ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
17.07.2013
აფხაზური „მადლობა“ თურქეთს

  მოსკოვში დსთ-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „კრიზისი ახლო და შუა აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიისა და კასპიის უსაფრთხოების პრობლემები“, ბევრი საინტერესო გამოსვლა იყო, რის შესახებაც „პოლიტფორუმმა“ უკვე აუწყა თავის მკითხველებს. მაგრამ დამატებით შეიძლება, გამოიყოს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც კონფერენციაზე ქართულ თემატიკასთან დაკავშირებით გამოიკვეთა. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები - პოლიტოლოგები გულბაათ რცხილაძე და ირაკლი უბილავა, აგრეთვე პროფ. ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც რუსეთის ქართული დიასპორების ნაწილს წარმოადგენს, თავიანთ გამოსვლებში მკაცრად მიჰყვებოდნენ კონფერენციის მოცემულ თემას.  მაგრამ აფხაზური და სამხრეთ-ოსური დელეგაციების ნაწილი თემის ფარგლებს შორს გასცდა და მათ თავიანთი გამოსვლები თითქმის მთლიანად საქართველოს მიუძღვნეს. აშკარაა, რომ კონფერენციაში მონაწილე აფხაზები და ოსები (გ.აბაევი - მოსკოვის ოსური დიასპორის საბჭოს თავმჯდომარე, ვ.გობოზოვი - სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის მინისტრი, რ.ხონელია - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კათედრის გამგე, ვ.ქეცბა - იურიდიულ მეცნ.კანდიდატი) გამოხატავენ დღევანდელ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში დომინანტურ განწყობებს. ხოლო ეს განწყობები ასეთია: „საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყველა უბედურებაშია დამნაშავე, საჭიროა დამოუკიდებლობისა და რუსეთთან კავშირების გამყარება, საქართველოსთან კი მანამდე არ შეიძლება საუბარი, სანამ იგი არ მოინანიებს და ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებს“. ქართული დელეგაციის პროტესტი გამოიწვია გ.აბაევის განცხადებამ, რომ ოსი ხალხის წინააღმდეგ აგრესია 2008 წელს განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ ქართველმა ხალხმა. ქართველმა მონაწილეებმა ამ მონაწილეს ღირსეული პასუხი გასცეს და მას თავის ადგილზე მიუთითეს, მაგრამ ამგვარი განწყობების არსებობაც უნდა იქნას გათვალისწინებული, ნაცვლად იმისა, რომ დავკავდეთ საკუთარი თავის მოტყუებით და მივიჩნიოთ, თითქოს აფხაზები და ოსები ლამის ოცნებობენ საქართველოსთან თანამშრომლობაზე, მაგრამ აი, რუსეთი უშლის მათ ხელს... ასეთი ნონსენსი, საქართველოს მთავრობის სამარცხვინოდ, ახლახანს გამოთქვა რეინტეგრაციის მინისტრმა პ. ზაქარეიშვილმა, ტელე-რადიო „ობიექტივის“ ეთერში გამოსვლისას.

  განსხვავებული, უფრო რაციონალისტური პოზიცია გამოხატა კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, აფხაზეთის წარმომადგენელმა, რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. მან მხარი დაუჭირა გულბაათ რცხილაძის მიერ გამოთქმულ იდეას რუსეთ-საქართველო-სომხეთის კომუნიკაციების აღდგენას აფხაზეთის გავლით, რადგან აფხაზეთი რუსეთის მოკავშირედ მოიაზრება, ხოლო რუსეთის ინტერესები კომუნიკაციების აღდგენას მოითხოვს. ს. შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი დასვამს რკინიგზის საკითხის გახსნის საკითხს, მას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს აფხაზეთიდან. ამგვარმა განცხადებამ სხვა აფხაზი მონაწილეების პროტესტი გამოიწვია, რომლებსაც არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტები არ გააჩნდათ, მათ მხოლოდ ემოციურად აღნიშნეს, რომ „აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი ამ პროექტების საწინააღმდეგოა“. ესეც მართალია - აფხაზეთში გაბატონებულია ქართველთფობია და რკინიგზის გახსნას აფხაზები აკავშირებენ რეგიონში საქართველოს პოზიციების გაძლიერებასთან. ეს კიდევ ერთი მომენტია, რომელიც საქართველოში ესმის პრემიერ-მინისტრს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არ ესმის მის მთავრობაში.

  სერგეი შამბას გამოსვლა იმით არის ნიშანდობლივი, რომ ქართველების და აფხაზების დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან საქართველოს დაახლოებაზე გადის. ამავდროულად შესამჩნევი იყო, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის მოწინააღმდეგეებს ყველაზე მეტად სწორედ რუსულ-ქართული დიალოგისა და დაახლოების ეშინიათ, ორ სახელმწიფოს შორის უკვე დაწყებული დიალოგი მათ მოუსვენრობასა და შეშფოთებას იწვევს, რაც ლოგიკურად ამყარებს ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკას, მიმართულს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ - საქართველო სწორ გზაზე დგას.

  ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა აფხაზმა პროფესორმა რაულ ხონელიამ. მან მიმართა თურქ მონაწილეებს, კავკასიის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ ჰასან ოგთაისა და პოლიტოლოგ აჰმედლი აჰმედ რზა ოღლის: „თურქეთმა, როგორც სახელმწიფომ, არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ ჩვენ ძალზე მადლიერნი ვართ, და მე აქ მინდა დიდი მადლობა გამოვხატო თურქეთის მიმართ, ოცწლიანი ღია კარის პოლიტიკის გამო!“ ამ ფონზე, კონფერენციის მეორე რაუნდის ბოლოს, გულბაათ რცხილაზემ რუს ორგანიზატორებსა და ექსპერტებს რიტორიკული შეკითხვა დაუსვა: „აი ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ მე მოვუწოდებ რუს სპეციალისტებს, დაკავდნენ იმის ანალიზით, თუ რა იქნება, თუკი ერთ მშვენიერ დღეს საქართველო მართლაც აღიარებს ამ დამოუკიდებლობას - ნუთუ ეს რუსეთის ინტერესებში იქნება?!“ როგორც უკვე აღინიშნა, შეკითხვა რიტორიკულად დაისვა, კონფერენციის რუსი მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია საპირისპირო გამოსვლებს, ყველანი ცოტა შეფიქრიანდნენ.

  მართლაც ბევრი საფიქრალია, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"