ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
17.11.2013
საქართველოს ახალი პრეზიდენტი და რუსულ-ქართული ურთიერთობები: რა გველის წინ?

  არავინ დავობს იმაზე, რომ ქართული სახელმწიფოს ახალი მეთაური გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმავალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი იქნება როგორც შიდა-, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.  ახალი კონსტიტუციის ძალით უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტი მეტი ყურადღებით მოეპყრობა პარლამენტისა და მთავრობის აზრს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, მარგველაშვილს საკმაოდ დამოუკიდებელი ხასიათი აქვს, ასე რომ ეს ფაქტორიც მოახდენს გავლენას შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

  რაც შეეხება კონკრეტულად რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, გაჩნდა უკეთესი მომავლის სერიოზული იმედი, თუმცა გადამწყვეტი გარღვევისა და სრულფასოვანი დარეგულირების მოლოდინიც არ ღირს. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლად მოუწევთ ახალ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ისევე, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური გუნდის წამყვანი ფიგურები - პრეზიდენტი მარგველაშვილი და მომავალი პრემიერი ღარიბაშვილი პრაგმატული ხალხია,  მათგან შორსაა ავანტიურისტული სული და ამიტომ ისინი ერიდებიან მკვეთრ მოძრაობებს პოლიტიკაში (განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისაგან). გამომდინარე აქედან, საქართველოს ახალი ხელისუფლება მათი სახით ყურადღების ფოკუსირებას მოახდენს მთავარზე, ეს მთავარი კი მდგომარეობს სწრაფ ეკონომიკურ აღორძინებაში კრიზისიდან გამოსვლისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. სწორედ საამისო მოლოდინი ჭარბობს ქართულ საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობის დონის დაწევა ქართული საზოგადოების მთავარი სოციალური დაკვეთაა. მაგრამ ეკონომიკის აღმავლობა და სამუშაო ადგილების შექმნა დაკავშირებულია ექსპორტისთვის გამიზნული პროდუქტების წარმოების ზრდასთან, გასაღების ბაზრებზე გასატანად, აგრეთვე დაკავშირებულია ჭარბი სამუშაო ძალის  უცხოეთში გასვლის საშუალებასთან. ამის შეთავაზება საქართველოსთვის ერთადერთ ქვეყანას - რუსეთს შეუძლია. რუსეთის გასაღებისა და სამუშაო ბაზრის გარეშე საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდა უბრალოდ არარეალურია.

  ამიტომ საქართველო ამიერიდან ყოველმხრივ შეეცდება, თავიდან აიცილოს რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციები, რაც რუსულ მხარესაც აწყობს. აღნიშნული ტენდენცია, სხვათა შორის, უკვე მოცემულობაა. ოფიციალურმა მოსკოვმა, თავის მხრივ, ასევე გამოაგზავნა პოზიტიური დიპლომატიური სიგნალი და ნაწილობრივ გახსნა კიდეც საკუთარი ბაზარი ქართული ნაწარმისათვის. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართის გაბმა, რა თქმა უნდა, წამლავს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პირველ დადებით შედეგებს,  მაგრამ ოფიციალური თბილისი ამ ვითარების ზედმეტ დრამატიზებას არ მოახდენს, ბოლოსდაბოლოს, პრობლემა ხომ საკუთრივ მავთულხლართში არ მდგომარეობს. პრობლემის არსი ის არის, რომ რუსეთი სცნობს, საქართველო კი არ სცნობს სამხრეთ ოსეთს, და ეს პრობლემა ვერ გადაწყდება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულ გარკვევამდე.

  სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა ულტრამემარჯვენე ეკონომიკურ კურსს, რომელიც ადგილობრივი წარმოების, შედეგად კი ექსპორტის ძირეულ მოთხოვნილებებს უგულებელყოფდა. საქართველო მთლიანად იმპორტზე გახდა დამოკიდებული, აგრარული სექტორის ჩათვლით. ამგვარი მიდგომა, ქვეყნის „სინგაპურიზაციის“ გაცხადებულ მიზანთან ერთად, თვითმოტყუების საშუალებას იძლეოდა, თითქოს „საქართველოს რუსეთი არ სჭირდება“. იმპორტის განხორციელება მართლაც შეიძლება რუსეთის გარეშე, თუმცა რეჟიმმა რუსეთიდან შემოსულ ნაწარმს არ დაუწესა სანქციები ონიშჩენკოს უწყების სანქციების საპასუხოდ, ხოლო რუსეთმა არ აკრძალა ექსპორტი საქართველოს მიმართულებით. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმი უბრალოდ იძულებული იყო, ტოტალური ანტირუსული პოლიტიკა ეწარმოებინა, რადგან წაგებული ომის შემდეგ მას საკუთარი თავის არსებობის გამართლება სხვაგვარად არ შეეძლო. რუსეთის სახით ტოტალური მტრის ხატის არსებობა რეჟიმს სამოქმედოდ ხელს უხსნიდა უკმაყოფილოთა წინააღმდეგ ჯარში, სხვა სტრუქტურებში, ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომლებზეც ყოველთვის შეეძლო „რუსული აგენტურის“ იარლიყის მიკერება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გავიხსენოთ, რამდენი ვითომ „ჯაშუშთა საქმე“ იქნა „გახსნილი“ სახელმწიფო რუსოფობიის ტალღაზე... დღევანდელ ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, იგი არ არის დამძიმებული დანაშაულებების ჩადენით, ომის გაჩაღებით და ა. შ., ამიტომ იგი უბრალოდ არ არის დაინტერესებული წინა ხელისუფლების რუსოფობული კურსის გაგრძელებით. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ეკონომიკური ინტერესების ლოგიკა ახალ ქართულ ხელისუფლებას უბიძგებს, ეძებოს რუსეთთან დარეგულირებისა და ერთგვარი დაახლოების გზები. 

   ივანიშვილი, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი - რუსული სახელმწიფოს არც მეგობრები, და არც მტრები არიან, ისინი უბრალოდ პრაგმატიკოსები და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, სამაგიეროდ - რეალურად. საქართველო ხომ არაბუნებრივი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლას იწყებს, რომელიც მას სააკაშვილის ექსპერიმენტატორული რეჟიმის მიერ ჰქონდა თავსმოხვეული. იგი უბრუნდება თავის ეროვნულ ინტერესებს და აღარ აღმოუჩენს მხარდაჭერას სხვადასხვა ქვეყნებში, რუსეთის ჩათვლით, ფერადი რევოლუციების იდეას. სწორედ ამიტომ ივანიშვილმა თეორიულად არ გამორიცხა საქართველოს შეერთება მომავალ ევრაზიულ კავშირთან, თუკი ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება.

   მაგრამ საქართველო, ამასთან ერთად, დასავლეთის პოლიტიკურ ორბიტაზე რჩება. ქვეყნის ხელმძღვანელები და თავად ივანიშვილი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენენ, როგორც დასავლური ფასეულობების მატარებლები და სულაც არ ამბობენ უარს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. თუკი ევროკავშირის იდეა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ სხვა სახელმწიფოსაც იზიდავს, ნატოსკენ თავის სწრაფვაში საქართველო რეგიონში იზოლირებულ მდგომარეობაში რჩება. რამდენად სწრაფად იმოქმედებს აღნიშნული ფაქტორი რუსულ-ქართული დიალოგის პროცესზე უარყოფითად, ძნელი სავარაუდებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი უკვე ამუხრუჭებს რუსულ მხარესთან ჭეშმარიტად მეგობრული და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამაოყალიბებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, დაიცვას ბალანსი დასავლეთსა და რუსეთს შორის, დასავლეთზე აღებული სტრატეგიული კურსის შენარჩუნებით, და ამასთან, არ დააზარალოს რეგიონში რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები. ამასთან ერთად, საჭიროა, დავინახოთ ობიექტური სურათი: თუკი ივანიშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მთელი გულით და სულით მოინდომებენ, უარი თქვან ცალმხრივ დასავლურ კურსზე და მიუბრუნდნენ რუსეთს, მათ ეს ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ; აშშ და მისი მოკავშირეები ხომ მრავალი წლის მანძილზე ქმნიდნენ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიტიკურ პარტიებში, ჟურნალისტურ წრეებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ნერგავდნენ საკუთარ ხალხს, ხოლო რუსეთი არაფერს მსგავსს არ აკეთებდა, მეტიც, მას საკუთარი იმიჯი საერთოდ არ აინტერესებდა.

  ასე თუ ისე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდა შეფასდეს დადებით მოვლენად და გაჩენილ შანსად, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ხარიხსობრივი გაუმჯობესებისათვის.

   

გულბაათ რცხილაძე 

წყარო: "Новости-Грузия"

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"