ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
28.09.2013
ქართული ღვინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და მთავრობის უმოქმედობა

 სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, მიუხედავად დიდი შეფერხებისა, თანდათან მაინც ვითარდება. კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებლები არსებობს ტურიზმის სფეროში - ზაფხულში აჭარის კურორტები და თავად საქართველოს დედაქალაქი რუსეთიდან ჩამაოსული ტურისტებით იყო სავსე. ჩვეულებრივი რუსი ადამიანები სიამოვნებით ეცნობოდნენ ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია, ამასთან მოიხმარდნენ ადგილობრივ კერძებსა და ღვინოებს. სასტუმრო-რესტორნების ქართველი მფლობელების გამოხმაურებების თანახმად, უცხოელ ტურისტთაგან არც ერთი მათგანი იმ ხალისითა და ისე ხელგაშლით არ ხარჯავს ფულს, როგორც რუსი ტურისტი. მალე გამოქვეყნდება კონკრეტული სტატისტიკა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მოსაზრებას.

  მაგრამ რუსეთში ქართული ექსპორტის შეწყვეტის მომენტიდან მოყოლებული, ჩვენი პროდუქციის ნიშა რუსულ ბაზარზე სხვა მწარმოებლებმა დაიკავეს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ქართული საქონლის, განსაკუთრებით კი, ღვინოების წარმატებულ დაბრუნებაში აღნიშნულ ბაზარზე. მაგრამ მათ გარდა კიდევ არსებობენ რუსულ-ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენის არაკეთილმოსურნეები. მათ დარტყმა რუსეთში ქართული ღვინის რენომეზე მიიტანეს. ამ მიზანს, მაგალითად, ემსახურება ვინმე „ბლოგერის“ - სოლომატინის სტატია, რომელიც ავტორიტეტულ რუსულ ინტერნეტ-გაზეთში «ვზგლიად» გამოქვეყნდა. აღნიშნულ სტატიაში ავტორი, აშკარად „ლიბერასტური“ იდეოლოგიის წარმომადგენელი, რომელსაც მოსწონს ყველაფერი დასავლური და არ მოსწონს ყოველივე არა-დასავლური, ცდილობს, „თვალები აუხილოს“ რუს ადამიანს, რომელმაც დიდი ხანია, შეიყვარა ქართული ღვინოცა და თითქმის ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდება, თითქოს საქართველოში სინამდვილეში არ იციან ღვინის წარმოება, ხოლო რუსული ბაზრის გავსება უვარგისი ღვინოებით, წარწერით „დამზადებულია საქართველოში“, შემთხვევითობა კი არ არის, არამედ კანონზომიერებაა. დიახ, „ბლოგერი“ უმიზნებს სწორედ ქართულ ღვინოს, როგორც ასეთს, და არა ფალსიფიცირებული პროდუქციის პრობლემას. გარდა ამისა, სტატიის ავტორი ცდილობს, დაამსხვრიოს მითი საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელშიც შეყვარებული იყო მრავალი გამოჩენილი რუსი მოღვაწე, რუსული ლიტერატურის კლასიკოსები. უფრო დაწვრილებით მკითხველს თავად შეუძლია ამ სოლომატინის ბოდვითი აზრების გაცნობა, რაც, საუბედუროდ, ავტორიტეტული გამოცემის მიერ იქნა გავრცელებული, რომელსაც მრავალი გადახდისუნარიანი რუსი მოქალაქე ეცნობა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ქართული ღვინის მიმართ სტატიის ავტორის პრეტენზიების უსუსურობისა, საქმეში ჩაუხედავ მკითხველს შეუძლია, დაიჯეროს მათი სამართლიანობა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ვზგლიადის“ საიტზე ნეგატიური სტატია მეტად ცუდი ანტირეკლამაა საქართველოსთვის, როგორც ღვინის მრავალი შესანიშნავი სორტის სამშობლოსი, და, შესაბამისად, როგორც ტურისტული ქვეყნისა (იმდენად, რამდენადაც რუს ტურისტებს ჩვენ, პირველ ყოვლისა, ჩვენი გასტრონომიით ვიზიდავთ). ის, რომ ეს ასეა, მკითხველი დარწმუნდება სოლომატინის სტატიის ქვემოთ დატოვებული კომენტარების რაოდენობიდან გამომდინარე. ამდენ კომენტარს მძაფრ პოლიტიკურ თემებზეც არ აკეთებენ ხოლმე.

  ამ დროს კი გაუგებარია, თუ რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელმძღვანელობა. ერთი მხრივ, მთავრობა აქცენტს აკეთებს მეზობელ სახელმწიფოსთან სავაჭრო და ტურისტული კავშირების გამყარებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მთავრობა აშკარად ჩამორჩა ცხოვრებას და არ ესმის, რომ ასეთი საქმეები 21-ე საუკუნეში არ კეთდება საინფორმაციო-პროპაგანდისტური მხარდაჭერის გარეშე. სხვა სიტყვებით, საქართველოს სჭირდება რეკლამა რუსეთში - გაცილებით ნაკლები მოცულობით, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ მაინც სჭირდება. ცხრაწლიანმა გამყინვარებამ უკვალოდ როდი ჩაიარა. სააკაშვილი და მიში ბანდა შეგნებულად და ბოროტი განზრახვით აფუჭებდნენ საქართველოს ხატს რუსების თვალში (ისევე, როგორც რუსეთის ხატს ქართველების თვალში), ქართული პროდუქციის იმიჯის ჩათვლით. საქართველო უნდა ჩამოშორებოდა რუსეთს და მთლიანად სხვა ქვეყნებზე აეღო ორიენტაცია, გამხდარიყო „ახალი სინგაპური“ და ასე შემდეგ. ამისდა მიუხედავად, საქართველო რუსეთში ახსოვთ, და საქართველოსკენ ლტოლვა რუსეთში ძლიერია, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს ე. წ. „ვარდების რევოლუციამდე“ იყო. და, როგორც ვხედავთ, საქართველომ რუსეთში ახალი მტრები შეიძინა, რომლებთანაც ბრძოლაა საჭირო. ეს არც ისე რთულია, თუკი გამოვლენილ იქნება საამისო პოლიტიკური ნება და მთავრობა დაკავდება აღნიშნული პრობლემით. ამის გარეშე ვერ მიიღწევა მოსალოდნელი ეფექტი და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში განხორციელებული პოზიტიური წინსვლა ნახევარ გზაზე გაჩერდება.

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"