ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
07.01.2014
წარმართობის „ეროვნული“ და „ლიბერასტური“ შემოტევა ერთნაირად უნდა დაიძლიოს!

  წინასაშობაო დღეები საქართველოში წარმართული ნიშნით წარიმართა - სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული ბერი გაბრიელის საფლავს „სურვილების ასასრულებლად“ ხალხის უზარმაზარი ნაკადი მიაწყდა - როგორც ცნობილია, ხალხის მოზღვავება გამოიწვია პარასკევას სახელით ცნობილი მონაზონი ქალის ნათქვამმა, ბერ გაბრიელს ხალხისთვის სურვილების შესრულება ვთხოვეო („დედა პარასკევა“ ბერ გაბრიელს მის სიცოცხლეში ემსახურებოდა და მის ცხოვრებასა და შეხედულებებს აღწერდა). ხალხში გავრცელდა აზრი, რომ აუცილებელი იყო, ბერი გაბრიელის საფლავზე შობის დღესასწაულამდე მისვლა და სურვილების „ჩაფიქრება“, ამიტომაც დიდი და პატარა მცხეთის სამთავროს ტაძრის ეზოში რიგში ჩადგა, ყინვაში. უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან მცირეწლოვანი ბავშვებით ჩამოვიდა.

  ფაქტობრივად, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ადგილი ჰქონდა დიდ წარმართულ „შაბაშს“, რომელიც „დედა პარასკევას“ ერთმა მოუზომელმა ფრაზამ გამოიწვია. „სურვილების ჩაფიქრებამ“ და შობის დღესასწაულამდე ბერი გაბრიელის საფლავზე მისვლის მოსწრების აუცილებლობამ რიგი სასულიერო პირების - მღვდლების გულისწყრომა გამოიწვია. ზოგმა მათგანმა მრევლს „ფეისბუკის“ საშუალებით მწარე სიტყვებით მიმართა. მკითხველთა დიდმა ნაწილმა ამ სიტყვებში მრევლის დაცინვა დაინახა და მღვდლებს სიტყვა შეუბრუნა. ამავე დროს გავრცელდა პატრიარქის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება მცხეთაში მოწყობილი „შაბაშის“ ორგანიზატორებს და მრევლს რბილი ტონით შეახსენებს, რომ ლოცვას თავისი ძალა აქვს დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან.

  მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში რელიგიურობას მნიშვნელოვანწილად ზედაპირული და რიტუალური ხასიათი აქვს, ხალხში კი ცრურწმენები ფართოდ არის გავრცელებული. მაგრამ საკითხავია, რამდენად არის ხალხი ამაში დამნაშავე, განა საქართველოში არსებული უამრავი ტაძრის კიდევ უფრო მეტ მოძღვარს არ მოეთხოვება ხალხის სწორ გზაზე დაყენება? იქნებ, იმ მღვდლებმა, რომლებიც ახლა „ფეისბუკიდან“ ცინიკურად მოძღვრავენ ხალხს, რაღაც შეცდომები დაუშვეს? მე კი ვიტყვი, რომ მათი მთავარი შეცდომა არასაკმარისი გამბედაობაა. თავის დროზე თითოეულ მათგანს საჯაროდ უნდა ეთქვა, რომ ბერ გაბრიელს ზოგიერთი ისეთი აზრი აქვს თავის ცხოვრებაში გაჟღერებული, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას მართლმადიდებელი მოძღვრებისაგან - მაგალითად, ერთი პერიოდი ბერი გაბრიელი მრევლს არწმუნებდა, რომ მან იცის საშინელი სამსჯავროს მოახლოების ჟამი და ეს ჟამი ახლოსაა. შემდეგ მან გადათქვა ეს აზრი, რაღაც-რაღაცეები შეიცვალაო... არადა, ნებისმიერმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ მეორედ მოსვლის დრო არავინ უწყის, თავად ღვთის გარდა, არ იციან თვით ანგელოზებმაც, არც წმინდანებმა, არათუ უბრალო ადამიანებმა: „იღვიძებდეთ უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს“ (მათე, 25:13), „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან“ (მათე, 24:36). სახარებაზე საკუთარი აზრის მაღლა დაყენება ალბათ ნაკლებად უნდა იყოს წმინდანობის საფუძველი, მაგრამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სხვაგვარად გადაწყვიტა - მან გაითვალისწინა ბერი გაბრიელის ფანატიკური მიმდევრების სიმრავლე და სწორედ ამ მრევლს დაუკანონა ბერი გაბრიელის წმინდანობა. ამ ფაქტს მაშინ არ გამოუწვევია მღვდლების „ფეისბუკ-კომენტარები“, მაშ ახლა რატომ არიან ისინი ასე აღშფოთებულნი ნაკლებად წიგნიერ ადამიანებზე?! თუმცა ბერ გაბრიელს ერთ დიდ სიკეთეს მაინც ვერავინ წაართმევს: იგი ცხოვრობდა ბერული ცხოვრებით, მარხულობდა, ლოცულობდა, არც ქალებში დადიოდა და არც რაიმე ქონება დაუგროვებია. ხალხში კი დიდი მოთხოვნილებაა ამგვარი სასულიერო პირების მიმართ, რომელთა დიდი დეფიციტია დღევანდელ საქართველოში! ამიტომ ასეთ ბერს უფრო დაუჯერებს ხალხი, ვიდრე სასულიერო პირს, რომელიც, შესაძლოა, სწორად ასწავლის ხალხს, მაგრამ თავისი პიროვნული მაგალითით ნაკლებად მიმზიდველია.

  ასეა თუ ისე, საპატრიარქოს განცხადებას არ ჩაუვლია უკვალოდ, „დედა პარასკევაც“ ცოტა დაცხრა და შეცდენილი მრევლის ნაწილმა ალბათ რაღაც გაიგო. ამასთან, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, პატრიარქი ილია მეორე აშკარად არ ჩამორჩება აქტუალურ პრობლემატიკას. მისი შესანიშნავი საშობაო ეპისტოლე, სხვა საკითხებთან ერთად, ნათლად აღწერს ხელოვნურად განაყოფიერების ამორალობას (ასევე, მკითხველებს რეკომენდაციას ვაძლევთ, გაეცნონ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, პატრიარქ კირილის შესანიშნავ საშობაო ინტერვიუს). ამან, რა თქმა უნდა, „ლიბერასტური“ პუბლიკის - ნეოწარმართთა მეორე ფრთის წარმომადგენლების გულისწყრომა გამოიწვია, თითქოს „არაჰუმანურია“ ჩვენი პატრიარქი. ერთ-ერთი „ნაცი“ დეპუტატი გაკადნიერდა კიდეც და პატრიარქს წერილობით მიმართა, ნუ წაართმევთ სუროგატი დედების მიერ გაჩენილი შვილების ოჯახებს რწმენას, რომ მათი ხელოვნურად გაჩენილი შვილი ღვთის წყალობააო. ლამისაა, ცრემლები წამომივიდეს ამ დეპუტატიკის „ჰუმანურობაზე“. მაგრამ პატივცემულო დეპუტატო, იქნებ დაფიქრდეთ იმაზე, რომ ღვთის წყალობაა ბუნების კანონები, თუკი ვინმეს არ უჩნდება ბიოლოგიური შვილი, სუროგატ „დედაზე“ დასახარჯი ფულით, შეუძლია, ბუნებრივი გზით გაჩენილი ბავშვი იშვილოს, როგორებიც სამწუხაროდ, მრავლად არიან საქართველოში, თავიანთი ბიოლოგიური მშობლების მიერ მიტოვებულნი... სუროგატი დედობა და ხელოვნური განაყოფიერება არის, სულ ცოტა, ცხოველობის, პირუტყვობის გამოხატულება - აქაოდა, აუცილებლად საკუთარი ორგანიზმიდან უნდა გადაეცეს ბავშვს გენი, თორემ ისე ბავშვი თურმე არ ბავშვობს! უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა სატანის სამსახურია! გარშემო არის უამრავი ბავშვი, რომელსაც ოჯახი სჭირდება, დედ-მამის სითბო აკლია, და ამ დროს შენ ბავშვი გინდა, არ იშვილებ არავის და ფულს ხარჯავ არაბუნებრივად ბავშვის „გაკეთებაში“! ყველას თავისი მორალი აქვს, მაგრამ ეკლესიას და პატრიარქს ნუ შეეხებით, როდესაც ისინი ქრისტეს მორალს გვასწავლიან!

  გამოიკვეთა კიდევ ერთი სამწუხარო ტენდენცია: როგორც ჩანს, ნეოწარმართულმა ძალებმა - როგორც „ეროვნული“ განხრით, ისე „ლიბერასტურ“-უცხოეთიდან მხარდაჭერილებმა, სააკაშვილის რეჟიმის კრახით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ კვლავ განაახლეს ეკლესიის შიგნით ძირგამომთხრელი საქმიანობა. ახლა ამას უფრო რაფინირებული მეთოდებით აკეთებენ. მაგალითად, გამოიყვანეს ახალი ტიპის „ექსპერტები“, რომლებიც თითქოს მართლმადიდებლურ ფუნდამენტზე დგანან და აკრიტიკებენ, მაგალითად, „რესპუბლიკელებს“, მაგრამ ამავე დროს, საქმე საქმეზე როცა მიდგება, მხარს უჭერენ „დედა პარასკევას“ მოწოდებებს, ამავე დროს კი დადებითად უყურებენ ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატულ „დედობას“. ყოველივე ამას, „თავისუფლების ინსტიტუტისგან“ განსხვავებით, ლამაზად ფუთავენ ქრისტიანული რიტორიკით. ამჟამად მათი გვარების დასახელება მათთვის ზედმეტი რეკლამა იქნებოდა, მაგრამ ევრაზიის ინსტიტუტი, სხვადასხვა ჯურის აგენტურასთან ერთად, ასეთ ტიპაჟებსაც აქტიურად დააკვირდება.

  დაბოლოს, ამდენი ცოდვის შემხედვარეებმა, ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ შობის დღის სიდიადე - უფალმა არაწმინდა, ცოდვილი ადამიანის ხორცი შეისხა ჩვენი, ადამიანების გადასარჩენად, ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულით. ეს არის სამყაროში უმთავრესი საოცრება და უდიდესი სიკეთე, რომელსაც ვერაფერი შეედრება და რის რწმენასაც, ქართველებს, იმედია, ვერასდროს წაგვართმევენ!

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"