ პირში წყალს ჩაიგუბებენ?!

  სხვა მხრივ კი, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ გარემოებაზე: ხელისუფლების რადიკალური პროდასავლური ფრთა, „ნაცმოძრაობასთან“ სრულ თანხმობაში, ქართულ საზოგადოებას თანდათან აჩვევს აზრს, რომ აუცილებელია საქართველოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში (პირველ ყოვლისა, ნატოში), თუნდაც ეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ფაქტობრივად უარის თქმას მოასწავებდეს. ეს ძალები ასევე არ იშურებენ ენერგიას, რომ რუსეთთან რის ვაი-ვაგლახით დაწყებული ეკონომიკური დათბობის პროცესი არ გადაიზარდოს პოლიტიკურ დათბობაშიც. მეტიც, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის სრული დემონიზაცია მოხდეს ხალხის თვალში. საინტერესოა, რომ ამ პროცესში ზოგიერთი სასულიერო პირიც არის ჩართული - განსაკუთრებით გააქტიურდა სააკაშვილის რეჟიმის ფეხის მბანველი და სანაცვლოდ ფუფუნებაში მცხოვრები, ცხვრის ქურქში გადაცმული მტაცებელი ერთი-ორი ეპისკოპოსი და რამოდენიმე მღვდელი.

    ვფიქრობთ, ქვემოთ წარმოდგენილი განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ალასანიას პირველ განცხადებასა და ბოლო განცხადებას შორის დროის მონაკვეთში, კომენტირებას არ საჭიროებს, ეს პირები - პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრი, ეპისკოპოსი, ჟურნალისტი, უცხოელი დიპლომატი - საკუთარ თავს არ მალავენ.

თედო ჯაფარიძე - საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (ვილნიუსის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, 30.5.2014): "ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი იზიარებს საქართველოს ურყევ არჩევანს და მათ კიდეც გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ნების მიმართ, რომ სამოქმედო გეგმა სექტემბრის სამიტზე იქნას მიღებული. სხვების აზრით კი, ჩვენ უნდა დავჯერდეთ ნატო-ს წევრობის პერსპექტივას და გავააქტიუროთ რუსეთთან დიალოგი. მოვლენათა განვითარების ჭრილში, დიალოგი კარგავს ძალას მანამ, სანამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია ეს "მომავალი".

ალექსი პეტრიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (ჟურნალი „უოლ სტრიტ ჯორნელ“, 31.5.2014): "პუტინის შესაჩერებლად საქართველ ო ნატო-ს უნდა დაუახლოვდეს"..., "ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ჩარევისთვის საფასური მაღალი და გრძელვადიანი უნდა იყოს, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სანქციებით, არამედ უნდა მოახდინოს გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ცვლილების სტიმულირება. ასეთი ცვლილებისთვის, ნატო-მ ახალი მზერა უნდა მიაპყროს საქართველოს ... "ახლა უკვე აშკარაა, რომ საქართველო რუსეთისთვის უიმედობის მიზეზია. მაშინ, როცა დასავლეთი განიხილავს, თუ რა არის უკრაინის კრიზისის გადაჭრის საუკეთესო გზა, ერთი ნაბიჯი ცხადი უნდა იყოს: საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, შემდეგი ნაბიჯი გადადგას ნატო-ში სრული წევრობისკენ".

გურამ როგავა - ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი („ფეისბუკის“ გვერდი, 29.5.2014): „წუხელ ქართველი ჟურნალისტები სამშობლოში კიევი-თბილისის რეისით ვბრუნდებოდით, როცა ჩვენი ერთ–ერთი კოლეგა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რომ არა დათო კაკულიას სწრაფი რეაქცია, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა. ჩვენი თხოვნით პილოტმა საგანგებო დაშვება როსტოვში განახორციელა. ყველაფრის მიუხედავად, არ ველოდით ასეთ ირონიას რუსი მესაზღვრეებისგან და განსაკუთრებით ექიმებისგან (ჰიპოკრატეს ფიცის იმედად ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათ პუტინის ფიცი აქვთ დადებული). დიდი ხნით ადრე იცოდნენ თვითმფრინავის დაშვების მიზეზი, მაგრამ აეროპორტში სასწრაფო დახმარება ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა. დაწვრილებით რუსების დამოკიდებულებაზე არ დავწერ, ისედაც ხვდებით ალბათ, რა გამოვიარეთ. ექიმები ბორტზე ამოვიდნენ, ქართველებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ გაქვთო, ბევრი გაურკვევლობა იყო, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი მოძმე, ერთმორწმუნე რუსებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე“.

გრიგოლ ბერბიჭაშვილი - ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი (ხობის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული ქადაგება, 28.5.2014): „როდესაც წინ მიიწევ, სულ უფრო მომძლავრებულია ძალისხმევა ადამიანებში შიშის დათესვის. ჩვენ გვინდა ძლიერ და ნათელ ქვეყანაში, მართლმადიდებლურ წიაღში ცხოვრება და მე ვწუხვარ, როდესაც მართლმადიდებლობას და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებენ. ამას ვერ მივესალმები, რადგან ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთეები მიიღო საქართველომ მართლმადიდებელი რუსეთისგან“.

რასა იუკნევიჩენე - ლიტვის  თავდაცვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ნატო-ში ქვეყნის დელეგაციის წევრი (ინტერვიუ გაზეთ „კვირის პალიტრას", 02.6.2014): ჯერჯერობით საკითხი ასე დგას - ნატო-ს ქარტიის მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას შეეგუოთ, მაგრამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატო-მ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით. მაპ-ის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ - ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი - მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის – დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატო-ს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ“.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"