ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
23.05.2013
მერაბიშვილის დაპატიმრების მნიშვნელობა

დაკავებული მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, თუკი ეს განჩინება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა (რაც მოსალოდნელია), უმნიშვნელოვანესი მომენტი შეიძლება გამოდგეს ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. აქამდე „ნაცმოძრაობის“ დიდი „თევზების“, ან, თუ გნებავთ, „ვირთხების“ რიგებიდან მხოლოდ ბაჩო ახალაია იქნა ციხეში ჩასმული. კრიმინალი „ნაცების“ უმეტესი ნაწილი გირაოს სანაცვლოდ ციხის კედლებს გარეთ დარჩა. ახალი ხელისუფლების ზედმეტად დემოკრატიულმა და ე. წ. კოაბიტაციით განპირობებულმა პოლიტიკამ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში უკმაყოფილება და ამ ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის შესუსტებაცკი გამოიწვია.

 მაგრამ, როგორც იქნა, ბაჩო ახალაიას ვანო მერაბიშვილიც „მიუსვეს“. ნამინისტრალი ახალაიასგან განსხვავებით, ნამინისტრალი და ნაპრემიერმინისტრალი მერაბიშვილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან. ახალაია იყო ენერგიული, დაუნდობელი, მაგრამ მაინც უბრალო შემსრულებელი, მერაბიშვილს კი იდეოლოგობაზე ჰქონდა პრეტენზია. ამის დამადასტურებელ ბევრ ფაქტთაგან თუნდაც ის რად ღირს, როდესაც მერაბიშვილი რუსი სამხედროებისათვის გორში სტალინის ძეგლის აფეთქების დაკვეთას ცდილობდა - ცინიკურად, საქართველოში რუსეთის იმიჯის სრული დამსხვრევის მიზნით. მისი გავლენა და ავტორიტეტი „ნაცმოძრაობაში“ განუზომლად უფრო დიდი იყო, ვიდრე ახალაიას კლანისა. მერაბიშვილს საზღვარგარეთაც უკეთ იცნობდნენ და მასთან კავშირებს ამყარებდნენ, ისევ და ისევ, ახალაიასგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ გახდა მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი, მას შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი უკვე ევიწროებიდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამგვარი „როქი“ სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა აღმოჩნდა - მერაბიშვილი ბევრად უფრო ეფექტურად შს მინისტრის მოვალეობებს უძღვებოდა, ვიდრე სამეურნეო და პარტიულ ამოცანებს.

თუმცა არა მხოლოდ წარსული კარიერის მიხედვით არის მერაბიშვილი ახალაიაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, საბოლოოდ დისკრედიტირებული სააკაშვილის შემდეგ მერაბიშვილმა პარტიული ლიდერის პოზიციები დაიკავა. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ შსს ჯერ კიდევ სრულად არ არის გაწმენდილი მერაბიშვილის თაყვანისმცემელი კადრებისაგან. მერაბიშვილი ამ კუთხით უფრო საშიში იყო დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ვიდრე როგორც პარტიული ლიდერი.

მიუხედავად ამისა, არც ეს გარემოება არის მთავარი. ჩვენი აზრით, მთავარი ის არის, რომ მერაბიშვილის თავისუფლად დატოვება, საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების ავტორიტეტს არყევდა, მისი ხაზგასმით მშვიდი და თავხედური საჯარო გამოსვლები აძლიერებდა ეჭვებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მასთან წინასწარ იყო გარიგებული და მას თავისუფლების გარანტია მისცა. სწორედ ეს ფაქტორი არყევდა ახალი ხელისუფლების იმიჯსა და პოლიტიკურ პოზიციებს. აქ საუბარი არ გვაქვს მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, რასაც ითხოვენ რეჟიმის მიერ ჩახოცილი ადამიანების ნათესავები, ყოფილი პოლიტპატიმრები და ქონებაწართმეული ბიზნესმენები, არამედ უფრო სიღრმისეულ პოლიტიკურ მომენტზე - ხალხისათვის ხელისუფლების სანდოობაზე.

 თუკი მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე იქნა მიყვანილი, მაშინ შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ერთგულების ტესტი წარმატებით გაიარა. აქ არ შევუდგებით ფუჭ იურიდიულ კაზუისტიკას უდანაშაულობის პრეზუმპციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ა. შ. შესახებ (ანუ იმის შესახებ, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დასავლეთის მხარდაჭერით ფეხქვეშ გათელა). მერაბიშვილს იმ დანაშაულებათა ალბათ მეათედიც არ წაუყენეს ბრალად, რაც მას რეალურად აქვს ჩადენილი. ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ყველაფერი დღესავით ნათელია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

 ნებისმიერ შემთხვევაში, მერაბიშვილის დაპატიმრება ხელსაყრელ მომენტში მოხდა - საერთო სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, რის შედეგადაც იუსტიციის საბჭო ახლებურად დაკომპლექტდება (ეს კი, სააკაშვილის რეჟიმის წნეხისგან სასამართლო სისტემის გათავისუფლების დაწყებას ნიშნავს), ასევე „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების შემდგომ, როდესაც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ დაპატიმრებული ახალაიასა და ბოლო მომენტამდე თავისუფლად მოსეირნე ვანო მერაბიშვილის მომხრეები.

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"