ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
03.06.2013
ახალკაცის აბლაბუდა ანუ რა აწუხებთ ქართველ „ტელევიზიონშიკებს“

 „ნაციონალებისა“ და „ლგბტ“ აქტივისტების მიერ, დასავლეთის დაფინანსებითა და მხარდაჭერით 17 მაისს მოწყობილი პროვოკაცია, რომელსაც თბილისის ქუჩებში ხალხის მღელვარება მოჰყვა, ქართველი ჟურნალისტების საყვარელ თემად იქცა. განსაკუთრებით აქტიურობენ „ტელევიზიონშიკები“, პრაქტიკულად ყველა დიდი სატელევიზიო არხის ჟურნალისტები დროდადრო უბრუნდებიან ამ თემას. ეს მათი კეთილი ნებაა, მაგრამ ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. კერძოდ, აღნიშნული ტელეარხები და მათი წამყვანები ტენდენციურად აშუქებენ მოვლენებს და შესაბამისად, ცალმხრივ კომენტარებს აკეთებენ. მაგალითისთვის, გასულ პარასკევს ვახო სანაიამ („იმედი“) იტვირთა თავის საავტორო გადაცემაში უმაღლესი საკონსტიტუციო არბიტრის როლი და სტუდიაში მსხდომ ახალგაზრდებს პოლემიკა გაუმართა, რომელთაც ეჭვი გამოთქვეს „ლგბტ“ და „ნაციონალების“ მიერ გამართული აქციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამას ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა და მათ დატოვეს სტუდია, რითაც ფრიად გაანაწყენეს ბატონი სანაია.

 მაგრამ სანაიას კომენტარები, ასე ვთქვათ, საბავშვო ბაღია „მე-9 არხზე“ გასულ გოგი ახალკაცის მორიგ „მატრიცასთან“ შედარებით (26-ე წუთიდან), რომელსაც ჩვენი კომენტარის სათაურში „აბლაბუდა“ ვუწოდეთ.  ახალკაცი საზოგადოების წინაშე ჯერ მონოლოგით წარსდგა, სადაც სწორედ ეს საზოგადოება „გაშიფრა“ და მას დიაგნოზი დაუსვა: ჩვენ, ქართველები, თურმე ფობიებით ვართ შეპყრობილნი. შემდეგ, ეს აზრი ახალკაცმა მოწვეულ სტუმართან, ვიღაც თავის მეგობარ ფსიქოლოგთან ერთად განავრცო და ამ დუეტმა სულ გადაუარ-გადმოუარა ქართულ საზოგადოებას. მეტად საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გაჟღერებული აზრი, რომ „სასაცილოა, როდესაც ქართველებს 21-ე საუკუნეში თავიანთი ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტურობის დაკარგვის ეშინიათ“.

  სამწუხაროა, რომ ბრძნული პათოსით მოსაუბრე პერსონაჟები არად დაგიდევენ ან არ იციან დღევანდელ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების აზრი იმის შესახებ, რომ სწორედ თანამედროვე ე. წ. გლობალიზაციის მოვლენა შეიცავს ერების იდენტობის დაკარგვისა და სრული მორალური და ფიზიკური გადაგვარების საფრთხეს. საამისოდ არ არის საჭირო ომის დაწყება მცირერიცხოვანი ერების წინააღმდეგ - საქმეც ესაა. დღეს გაცილებით დახვეწილი მეთოდები არსებობს, მათ შორის 17 მაისის პროვოკაციის მსგავსი მეთოდები, რაღაც მიუღებელი მოვლენის ნორმად დამკვიდრების მშვიდობიანი მექანიზმი. სწორედ ამას ისახავს მიზნად დასავლეთი - ოღონდ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, საქართველო არ არის მსოფლიოს „ჭიპი“. საქართველო, ამა თუ იმ მიზეზების გამო, უბრალოდ ძალზე ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა მსგავსი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. მაგრამ საფრთხე რეალურია და საზოგადოებას ეს განცდა სამართლიანად გაუჩნდა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში, ეს არ მომხდარა 17 მაისს.

 რა თქმა უნდა, ახალკაცმა და მისმა მეგობარმა ამ გარემოებას გვერდი აუარეს. სამაგიეროდ, „რეალური“ მტერი დაგვისახეს - დიახ, რუსეთი. როგორ შეიძლება, რომ რუსეთი არ აღმოჩნდეს დამნაშავე. ერთის მხრივ, ახალკაცმა სწორად ახსენა გამსახურდიას და სააკაშვილის პერიოდში მეტად პოპულარული ბრალდება - „რუსეთის აგენტი“, მაგრამ არაფერი თქვა იმის შესახებ, რომ თავად რუსეთისგან იქმნებოდა მტრის ხატი. ეს ეხება გამსახურდიას პერიოდს, შევარდნაძის პერიოდსაც და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდს. ახალკაცმა და მისმა სტუმარმა, დაგმეს რა მტრების ხელოვნური ძიება ხელისუფლებისა თუ საზოგადოების მხრიდან, არ დააკონკრეტეს მტრის ხატის ძიების ქართული „სპეციფიკა“. არა სოროსი, მასონები, დასავლეთი და ა. შ. მოიაზრებოდა და ინერგებოდა „ზემოდან“ მტრად, ბოლო 25 წლის მანძილზე, არამედ რუსეთი. მაგრამ ახალკაცის აბლაბუდაში ეს ფაქტორი არ ჩანს, მისი მიზანია, მაყურებელს რუსეთის მიმართ ზიზღი გაუღვივოს, მაგრამ დასავლეთი გაათეთროს. თურმე, ნუ იტყვით და, რა შუაშია დასავლეთი? აგერ რუსეთს გადმოუწევია საზღვარი შიდა ქართლში და გამოდით ქუჩებში, რატომ ამას არ აპროტესტებთო - დამოძღვრა ხალხი პატივცემულმა.

 ეს დემაგოგია უკვე მართლა სასაცილოა: 21-ე საუკუნეში მარტო ტერიტორიების საკითხს რომ განიხილავ ეროვნულ საფრთხედ და მშვიდობიანი პენეტრაციის ბევრად უფრო დიდ საფრთხეს სასაცილოდ აცხადებ... მაგრამ რას იზამ, როდესაც დავალებული ხარ დასავლური ორიენტაციის „არასამთავრობო“ ორგანიზაციებისგან და მათ სამსახურში დგახარ.

 ასე რომ, ახალკაცი თავისი „მატრიცებით“ და დემაგოგიური განსჯებით მართლაც გაშიფრულია, მაგრამ შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ქართული ტელევიზიები დღეს ისევე შორს დგანან საზოგადოებისგან და ამ საზოგადოების ე. წ. სოციალური დაკვეთისაგან, როგორც სააკაშვილის პარპაშის ხანაში.

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"