ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
22.05.2013
რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები

„ისინი არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ ასეთი სივრცე წითელი იყოს - არასოდეს, არასოდეს“, - ასე უთხრა მსოფლიოს რუქასთან მდგომმა სტალინმა იუგოსლავიის სახელმწიფო მოღვაწეს, მილოვან ჯილასს. სტალინი ამერიკა-ინგლისს გულისხმობდა.

ეს საუბარი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ტერიტორიის ერთ მეექვსედზე იყო გადაჭიმული და რომ არა სტალინის შთამომავლების გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის, მაშინდელი კპ ცკ პოლიტბიუროს აშკარა გამყიდველური პოლიტიკური პოზიციისა, საბჭოეთი დღესაც იარსებებდა - შეცვლილი იდეოლოგიით და მსოფმხედველობით, დაახლოებით ისე, როგორც ჩინეთი.

სტალინის შთამომავლებმა ვერ გაუძლეს დასავლურ ცდუნებას, პირადული ამჯობინეს საქვეყნოს და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ერთმანეთს დაშორებული, ერთობ ჩამორჩენილი, „დამოუკიდებელი“ ქვეყნები, აურაცხელი საშინაო პრობლემებით, სოციალური უთანასწორობით. ხალხის მიერ სისხლითა და ოფლით ნაშენი ფაბრიკა-ქარხნების, გიგანტური საწარმოების გასხვისებით, წიაღისეული სიმდიდრეების ოლიგარხთა მიერ დატაცებით,  ყოველივე უკუღმართობით, რაც დამახასიათებელი იყო და არის კაპიტალის სამყაროსთვის.

კომუნისტური იდეების ფუძემდებლები ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თითქმის იმდენივე მილიარდერი იცხოვრებდა, როგორც ნიუ-იორკში.

ადამიანის პატიოსნება, მუყაითი შრომა, სამშობლოს სიყვარული მიწასთან გასწორდა. წინა პლანზე წამოვიდა ფულისადმი ტრფიალი და რაც მთავარია მისი მოხვეჭისთვის სინდის-ნამუსზე ხელის აღება, ავაზაკობა, ერთმანეთის მოტყუება, სხვისი ქონების მითვისება, ხოცვა-ჟლეტა და სხვა „სიკეთეები“.

საბჭოეთმა ვერ გაუძლო დასავლეთის ცდუნებას და დაიშალა, დაიშალა და ისეთივედ იქცა, როგორც „სანატრელი“ დასავლეთი. ყოფილმა საბჭოთა სისტემამ, დღევანდელმა დსთ-მ დაგმო საბჭოთა ცხოვრება ისე, თითქოს იოლი ყოფილიყო 70-წლიანი საბჭოურის დავიწყება.

ყოფილმა საბჭოელებმა არა მარტო კომუნისტური სისტემა დაგმეს, არამედ ადამიანიც - იმჟამად მცხოვრები და შემოქმედი, ის, ვინც შექმნა უზარმაზარი სახელმწიფოს დოვლათი. ვერც გუშინდელნი და ვერც მათი ბელადები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შთამომავლები წინაპრებსაც დაივიწყებდნენ, მათ მიერ ნაკეთებ საქმეებსაც და დასავლელთა კარნახით გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებენ.

საბჭოეთის დამაქცევართ გორბაჩოვ-ელცინის სახით, რატომღაც წარმოედგინათ, რომ კომუნისტურ სისტემაზე უარის თქმა და კაპიტალიზმზე გადასვლა თავისთავად გამოიწვევდა დასავლეთთან ჩახუტებას, დასავლეთთან თანაბარი პარტნიორის რანგში გადასვლას. მათდა სამწუხაროდ მსგავსს ადგილი არ ჰქონია.

რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი - არის დასავლური ზეწოლა ყოფილ საბჭოელებზე, მათი ბოლომდე მოდრეკა, დაჩოქება და დამჯერ მონად გადაქცევა. დამოუკიდებლობის ოცწლიან პერიოდში ამ თვალსაზრისით დასავლეთმა ბევრს მიაღწია - სამაგალითოდ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა დსთ-ს წევრი სახელმწიფოები გამოდგება.

განვლილი პერიოდი გვაჩვენებს, რომ საბჭოეთ-დასავლეთის დაპირისპირების მთავარი მოტივი კომუნისტური იდეოლოგია არ ყოფილა. მთავარი იყო და არის ქვეყნის სიდიდე, წიაღისეული, მისი ტრადიციები, რელიგია, საერთო ჯამში სულიერება.

დასავლეთისა და მისი ლიდერი აშშ-ს უმთავრეს ამოცანად რჩება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, ფეხის მყარად გადგმა, საკუთარი ინტერესებისა და მიზნების უპირობო განხორციელება. ამ გზაზე არც ერთი ყოფილი საბჭოელი არ წარმოადგენს მისთვის რაიმე სერიოზულ ბარიერს.

პატარა თუ დიდი ფულით ის ახერხებს მისთვის სასურველი პირობების შექმნას, საზოგადოების მოქრთამვას, ხელისუფლების გადაბირებას, ახალგაზრდა თაობის მონუსხვას. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს დასავლურ, უპირველესად ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ანალოგიურ სამსახურებს - უხვად დაფინანსებულს დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-ნ.

ამას წინათ, გაზეთი „ქრონიკა“ წერდა, რომ აშშ-ს სხვადასხვა სახის ორგანიზაციებმა, მათ შორის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 10.000-ზე მეტი საქართველოს ახალგაზრდა გადაიბირა - ფულით, ამერიკაში უფასო სწავლებით, სისტემატური სტაჟირებით და სხვა ღონისძიებით. პატარა საქართველოსთვის ათი ათასიანი ამერიკულად გადაკეთებული ახალგაზრდული არმია დიდი ძალაა, თანაც ისეთი, რომელიც ნებისმიერ დროს გაიღვიძებს შემქმნელთა ბრძანებით.

საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ხელისუფლების მართვის სამჭედლოებად არიან ქცეული, აღარავის აღარ უკვირს. საბჭოთა კავშირის დროს არსებული კომკავშირი სწორედ მათ ჩაანაცვლეს. არც ის არის გასაკვირი, რომ ამერიკულ-დასავლურ ყაიდაზე გაზრდილნი უფრო მეტად ამერიკელები არიან, ვიდრე თვით ამერიკელნი - პრინციპით - შენს ამერიკულობას დამტკიცება სჭირდება.

ის, რომ დასავლეთმა ყოფილ საბჭოთა სივრცეში სერიოზულ წარმატებას მიაღწია ბოლო ოცი წლის განმავლობაში - თვალნათელია. ერთადერთი სადაც გაუჭირდა - რუსეთია, თუმცა იქაც შექმნა არასამთავრობოები, იქაც გამოურეცხა ტვინები ამ ორგანიზაციების წევრ რუსებს, იქაც აამხედრა ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ჯერ-ჯერობით ნაკლები შედეგით.

დასავლეთისთვის რუსეთი სერიოზულ ბარიერად გვევლინება. დაეცემა პუტინის ხელისუფლება? დაეცემა - რუსეთი!  ანუ ის სერიოზული ბარიერი, რომელიც ხელს უშლის აშშ-ის ევრაზიულ სივრცეში პარპაშს. რუსეთის შემდეგ აშშ-ი შეეცდება ჩინეთის დაჩოქებას.

მსოფლიო ჰეგემონიზმი სანუკვარი მიზანია, ისეთი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ზბიგნევ ბჟეზინსკის, სხვა ამერიკელ მეცნიერსა და პოლიტიკოსს. ტყუილა არ აღუნიშნავს მას - „ის, ვინც ევრაზიას გააკონტროლებს, მსოფლიო კონტროლს შეძლებსო“.

რუსეთი, თავისი უზარმაზარი ტერიტორიითა და წიაღისეულით, მუდამ იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის ყურადღების ცენტრში. ტყუილა არ უთქვამს აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს - „ის, რომ რუსეთის წიაღისეულ სიმდიდრეებს მხოლოდ რუსეთი განაგებს - დიდი უსამართლობააო“.

ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, რუსეთი უნდა იყოს მსოფლიო სიმდიდრეთა ბეღელი, მხოლოდ და მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელი და არა განვითარებული სახელმწიფო.

ამ მზაკვრულ გეგმას არ იზიარებს პუტინი და მისი ხელისუფლება. პუტინს სხვა რუსეთი უნდა - ძლიერი ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით, გავლენიანი მთელს მსოფლიოში, მრავალპოლარული მსოფლიოს აქტიური წევრი. ის, რაც პუტინს უნდა, არ  უნდა აშშ-ს და მის მოკავშირეებს. ამიტომაც ცდილობს ის რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო რკალში მოქცევას და ისეთი ვითარების შექმნას, რომ თვით რუსეთმა გამოაცხადოს კაპიტულაცია.

რუსეთის რკალში მოქცევას ემსახურება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ამ კონტექსტში საქართველოს განხილვაც. რუსეთს არ აწყობს საქართველოს ან რომელიმე ამიერკავკასიის სახელმწიფოს ნატოში გაწევრება მარტივი მიზეზის გამო - რკალში მოქცევა. უსუსურია ე.წ. ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა მტკიცება, რომ ნატოში შესვლით რუსეთს არაფერი დაუშავდება. კრემლის აზრით, დაუშავდება და მერე როგორ?

სხვას რომ თავი დავანებოთ, ნატოს საზღვრის გადმოწევა ნიშნავს ომის შემთხვევაში რუსული სამიზნე ობიექტებთან დაახლოებას. თითქოს დღეს ასეთი საფრთხე გამორიცხულია ანუ ნატო რუსეთს არ ემუქრება, მაგრამ რა იქნება ხვალ?

ნატო და აშშ-ს მიზანი ერთია - მშვიდობიანი გზით რუსეთის დაყოლიება, ტომარაში მოქცევა და ტკბილი, დასავლური მელოდიის აკომპანიმენტში მოხრჩობა - ტყვიის გარეშე. რუსეთისთვის დასავლეთის „სამშვიდობო“ გეგმა ცნობილია, ამიტომაც გამოთქვამს უკმაყოფილებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთმა იცის, თუ რაოდენ მზაკვრულნი არიან დასავლეთელები. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ყოველივე, უპირველესად, ნატოსთან ურთიერთობა.

დასავლეთმა საბჭოეთს გაანადგურებინა ვარშავის სამხედრო ორგანიზაცია იმ პირობით, რომ არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყანას ნატოში არ შეიყვანდა. ვაშინგტონმა სიტყვა გატეხა. დღეს, ის დაბეჯითებით აცხადებს - მსგავსი ფიცი არ დამიდიაო.

ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „ევრონიუსის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე - როგორ მოხდება ნატოში შესვლა და რუსეთთან ურთიერთობაცო?“ - უპასუხა, რომ წინა წლების მაგალითების მიხედვით, ეს სრულიად შესაძლებელიაო, ყოფილი საბჭოელები და სოცქვეყნები ნატოშიც არიან და რუსეთთან წარმატებით თანამშრომლობენო.

ყოფილთა ნატოში გაწევრიანება მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთი ერთობ სუსტი სახელმწიფო იყო, განსაკუთრებით ელცინის დროს. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე არ უმოქმედია საბჭოთა კავშირის დაშლას, ისე, როგორც რუსეთზე. მრეწველობა, განსაკუთრებით სამხედრო, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

ყოველივეს დაერთო დასავლეთის მიერ ინსპირირებული ჩეჩნეთის ომიც. მძიმე საშინაო პირობებში მყოფი ქვეყნისთვის შეუძლებელი გამოდგა საკუთარი პოზიციების საერთაშორისო არენაზე დაცვა. დღეს სხვა ვითარებაა - რუსეთის აზრს იზიარებენ, თუმცა დიდ პრობლემას უქმნიან მას. ვიმეორებ! დღევანდელი რუსეთისთვის შეუძლებელია საქართველოს ნატოში შესვლასთან შეგუება.

ივანიშვილის ვერც იმ აზრს გავიზიარებ, რომ მსოფლიო იცვლება და ნატო-რუსეთის ურთიერთობებიც შეიცვლება უკეთესობისკენ და ამდენად რუსეთს აღარ ექნება ესოდენ მძაფრი რეაქცია ნატოში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებითო.

რომ იტყვიან, საამური ოცნებაა და მეტი არაფერი. მსგავსი პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს და თუ მსოფლიო შეიცვლება, ნდობაც დაისადგურებს და ა.შ. მაშინ რაღა საჭირო იქნება ნატო? იქნებ ნატოს გაუქმებამ შეუწყოს ხელი ნდობის აღდგენას? მაგრამ გააუქმებს ნატოს აშშ-ი? მიუხედავად არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებისა, რომ ნატოს არსებობის აუცილებლობას ისინი ვერ ხედავენ, ამ ეტაპზე ნატოს არავინ გააუქმებს.

ის, რომ ნატო და ვაშინგტონი, მიუხედავად „გადატვირთვ-გადმოტვირთვისა“, გააგრძელებს რუსეთის, ირანის, ჩინეთის, სხვა „ჯიუტი“ ქვეყნების წინააღმდეგ ღია თუ ფარულ ომს - მტკიცება არ სჭირდება. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კასპიის ზღვის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც კმარა.

ბჟეზინსკის გეგმაში კასპიის ზღვას და მის ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ რეგიონში დომინანტი აშშ-ი, არა მარტო რუსეთს და ირანს აკონტროლებს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური, ენერგეტიკული თვალსაზრისითაც. ამიტომაცაა, რომ მას სურს შარის, ხეირად ქცევა ანუ ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ ცენტრალურ აზიასა და კასპიის ზღვაზე ფეხის მოკიდება, ამასთანავე კავკასიაში ჩადგმული ჩექმის ჩაბეტონება.

მიზნის მისაღწევად, რას არ აკეთებს აშშ-ს ადმინისტრაცია, უპირველესად ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების გრანტებითა და კრედიტებით მოხიბლვას. ძნელია გაუძლო ესოდენ ძლიერ ფინანსურ შეტევას, მითუმეტეს, როდესაც გიჭირს და არასახარბიელო სოციალურ პირობებს შეიძლება მასობრივი ჯანყი მოჰყვეს.

რა არის ამერიკელთა მთავარი მიზანი? - 2014 წელს ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გამოყვანისთვის, ცენტრალურ აზიაში, „დროებითი“ სამხედრო - სატრანზიტო ბაზების შექმნა. ავღანეთში არსებული სამხედრო ტვირთების პირდაპირი ევაკუაცია აშშ-ი შეუძლებელია, ამდენად საჭიროა ამ ტვირთების ცენტრალურ აზიაში განთავსება, შემდეგ კი მათი დანაწილება. ცენტრალური აზიის ქვეყნებს დიდი სურვილი აქვთ სამხედრო იარაღის ნაწილის მიღების, რაც არ არის გამორიცხული.

არც ის არის გამორიცხული, რომ დროებითი სამხედრო ბაზა პერმანენტულად იქცეს, ამასთანავე შეასრულოს ის ფუნქცია, რაზეც ბჟეზინსკი წერს. გასული თვის ბოლოს ალმა-ატაში გაიმართა სტამბოლის პროცესის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია, რომელმაც განიხილა ავღანეთის საკითხი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც თქვა, რომ ყაზახეთი მზად არის ნატოს მისცეს კასპიის ზღვის პორტ აქტაუში ტრანზიტის განხორციელების საშუალება. თუ აღნიშნული წინადადება იქნება მიღებული, მაშინ პორტი აქტაუ გახდება პენტაგონისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბაზა.

ნაზარბაევის განცხადებას უსწრებდა ყაზახეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის რობერტ ბლეიკის მასთან მოლაპარაკება, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ი შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს ცენტრალურ აზიაში ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგაც. აქტაუს პორტის გამოყენებით, ყაზახეთი შეეცდება აეროპორტის, თვით საზღვაო პორტისა და რკინიგზის მოდერნიზაცია-გაფართოებას - ტვირთების მეტი რაოდენობის გატარებისთვის.

ნაზარბაევის განცხადებამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ექსპერტთა აზრით, თუ რეგიონში გაჩნდება ამერიკელი სამხედრო, ეს გამოიწვევს გამალებულ შეიარაღებას - კასპიის ზღვის ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთ-ირანის მხრიდან.

კავკასია და ცენტრალური აზია არის კონფლიქტებით აღსავსე ორი რეგიონი, რომელსაც კასპიის ზღვა ჰყოფს. ორივე მხარეზე არიან ჯიჰადისტები (ჩრდილოეთ კავკასია და აზერბაიჯანი), რომელთაც აქვთ კავშირები თავიანთ სულიერ ძმებთან დასავლეთ ყაზახეთში. მათი კავშირები დღეს ინტენსიურობით არ გამოირჩევა, ვინაიდან კასპიის ზღვის სტაბილური ატმოსფერო უწყობს ამას ხელს. გარდა ამისა არსებობს კასპიის ზღვის ხუთი სახელმწიფოს შეთანხმებაც - არ დაუშვან არაკასპიური სამხედრო ძალის არსებობა.

აქტაუს ამერიკელებისთვის დათმობის შემთხვევაში გაათკეცდება კასპიის ზღვის დაძაბულობა, ამასთანავე ამოქმედდება ისეთი მარშრუტები, როგორებიცაა - იარაღის, ბოევიკების, ნარკოტიკების და ა.შ. დასავლეთი, აქტაუს გამოიყენებს ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში, გარდა ამისა საბოლოო კონტროლს დაამყარებს კასპიის ზღვის ენერგომატარებლებზე.

ბოლო შეტევა, რომელიც ბლეიკმა ნაზარბაევზე განახორციელა, განპირობებულია იმითაც, რომ ამერიკელთა ადრე გადადგმულ ნაბიჯებს ჯეროვანი ყურადღება არც რუსეთმა დაუთმო და არც ირანმა. რომ იტყვიან, წაუყრუეს ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მონაწილეობით ყაზახეთ-აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციას.

ნაზარბაევის ნათქვამის ასრულება არც საქართველოს აუვლის გვერდს. ისიც ჩათრეული იქნება ამერიკულ საქმეში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიმართ ამერიკული გეგმები ძალაშია და ასეთად იქნება კარგა ხნის განმავლობაში, რაც თავისთავად გულისხმობს არა მეგობრობას, არამედ ომის ზღვარამდე მისულ მწვავე პაექრობას.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი


17 მაისის მოვლენები

 

17 მაისი კარგა ხანს ემახსოვრებათ მამათმავლებს და არა მარტო მათ. 17 მაისს, მშფოთვარე სულის ამოხეთქვა შეიძლება ეწოდოს. 17 მაისი, პროტესტის საყოველთაო დღედ შეიძლება მოინათლოს. 17 მაისი, შერყეული ეროვნული გრძნობის დაცვის, გადარჩენის დღედ შეიძლება აღვიქვათ. 17 მაისმა, ბევრი ისეთი თქვა, წინათ რომ თავშეკავებით ამბობდნენ. 17 მაისმა დაგვანახა, რომ საქართველო არც ისეთი იოლად გასატეხი კაკალია, ნაცებს და მათ მხარდამჭერ დასავლეთს რომ ჰგონიათ. 17 მაისი, მართლმადიდებლური რწმენისთვის ბერისა და ერის ერთობლივი, ხელჩართული ბრძოლის დღეა, ეს ის დღეა, ერი და ბერი ერთად რომ დადგა სარწმუნოების, ტრადიციების, ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული „მეს“ გადასარჩენად.

17 მაისი, გაცილებით მეტია, ვიდრე მამათმავლობის წინააღმდეგ გალაშქრება. ამისთვის ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოსვლა საჭირო არ არის. მასთან ნაკლებმასშტაბური ძალისხმევითაც შეიძლება გამკლავება. 17 მაისი, დასავლური უკუღმართობის წინაშე გალაშქრებაა.

17 მაისმა ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ ნეგატიურად, შეურაცმყოფელად შემოვიდა ქვეყანაში დასავლეთი. შემოვიდა დასავლურად განწყობილი ახალგაზრდა ნაცთა მეცადინეობით, მათი და მათი დასავლელი მასწავლებლების ძალისხმევით, ყოველგვარი მორიდების გარეშე.

ცხრა წელიწადია ე.წ. თავისუფლებას, ეროვნული კომპლექსებისგან განთავისუფლებას ქადაგებენ დასავლელები ადგილობრივ ნაცთა და მათზე მიტმასნილ ადამიანთა პირით. მათთვის არაფერი სულიერი არ არსებობს, მათთვის, მთავარია ფულის მოხვეჭა, სულისა და ორგანიზმის პერმანენტულ განცხრომაში გადაყვანა, ტრადიციების მოშლა და მასთან ერთად ქართული საზოგადოების გადაგვარება.

მიაღწია თუ არა დასავლეთმა საწადელს? ნაწილობრივ - ცხადია. და ეს რომ ასეა, არშემდგარი გეიპარადიც კმარა.

ის, რაც დასავლეთმა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განახორციელა აშკარა მაჩვენებელია მის მიერ აღებული მაღალი ტემპისა. ცხრა წლის განმავლობაში დასავლეთმა შეძლო, შეუძლებელი. ცხრა წლის წინათ ცოტა თუ იფიქრებდა რუსთაველის პროსპექტზე პედერასტთა პარადს. მამათმავლობა დასავლური თემა იყო - ნაკლებად სალაპარაკო მასმედიაში. დღეს, ჩვეულებად იქცა ამ თემაზე ლაპარაკი, სატელევიზიო გადაცემები, მამათმავლობის აფიშირება, ზოგ შემთხვევაში თავის ქებაც.

ერის დაცემისთვის სხვა ბინძურ ხერხებთან ერთად სექსუალური აღვირახსნილობაც გამოიყენება. ამას ქადაგებდა სახელგანთქმული ამერიკელი ალენ დალესი. მისი ნათქვამი წარმატებით სრულდება საქართველოსა და მის მსგავს სუსტ ქვეყნებში. და არა მარტო სუსტში.

ამერიკული აბები - სხვა ქვეყნების გასაბრუებლად გამოგონილი, უებარი წამალია იმისა, რომ ამერიკა მამა-მარჩენლად, მსოფლიოს ერთპიროვნულ მბრძანებლად აღიარო. ამერიკული გეგმების განხორციელებისთვის მილიონობით დოლარი იხარჯება. შედეგიც საშურია - უკვე 15-მა ქვეყანამ კანონიერად ცნო ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება და შვილის აყვანა.

მომავალი მშობლები დაინომრნენ კიდევაც - ნომერ პირველად და მეორედ. ჩვენდა სამწუხაროდ, პროცესი ისე ვითარდება, რომ უახლოეს მომავალში 15-ს არაერთი 15 დაემატება. ამ ტემპით რომ ებრძოლა „ცივილიზებულ“ დასავლეთს, მსოფლიოში ბავშვთა შიმშილით სიკვდილიანობა ერთიორად შემცირდებოდა. მაგრამ იქნებ აწყობს განვითარებულ დასავლეთს განუვითარებელთა გაუსაძლისი ყოფა?! ასეთი ხომ გაცილებით იოლი სამართავია?

17 მაისში ყველაფერი იყო ჩაქსოვილი - ნაცთა საწინააღმდეგო პროტესტი, ხელისუფალთა გადამეტებული ლოიალურობა გუშინდელ, დამნაშავე ხელისუფალთა მიმართ, ე.წ. „კოჰაბიტაციის“ საშიშროება, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ახალი ხელისუფლების მიერ დანაპირების არშესრულება, გაუმართლებელი თავისქება, ვითომდა გაკეთებული საქმეებით, ავღანეთის მიწაზე ფუჭი სისხლის ღვრა, ტერორიზმის წინააღმდეგ ცხრა მთას იქით ბრძოლა, ქვეყნის სოციალური პირობების გაუსაძლისობა და სხვა მრავალი.

ალასანიამ ბრძანა, რომ ავღანეთში დაღუპული მეომრები გმირები არიან, ვინაიდან თავი შესწირეს მსოფლიოს თავისუფლებას.

მაინც რა მეტიჩრები ვართ, ცხადია ზოგიერთები, განსაკუთრებით ამერიკაში ნასწავლნი, იქაური ძუძუნაწოვარნი. ამას წინათ გაზეთი „ქრონიკა“ აქვეყნებდა აშშ-ს მიერ საქართველოში გადაბირებული ათი ათასი ადამიანის ქართველ ხელმძღვანელთა სიას. სიაში ვერ ამოვიკითხე ამერიკის სადაზვერვო სკოლაში ნასწავლი ალასანიას გვარი. არც ამერიკულ ფულზე გაზრდილი „რესპუბლიკელების“ გვარები იყო  სიაში - დაბეჯითებით, რომ ქადაგებენ კანონები და კონსტიტუცია ყველამ უნდა დაიცვასო.

კანონი და კონსტიტუცია ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არც ხელისუფლებაში მყოფთ გახსნიათ და არც ოპოზიციაში, მათ შორის „რესპუბლიკელებში“. ხელისუფლება უკანონოდ უსწორდებოდა ყველა იმას, ვინც ოდნავ გადაბრუნებულს იტყოდა მასზე. არც არასამთავროები იკლავდენ თავს ხელისუფალთა არაკონსტიტუციურ ქცევასთან მიმართებაში. საკითხავია, რატომ? იმიტომ ხომ არა - ორივენი, რომ დასავლეთიდან იმართებოდნენ?

ალასანიას და შემდგომში ყველა თავდაცვის მინისტრის გასაგონად - თუ ავღანეთში წყდება მსოფლიოს თავისუფლების ბედი და ამ „დიად“ საქმეში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იღებენ მონაწილეობას, მინისტრს აქ რა უნდა, იქ უნდა იყოს არა თითო-ოროლა საათით, არამედ რამდენიმე დღით, კვირით.

ფსევდოპატრიოტული სიტყვები ითქვა მინისტრის მიერ დაღუპული მეომრების საგმირო საქმეების აღსანიშნავად. ფულად კომპენსაციასაც მიიღებენ მათი მშობლები, მეუღლეები, შვილები, მაგრამ მათ უკან დაბრუნებას აღარასოდეს ექნება ადგილი. მინისტრი კი იტყვის აშშ-ს საამებელ სიტყვებს და გულგასაქარვებლად დუბაის, პარიზს, ლონდონს გაუყვება.

17 მაისი აღნიშნული „ფსევდოპატრიოტიზმის“ საწინააღმდეგო აქტიც იყო - ხმამაღალი ყვირილით - საქართველო არ შევა ნატოში. გულიდან ამოხეთქილ ჭეშმარიტებას სწორედ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც გააფთრებულ ხალხში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოჩნდა. ხალხის ეს ნათქვამი ცუდად უნდა იყოს აღქმული ვაშინგტონში. არადა რა ფული ჩაიყარა ქართველთა „მორჯულებისთვის“.

მორჯულებულ-გადაბირებულ ათი ათასთან შედარებით მოურჯულებელი ასი ათასი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ რაოდენობის პროტესტანტი მოსახლეობა საქართველოზე მრავალრიცხოვანი ქვეყნისთვისაც საშური საქმეა. დაფიქრდებიან ამერიკელები, შესაბამის ანალიზსაც გააკეთებენ და უფრო შეუპოვრად შემოგვიტევენ, თან ფულსაც გააათკეცებენ გადაგვარებულ-გადაბირებულ 10.000-ის გასაორმაგებლად.

ყურადღება, დიდი  ყურადღება გვმართებს, ვინაიდან სტრატეგიულ პარტნიორს არ სძინავს.

17 მაისის აქცია მიმართული იყო როგორც ძველი ხელისუფლების, ისე ახლის წინააღმდეგ, რაც მთავარია მათ მიერ არჩეული დასავლური კურსის წინააღმდეგ, დღევანდელი ხელისუფლების ინერტულობის წინააღმდეგ.

მამათმავლობასთან ბრძოლა - ყოველივე აღნიშნულის წინააღმდეგ გალაშქრების საბაბი იყო. 17 მაისში სიღრმისეული რამ არის ჩაქსოვილი და ხელისუფლების მხრიდან ღრმა, მიუკერძოებელ შესწავლას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ისეთ ბედს გაიზიარებს, როგორც წინამორბედი.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"