ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
06.06.2014
ყაზახეთი, როგორც ევრაზიული ინტეგრაციის მოტორი

  ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შედგა. 29 მაისს ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას. როგორ ხვდება გაუთავებელ საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაფლული საქართველო ამ ფაქტს? მრავალ ფობიასთან ერთად, საქართველოში „ევრაზიაფობიაც“ ძლიერდება, რომელიც გასულ ათწლეულებში დამკვიდრებული პოლიტიკური რუსოფობიიდან გამომდინარეობს. საქართველოს მოსახლეობას თავს ახვევენ აზრს, რომ ევრაზიული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვასა და იდეა ფიქსად ქცეული „ევროპული ფასეულობებისგან“ დაშორებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ვერ აღწევს საქართველო თავს სიდუხჭირეს, უმუშევრობას, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის უმოქმედობას, ტერიტორიული პრობლემების მოუგვარებლობასთან ერთად. ჩვენს ქვეყანას, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის სიმდიდრით არ გამოირჩევა, პირველ რიგში უნდა ჰქონდეს დაინტერესება ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ვერა და ვერ გამოვიდა „ნაცური“ ჰიპნოზის მდგომარეობიდან, კვლავაც ჯიუტად საუბრობს ნატოსა და ევროკავშირის აუცილებლობა-გარდაუვალობაზე.

  2015 წლისათვის დაგეგმილი, ჯერ კიდევ განუხორციელებელი ევრაზიული კავშირის იდეა ჩვენში ცნობილია, როგორც რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ახირება ანუ „იმპერიალისტური“ მისწრაფება. სინამდვილეში კი ევრაზიული ინტეგრაციის იდეით ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში, მშვიდობიანი ყაზახეთის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი გამოვიდა. ყაზახეთის ლიდერის კეთილი ნების გარეშე არანაირი ევრაზიული ინტეგრაცია დღის წესრიგში არ იდგებოდა. ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის ულტრა-ლიბერალური, გაიდარის მთავრობის კრიტიკოსადაც გვევლინებოდა. მაშინ რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ სწორედ დეზინტეგრაციის, ეკონომიკური კავშირების რღვევის, მეზობელი „მუქთამჭამელი“ რესპუბლიკების ჩამოცილების გზით მიაღწევდა ლიდერობას პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც სინამდვილეში არავისთვის გამოდგა ხელსაყრელი - არც რუსეთის და არც სხვა რესპუბლიკებისათვის (საქართველოს ჩათვლით). ამიტომ ნაზარბაევის იდეები რუსეთის პატრიოტმა ლიდერმა პუტინმა გაითავისა და მათ ახალი იმპულსი მისცა.

   დღესდღეობით ყაზახეთი ევრაზიული ინტეგრაციის მოტორად, მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება. ბუნებრივია, რუსეთს ევრაზიული კავშირის პროექტი მეზობელი ქვეყნების ჩაგვრის იარაღად რომ ჰქონდეს ჩაფიქრებული, ეს ასე არ იქნებოდა, ყაზახეთი თავის სუვერენიტეტს ფრიად აფასებს და გარე ძალებს არ აძლევს საშუალებას, ჩაერიონ მის საშინაო საქმეებში. დღესდღეობით ყაზახეთი არა რუსეთის, არამედ სხვა ძალების პოტენციური აგრესიის ობიექტად განიხილება პოლიტოლოგების მიერ, იმ ძალებისა, რომლებმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში დამანგრეველი „ფერადი რევოლუციები“ მოაწყეს. მსგავსი რევოლუციის მოწყობა ყაზახეთშიც იგეგმებოდა, როდესაც ქ. ჟანაოზენში ხელოვნურად იქნა პროვოცირებული არეულობები. მაგრამ ყაზახეთის ხალხი მყარად უჭერს მხარს საკუთარ ლიდერსა და მთავრობას. ამიტომ ყაზახეთში სტაბილურობა შენარჩუნდება, ხოლო ევრაზიული ინტეგრაცია კვლავაც გაგრძელდება.

   ამის დასტურია დედაქალაქ ასტანაში 21-დან 23 მაისამდე გამართული მორიგი ეკონომიკური ფორუმი. ასტანის ფორუმი მრავალი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის, ისევე, როგორც ბიზნეს-სტრუქტურების დიდ ყურადღებას იპყრობს. შარშან, მაგალითად, ფორუმზე 160 ქვეყნიდან 13 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, წლევანდელი ფორუმიც ამგვარი მასშტაბის იყო. სულ ჩატარდა 70 ღონისძიება, მათ შორის ფორუმები, კონფერენციები, კონგრესები, სამიტები, შეხვედრები, ყოველივე ეს კი ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებისადმი ინტერესით იყო გამოწვეული, ისევე, როგორც ასტანაში დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენით „ექსპო-2017“, აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივებითა და ენერგეტიკული თემატიკით (გაიმართა მსოფლიო ენერგეტიკის ლიდერთა სამიტი).

  ფორუმი ბევრ სხვა საინტერესო თემასაც მოიცავდა. ასე, მაგალითად, ჟურნალისტიკის 1-ლ საერთაშორისო სამიტზე განსაკუთრებით ეკონომიკური საკითხების მიწოდების ახლებური ტექნოლოგიები იქნა განხილული, შედგა ასტანაში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია, ხოლო ახალგაზრდობამ „მწვანე ტექნოლოგიების“ თემა აირჩია დისკუსიისათვის.

   ყაზახეთმა, თავისი ეკონომიკური ინტერესების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, რაშიც მას აღნიშნული ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს. ასტანაში სიტყვით გამოვიდა მსო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე დევიდ შარკი, რომელმაც განაცხადა: „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრის სტატუსი არ შეუშლის ხელს ყაზახეთს, გახდეს მსო-ს წევრი. ყაზახეთის მსო-ში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებები ძალზე წარმატებით მიმდინარეობს“. შარკმა დასძინა, რომ მსო-ს შემადგენლობაში ბევრი ისეთი სახელმწიფოა, რომლებიც პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საინტეგრაციო გაერთიანებებში, რაც, ისევ და ისევ, მათ წევრობას მსო-ში არანაირად არ აბრკოლებს.

   ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ ყაზახეთი არის წარმატებული სახელმწიფო და მას მსოფლიო ასპარეზზე ღირსეული ადგილი უჭირავს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ნაზარბაევი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება თავის მიერვე შემოთავაზებულ სტრატეგიას, რამდენიმე ათწლეულზე გათვლილს. პრეზიდენტის მოწოდებით, ქვეყანა ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ავითარებს. ასტანის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერდა „მდგრადი ზრდის“ პოლიტიკა, რომელიც 4 სეგმენტს მოიცავს:

 

-         ნედლეულის სექტორების განვითარება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაკროეკონომიკური სტაბილობა და საფინანსო ბაზა;

-         საბაზროდ ორიენტირებული სექტორები, კერძოდ: გადამამუშავებელი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია - ხარისხობრივი ზრდის მისაღწევად;

-         ინოვაციური სექტორები - მომავალში კონკურენტულობის გასაძლიერებლად;

-         სამეცნიერო და საკადრო ბაზა, ასევე ახალი ენერგეტიკა.

 

   განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რიგით მეოთხე დასახელებულ სექტორს, რადგან სწორედ იგი იძლევა მოსახლეობის რეალური და სტაბილური დასაქმების საშუალებას, კვალიფიციური კადრების შეუფერხებელ მომზადებას, თაობიდან თაობამდე. აქვე მოიაზრება ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სხვადასხვა მომსახურებები.

   როგორც ვხედავთ, ყაზახეთი არც მომავალში აპირებს თავისი უზარმაზარი ბუნებრივი წიაღისეულის ექსპლუატაციის ხარჯზე ცხოვრებას, ყაზახეთს არ სურს, იყოს „სანედლეულო დანამატი“ დანარჩენი მსოფლიოსთვის და ე. წ. განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისათვის. არადა, არსებობს თურქმენეთის მაგალითი, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი სახელმწიფოა და მისი სტაბილურობის ერთადერთი წყარო ბუნებრივი წიაღისეულებია. ყაზახეთს კიდევ უფრო დიდი ბუნებრივი სიმდიდრეები აქვს, ვიდრე თურქმენეთს - ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგების გარდა, ურანი, ფერადი მეტალები და ბევრი სხვა, ამიტომ ყაზახეთსაც შეუძლია, ჩაიკეტოს და საკუთარი რესურსებით არც თუ ისე ცუდად იცხოვროს. მაგრამ ყაზახეთმა აირჩია ღია განვითარების მოდელი, საკუთარი სუვერენიტეტის სრული დაცვით, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლება და კეთილდღეობა ევრაზიული ინტეგრაციის გზით მიიღწევა და არა კარჩაკეტილობით ან ცხრა მთას იქით მოკავშირეების ძებნით.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"