ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.06.2013
ირანის არჩევნები და დასავლეთის იმედები

2013 წლის 14 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად. არჩევნებში ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ჰასსან როუჰანიმ, რომელიც მუსლიმი სწავლულია (სასულიერო წოდებით ჰუჯატ-ულ-ისლამი), მაგრამ ასოცირდებოდა ე.წ. რეფორმისტების ბანაკთან.

 

ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, თუ ვის უწოდებენ თანამედროვე ირანში „რეფორმისტებს“.ეს ტერმინი გამოიყენებოდა ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამმად ჰათამის და მისი მომხრეების მიმართ. ჰათამი 1997 წელს გახდა ირანის პრეზიდენტი და დაიწყო გარკვეული რეფორმების განხორციელება, რაც გამოიხატებოდა პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ნაწილობრივ ლიბერალიზაციაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 80-იანი წლების ფონზე, როცა ირანს მართავდა ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათულლა რუჰოლლა ხომეინი. ამ დროს ირანი 8-წლიან ომს აწარმოებდა მეზობელ ერაყთან, რასაც ემატებოდა კონტრრევოლუციონერთა ტერორისტული ქმედებები,საბოტაჟი და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება. ამის გამო, სახელმწიფოს კურსი საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ბევრ საკითხში.

 

1989 წლიდან, როცა ხომეინი უკვე გარდაცვლილი იყო და პრეზიდენტად აიათულლა ალი აკბარ ჰაშემი-რაფსანჯანი აირჩიეს, ირანში დაიწყო მცირეოდენი ლიბერალიზაცია. ეს კურსი კიდევ უფრო გაღრმავდა მუჰამმად ჰათამის პრეზიდენტობის დროს, 1997-2005 წლებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რეფორმების გატარებისა, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართლებრივი და იდეოლოგიური საფუძვლები მთლიანობაში უცვლელი რჩებოდა. ქვეყნის სათავეში კვლავ რჩებოდა არა პრეზიდენტი, არამედ სულიერი ლიდერი („რაჰბარ“), დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-თან და ისრაელთან არ აღმდგარა, ირანი კვლავ აგრძელებდა კვლევებს და სამუშაოებს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში და ა.შ.

 

ამრიგად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ის, ვისაც ირანში „რეფორმისტის“ იარლიყს მიაწებებენ (ძირითადად, დასავლეთის მას-მედიის და პოლიტიკოსების ხელდასხმით), ისლამური რესპუბლიკის მტერია და დასავლური სისტემის აღდგენაში ხედავს ქვეყნის განვითარების გზას. რა თქმა უნდა, ირანის მოსახლეობაში ასეთი განწყობის მქონე ადამიანების ფენაც არის, მაგრამ ეს ფენა უმცირესობაშია.

 

რაც შეეხება „რეფორმატორებად“ წოდებული პოლიტიკოსების უმრავლესობას, ისინი რაჰბარის (აიათულლა ალი ხამენეის) და მისი კურსის პრინციპული მოწინააღმდგეები არ არიან, არამედ მხოლოდ ტაქტიკურ საკითხებში აქვთ განსხვავებული ხედვები სხვა ირანელ პოლიტიკოსებთან შედარებით, ე.წ. კონსერვატორების ბანაკიდან.

 

ეს ჩანს პრეზიდენტად არჩეული ჰასსან როუჰანის ბიოგრაფიიდანაც. იგი წლების მანძილზე, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, იყო ხომეინის ერთგული და აქტიური თანამებრძოლი, მონაწილეობდა ირან-ერაყის ომში, სადაც მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობები ეკავა, იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტების წევრი წლების განმავლობაში. 

 

დასავლეთში ახლა იხსენებენ იმ ფაქტს, რომ როუჰანი ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს 2003-2005 წლებში ირანის მხრიდან, ე.წ. ბირთვული დოსიეს გარშემო, და მაშინ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით შეეჩერებინა ირანის ბირთვული პროგრამა. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აწ უკვე პრეზიდენტი როუჰანიც იგივეს გააკეთებს, თუმცა თავად როუჰანიმ უარყო ამგვარი ვარაუდი და განაცხადა, რომ დღეს სხვა დროა. მისი თქმით, ჯერ ამერიკამ უნდა გამოიჩინოს და რეალურად დაადასტუროს მზადყოფნა ირანთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ირანის მხრიდან დათმობებზე საუბარი.

 

მთლიანობაში, ძნელი სავარაუდოა, რომ ირანის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგარეო და უშიშროების საკითხებს ძირითადად განაგებს არა პრეზიდენტი, არამედ სულიერი ლიდერი. ის არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მას ემორჩილება ყველა ძირითადი შეირაღებული ფორმირება, მათ შორის ძალზე გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“. თუმცა, ალბათ როუჰანი შეეცდება გარკვეული კომპრომისები მოძებნოს დასავლეთის სახელმწიფოებთან და შეარბილოს წინა პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის აგრესიული რიტორიკა საგარეო საკითხებში.

 

სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ირანის საშინაო პოლიტიკაში. მაგალითად, კულტურული ცხოვრების გარკვეული ლიბერალიზაცია არ არის გამორიცხული, ისევე როგორც ეკონომიკური რეფორმების დაწყება. თუ პრეზიდენტმა როუჰანიმ მოახერხა ერთიანობის მიღწევა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში „კონსერვატორებსა“ და „რეფორმისტებს“ შორის, მაშინ მას გაუადვილდება მოქნილი და შედეგიანი პოლიტიკის წარმოება როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"