ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
03.08.2013
სააკაშვილის მიერ აშშ-ს დასმენა

სააკაშვილის ნათქვამმა, 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გახარებულმა პოლიტიკოსობამ, მათი ჯიბის ექსპერტობამ და შესაბამისმა მედიამ ლამის „დავლური“ დაუარა. „ხომ ვამბობდით, ეს კაცი თქვენი მოღალატეა, ბოლოს და ბოლოს ვეღარ უნდა დარწმუნდეთ მის ორპირობაშიო“.

ადრესატი მიმართვისა აშშ-ს ადმინისტრაცია იყო.  ქუჩის ოპოზიციის წარმომადგენლები, აქაოდა შანსი გაჩნდა ამერიკულ უკანალში თავის შეყოფის, ცხადია პატივცემული მიხეილის იქედან გამოდევნის შემდეგ, ისეთ ვიშვიშს მოჰყვნენ,  თეთრ სახლელ ობამას რომ ცრემლებს აღვრევინებდა. „ნწუ, ნწუ, ნწუ - ეს რა თქვა შლეგმა მიხეილმა. როგორ გაუბედა ამ გუგულივით პატიოსან ამერიკას დარბევის გეგმაში მონაწილეობის მიღებაო. ტყუილია ეს და გამიზნული ავანტიურა, ჩვენი საყვარელი მეგობრის, ძმადნაფიცის, სტრატეგიული პარტნიორის წმიდა სახელის გასაშავებლად, საქართველო-ამერიკის ერთმანეთზე გადასაკიდებლადო“, - ბრძანა გია კობახიძემ.

როგორ შეიძლება მეგობარი ამერიკის აუგად მოხსენიებაო - ისმოდა სხვათა ხმებიც. შეპარული ოცნებით სააკაშვილის ამერიკელთა მიერ დასასჯელად. როდესაც შენ ვერაფერს უხერხებ, იქნებ სხვამ (ამერიკამ) მოუხერხოს, - ამ გულისნადებით ღაღადებდნენ ყველანი, ვისაც გზა აქვს გახსნილი მედიისკენ.

არადა, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი, რაც აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა, ბასმა ბრძანა. მომიტინგეთა დაშლის წინ ისეთი რამ თქვა, დაშლა რომ არ ნდობოდა კაცს, ისიც ისე მოიქცეოდა, როგორც მიშა. დაშლის შემდეგაც, მიუხედავად პოლიციის მიერ ჩადენილი სისასტიკისა, ბასის „შემაჯამებელი“ განცხადება იყო - ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი.

ბასი აშშ-ს წარმომადგენელი იყო - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. განა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ხანგრძლივი, მონური, თვალში ციცინის პოლიტიკა შევცვალოთ? ნუთუ დაუჯერებელია ის ამბავი, რომ კარგა ხანია აშშ-ი ხან შევარდნაძის, მეტადრე სააკაშვილის ხელით აკეთებდა იმას, რასაც ანტიეროვნული პოლიტიკა ჰქვია. ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც მსგავს ქმედებას სჩადის იქ, სადაც გასდის.

საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ამერიკას გასდის და მომავალშიც გაუვა ე.წ. პოლიტიკოსების და ამერიკაზე „ავანსად“ შეყვარებული საზოგადოების გამო.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი


ქაჯები კვლავ მოდიან?

 

„საქართველოს რესპუბლიკის“ გასული პარასკევის ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჭუმბურიძის წერილი - „ურჩობა სამშობლოსთვის ანუ როგორი პრეზიდენტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი“, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ზერელე მიდგომაში საქვეყნო საქმეებისადმი, ღრმად რომ არის გამჯდარი ნებისმიერ ჩვენგანში, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიცაა პოლიტიკოსის შეფასება.

სამწუხაროდ, დღესაც კი, მიუხედავად ე.წ. დამოუკიდებლობის 23-წლიანი ისტორიისა, სახელმწიფო მოხელეთა შეფასება ხდება ზერელედ, არა ცოდნისა და პროფესიონალიზმის კუთხით, არამედ გარეგნული იერ-სახით, ნათესაურ-მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, წარმოშობის გათვალისწინებით.

ცხადია, ფასადს და წარმომავლობას პოლიტიკოსისთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მეორეხარისხოვანი. მთავარია პოლიტიკოსის პოლიტიკური ალღო, განსწავლულობა, სიდარბაისლე, აღზრდილობა, გამოცდილება და სხვა მრავალი, რომელიც ზედმიწევნით კარგად არის ჩამოყალიბებული მანუს კანონებში - დიპლომატიისთვის გამწესებული პიროვნებისთვის.

ბატონი იოსებ ჭუმბურიძის გულდასაწყვეტად მინდა ვთქვა, რომ მისი „ჯილა“ არათუ ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, არამედ ისეა დაშორებული მისგან, როგორც ცა და დედამიწა. „სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და კონტაქტები დიდად წაადგებოდა . . . და ა.შ. და ა.შ.“, - წერს ბატონი იოსები - ცხადია ფასადიდან გამომდინარე და არა ინტერიერიდან.

რაც შეეხება ინტერიერს - გადაავლეთ თვალი მის დიპლომატიურ კარიერას და დაინახავთ, რომ დიპლომატიის ის წლები, რომელიც მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში გაატარა, დიდი ვერაფერი წინსვლით იყო გამორჩეული - მესამე  მდივანი აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანა ჩადში, საფრანგეთის საელჩოში და პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების სექტორში.

და ალბათ ასე დაამთავრებდა თავის დიპლომატიურ მოღვაწეობას, რომ არა ფორტუნა და საფრანგეთის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები, ცხადია ნაცნობ-მეგობრების გამოჩენით. ვინაიდან „ჩაწყობა“ ყველგან მოდის, მათ შორის საფრანგეთშიც. ქალბატონმა სალომემ, მეორე სუნთქვით, დაიწყო მოღვაწეობა - დაანიშნინა რა თავი საფრანგეთის ელჩად საქართველოში.

„დაანიშნინას“ იმიტომ ვამბობ, რომ დაბალი დიპლომატიური რანგიდან ელჩობა, ერთობ ძნელი საქმეა, მაგრამ მან ეს მოახერხა წარმომავლობიდან (ქართველობიდან) გამომდინარე. ასე და ამრიგად, ირიბად, საქართველოს გამოყენებით, დაიწყო ქალბატონი ზურაბიშვილის ნამდვილი დიპლომატიური მოღვაწეობა.

ცოტა ხანს დაჰყო სალომემ საქართველოში საფრანგეთის ელჩად და ეს თანამდებობა პირველსავე შეთავაზებაზე მინისტრობაში გაცვალა. სალომეს „აღმომჩენი“ სააკაშვილი იყო, რომელსაც გაპრეზიდენტებამდე ჰქონდა მასთან ურთიერთობა.

სალომე და მისი მეუღლე, ჯანრი კაშია, 1995 წლიდან მოყოლებული, ძალას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ სალომე საქართველოს საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილედ მაინც დაენიშნათ. ამ თხოვნით მათ პარიზში, ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძესაც მიმართეს, რომელმაც განუმარტა, რომ საფრანგეთის მოქალაქისთვის მსგავსი თანამდებობის მიღება შეუძლებელი იყო.

პასუხმა გაანაწყენინა ზურაბიშვილი, რაც მოგვიანებით, მინისტრობის პირველსავე დღეებში გამოჩნდა, ჩიკვაიძის სავალალოდ. გამინისტრებულმა ქალბატონმა ერთის ხელის მოსმით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გაათავისუფლა საზღვარგარეთის ქვეყნებში მომუშავე საქართველოს ელჩები, მათ შორის ჩიკვაიძეც. გათავისუფლებულებმა არც კი იცოდნენ, რომ გათავისუფლებული იყვნენ, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ დელიკატურად არ განუცხადა, მათ ამის შესახებ.

ახალმა მინისტრმა არ ინება არც ერთ გათავისუფლებულ ელჩთან შეხვედრა. უფრო მეტიც, სამინისტროშიც არ შეუშვა, რაც თავისთავად მიანიშნებს მის თავხედობაზე.

ზურაბიშვილი უფრო შორს წავიდა - ელჩ არსენიშვილის თავიდან მოშორებისთვის გააუქმა საქართველოს საელჩო ავსტრიაში. საელჩოს გაუქმება, მასპინძელ მხარესთან შეუთანხმებლად, დიპლომატიური ნონსენსია. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ავსტრიაში, რამეთუ მსგავსი დემარში იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ავსტრიას რომ საქართველოსთვის ომი გამოეცხადებინა.

ზურაბიშვილმა სამინისტროს კადრებიც „გაწმინდა“. ჩაანაცვლა რა ისინი თავისი და თავისი მეუღლის ახლობლებით, მეგობარ-ნათესავებით. ზურაბიშვილმა საფრანგეთში ელჩად განამწესა ვინმე ჯაფარიძე (ქალბატონი), რომელიც მანამდე საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მუშაკი იყო. მისი მთავარი „დიპლომატიური“ გამოცდილება - მეუღლის შვილის დაქალობა იყო.

ზურაბიშვილის მიერ დანიშნული ვიღაც ქალბატონი მიქაძე, დღესაც ელჩობს ახლო აღმოსავლეთში და როგორც ამერიკელი ანალიტიკოსი ჯატრასი წერს თავის წიგნში - შავბნელი საქმეებითაც არის დაკავებული, კერძოდ 2009-10 წლებში თბილისში გამართულ შეკრებას, რომელსაც ფუნდამენტალისტი ისლამისტები ესწრებოდნენ, მათ შორის „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლებიც, სწორედ ის უკეთებდა ორგანიზებას, ცხადია საქართველოს შსს-თან ერთად.

ზურაბიშვილის მსგავსი ამბიციური, ძალაუფლების უხეშად გამომყენებელი პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ვინაიდან მან არ იცის სუბორდინაცია, არ იცის მმართველობითი სისტემა, არ იცის დიპლომატია, რაც იცის უკმეხი ლაპარაკი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაა.

მინისტრად ყოფნის დროს, მან მთავრობის სხდომაზე, რომელსაც სააკაშვილი უძღვებოდა, შენიშვნა მისცა ჟვანიას - პრემიერ-მინისტრს, მისდა დაუკითხავად უცხოეთში, ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებისთვის. ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მარტო ჟვანია გამოიყვანა მოთმინებიდან, არამედ სააკაშვილიც. იმ სხდომაზე მიხვდნენ, რომ ზურაბიშვილის გამინისტრება სავალალო შეცდომა იყო.

საზოგადოებას არ დავიწყებია ზურაბიშვილის გაჯიქება და პარლამენტის გამოძახებაზე უარის თქმა. ამ ამბავმა დაპირისპირა პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე და მინისტრი ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილისთვის ჩვეულებად იქცა ვიზიტის წინ მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების იგნორირება.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც მადლიერია ზურაბიშვილის, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის გამო. არადა ეს საკითხი შევარდნაძის დროს, სტამბოლის კონფერენციაზე გადაწყდა. გარდა ამისა, ეს ის საკითხია, რომელიც მთავრობათა მეთაურების დონეზე წყდება და არა საგარეო მინისტრების. მინისტრი ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი პირია. გვინდა თუ არა მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჯარის გაყვანაში მთავარი, სააკაშვილი იყო და არა ზურაბიშვილი.

დიპლომატიაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა სააკაშვილიც კი აიძულეს გაენთავისუფლებინა ზურაბიშვილი, თანაც იმ დროს, როდესაც ის სალაღობო „ვიზიტით“ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. საკუთარ თავში დარწმუნებულმა ზურაბიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ტყუილია - არ დაუჯერა რა პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს, თან ისიც თქვა, რომ სააკაშვილს მისთვის არაფერი უთქვამს.

კარგა ხანს ელოდა ძალაუფლებას შეყვარებული, ნაცებთან ჩახუტებული ზურაბიშვილი სააკაშვილისგან შეთავაზებას და როდესაც ვერ მიიღო, იპოდრომს მიაშურა, ლოზუნგით - „ქაჯები კი არ მოდიან, არამედ მიდიან“ - არადა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მან დაამტკიცა, რომ ყველაზე დიდი ქაჯი თვითონ იყო.

მძიმედ იხსენებენ სამინისტროს იმჟამინდელი თანამშრომელები პერიოდს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებამ არ იცის. რაც იცის, ისაა, იოსებ ჭუმბურიძემ რომ დაწერა. ამჯერად საქართველო ზურაბიშვილის ორმაგმა მოქალაქეობამ გადაარჩინა, მაგრამ ხვალ - ვინ და რა გადაარჩენს?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი


ამ აზროვნებით აპირებთ ქვეყნის შენებას?!

 

„სამწუხარო“ ცნობის მოსმენა მოუწია ქართულ  საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. როგორც ცსკ-ომ გვაუწყა, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი მოქალაქეობის გამო.

არადა, ლამის საპრეზიდენტო სავარძლისთვის საჯდომდამიზნებული ქალბატონი სალომე, უხერხულ პოზაში აღმოჩნდა - სავარძელში ჩაშვებამდე ჰაერში გაყინული.

კონსტიტუცია კრძალავსო ასეთთა არჩევნებში მონაწილეობას - იყო განმარტება. ერთ თვეზე მეტია ზურაბიშვილი უცხოეთიდან გვეარშიყება და თუ მასთან ჩახუტება (როგორც პრეზიდენტთან) შეუძლებელი იყო, ვერ გვითხარით!

ჩანს ამ „უმნიშვნელო“ საკითხს არავინ მიაქცია ყურადღება, მათ შორის თვით ზურაბიშვილმაც, რომელსაც კონსტიტუცია სასთუმალთან უნდა ჰქონდეს. მაგრამ რომ ჰქონდეს, გაიგებს ფრანგული აზროვნების მატარებელი ქალბატონი „ჩახუჭუჭებულ“ ქართულ კონსტიტუციას?

როგორ შეიძლებაო! - ბრძანა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგანელიძემ. ასეთ ქალბატონს უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო! სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილისთვისო.

მართლაცდა „ჭეშმარიტი“ მამულიშვილის, პრეზიდენტის სავარძლის გარეშე დატოვება, „კოშმარია“!

ამ აზროვნებით აპირებთ ქვეყნის შენებას?!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი


„კონდიმ“ უნდა „გაგვანათლოს“?

 

როგორც იქნა, ჩიტმა სასიხარლო ამბავი მოგვიტანა, თანაც საიდან - არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-დან. ქართველ პარლამენტართა („ოცნება“) ვიზიტმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დიდი ნაყოფი დაისხა - კონდოლიზა რაისის სახით.  გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ გვამცნობს: „ქართული ოცნების მთავრობას თავისი დახმარება შესთავაზა კონდოლიზა რაისმა, რათა ახალი ხელისუფლება უკეთ გაერკვეს ვაშინგტონის კონიუნქტურაში“. „რაისი დაგვპირდა მხარდაჭერას და უკვე გვირჩია ზოგი რამ რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით, რაც რუსეთთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული“, - თქვა პარლამენტარმა თედო ჯაფარიძემ.

კეთილი და პატიოსანი, ამას რა სჯობს, მაგრამ რაისი რომ ცოტა სხვაგვარად გვახსენდება. და არა მარტო ის, არამედ მთელი რესპუბლიკური, ბუშის ადმინისტრაცია, რომელმაც, თავისი შორსმომავალი „რევოლუციური“ გეგმებით, ცეცხლი შეუნთო რუსეთს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და თავს მოგვახვია ქართველი ხალხის დამსჯელ-დამთრგუნელი საკაშვილის ნაცური ხელისუფლება?!

ბუშის ადმინისტრაციაში გამოკვეთილი ადგილი ეკავა ქალბატონ კონდოლიზას, რომელმაც როგორც ნაციონალები, ისე მაშინდელი ოპოზიცია, სიყვარულის თუ სიახლოვის გამოსახატავად „კონდის“ უწოდებდა.

ჩვენთვის საყვარელი „კონდი“, სწორედ ის პიროვნება იყო, სააკაშვილს რომ ყველა მოქმედებას „უპრავებდა“. „კონდი“ არ იყო, სააკაშვილი რომ „ვერ შეაჩერა“ ცხინვალის ომის წინ? ომის შემდეგ „კონდი“ იტყვის - მე ჩემი ვუთხარი, მაგრამ მან თავისი გააკეთაო. თითქოს „კონდი“ ამერიკის სახელმწიფო მდივანი კი არა, რომელიმე უსუსური ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყოფილიყო.

„რუსეთთან ურთიერთობის გარკვევაში თუ რაღაც მსგავსში დაგვეხმარებაო“, - ითქვა ჩვენი მხრიდან. და ამას ამბობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, 200 წელი ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც აშშ-ი არსებობის ასაკი მოითვლის, რუსეთთან კავშირში იყო. ქალბატონმა რაისმა რუსეთი წიგნებიდან ისწავლა, საქართველომ, 200-წლიანი პრაქტიკული ცხოვრებიდან და მიუხედავად ამისა, მან უნდა „გაგვანათლოს“ რუსეთთან ურთიერთობაში.

ცხადია, ისტორიული გამოცდილება სხვაა, თანამედროვე პოლიტიკა სხვა, მაგრამ სწორედ ამ თანამედროვე პოლიტიკაში ჩაისვარა ნეოკონსერვატულმა ბუშის ადმინისტრაციამ. მის მიერ შექმნილი ვითარება - უაღრესად მძიმე - ომებითა და ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისებით სახელგანთქმული, დღესაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არა მარტო აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს თავს.

დღევანდელი დემოკრატიული ხელისუფლების დამოკიდებულება ბუშის რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან საკმაოდ მძიმეა, რაც არაერთხელ ითქვა ობამას მიერ. ასეთ ვითარებაში საეჭვოდ მეჩვენება, რომ „კონდის“ რჩევები საქართველოსთან მიმართებაში ვინმემ გაიზიაროს თეთრ სახლში.

კონდოლიზა რაისი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს ცხვირში გვტენიდა, ბრაიზაც თავზე დაგვასვა და ისე გააჭენა, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.

მაინც რა მოხერხებული ხალხი ვართ, ეს ქართველები. თან გულმავიწყები, თორემ რაღა „კონდი“, აშშ-ი სავსეა „სეკენ ჰენდ“-ი პოლიტიკოსებით, რომლებიც ნამდვილად უარს არ იტყოდნენ ჩვენს „დასახმარებლად“.

ცნობისთვის - ცნობადი სახეების საქართველოში მოზიდვა არახალია. გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს, პოლონეთის „შოკური თერაპიის“ მამების მრჩევლობის პერიოდი. იყო ასეთი, თუმცა საქართველოს ეკონომიკური აღზევება არ უგრძვნია. ფული კი წავიდა - მრჩეველთა ჯიბეში. როგორც ჩანს, ან ჩვენ ვართ ძნელად სარჩევი ხალხი, რომ იტყვიან, ძნელად აღსაზრდელი, ან ისინი გვაკლებენ  სწავლა-განათლებას, თუმცა ვინ იცის, იქნებ „კონდის“ მეთოდმა გვიხსნას.

 

                                                             *   *   *   *   *

 

გასულ კვირას არცთუ უმნიშვნელო განცხადება გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ქართულ მედიასა და პოლიტიკოსებში ჯეროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. საქმე ეხება ყველასთვის კარგად ნაცნობი გენადი ონიშჩენკოს განცხადებას, უფრო სწორად ულტიმატუმს ამერიკელების მიერ თბილისში აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიის მიმართ - „ეს ლაბორატორია მთლიანად ამერიკას ემორჩილება, საქართველოს ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. იქ მიმდინარეობს ბიოლოგიური შტამების წარმოება, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს“.

მან მაგალითისთვის სამხრეთ რუსეთში ღორის ჭირის გავრცელება მოიყვანა და აღნიშნა: „მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „ამერიკული ლაბორატორია ხელს უშლის ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“.

მაშ ასე, სიმწრით გახსნილი რუსული ბაზარი შეიძლება დაიხუროს და თანაც სამარადისოდ, რამეთუ ამ საქმეს ამერიკული ლაბორატორიის დახურვაც კი არ შეაფერხებს, ვინაიდან დახურვის შემდეგ საკმაო დრო იქნება საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ანალიზის შესასწავლად. მაგრამ ვითომ მარტო ლაბორატორიის დახურვა იქნება საკმარისი? ან პენტაგონის მიერ მილიონობით დოლარით დაფინანსებული ლაბორატორია ასე, ერთის ხელის მოსმით, დაიხურება?

ალბათ არა. ესეც თქვენი სტრატეგიული პარტნიორობა ანუ სტრატეგიულად გამოყენება, სტრატეგიულად ხმარა. პენტაგონი, ლაბორატორიას საქართველოს მსგავს სუსტ, უპასუხისმგებლო ქვეყანაში თუ გახსნიდა.

სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი და ნაღმებით აღსავსე გადაწყვეტილება იყო - თანხმობა ამერიკული ლაბორატორიის გახსნაზე. საქართველოს მოსახლეობას არავინ უთხრა და არც არავინ ეტყვის - ქვეყანამ, რომელმაც 20 წლის განმავლობაში არც ერთი საწარმო არ გახსნა საქართველოში, რატომ მაინცდამაინც ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩაყარა მილიონები?

ბიოლოგიური იარაღი ერთ-ერთი იმ იარაღთაგანია, მასობრივი განადგურების საშუალებას რომ იძლევა, თანაც ნელა - სხვადასხვა სახის დაავადებათა გამოწვევით.

მკაცრი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რასაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფალთა რეაქციაც - ლაბორატორიის ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარების სახით, მანამდე ის დაზვერვის დეპარტამენტს ექვებდებარებოდა. მაგრამ ჭამს ამას რუსეთი?

ძნელად დასაჯერებელია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბაკიევმა, რუსეთის მხარის საამებლად, მანასის აეროპორტს, რომელიც აშშ-ს სამხედრო ტვირთებს ეზიდებოდა ავღანეთში, სახელი შეუცვალა -  სამხედროდან სამოქალაქოზე, თუმცა ამით აშშ-ს თავისი მოქმედება არ შეუჩერებია.

აშშ-ა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებით, საქართველო მონურ ქვეყნად აქცია. ეს ხელშეკრულება ბუშის ადმინისტრაციის არსებობის უკანასკნელ დღეებში გაფორმდა და მასში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი საყვარელი „კონდი“ ანუ კონდოლიზა რაისიც.

თუ საქართველოს ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება  და არ გადადგამს ერის გადარჩენისთვის შესაბამის ნაბიჯს, საქართველოში არაერთი ლაბორატორია ან სხვა სახის ობიექტი გაჩნდება ქვეყნისთვის სახიფათო, მეზობელი სახელმწიფოსთვის მიუღებელი და საშიში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?

 

 საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემა ერთ-ერთი მთავარი რომ იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში, გასაკვირი არ არის. საკითხს მოჭარბებულ იმპულსს აძლევს არჩევნებში ისეთი „რუსეთუმე“ პოლიტიკოსის მონაწილეობა, როგორიცაა ნინო ბურჯანაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები ამ პიროვნებას რახანია კრემლს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის, ისეთი, როგორსაც ნაცები ხატავენ ანუ რუსეთის თაყვანისმცემელი.

თანამედროვე საქართველოში ანტირუსული თემა მარტო ნაციონალებს არ ეკუთვნის, მას გაცილებით მეტი ასაკი აქვს და სათავეს იღებს გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლიდან. ანტირუსულ განწყობას ცეცხლი შეუნთო შევარდნაძემაც. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილს - ცეცხლი, ხანძრად აქცია, რომლის ჩაქრობას ამაოდ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი. მათი რაოდენობა ცოტაა და რაც მთავარია, გავლენა საზოგადოებაზე შეზღუდული.

მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკოსთა ამ ჯგუფს ბურჯანაძე? შეიძლება ითქვას „კიც“ და „არაც“. ის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდა პუტინს, ამაში გასაკვირი არაფერია. ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დგამდეს - ბევრისთვის მიუღებელ ნაბიჯს, რომელიც მომავალში ამ „ბევრს“ სიკეთეს მოუტანს. და არა მარტო მას, არამედ ქვეყანას.

ბურჯანაძის, პუტინთან „ხლება“ აიტაცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მედიამ - ატრიალა რა ის ისეთი ტემპით და ქილიკით, რომ უარესს ვერ ინატრებდა რუსეთთან ურთიერთობის მოწინააღმდეგენი. ნაციონალების და მათი ბელადი სააკაშვილისთვის ანტირუსული თემა სასიცოცხლოა, ვინაიდან ასეთი იყო აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის დავალება. ნეოკონსერვატორები, მსოფლიო ბატონობის მოტრფიალენი, რახანია გახელებულ კამპანიას ეწევიან ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც აშშ-ს შეეცილება პირველობაში.

ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, ასეა დღესაც, საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის პირობებში. ანტირუსულ კამპანიას არც ამერიკელი დემოკრატები აკლებენ ხელს, მაგრამ რესპუბლიკელები მაინც გამორჩეულები არიან. რა გაეწყობა, დიდი პოლიტიკა მოითხოვს ამას - საჯაროდ, ტელეკამერების წინ, მეტოქე ქვეყნების მეთაურების მტლაშა-მტლუშს, ტელეეკრანებს მიღმა - ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრას.

ჩემს მეხსიერებას, ალბათ თქვენსასაც, შემორჩა პუტინის ვიზიტი აშშ-ი და მაშინდელ პრეზიდენტ ბუშთან ერთად, ბუნების წიაღში, მდინარეში, თევზის ჭერა, მეგობრული საუბარი, გულითადი მასპინძლობა. საინტერესოა, რაზე საუბრობდნენ ისინი, რაზე შეთანხმდნენ ან ვერა? შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების ინიცირებამ დაგვანახა, რომ განსხვავება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე აზრთა თანხვედრა.

სააკაშვილი სწორედ ამერიკულ-რუსული აზრთა სხვაობის ნაყოფია - წითელი ნაჭერი, აფრიალებული არა ესპანური ხარის, არამედ რუსული დათვის წინ.

პირველ ქვეყანას, პირველობა სამარადისოდ სურს, რაც არ არის გასაკვირი. პირველობა - ყველაფერში პირველობას ნიშნავს - ეკონომიკაში, სამხედრო საქმეში, მეცნიერებაში, სხვაზე გავლენის მოპოვებაში. და რაც მთავარია, ნიშნავს - პირველობიდან გამომდინარე, დივიდენდებს, მოგებას და ა.შ.

მაგრამ პირველობა სხვასაც უნდა, მითუმეტეს თუ „სხვათა“ წიაღისეული რესურსი, მოსახლეობის რაოდენობა, განსწავლულობა, ტერიტორიის სიდიდე, ეკონომიკურ-სამხედრო პოტენციალი არ ჩამოუვარდება ან ცოტათი ჩამოუვარდება პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას.

თანამედროვე მსოფლიოში აშშ-ს მეტოქე ქვეყნების რიცხვი არცთუ მრავალრიცხოვანია და შემოიფარგლება ორით - რუსეთით და ჩინეთით. მეცნიერთა გამოთვლით, ოცი წელი დასჭირდება ჩინეთს, იმისთვის, რომ გაუსწროს აშშ-ს. ძნელი სათქმელია, შეძლებს რუსეთი ამას თუ არა, მაგრამ რასაც ის შეძლებს - ისაა, რომ ის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე იქნება - ჩინეთის, ამერიკის, ინდოეთის შემდეგ.

არცთუ სახარბიელო პერსპექტივის თავიდან ასაშორებლად, აშშ-ი სხვადასხვა ხერხს მიმართავდა და მიმართავს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სამხედრო შანტაჟს, სამხედრო-ეკონომიკურ რკალში მოქცევას, საშინაო ცხოვრებაში პირდაპირ თუ ირიბ ჩარევას, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ხელისუფლებისთვის წყალის შეყენებას და სხვა.

აშშ-ის, როგორც ყოფილი, ისე დღევანდელი ადმინისტრაციების მიზანი იყო და არის რუსეთის ხელისუფლების ყურადღების სხვა თემებზე გადატანა, და ამით მისი მთავარი საკითხიდან მოწყვეტა.

სააკაშვილი სწორედ ის გამოგონებაა, ვინც ნებით თუ უნებლიედ რუსული ისტაბლიშმენტის ყურადღებას იქცევს, ანდა როგორ არ მოიქცეს, როდესაც, ვაშინგტონის ოფიციოზით ზურგგამაგრებული, ომს დაიწყებს ცხინვალში?! ბუშის ადმინისტრაციამ კარგად იცოდა, ვინ გამოვიდოდა ცხინვალის ომში გამარჯვებული, მაგრამ „პიარულ“ ომში რომ საქართველოს გაამარჯვებინებდა - ესეც ხომ ნათელი იყო?!

სააკაშვილის ავანტიურამ ავნო რუსეთს - გამოიყვანა რა ის აგრესიული, ეშვებიანი დათვი. დღემდე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის „აგრესიაზე“. მართალია სააკაშვილმა ყველაზე მეტად საქართველოს ავნო, მაგრამ აფიქრებს ეს ამერიკას? სულაც არა. რომ აფიქრებდეს, უპირველესად პასუხს სააკაშვილს მოსთხოვდა. პირიქით, მან მილიარდნახევარი დოლარი მისცა ავანტიურისტ სააკაშვილს და სამი მილიარდი ევროკავშირს მიაცემინა.

სააკაშვილმა პირნათლად შეასრულა ვაშინგტონის დავალება და მომავალშიც შეასრულებს - მეორედ შემობრუნების დროს. ასეთი სააკაშვილი, რუსეთთან მეომარი, მისი ნერვების მომშლელი და სისხლის გამშრობი, მუდამ დაწიხლავს ყველა იმას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის შემობრუნებაზე იფიქრებს.

ისინი კი, ვინც ამაზე იფიქრებენ, დიდი სიფრთხილით მიუდგებიან საკითხს. თავიანთ გამოსვლებში ახსენებენ რუსეთის „ავაზაკობას“, მაგრამ იმასაც დაუმატებენ, რომ ასეთთანაც საჭიროა მოლაპარაკება, რამეთუ ჩვენი მეზობელია და გამოუვალ ვითარებაში ვართ, თორემ ჩვენი გზა, რომ ცხადზე-უცხადესია და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე გადის, ამას რა მტკიცება უნდაო. მათთვის რუსეთთან კავშირების დამყარება - იძულებითი პროცესია, დასავლეთთან, აშშ-თან კი ბუნებრივი, გულითადი, სასიამოვნო.

მათი საჯარო განცხადებიდან ჩანს - ქვეყანა დასავლეთისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ რუსეთთანაც უნდა ჰქონდეს კავშირები. არც ერთი მათგანი დასავლეთს კრიტიკულად არ მოიხსენიებს, რუსეთს - იცოცხლეთ. სწორედ ასეთთა შორისაა ბურჯანაძეც. მის მოქმედებას შეიძლება ვუწოდოთ ფრთხილი, რუსეთის დადებითად ხსენების თვალსაზრისით, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მომხრე.

არადა ამ გაურკვეველ-მერყევი პოზიციის გამო ის ბევრ ქულებს კარგავს. მისი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა, ყოველგვარი მიდებ-მოდების გარეშე, გარკვევით ეთქვა, რომ საქართველოს თუ რამე გადაარჩენს, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაა, რომ 20-წლიანმა უაზრო პოლიტიკურმა ხეტიალმა ამერიკა-ევროპის ლაბირინთებში, ცუდის მეტი არაფერი მოუტანა საქართველოს.

მარტო ტერიტორიების დაკარგვა რად ღირს!

ქართველი პოლიტიკოსების სავალალოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ვერ გრძნობენ მოსახლეობის მაჯისცემას, რომელმაც რახანია ნატოც დაიკიდა და ევროკავშირიც. და თუ ვინმეს რამის იმედი აქვს, ისევ „ავადსახსენებელი“ რუსეთის. ცხადია, მოსახლეობის ეს ნაწილი, გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკოს-პოლიტოლოგობა და ერთობ გადატყლარჭული, ოკეანედალეული, თითზე-ჩამოსათვლელი ახალგაზრდობა, მაგრამ მას ამ უკანასკნელის მსგავსად, ხელი არ მიუწვდება მედიაზე, რომ გულწრფელად გამოხატოს თავისი აზრი. ვისაც მიუწვდება, ის მუდამ რუსის გინებაშია და ამერიკის ქებაში. ის ყოველთვის ასე იქნება, რამეთუ ამერიკელის ძუძუს წოვს, დოლარის შემადგენლობით.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსი მაინც მხსნელად მიაჩნია და ყოველივე ეს ხდება თითქმის 23-წლიანი ანტირუსული პროპაგანდის პირობებში. მაინც რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე? ეს ცვლილება აკვირვებს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძესაც.

„დასავლური მითის ჩანაცვლება ხდება რუსული მითით, რაც საერთოდ საოცრებაა. როგორ მოხდა საბჭოთა ტყვეობის თავდახსნისგან, სულ რაღაც 20-23 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი ისევ რუსეთისკენ შეტრიალდა? გამაოგნებელი რამ არის, რომ რუსეთი კვლავ მორიგი მითი ხდება, რომლისკენაც პასუხისმგებლობას მიუჩვეველი ქართული საზოგადოება გადაიხარა“, - აცხადებს ის.

აღნიშნული სიტყვების ავტორს აშინებს ქართული საზოგადოების არჩევანი. ალბათ მისი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ერთი მიმართულებისკენ ემიზნა, მიუხედავად იმ სავალალო შედეგებისა, რაც ამ მზერას მოჰყვა.

ჩემის აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, საკუთარ თავზე დაყრდნობით, საკუთარი ცხოვრების შენება, რასაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს ზომის, კარგად ახერხებს. საკუთარ თავზე დაყრდნობა სულაც არ ნიშნავს, რომელიმე ქვეყანასთან კავშირის არ ქონას. პირიქით, გამოურჩევლად, ყველასთან ურთიერთობა არის წარმატების საწინდარი, თუმცა ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის საზიანო, რასაც ადგილი აქვს დღეს. საქართველოს ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა - აშკარა და მე ვიტყოდი ობიექტურ გაღიზიანებას იწვევს მოსკოვში.

დამოუკიდებელი პოლიტიკა თავისთავად გამორიცხავს რომელიმე მეზობელთან მტრობას - ის უფრო თანამშრომლობისკენაა მიმართული. მაგრამ ასეთი პოლიტიკის წარმოება გონებას, საღ აზრს, პროფესიონალიზმს და რაც მთავარია სახელმწიფო საქმის, საკუთარ საქმეზე მაღლა დაყენებას ეფუძნება. ასეთი პოლიტიკა ვერ იტანს ქარაფშუტობას, ვიღაცის გაფეტიშებას, ვიღაცის უკანალის ლოკვას და ვიღაცის მზაკვრული დავალების შესრულებას.

ქართული პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო საკუთარი თავისა და საზოგადოების ასე აღზრდა და არა გამორჩენაზე ფიქრი, გამორჩენისთვის ვიღაცისკენ ლტოლვა. ვიღაცასთან ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ფულის შოვნაზე გათვლილი. არ მოგვინდა რუსეთი, რომელსაც იმჟამად საკუთარი თავისთვის არაფერი ჰქონდა და ჩვენ რას მოგვცემდა. და მოგვინდა ამერიკა, თანაც ისე, მუქთად, ყოველგვარი საზღაურის გარეშე. მაშინ რატომღაც ვიფიქრეთ, რომ ამერიკული გრანტები, დიდი ისტორიის მატარებელი ქვეყნისთვის, უბრალო საჩუქარი უნდა ყოფილიყო. და ამას ვთხოვდით აშშ-ს, რომელიც სხვათა ისტორიას ზერელედ უყურებს.

საქართველომ ვერ გათვალა ის, რომ ამერიკის მიერ მოცემულ ფულს, სხვაგვარი დაბრუნება დასჭირდებოდა. და როდესაც „ვალის“ დაბრუნების ჟამი დადგა, შეფიქრიანებულმა და იმედგაცრუებულმა მზერა ისევ რუსეთს მიაპყრო. ხალხმა დაინახა, რომ ამერიკასთან 20-წლიანმა კავშირმა უფრო მეტი ნეგატიური შესძინა ქვეყანას, ვიდრე რუსეთთან 200-წლიანმა ურთიერთობამ.

200 წელი, 200 დღე არ არის. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთთან კავშირების პროცესში, ბევრი იყო ცუდიც და კარგიც. როგორც ჩანს, ის ცუდი ხალხმა დაივიწყა  და მხოლოდ კარგი გაიხსენა, რომელიც აჭარბებს ცუდს. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ის არა მარტო საქართველოსთვის იყო „მძიმე“ გამოცდა, არამედ თვით რუსეთისთვის, მაგრამ ეს პერიოდიც კარგად მოიხსენიება, რამეთუ გაუსაძლისი თანამედროვეობა იძლევა ამის საბაბს.

დაუნახაობა, ცუდი სენია. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სენი ჩვენც შეგვეყარა. ვლანძღავთ ყველას და ყველაფერს - საბჭოეთთან დაკავშირებულს. არადა იმ საბჭოურმა 70-წლეულმა ჩამოაყალიბა ერი, გააძლიერა მისი კულტურა, შექმნა ქართული მეცნიერება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქვეყანა სამაგალითოდ აქცია დიდ საბჭოურ ოჯახში და არა მარტო იქ. თვით რუსი ექსპერტობის გათვლით, რუსეთმა რომ საბჭოთა დონეს მიაღწიოს, 20 წელი დასჭირდება. საინტერესოა, ჩვენ რამდენი?

სწორედ ეს ახსოვს ხალხს და ამიტომაც იყურება ჩრდილოეთისკენ. მან ჩათვალა, რომ საქართველოსთვის „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“, ისე, როგორც შევარდნაძემ თავის დროზე. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებლურ რუსეთთან კავშირები უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთებით, ზღვებით და ოკეანებით დაშორებულ ამერიკასთან.

ამერიკა კარგია, მაგრამ საქართველოსთვის მიუღებელი, გამოუსადეგარი. ამერიკა ის არის, ვინც ქედმაღლურად დაგყურებს, დაგცინის, ჭკუას „გასწავლის“, გარჯულებს. ჰეგემონი ქვეყნის დამახასიათებელი თვისებებია, ყოველივე ეს. რუსი სხვაა. მისი მენტალიტეტი ახლოა შენთან. მისი პრობლემები ისეთივეა, როგორც შენი. საქმეში ისიც ისეთი ზერელეა ხშირად, როგორც შენ.

ქართველმა დაინახა, რომ გენიალური ჩარლი ჩაპლინის  ფილმი „ახალი დროება“ - სადაც გმირს დაზგასთან მუშაობისას პირში საჭმელს ტენის რობოტი, რათა მან შესვენების ნაცვლად უწყვეტად იმუშაოს, მისი არ არის, რომ ის რობოტად ვერ გადაიქცევა.

ამერიკამაც დაინახა, რომ საქართველო ძნელად აღსაზრდელი ქვეყანაა და სხვა ხერხს მიმართა - გაოფიციანტების, გამოსულელების, გამოთაყვანების და ა.შ. მაგრამ ქართველმაც დაინახა ამერიკელთა ზრახვები და თავი რუსეთისკენ შეაბრუნა, ჯერ-ჯერობით მთლად ვერა, მაგრამ დასაწყისი, ამის მაუწყებელია.

ხედავს ამას ქართველი პოლიტიკოს-პოლიტოლოგობა. რასაც  ისინი ხედავენ - რუსული ნეგატივია. თითო ოროლა თუ ხედავს დღეს შექმნილ რეალობას და მათ შორისაა ბურჯანაძეც, მაგრამ მარტო დანახვა, საქმეს ვერ უშველის - თქმა და მოქმედებაა საჭირო - შესაძლოა პოლიტიკური რისკიც, არ შეშინება იმისა, რომ ვიღაცა „რუსეთუმეობას“ დაგაბრალებს. და თუ დაგაბრალებს, რა არის ამაში მიუღებელი?! პროამერიკულობა უფრო მისაღებია, ვიდრე პრორუსულობა?

20-წლიანმა ცხოვრებამ - გაუსაძლისმა, დუხჭურმა ხომ დაგვანახა ამერიკასთან თანამშრომლობის სავალალო შედეგები. ქვეყანა, რომ ბიოლოგიურ ლაბორატორიას აგიშენებს დედაქალაქში - არაფერს ნიშნავს?!

რუსს, საქართველოსთან ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ჟამს, თავის თავისთვის უფლება არ მიუცია მსგავსი ეკადრებინა საქართველოსთვის. რაც მან თავს უფლება მისცა იყო „გოლოვინის“ და „პლეხანოვის“ პროსპექტები, სოლოლაკი, მთაწმინდის პარკი და საბაგირო გზა, ბოტანიკური ბაღები თბილისსა და ბათუმთან, სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საოპერო ხელოვნება, კონსერვატორია, ხელოვნებისა და კულტურის, კინემატოგრაფიის აღმავლობა, რუსთავის მეტალურგია და ქიმიური მრეწველობა, თბილისის მეტროპოლიტენი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

პოლიტიკოსმა, ყველაფერი შიშის გარეშე უნდა აუხსნას ხალხს და შეაგნებინოს, რომ დაუნახაობა, უმადურობა ცუდი სენია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

თურქეთის ორად გაყოფილი საზოგადოება

 

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული ძეგლები კვლავ საზოგადოების მოჭარბებული ყურადღების ცენტრშია. გამუდმებით ისმის პრეზიდენტის „მზრუნველი“ სიტყვა ძეგლთა რესტავრაციასთან დაკავშირებით.

არანაკლებ აქტიურია კულტურის სამინისტრო, რომელიც ოშხან-ოშკის „სიყვარულში“ პრეზიდენტს ეჯიბრება. საკმარისია პრეზიდენტმა თქვას - თურქეთის პრემიერს ველაპარაკე ქართველი სპეციალისტების ადგილზე მივლინებასთან დაკაშირებითო, რომ კულტურის სამინისტრომ უმალ არ უპასუხოს - სპეციალისტების მივლინების საკითხი რახანია თურქეთის მხარესთან შეთანხმებული გვქონდაო.

მედიაში არცთუ იშვიათად ჩნდება ცნობა, რომ თურქები რესტავრაციას ისე წარმართავენ, როგორც სურთ, რასაც უმალ მოსდევს დამწუხრებული საზოგადოების გოდება.

ძეგლთა რესტავრაციის თემა არახალია, მასთან ერთად არახალია თურქული მხარის მიერ შემოთავაზებული „ჩეინჯი“ - რესტავრაციას გავაკეთებთ, თქვენ ბათუმში მეჩეთი აგვაშენებინეთო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ივანიშვილმა, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დამთავრების შემდეგ, განაცხადა, რომ მზადაა მეჩეთის ასაშენებლად და ისიც დაამატა, რომ ქართველები ტოლერანტები არიანო.

მაინც რა ამოვიჩემეთ ეს ტოლერანტობა, განსაკუთრებით საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, ევროპის სხვა ქვეყნების ფონზე? თანამედროვე ევროპაში მეჩეთების რაოდენობა ისე სწრაფად იზრდება, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ.

ცხადია, ყველაფერი ისე არ არის, როგორსაც ინატრებდნენ - ხშირად აქვს ადგილი ინგლისელთა, ფრანგთა, სხვათა აღშფოთებას მუსლიმანთა საქციელის გამო. ჩვენთან რა, ადგილი არ აქვს? აქვს და როგორც ჩანს მეტსაც ექნება, როდესაც ჯიქურ მიაწვები მართლმადიდებლურ მოსახლეობას. ჩემის აზრით, გაცილებით ნორმალური ვითარება იქნებოდა, რომ არა მეზობელი თურქეთის თავდაჯერებული მოწოლა „აზიზიეს“ საკითხში.

მაგრამ მარტო საქართველოს აწვება ზომიერი მაჰმადიანური ხელისუფლება? იქნებ საკუთარ ხალხსაც, რაც სახალხო საპროტესტო აქციებით დასრულდა. თუმცა დასრულდა თუ არა, ჯერ-ჯერობით არავინ უწყისს. არც არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ხალხი - ერდოღანის ავტორიტარული ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

ერდოღანისა და მისი პარტიის დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ პირველი ანტისახელისუფლებო მასობრივი გამოსვლები - მოგერიებულია. ტაქსიმი ტახრირად ვერ გადაკეთდა, მაგრამ აშკარაა საზოგადოების დიდი ნაწილის ანტიერდოღანული განწყობა, რაც თავისთავად მეტყველებს მორიგი გამოსვლების გამართვის შესაძლებლობაზე.

არაბულმა გაზაფხულმა, განსაკუთრებით ეგვიპტურმა, კარდინალურად შეცვალა ახლო აღმოსავლური მენტალიტეტი, ჩვეულებრივად აქცია ქუჩის საპროტესტო მიტინგებით ხელისუფლების ცვლა. ამ განწყობამდე მისვლას ეგვიპტის საზოგადოებამ არაერთი წელი მოანდომა და ბოლოს, როგორც იქნა გაბედა - და დაამხო ჰოსნი მუბარაქი - ეგვიპტის გმირი, მფრინავი, სამხედრო მაღალჩინოსანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - გამალ აბდელ ნასერის, ანვარ სადათის შემდეგ. (ორივენი სამხედროები იყვნენ.)

მეოთხე პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სამოქალაქო პირი იყო და ყველა პირობა არსებობდა იმისთვის, რომ სამხედროთა ბატონობას წერტილი დასმოდა. მაგრამ ვერ შეძლო. სუსტი პრეზიდენტი გამოდგა, ის დამხობილია სამხედროთა მიერ და სამხედროთა ტყვეობაში იმყოფება.

არაბული რევოლუციების ჩაკეტვა ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - შეუძლებელია. 21-ე საუკუნის მოვლენა, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. არაბული მაგალითების მსოფლიოს სხვა რეგიონებში გადაღება დიდ პრობლებას არ წარმოადგენს. გლობალიზაცია, ინტერნეტი - აიოლებს ამ საქმეს. მაგალითად, ერდოღანის მიერ წარმოჩინებული წარმატებული თურქეთიც კმარა.

მაინც რა არ მოსწონდათ პროტესტანტ თურქებს? უპირველეს ყოვლისა უნდა ვაღიაროთ, რომ არიან ისეთებიც, ვისაც მოსწონს ხელისუფლება. პროცენტულად მათი რაოდენობა აჭარბებს პროტესტანტებისას. იძლევა თუ არა ორადგაყოფილი საზოგადოება ისეთი დაპირისპირების შესაძლებლობას, როგორსაც დღეს აქვს ადგილი ეგვიპტეში? სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სავარაუდოდ, რამეთუ ეგვიპტის „ძმებ მუსლიმანებსა“ და საერო საზოგადოებას შორის დაპირისპირება კარგა ხანია დაწყებულია. „ძმებმა მუსლიმანებმა“ ციხეებიც მოილიეს და იატაკქვეშ მოღვაწეობაც. სწორედ ისინი იდგნენ მეორე პრეზიდენტის ანვარ სადათის ლიკვიდაციის სათავეებთან.

რაც შეეხება თურქეთს, დაპირისპირება ზომიერ მაჰმადიანურ ხელისუფლებასა და საერო ცხოვრებით გაჯერებულ საზოგადოებას შორის, ქემალ ათათურქის შემდეგ, სერიოზულად არასდროს მდგარა. არასდროს მდგარა, ვიდრე სამხედროთა გავლენა თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე უაღრესად საგრძნობი იყო (ერდოღანის მმართველობამდე).

თანამედროვე თურქეთის მამად წოდებულმა ქემალ ათათურქმა - გაანადგურა მონარქია, ხალიფატი, შარიათის სამართალი, რელიგიური სკოლები (მედრესე). აკრძალა მრავალცოლიანობა, ქალები გაუთანაბრა მამაკაცებს. არაბული ანბანის ნაცვლად შემოიღო ლათინური, უქმე დღე - პარასკევიდან კვირას გადაიტანა. სიტყვა „თურქს“ დაცინვის ნაცვლად, დიდება შესძინა. „რა ბედნიერებაა იყო თურქი“ - თქვა მან.

ათათურქის მიზანი იყო თურქებს შეგნებულად ამოეშალათ ისლამური დოგმა - „ერთმორწმუნეობა ერზე მაღლა დგას“ და მათთვის სამშობლოს სიყვარულის უზენაესობა ჩაენერგა.

1932 წელს, ანკარაში გაიმართა ისტორიული კონგრესი, რომელსაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე უნდა დაედასტურებინა, რომ თურქები, ცივილიზაციის აკვნიდან, ცენტრალური აზიიდან გამოსული არიული თეთრი რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც შუა აზიის გვალვას გამოექცნენ და სხვადასხვა ტერიტორიებზე დასახლდნენ, მოიტანეს ცივილიზაციაც. ამგვარად გამოდიოდა, რომ ანატოლია ოდითგანვე თურქულ ტერიტორიას წარმოადგენდა.

მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა გვარების შემოღება, მანამდე თურქები, ზოგადად მუსლიმანების მსგავსად, გვარებს არ ატარებდნენ. მათ მხოლოდ დაბადებისას დარქმეული სახელი ჰქონდათ.

მუსტაფა ათათურქმა, დიქტატურის წყალობით, ერი მონობისგან იხსნა, ჰიტლერის დიქტატურამ კი - თავისუფალი ერი მონად აქცია. განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა მუსტაფა ქემალს სხვა დიქტატორის, სტალინის მიმართ. მას, ის მე-20-ე საუკუნის უდიდეს მოღვაწედ მიაჩნდა და უაღრესად დიდ პატივს სცემდა.

ზემოთჩამოთვლილი რეფორმები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ქემალ ათათურქმა გაატარა, რათა ისლამური ოსმალეთი საერო, თანამედროვე თურქეთად ექცია. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რაოდენ ძნელი იქნებოდა ტრადიციულ, მუსლიმანურ სახელმწიფოში მსგავსი, მიუღებელი „პერესტროიკა“. საზოგადოება სიხარულით არ შეხვედრია რეფორმებს. იყო დაპირისპირებაც. დაუმორჩილებელთა შერისხვაც, მოჭრილი თავებიც და ა.შ. მაგრამ იყო გამარჯვებული ქემალ ათათურქი, ახალი საერო თურქეთი და მისი გარანტი - არმია.

ასე იყო ერბაქანამდე, ისლამისტ პოლიტიკოსამდე და „კეთილდღეობის პარტიის“ შექმნამდე, რომელიც 1997 წელს, სამხედროთა ძალისხმევით იქნა აკრძალული. პარტიის აკრძალვას დიდი შედეგი არ მოუტანია, ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ფენებში არსებულმა რელიგიურმა დუღილმა სხვა სახე მიიღო. ამ მოძრაობას სათავეში ერდოღანი ჩაუდგა, რომელმაც 2001 წელს დააარსა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია - დღევანდელი მმართველი ძალა.

„მინარეთი, ჩვენი ხიშტია. გუმბათი, ჩვენი მუზარადი. მეჩეთი, ჩვენი ბარაკი. მლოცველები, ჩვენი ჯარისკაცები“, - განაცხადა ერდოღანმა, 1994 წელს. სტამბოლის მერმა 4 თვე ციხეში გაატარა, რეაქციული გამონათქვამისთვის. 2003 წელს კი მან და მისმა ისლამისტურმა პარტიამ წარმატებით გაიარეს არჩევნები და გაიმარჯვეს.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან ვერ გაბედა რეფორმების გატარება, ვინაიდან ის დაუპირისპირდებოდა ყოველივე იმას, რაც შექმნა მუსტაფა ქემალმა. დრო გახდა საჭირო მომხრეთა რიგების გასაფართოებლად, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ სწორედ ახალ ხელისუფლებას, ახალ აზროვნებას შეუძლია ეკონომიკურ-სოციალური პროგრესის მოტანა საზოგადოებისთვის.

და როდესაც მომწიფდა დრო, 2010 წელს, საყოველთაო რეფერენდუმიც ჩატარდა, რომელმაც კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.

შესწორების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს კი აღარ ირჩევდნენ, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლება ნიშნავდა მათ. გარდა ამისა დაფიქსირდა შარიათის შემობრუნებაც. ქალთა თავებზე გაჩნდა თავშალი. განსაკუთრებული ბრძოლა გამოცხადდა სამხედროთა წინააღმდეგ. 72 გენერალი დაჭერილი იქნა. არმია უთავოდ დარჩა. ერდოღანის, ათათურქამდე პერიოდისკენ შებრუნება არ იყო მარტო ერდოღანის კაპრიზი. მას მხარს მოსახლეობის 58%-ი უჭერდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, თურქეთმა საგრძნობლად წაიწია წინ. დღეს ის მეჩვიდმეტეა მსოფლიო ეკონომიკებს შორის. დიდი ძვრებია საგარეო პოლიტიკაშიც. თურქეთი გააქტიურდა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, რითაც ცდილობს პრიორიტეტული პოზიცია ჩამოართვას ირანს, როგორც არაბთა ინტერესების დამცველს.

თურქეთი დაუპირისპირდა სირიის ხელისუფლებასაც, ერთ დროს მეგობარს, რაც თავისთავად ართულებს ურთიერთობას სირიის მოკავშირე ირანთან.

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთს ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდა ისრაელთან, მაგრამ აშშ-ს ადმინისტრაციის, პირადად პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაჟინებული ძალისხმევით, წელს მოხდა ისრაელისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შერიგება.

საშინაო და საგარეო წარმატებები საერთაშორისო საზოგადოებას თურქეთის მიმართ ისეთ წარმოდგენას უქმნიდა, როგორც ლიდერის - ახლო აღმოსავლეთში. ყოველივე ამან დაარწმუნა ერდოღანი საკუთარი ისლამისტური კურსის სისწორეში, რომელიც ისლამის აღორძინების, ანტიქემალისტური მოძღვრების საწინააღმდეგო კურსია.

ისლამისკენ შებრუნება ნათელჰყოფს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ათათურქის მიერ თურქეთის გაევროპელების ხელოვნურობას. ათათურქი შეეცადა ტრადიციული მაჰმადიანური საზოგადოების ევროპად გადაკეთებას. ნაწილობრივ შესძლო კიდევაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაწილობრივ. საზოგადოება მაინც დარჩა აღმოსავლური, თავდადებული ისლამისა და მისი ფასეულობების მიმართ.

90 წლის შემდეგ თურქული საზოგადოების სულში შემონახულმა ტრადიციებმა გამოიღვიძეს. მას ერდოღანის აქტიურობამ შეუწყო ხელი. ქვეყანამ დაიწყო მივიწყებული, მაგრამ მშობლიური ჭეშმარიტების გზაზე სვლა, მსოფლიო ისლამის საზოგადოებაში დამკვიდრება. ერდოღანმა დაიწყო მუსლიმანური თურქეთის აღორძინება და რაც უფრო აქტიური ფრონტით შეუტია (ცხადია შენიღბულად) ქემალიზმს, მით უფრო მწვავე გახადა თანამედროვეების საწინააღმდეგო რეაქცია.

საზოგადოება ორად გაიყო - ისლამიზაციის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ქემალ ათათურქის მცდელობას უქმად არ ჩაუვლია. თურქეთი არც არაბული ქვეყნების მსგავსი სახელმწიფოა და არც ისეთი, სადაც ისლამი დომინირებს. თურქული საზოგადოება გაცილებით წინ წაწეულია და აფასებს დასავლურ ფასეულობებს. ცხადია, დასავლური ფასეულობების მიმდევარი, ქალაქის მოსახლეობა, რაოდენობით ჩამოუვარდება სოფლისას, მაგრამ დიდი სხვაობა მათ შორის არ არის. პირველი კატეგორია (ქალაქის) თვლის, რომ ერდოღანი გუშინდელი დღეა და ქვეყანას უკან მიაქანებს. ქვეყანას, რომელმაც რა ხანია საერო ცხოვრების წყალი დალია.

საერო თურქეთის  უმთავრესი გაგულისება გამოწვეულია შემდეგით: ისლამიზაციის საფრთხე, ათათურქის დანატოვარის უკუგდება, პრემიერის ავტორიტარული მმართველობის სტილი, მისი უზომო აქტიურობა (როგორც ჩანს, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო), თავდაჯერებულობა, ხალხის აზრის ფეხზე დაკიდება და სხვა.

საერო თურქეთის ქუჩაში გამოსვლას ხელი ჰკრა სტამბოლის გეზი პარკის რეკონსტრუქციის საკითხმა. ხელისუფლებას არც უცდია უძველესი პარკის შესახებ ხალხთან დალაპარაკება. შედეგი? შედეგი, ერდოღანისთვის იყო და როგორც ჩანს, იქნება სავალალო, ვინაიდან შეშინებულმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღო. მას ეშინოდა ხელისუფლების, სამხედროებთან კავშირში დადანაშაულების.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩნდნენ 90-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდები, ვინც კრიტიკულად აფასებს ისლამიზაციისკენ გადახრას, არ იზიარებს იმამ ფეთჰულახ გიულენის მოძღვრებას. ეს პიროვნება თურქეთში ყველაზე გავლენიანი ჯამაათის ლიდერია, თუმცა რახანია აშშ-ი ცხოვრობს.

გიულენი - ერთ დროს ერდოღანის მრჩეველიც იყო. რელიგიის გააქტიურებით ოსმალეთის დროინდელი გავლენის აღორძინება, იმჟამინდელ იმპერიაში შემავალ ქვეყნებზე, არის გიულენის მოძღვრების შემადგენელი ნაწილი.

რამდენად შეძლებს თანამედროვე თურქეთი ძველი ოსმალეთის გავლენის აღდგენას, ახლო მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ეკონომიკური გავლენის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროცესი დაწყებულია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

სააკაშვილის მორიგი დემაგოგია

 

 სინგაპურიდან დაბრუნებულმა სააკაშვილმა არა მარტო დარჩენილი კაჩინსკი მიიღო, არამედ, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომ იტყვიან, თავისი „სეფე“ სიტყვაც თქვა, ერთობ აგრესიული, დიპლომატიას მოკლებული, ისტორიული ფაქტების გამაყალბებელი, შეურაცხმყოფელი, როგორც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვის.

სააკაშვილი უდრეკია, როდესაც ლაპარაკია რუსეთზე, განსაკუთრებით მის პრეზიდენტ, პუტინზე. უდრეკია აქ, გულად ბაჭიასავით, მაგრამ ჩასვრილი, პირისპირ შეხვედრის, თვითმფრინავის ძრავის ხმის გაგონების დროს. თუმცა რას მოველით სააკაშვილისგან, სულიერად და მენტალურად დაავადებული ადამიანისგან?!

სააკაშვილის ავადმყოფობის ამბავი, რომელიც ისედაც ცნობილი იყო, გამოქვეყნდა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ სათაურით - „სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია“.

სააკაშვილი კი არ არის თავისი ფსიქიკის მძევალი, არამედ საქართველოა - ფსიქიურად დაავადებული პოლიტიკოსის მხარის დამჭერი, 9 წლის განმავლობაში მისი ავადმყოფური მმართველობის მაყურებელი და არათუ მაყურებელი, არამედ მსხვერპლი - პირდაპირი მნიშვნელობით.

არც ერთი ქვეყანის მეთაურს იმდენი არ უკადრებია საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, რაც სააკაშვილმა აკადრა. არც ერთი ქვეყნის მეთაურს ისე არ შეურაცხყვია სამშობლო (თუკი ის საქართველოს სამშობლოდ თვლის), როგორც სააკაშვილმა. არც ერთი ქვეყნის მეთაურს ისეთი ღრმა ჭრილობა არ მიუყენებია საკუთარი ქვეყნისთვის, როგორც სააკაშვილმა.

ათეული წლები დასჭირდება სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების გამოსწორებას და გამოსწორდება თუ არა ისიც სათუთია. სააკაშვილი თავს უფლებას აძლევს დღესაც შეურაცხყოს საქართველო, მისი გმირები, მისი ჰეროიკული წარსული.

ის, რომ სააკაშვილი ყბედობს, ყველა ჩვენგანის ბრალია. ის, რომ სააკაშვილი დღესაც სააკაშვილობს, ყველა ჩვენგანის ბრალია. ბრალია თუნდაც ის, რომ მას ეთერს უთმობენ, მათ შორის ვითომდა განსხვავებულად მოაზროვნე ტელეკომპანია „მაესტრო“, რადიო „მაესტრო“, რომ აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფ „რუსთავი-2“-ზე, სხვებზე. სწორედ ამგვარი მედიით იწამლება საზოგადოება, იწამლება მისი წარსული და მომავალი.

დღევანდელი ხელისუფლების გასაგონად - „ვინც მოკლა, იმან გადაათრიოსო“, მაგრამ ნაციონალები და სააკაშვილი, რომ ცოცხლებია და სხვის განადგურებას ლამობენ? მხოლოდ სუსტი ხელისუფლება აიტანს იმ შეურაცხყოფას, რასაც სააკაშვილ-ნაცები აყენებენ მას. „კოჰაბიტაცია“ არ ნიშნავს თავზე დასვრის ატანას. არც იმას ნიშნავს, გამუდმებით ვიღაცას თავი დაუხარო - კრიმინალს, დამნაშავეს და აძახებინო - უსპეტაკესი ვართ, რომის პაპზე უწმიდესნიო.

სამართლიანობის აღდგენა ოპერატიულ მოქმედებას საჭიროებს და არა თვეობით და წლობით გაჭიანურებას, დამნაშავე პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, პრემიერის ბაქრაძესთან ჭუკჭუკს, არამედ ყველა ნაცი-ბობოლის დასჯას, მათთვის პოლიტიკური ცხოვრების აკრძალვას, საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადებას. ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ხალხმა მხარი ივანიშვილს დაუჭირა და არა „კოჰაბიდაციად“ მონათლულ მაიმუნობას.

და კიდევ ერთი რამ - სამართლიანობის აღდგენის ტალღაზე მოსულ ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ დაუმთავრებელი ომის არენიდან გაქცევა არათუ ღალატია - დანაშაულია. და თუ მას პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ სიტყვის მასალად აქვს გამოყენებული, ისეთივე სადიზმია, როგორიც სააკაშვილის განცხადებები, მიმართული ქვეყნისა და მისი ხალხისკენ.

უცხოური პრესისთვის პერმანენტული განცხადება - მივდივარ, მივდივარო - რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, ივანიშვილსაც ის მოუნდა, რაც შევარდნაძეს 1993 წელს - მივდივარო, რომ უთხრა პარლამენტარებს, ხოლო უჩუმრად, თავის თანამებრძოლებს - ხალხი მოიყვანეთ „იმელის“ წინ, დააჩოქეთ თხოვნით - დარჩითო.

მაშინ ეს დავალება პირნათლად შეასრულა, „იმელის“ ფანჯრიდან გადმოკიდებულმა, სარიშვილმა, დღეს ვინ შეასრულებს? ხუხაშვილი ხომ არა?

ასე რომ, გთხოვთ შეეშვათ ფსევდოპატრიოტულ „გულაჩუყებას“ და შეასრულოთ ამომრჩევლის მოთხოვნა სააკაშვილის დასჯისა და მისი ნაცების გასამართლებისათვის. ძნელი საქმეაო, იტყვით, მითუმეტეს აშშ-ს აზრის გათვალისწინებით, მაგრამ იოლი ის არის, რასაც ხელისუფლება აკეთებს - უსუსურად, უგერგილოდ, ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად.

ასეთ ხელისუფლებას რას არ დასწამებ - პუტინ-ივანიშვილის საიდუმლო შეთანხმებას სააკაშვილის გასაქრობად, ვიღაც კრიმინალ გუნავას მიმართ ცილისწამებლურ მოქმედებას, სტალინის ძეგლის დადგმას და ა.შ.

რაც შეეხება სტალინის თემას. ეს ის საკითხია, რომელიც უწიგნური სააკაშვილისა და მითუმეტეს ბოკერიას გადასაწყვეტი არ არის. გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ორივენი აშშ-ს სპეცსამსახურების დავალების უყოყმანო შემსრულებლებია. მათთვის კი სტალინი რუსეთის სიმტკიცის სიმბოლოა. 1953 წელს გარდაცვლილი სტალინი, დღესაც, მოსვენებას არ აძლევს დასავლეთს, რუსეთის დაშლის უპირველეს მსურველს.

რუსული საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ებრძვის სტალინს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შარშანდელი საყოველთაო გამოკითხვის მიხედვით, მან პირველი ადგილი დაიკავა რუსეთში, თუმცა ოფიციალურად მესამე ადგილი არგუნეს.

სააკაშვილები და მისთანა დაავადებული ადამიანები, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკაში, თუმცა მათი ყოფნა რამდენიმე წლით შემოიფარგლება. ისტორიაში ისინი არ რჩებიან, ვინაიდან არც განათლება, არც პოლიტიკური „ბაგაჟი“, არც პატიოსნება ამის საშუალებას არ იძლევა.

ისტორიაში გენიოსები რჩებიან, რომელთა სახელებს სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკური „ტაქსების“ წკავწკავი რწყილის ნაკბენის მსგავსია. სტალინზე ლაპარაკი, იმჟამინდელი ეპოქის გაუთვალისწინებლად, არაკეთილსინდისერი საქმეა.

გასული საუკუნის 30-იან - 40-იან წლებში, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის ფონზე სტალინის საბჭოეთი გაცილებით დემოკრატიულია. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, არც ლონდონი და არც ვაშინგტონი მასთან სამოკავშირო ხელშეკრულებას არ შეკრავდა. რაც შეეხება პოლონეთს - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის მიხედვით, თეირანის კონფერენციაზე, სტალინმა თქვა: “პოლონელ ხალხს აქვს თავისი კულტურა, ენა, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს, მათი განადგურება შეუძლებელია“.

განუზომელია სტალინის როლი ფაშიზმის დამარცხებაში, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ იმჟამინდელ მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის გენერალ დე გოლს:

„უდიდესმა ძალისხმევამ, საერთო ბრძოლაში ფრონტსა და ზურგში, საბჭოთა კავშირის მილიონობით მამაკაცისა და ქალისა წარმოუდგენელმა მსხვერპლმა, რომელზედაც ისინი წავიდნენ, იმათმა გონიერებამ, ვინც ამ ხალხს წარმართავდა, მათ შორის ყველაზე გამოჩენილის მარშალ სტალინს, ისე ღრმად იმოქმედდა ჩვენს ხალხზე, რომ ზენიტში აიყვანა საუკუნოვანი სიმპათია ფრანგებისა, რუსი ხალხის მიმართ“.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"