ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
16.11.2013
აშშ ელჩის მუქარა

  სწორედ შეფარულ მუქარად შეიძლება აღვიქვათ, საქართველოში აშშ ელჩის, რიჩარდ ნორლანდის მიერ ქართული საზოგადოების მორიგი დამოძღვრა (ამჯერად თსუ სტუდენტებთან გაკეთებული განცხადება):

 „რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არის. არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განიხილავენ საკუთარ მომავალს მხოლოდ ერთი – ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის – ეკონომიკური, სამხრეთითაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ „აბრეშუმის გზაზე“, სატრანზიტო დერეფანზე, რომლის ნაწილად ყოფნის სურვილი, ვფიქრობ, ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმში თუ გუდაუთაში ცხოვრობენ. ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მაშინ, როდესაც ოცი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი  დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი  თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები, მაგრამ გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით’’.

  რეალურად, ნორლანდი მიუთითებს ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას თავის სახელმწიფოებრივ ერთიანობაზე, რადიკალურ დათმობაზე წავიდეს აფხაზებთან და ოსებთან ერთი მიზნით - რათა ეს ხალხები ჩამოშორდნენ რუსეთს. ბუნებრივია, ნორლანდი არაფრად აგდებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს, რომელიც რუსეთთან სრულმასშტაბიან დარეგულირებას გულისხმობს. პირიქით, ამ მხრივ ელჩის სიტყვებში შეფარული მუქარა იკითხება: საქართველომ წარმატებულად უნდა „მართოს“ რუსეთთან ურთიერთობები, რაც აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტის თავიდან არიდებას გულისხმობს. კეთილი და პატიოსანი, ელჩი მართალია იმაში, რომ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტები უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ფაქტობრივად ელჩი ამის გაკეთებას რუსეთთან დაახლოებაზე უარის თქმის ფასად გვთხოვს! კარგად დავაკვირდეთ ზემოთ მოყვანილ ციტატს და იქნებ ყველამ დავინახოთ ქვეტექსტი: თუ საქართველო „არასწორად მართავს“ ურთიერთობებს რუსეთთან, მაშინ „სწორ“ ნაბიჯს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებით აშშ გადადგამს!  რა შეიძლება იყოს რუსეთთან „არასწორი“ ნაბიჯი, ამერიკელი დიპლომატის აზრით? - რა თქმა უნდა, რუსეთთან საქართველოს დაახლოება, მაგალითად, საბაჟო კავშირში შესვლა. გამორიცხული არ არის, რომ ამ შემთხვევაში ამერიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რითაც თავდაყირა დააყენებს სიტუაციას კავკასიაში და რუსეთ-საქართველოს დაახლოების შედეგების გადაფარვას შეეცდება.

  აშკარაა, რომ მოცემულ ეტაპზე, პატივცემული ელჩი და მისი ადმინისტრაცია ფრიად შეშფოთებულია საქართველო-რუსეთის დაახლოებით, მათ შორის, აფხაზეთზე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პერსპექტივით. უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკელი დიპლომატი საკითხის ღრმა ცოდნითა გამოირჩევა, მისი სიტყვები კი ზედმიწევნით გათვლილია როგორც ქართველების კიდევ ერთხელ გაბრუებაზე, ისე აფხაზების და ოსების გულის მოგებაზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"