ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.02.2014
ბუნტი ციხეში თუ ნაცების პროვოკაცია?

ბოლო დღეებში გამწვავდა სიტუაცია პენიტენციარულ სისტემაში. გეგუთის ციხესთან პერიოდულად იკრიბებოდნენ პატიმრების მშობლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ციხის ადმინისტრაცია თითქოსდა სასტიკად ექცევა მსჯავრდებულებს. ინციდენტები ხდება სხვა დაწესებულებებშიც.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი სიტუაცია დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ნაციონალების მმართველობის დასრულება დიდწილად ე.წ. ციხის სკანდალის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 

ყოფილი ბელადი და მისი გარემოცვა აცხადებდა, რომ ისინი ცდილობდნენ „ქურდული სისტემის“ და მენტალიტეტის მოშლას, რომლის ძირითად დასაყრდენს სწორედ ციხეები წარმოადგენდა. ამ მიზნით ციხეებში ამყარებდნენ სასტიკ რეჟიმს, რათა, ვითომდა, აღმოეფხვრათ „ქურდების“ და მათი მომხრეების - ე.წ. მაყურებლების გავლენა პატიმრებზე.

 

მართალია, ნაწილობრივ ამ პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს მოხდა გადაჭარბებული სისასტიკის გამოყენებით, რამაც თავად რეჟიმის ნგრევას შეუწყო ხელი. თუმცა, სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ახალმა საფრთხეებმა იჩინა თავი.

 

ციხეებში გახშირდა ძველი სიტუაციის ბოლომდე აღდგენის მცდელობები, როცა პატიმრები სასჯელს იხდიდნენ ნახევრად დანგრეულ, დაობებულ შენობებში, სადაც სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები და „მაყურებლები“. ფაქტიურად, მაყურებლის მდგომარეობაში სწორედ ციხის ადმინისტრაცია იყო.

 

ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. ის, რომ სააკაშვილის ჯალათების თვითნებობა დამთავრდა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიწყოს „ქურდების“ და სხვა კრიმინალური ელემენტების პარპაში. ამის ნიშნები კი, სამწუხაროდ, ზოგიერთ პენიტენციარულ დაწესებულებაში უკვე შეინიშნება.

 

ამ სიტუაციით სარგებლობენ ნაცები და ააქტიურებენ საინფორმაციო კამპანიას, თითქოს ხელისუფლებას არ შეუძლია ციხეების გაკონტროლება და ამიტომ საჭიროა ნაციონალების კვლავ დაბრუნება ხელისუფლებაში, რათა არ მოხდეს „ქურდული მენტალიტეტის“ ისევ გავრცელება ახალგაზრდებს შორის. არ არის გამორიცხული, რომ ნაციონალები ფარულად ხელსაც უწყობენ ციხეებში არასტაბილურობის გაძლიერებას.

 

ჩვენი აზრით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახერხოს კონტროლის აღდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ისე, რომ არ იქნას გამოყენებული ყოფილი ხელისუფლების ზედმეტად სასტიკი მეთოდები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციხის ადმინისტრაცია უნდა შეურიგდეს პატიმრების მხრიდან გინებას და შეურაცხყოფას, არაფერს ვამბობთ ფიზიკურ ზემოქმედებაზე. თუ საბოლოოდ დაკანონდა „მაყურებლების“ მიერ პატიმრების ტერორიზირება და დაჩაგვრა, კრიმინალური მენტალიტეტი კვლავ ეპიდემიასავით გავრცელდება ქუჩებში და ეზოებში, ნარკომანიის პოპულარიზაციასთან ერთად. ეს ყველაფერი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში მოსახლეობის ნორმალურ არსებობას.

 

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"