ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.04.2014
უკრაინა, როგორც პლაცდარმი რუსეთში ლიბერალური გადატრიალების მცდელობისთვის

უკრაინის მოვლენებს, ეჭვი არაა, გრძელვადიანი შედეგები ექნება. კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ნაციონალისტების პარპაშის მიღმა ბევრად უფრო მასშტაბური და საშიში ძალა დგას - დასავლური გლობალური პროექტი, რომელიც თანდათანობით აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში და ცდილობს დაიმორჩილოს სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იმას, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „სტრატეგიული სუვერენიტეტი“.

 

რა არის „სტრატეგიული სუვერენიტეტი“? ეს არის ქვეყნის შესაძლებლობა, დაიცვას მისთვის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები, რომელთა წინააღმდეგ გამოდის ე.წ. მსოფლიო თანამეგობრობა. სუვერენიტეტის გარკვეული დონე აქვს თითქმის ყველა ქვეყანას - შეუძლებელია, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთი აკონტროლებდეს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს პოლიტიკის ყველა დეტალს. ცალკეული ქვეყნები ახერხებენ კიდეც თავიანთი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებას (როგორიცაა დაშორებულობა გეოპოლიტიკური ცენტრებისგან და ა.შ.) იმისთვის, რომ მიაღწიონ გარკვეულ დათმობებს „დასავლელი პარტნიორებისგან“.

 

მაგალითად, აფრიკის ზოგიერთმა ქვეყანამ ახლახან მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომლებიც კანონგარეშე აცხადებენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს და შემოაქვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა  ამგვარი ადამიანებისთვის. დასავლეთის ლიდერები მხოლოდ სიტყვიერი შეშფოთებით შემოიფარგლენ და არ მოახდინეს ამ ქვეყნების (უგანდა და სხვ.) წინააღმდეგ ეკონომიკური თუ სხვა სახის სანქციების შემოღება, რადგან დაინტერესებული არიან ამ ეტაპზე მათთან თანამშრომლობით აფრიკულ საქმეებში. ამგვარი მაგალითები ბევრია. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ან იაპონია ასევე არ ემორჩილებიან ყველაფერში აშშ-ს დიქტატს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებს სტრატეგიული სუვერენიტეტი გააჩნიათ.

 

მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა რჩება, რომელთა მიმართებაში შეიძლება ვთქვათ, რომ მათ გააჩნიათ სტრატეგიული სუვერენიტეტის ნიშნები. ერთ-ერთ მათგანად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთი, რისი მაგალითიც გახდა ამერიკული შეჭრის ბლოკირება სირიაში. გადატრიალება უკრაინაში დასავლეთის პირდაპირი პასუხი გახდა მოსკოვის მცდელობაზე მომავალშიც შეინარჩუნოს სტრატეგიული სუვერენიტეტი.

 

თავისთავად, უკრაინას ისედაც გააჩნია სერიოზული მნიშვნელობა დასავლეთისთვის, ძირითადად იმის გამო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლებელია აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განლაგება. უკრაინის კიდევ ერთი, შეიძლება ძირითადი მნიშვნელობა არის მისი გამოყენება რუსეთში ლიბერალური გადატრიალების პლაცდარმის სახით.

 

ე.წ. მაიდანის დროს აშკარად გამოიკვეთა ორი ძალა - ზომიერად ლიბერალური პუბლიკა, წარმოდგენილი ძირითადად კიევური საშუალო ფენის მიერ (ე.წ. კრეატიული კლასი), რომელიც დიდწილად რუსულენოვანია, და მემარჯვენე ტიპის რადიკალური უკრაინელი ნაციონალისტები („მემარჯვენე სექტორი“ და სხვა დაჯგუფებები). იანუკოვიჩის დამხობის დღეებში პირველ პლანზე გამოვიდნენ ეს უკანასკნელნი, რამაც გააჩინა იმის ილუზია, რომ რადიკალები მთავარ როლს ითამაშებდნენ გადატრიალების შემდეგაც. ამის გარკვეული ნიშნები მართლაც გამოჩნდა იმის სახით, რომ რადიკალებს თითქოსდა ნიშნავდნენ საკვანძო თანამდებობებზე ძალისმიერ სტრუქტურებში და ა.შ. შეიქმნა „ეროვნული გვარდია“, სადაც გააერთიანეს მაიდანზე მოქმედი დაჯგუფებების წევრები.   

 

თუმცა თავიდანვე გასაგები იყო, რომ კიევში ახალი ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ, მათ აღარ დასჭირდებოდათ კონკურენტი ძნელად სამართავი შეიარაღებული ფორმირებების სახით, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ანარქიული ქმედებებისკენ. მემარჯვენე ნაციონალისტთა ნაწილი სასწრაფოდ შეიყვანეს ზემოთ ნახსენებ ეროვნულ გვარდიაში, რომლის გამოყენებას აპირებენ შინაგანი ჯარების სახით უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში (ობიექტების დაცვა, პროტესტების ჩახშობა და ა.შ.). დანარჩენ ბოევიკებს განაიარაღებენ ან ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. ამის მაგალითი უკვე გვაქვს „მემარჯვენე სექტორის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვინმე მუზიჩკოს ლიკვიდაციის სახით, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით საშკო ბილი. ამ სუბიექტის ლიკვიდაცია უნდა გახდეს გაფრთხილება დანარჩენი „საველე მეთაურების“ და მაიდანის „ასმეთაურების“ მიმართ, რომ არანაირ დამოუკიდებლობა და ანარქიას მათგან ახალი ხელისუფლება არ მოითმენს.

 

ფუნქცია, რომელსაც დასავლეთი აკისრებს უკრაინას, შემდეგნაირია: ეს ქვეყანა უნდა გახდეს დამაკავშირებელი რგოლი დასავლეთსა და პროდასავლურ ძალებს შორის რუსეთში. ამის გამო, დასავლეთი არ დაუშვებს არც ე.წ. ბანდერელების და ულტრანაციონალისტების ზედმეტ თარეშს, რომელთა ნაწილი, როგორც ცნობილია, სკეპტიკურად არ ის განწყობილი თავად ევროპის და მისი ინსტიტუტების მიმართ. ამჟამინდელ კიევურ ხელისუფლებას სჭირდება, პირველ რიგში, მხარდაჭერის ბაზის შექმნა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.  

 

მაგრამ საეჭვოა, რომ ეს განხორციელდეს ამ რეგიონის მოსახლეობის ტოტალური უკრაინიზაციის გატარების გზით, ანუ დასავლეთ უკრაინის მოდელის გადმოტანით. დასავლეთისთვის და უკრაინის პროდასავლური მთავრობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იყოლიოს ლოიალური რუსულენოვანი მოსახლეობა რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიევის პოლიტიკა ამ რეგიონების მიმართ უფრო დახვეწილი იქნება. მაგალითად, თუ მათ მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში, მათ ნელ-ნელა გაუზრდიან უფლებებს, ანუ მოხდება რეგიონალიზაციის ან ფედერალიზმის ელემენტების შემოტანა. მაგრამ ეს გაკეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის კულტურულ-ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი კიევის ხელისუფლების და მათი დასავლელი პატრონებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

 

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენი აზრით, დასავლეთი ასევე არ შეეცდება უკრაინის სრულ იზოლაციას აღმოსავლელი მეზობლისგან. ახლა, როცა პროდასავლური ძალები საკმაოდ მყარად აკონტროლებენ სიტუაციას უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მათ არ აქვთ მოტივაცია აღმართონ „ჩინეთის დიდი კედელი“ რუსეთის საზღვარზე. პირიქით, დასავლეთი წაახალისებს უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, ინტელექტუალებს, არტისტებს და ა.შ. რუსეთში აქტიური შეღწევისკენ, რათა მათ უფრო ახლო კონტაქტები დაამყარონ პროდასავლურ ელემენტებთან რუსეთში. კიდევ ერთი მიმართულება იქნება „მეხუთე კოლონის“ შექმნა თავად რუსეთში მცხოვრები უკრაინელებისგან. სწორედ ამიტომ, კიევი არ ჩქარობს დსთ-დან გამოსვლას, არც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, როგორც ეს გააკეთა საქართველომ სააკაშვილის დროს.   

 

ამ პოლიტიკის კონტურები მოხაზა თავის გამოსვლაში კიევში სტუდენტების წინაშე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელმაც გაიხსენა მე-19 საუკუნის პოლონელი ნაციონალისტების ცნობილი ლოზუნგი „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. რუსი ოპოზიციონერი ნავალნი ასევე გამოვიდა სტატიით გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“, სადაც ხაზი გაუსვა უკრაინის ფაქტორის მნიშვნელობას რუსეთში პროდასავლური ძალების გამარჯვების საქმეში.

 

უკრაინის მთავრობა უკვე მოხვდა სრულ ფინანსურ დამოკიდებულებაში დასავლელი პარტიონერის მიმართ, ამიტომ მას არ გააჩნია არავითარი შესაძლებლობა აწარმოოს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომც ჰქონდეს ამის სურვილი. დასავლეთი შეეცდება არ გაუშვას ხელიდან კონტროლი უკრაინის საფინანსო-ეკონომიკურ სიტუაციაზე, ამიტომ ახლო პერსპექტივაში ის არ არის დაინტერესებული ამ სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესებით.

 

მეორე მხრივ, იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს რუსეთზე „ჰუმანიტარული“ შეტევისთვის წარმატებული პლაცდარმი, მან უნდა მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს ეკონომიკურ სფეროში, ასევე ქვეყნის კულტურულ-რელიგიური პროფილის ტრანსფორმაციაში. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნების და მათი არასამთავრობოების ყურადღების საგანი გახდება რელიგიური სიტუაცია ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, მათი მუშაობის „წარმატების“ კრიტერიუმი იქნება სხვადასხვა პროტესტანტული და ნეოპროტესტანტული სექტების მიმდევართა რიცხვის ზრდა, ასევე ე.წ. ბერძენ-კათოლიკეთა (უნიატთა), მოსკოვის საპატრიარქოს მრევლის თანდათანობითი გადადინება არაკანონიკურ კიევის საპატრიარქოში, და თავად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიაში წინა პლანზე ლიბერალური და პროდასავლური ფიგურების წინ წამოწევა. გარდა ამისა, ღია ათეისტთა რიცხვის ზრდა. ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის მოსახლეობის მორალურ-ეთიკური და ქცევითი მახასიათებლების ცვლილება „საჭირო“ მიმართულებით - „ტოლერანტობის“ დანერგვა, სექსუალური და სხვა უმცირესობების ლეგალიზაცია, მყარი ანტირუსული განწყობა და ა.შ.

 

უკრაინას ეკისრება მნიშვნელოვანი როლი რუსეთის ეკონომიკური განვითარების შეფერხების საქმეში. კიევი შეეცდება აწარმოოს შეფარული ძირგამომთხრელი საქმიანობა, ისე რომ არ დაუშვას პირდაპირი დაპირისპირება რუსეთთან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება ყირიმი. მიზანი ისაა, რომ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ მოსკოვს რაც შეიძლება მეტი სახსრების დახარჯვა დასჭირდეს ყირიმის ეკონომიკის შესანახად. მდგომარეობის გაუარესება ყირიმში, უკრაინელი პოლიტიკოსების გათვლით, გამოიწვევს რუსული მოსახლეობის თანდათანობით გადინებას ნახევარკუნძულიდან, რაც, თავის მხრივ, მოიტანს ყირიმელი თათრების პროცენტული წილის ზრდას. ამას კი შეუძლია კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია ყირიმში და ცხელი წერტილების გაჩენაც კი გამოიწვიოს.

 

გამოიყენებენ რა საბაბად ყირიმის შეერთებას რუსეთთან, დასავლეთის ქვეყნები, როგორც ჩანს, შეეცდებიან განახორციელონ რუსეთის ეკონომიკის თანდათანობითი მოგუდვის პოლიტიკა. მაგრამ ამჟამად დასავლეთი თავს არიდებს მკაცრი სანქციების შემოღებას, რომ არ ჩააყენოს კრემლი გამოუვალ მდგომარეობაში და არ აიძულოს თავისი პოლიტიკის სრული გადახედვა მოახდინოს. თუმცა, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია სანქციების გამკაცრება.

 

რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, როგორც ნათელია, მიმართული იქნება უკრაინული და დასავლური არასამთავრობოების რუსეთში შეღწევის და მათ მიერ განშტოებული ქსელების ფორმირების დაბლოკვისკენ. გარდა ამისა, რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს გავლენა უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების მოსახლეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რეალურად დაიწყებს სანქციების გამკაცრებას, რუსეთს უნდა ჰქონდეს მზად ეკონომიკის განვითარების სცენარები, ახალი ბაზრების და სავაჭრო პარტნიორების მოძიების სახით. სხვა გზა არ არსებობს, რადგან სტრატეგიული სუვერენიტეტის დაკარგვა, რაც გარდაუვალია ლიბერალური გადატრიალების პირობებში, გამოიწვევს რუსეთის გადაქცევას დასავლეთის კოლონიად, ქვეყნის შემდგომი დანაწილებით ნაციონალურ-რელიგიური და რეგიონალური შიდა საზღვრების მიხედვით, რაც რუსის ხალხისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.  

 

გურამ შარია

 

წყარო: ევრაზიის რიტმი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"