ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
29.10.2013
გამარჯვება პიარ-ლოგიკის საწინააღმდეგოდ

  ივანიშვილი-მარგველაშვილის ტანდემმა საბოლოო ჯამში არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ხალხმა თავისი იმედები სწორედ ტანდემს დაუკავშირა. მაგრამ ეს გამარჯვება მაინც არ ყოფილა იოლი, ამის მიზეზს კი, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოვლენილ ერთგვარ უხერხემლობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ზოგიერთი მოქმედება და განცხადება წარმოადგენდა. კერძოდ, მისი შეხვედრები ე. წ. ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან მეტად მწვავე ხასიათს ატარებდა და პრემიერ-მინისტრი თავისი სტუმრების მისამართით მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდა. მაგრამ „პიარის“ ერთ-ერთი უმთავრესი კანონი ასეთია: არ შეიძლება ჟურნალისტების გალანძღვა, აუცილებელია მათი მომხრობა შენს მხარეს; ასევე უნდა მოიმხრო კომენტატორები, რომლებიც მასმედიაში ხშირად ჩანან. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს სპეციალურად მოახდიანა ამ წესის იგნორირება და ყველაფერი ზუსტად ამის საპირისპიროდ გააკეთა. გაბოროტებული ჟურნალისტები და ე. წ. ექსპერტები ამ შეხვედრების შემდეგ პრემიერ-მინისტრს მისდგნენ, რომელიც, სააკაშვილისგან განსხვავებით, მათ მიმართ უაღრესად გულახდილი იყო (თუნდაც იმავდროულად მკაცრიც). ივანიშვილი მათი თავდასხმების ობიექტი გახდა, მას „არაადეკვატურიც“ კი უწოდეს. ამასთან, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ივანიშვილმა უარი თქვა საკუთარ სატელევიზიო არხზე და მისი მაუწყებლობა დააკონსერვა, ნაცვლად იმისა, რომ იქ თავი მოეყარა თავისი მხარდამჭერი ჟურნალისტებისათვის.

    შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ამან ივანიშვილსა და მის მიერ მხარდაჭერილ მარგველაშვილს პრობლემები უნდა შეუქმნას. მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ - ხალხი გაჰყვა პრემიერ-მინისტრსა და მის კანდიდატს. დაე თავიდან გადაწერონ „ნაციონალების“ დასავლელმა მფარველებმა თავიანთი სახელმძღვანელოები და ინსტრუქციები, ივანიშვილმა მათ განსჯისათვის კიდევ ერთი გამოცანა მისცა. პრემიერ-მინისტრმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც ცოტა ზედმეტად იმპულსურია, მშვენივრად იგრძნო ხალხის „გადანაყრება“ ჟურნალისტების გარკვეული კატეგორიის დილეტანტური გამოხდომებითა და ფსევდო-ექსპერტების გონებრივი ჭინთვებით, და მათ შესაბამისად მოექცა. ხალხი თავიდან თითქოს დაიბნა, მაგრამ სინამდვილეში მას ეს მოეწონა. ივანიშვილმა თავი აჩვენა, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, რომელსაც ძალუძს, ყველას წინააღმდეგ წავიდეს, როდესაც თავის სიმართლეში დარწმუნებულია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა თავს უფლება მისცა, პოლემიკაში შესულიყო მთელ ქართულ საზოგადოებასთან, მისთვის პირობები წაეყენებინა - ისევ ამ საზოგადოების საკეთილდღეოდ. და იგი გაგებულ იქნა, და მან გაიმარჯვა!

   ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა სიმამაცემ შემდეგი მომენტები ცხადჰყო:

  1. პირდაპირი კომუნიკაცია ლიდერსა და ხალხს შორის შესაძლებელია თუნდაც 21-ე, „საინფორმაციო“ საუკუნეში;
  2. ლიდერს ასევე შეუძლია ჟურნალისტებისა და სატელევიზიო ექსპერტების რეიტინგზე ზეგავლენის მოხდენა, და არა მხოლოდ პირიქით.

  ეს უკვე ცოტა არ არის. მივულოცოთ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს, და ვუსურვოთ მათ წარმატებები საქართველოს სახელით!

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"