ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
08.07.2013
არარეალური დაპირებები გრძელდება?

მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც ყველაზე ცრუ დაპირების ავტორი პოლიტიკოსი. 2008 წლის ზამთარში, წითელ სვიტერში გამოწყობილმა მიშამ დევნილებს საზეიმოდ აუწყა, რომ მომავალ ზამთარს სოხუმში შეხვდებოდნენ. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში ქართული მოსახლეობა აფხაზეთში დარჩენილი ერთადერთი ანკლავიდანაც გამოყარეს.

 

სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები ასევე ხშირად სთავაზობდნენ აფხაზური და ოსური მხარის წარმომადგენლებს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. იმ დროს, როცა თბილისი გამალებული ყიდულობდა შეიარაღებას არმიისთვის და რუსეთს ემუქრებოდა, სოხუმი და ცხინვალი, რა თქმა უნდა, არანაირ მოლაპარაკებებზე არ წამოვიდოდნენ.

 

საქართველოს ხელისუფლებებმა (როგორც ძველმა, ასევე ახალმა) ვერა და ვერ გააცნობიერეს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რუსეთის თანხმობის გარეშე, პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, განწირულია კრახისთვის. ამ ორი სეპარატისტული წარმონაქმნის პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც, თავიანთი უსაფრთხოების და არსებობის ერთადერთ გარანტად ხედავს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას და ამ ქვეყნის მფარველობის ქვეშ ყოფნას.

 

რა თქმა უნდა, მოსკოვი ღიად არასოდეს იტყვის, რომ ის წინააღმდეგია ქართულ და აფხაზურ-ოსური მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის. უბრალოდ, თავად აფხაზები და ოსები არ წამოვლენ მოლაპარაკებებზე ქართულ მხარესთან, თუ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ისევ ცალმხრივად პროდასავლური დარჩა, როგორც ახლა არის.  

 

შესაბამისად, ბ-ნი ბიძინას განცხადება აფხაზების და ოსების საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებაზე, სააკაშვილისგან განსხვავებით, გულწრფელი, მაგრამ ისევე არარეალური დაპირებაა, როგორც მიშას წინასაარჩევნო ზღაპრები "ზამთრის თბილ სოხუმზე".

 

თუ არ დაიწყო დიალოგი რუსეთთან, არავითარი შანსი არ არსებობს, რომ სოხუმი და ცხინვალი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდებიან ქართულ მხარესთან, თანაც რუსეთის გარეშე. ამჟამინდელი ხელისუფლება კი ვერა და ვერ ახერხებს რუსეთთან დიალოგის დაწყებას სერიოზულ თემებზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი არიან იგივე ნაციონალები, ოღონდ რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების სახელით. ისევე როგორც ნაციონალები არ იყვნენ დაინტერესებული რუსეთთან დიალოგში, ასევე არ არიან დაინტერესებული ამაში უსუფაშვილ-ალასანია და სხვა მედასავლეთე ლიბერალები. როგორც ჩანს, პირადად ბიძინა ივანიშვილს ან არ გააჩნია პოზიცია ამ თემაზე, ან ისიც რესპუბლიკელების იდეებისკენ იხრება ამჟამად.

 

სამწუხაროდ, ნაციონალების და რესპუბლიკელების მიერ ჩანერგილი „ვირუსი“ წარმატებული აღმოჩნდა და თითქმის ყველა პარტია დაავირუსა. ერთ დროს ასლან აბაშიძის უახლოესი თანამებრძოლი გიორგი თარგამაძე დღეს ლამის ნუგზარ წიკლაურსა და შოთა მალაშხიასაც კი „ჯობნის“ ანტირუსული რიტორიკით. მას „ღირსეულ“ კონკურენციას უწევენ „ახალი მემარჯვენეები“, ბაჩუკი ქარდავები და სხვა მსგავსი პოლიტიკური პერსონაჟები. შალვა ნათელაშვილი, როგორც ყოველთვის, „არც მიწისაა, არც ცისა“ და თავის ჭიას ახარებს მხოლოდ. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ გამოიტანა სწორი დასკვნები უახლოესი წარსულის შეცდომებიდან და რუსეთთან დიალოგის დაწყების სურვილს და შესაძლებლობას მხოლოდ ის ამჟღავნებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჯერჯერობით არ ითვალისწინებს ნინო ბურჯანაძის რჩევებს, რომლებიც არა ჩასაფრებულის, არამედ კონსტრუქციული კრიტიკის პოზიციიდან არის გამოთქმული.

 

ბ-ნმა ბიძინამ უნდა გადაწყვიტოს, რესპუბლიკელების რჩევებს დაუგდოს ყური, თუ ბურჯანაძის. რესპუბლიკელების კურსი ეს არის რუსეთთან კონფრონტაციის გაგრძელების, ცალმხრივი „პრონატოური“ რიტორიკის კურსი, რაც ვერასოდეს ვერ მიიყვანს საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ თბილისმა არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა (სხვათა შორის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ნაწილი ამაზეც თანახმა არიან). ბურჯანაძის კურსი კი არის რუსეთთან სერიოზული დიალოგის დაწყების გზა, რაც ბევრად გააიოლებს მომავალში ურთიერთობებს აფხაზური და ოსური მხარის წარმომადგენლებთან და გაზრდის თბილისსა და სოხუმ-ცხინვალს შორის ნდობის ხარისხს.

 

გურამ შარია, პოლიტოლოგი

 

P.S. "პოლიტფორუმის" რედაქცია რუბრიკაში "ტრიბუნა" გამოქვეყნებული მასალების ავტორებს, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"