ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
12.05.2013
ორ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი სიტყვიერი ბრძოლა

ხელისუფლება-ოპოზიციის სიტყვიერი ბრძოლა გრძელდება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ნაცები და მათი ბელადი ოდნავ სხვაგვარად ნათქვამ სიტყვას არ პატიობენ „ოცნებას“ და მათ ლიდერ ივანიშვილს. იტყვის რაღაცას ივანიშვილი და მას უმალ მოჰყვება ნაცთა მხრიდან ლანძღვაში გადასული კრიტიკა. მაგიდის ჩოგბურთისა არ იყოს, ნაცთა გამოშვებულ ბურთულას ოცნებელები იღებენ და შესაბამისი დამუშავების შემდეგ ისევ ნაცთა მხარეს აბრუნებენ.

ბურთულის აქეთ-იქით ფრიალს შვიდი თვე შეეწირა  ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო დრო. ხელისუფლება-ოპოზიცია არ აპირებს მსგავსი მძაფრი პაექრობის შეწყვეტას, რაც უპირველესად ოპოზიციას აწყობს. მისი საქმე კრიტიკაა - ხელისუფლების კრიჭაში დგომა. მან მოახერხა ხელისუფლებისთვის საკუთარი თამაშის წესების თავსმოხვევა. ოპოზიციას აყოლილი ხელისუფლება, არა მარტო სიტყვიერ შეცდომებს უშვებს, არამედ საქმიერსაც, რაც თავისთავად აძლევს ოპოზიციას პოლიტიკურად მომგებიანი კოზირების დაგროვების შანსს. ვინ იცის, რა დროს, რა შემთხვევაში გამოიყენებს ის ამ კოზირებს?!

ოპოზიციამ ისიც მოახერხა, რომ გამარჯვებული ხელისუფლება მუდამ თავის მმართლებლად გადაექცია. გახშირდა ივანიშვილის განცხადებები - „მე, ასე არ მითქვამს, სხვანაირად ვთქვიო“. არადა, რომ „ასე“ თქვა, გულმოდგინედ აფიქსირებს ჩასაფრებული „რუსთავი-2“.

ბოლოდროინდელი „კარგი მთქმელის, კარგი გამგების“ თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოში ტერორისტების მომზადება. ივანიშვილის მიდგომა აღნიშნული საკითხებისადმი, გულწრფელი და სამართლიანია, ამასთანავე სინამდვილის გამომხატველი, მაგრამ გამეორების დროს, გაცილებით თავშეკავებული, ვიდრე პირველ შემთხვევაში.

ივანიშვილის ნათქვამმა - ომი საქართველომ დაიწყოო, იმთავითვე მიიქცია ქართული საზოგადოების ყურადღება. ზოგს გაუხარდა - ბოლოსდა-ბოლოს სინამდვილე ითქვაო, ზოგს ეწყინა - ასეც რომ ყოფილიყო, მტრის „ჯინაზე“ მაინც არ უნდა ეთქვაო. პირველი ნათქვამი 2011 წლის შემოდგომით იყო, ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენისთანავე.

თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა ამ ნათქვამიდან დღემდე, მაგრამ მას აქტუალურობა არ დაუკარგავს, პირიქით - დღითი-დღე იძენს გულშემატკივრებს, იფართოვებს მომხრეთა წრეს. ეს აცოფებს ნაცებს - შემოდგომის  ბუზებივით, მწარედ რომ იკბინებიან. „პრემიერ-მინისტრი ამგვარი განცხადებებით შეურაცხყოფს საქართველოს, მის სახეს ამახინჯებსო“, - ამბობენ ნაცები. თითქოსდა მართლაც გული შესტკიოდეთ ქვეყანაზე, თითქოსდა რამე დადებითი გაეკეთებინათ ამ ქვეყნისთვის.

მათი ცხრაწლიანი მმართველობის ხანა აშკარა ამსახველია ბოროტებისა, ჩადენილი ქვეყნისა და ერის წინაშე. მაგრამ ნაცები ყვირიან, ვინაიდან მიაგნეს ხელისუფლების კოალიციური ჯაჭვის სისუსტეს. გარდა ამისა მათ კარგად იციან, რომ თავდაცვის საიმედო იარაღი თავდასხმაა, ამასთანავე დასავლელ პარტნიორებთან გამუდმებული კონტაქტი, ერთად შეკვრა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

დასავლეთისთვის არც ივანიშვილის განცხადებაა გასაოცარი და არც საქართველოს მოსახლეობის ცხოველი ინტერესი დახურული თემის გამომზეურების მიმართ. მისთვის მთავარია, საომარი მოქმედებების დაწყების საქმეში დასავლელთა აქტიურობის მიჩქმალვა, ამერიკისა და ევროპის მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევა. დასავლეთის მიზანი ერთია - 2008 წლის ომში მისი წარმმართველი როლის გაბათილება.

ივანიშვილის განცხადება არ გადის ქვეყნის საზღვრებიდან. არადა რომ გავიდეს, ჩირქი დასავლეთსაც მოეცხება, შესაძლოა უფრო მეტად, ვიდრე მაშინდელ ხელისუფლებას. დასავლეთმა იცის, რომ ივანიშვილმა იცის, ომისაკენ სააკაშვილის ხელის მკვრელის ვინაობა და ცდილობს, როგორმე გასაჯაროება არ დაუშვას. არადა სრული შანსია, რომ გამოუცდელმა პოლიტიკოსმა, მისდა უნებლიედ, წამოისროლოს რაღაც, მერე უყარე კაკალი.

აშშ-ს ჯერაც არ განელბია პალესტინური საკითხი, როდესაც გაეროში პალესტინის სასარგებლო კენჭისყრას, ყველასდა გასაკვირად, საქართველომაც დაუჭირა მხარი. „ამერიკის ელჩმა მთხოვა ასე მოქცევა“-ო, - განაცხადა ებრაელ ბიზნესმენთან მოლაპარაკე ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დაბეჯითებით აცხადებს, რომ „ომი საქართველოს არ დაუწყია, ყოველ შემთხვევაში მე არ მითქვიაო რაც მე ვთქვი, ისაა, რომ ომი საქართველომ კი არა, სააკაშვილმა დაიწყოო“. ივანიშვილის მიხედვით, სააკაშვილი სხვაა, საქართველო - სხვა. ნაცების მიხედვით, სააკაშვილი და საქართველო ერთია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ომს მთელი ერი ვერ დაიწყებდა.

ეს და სხვა საკითხები ერმა არჩეულ პარლამენტსა და პრეზიდენტს მოანდო. სამწუხაროდ, სწორედ მისმა (ხალხის) არჩეულმა პრეზიდენტმა დააყენა ხალხი ფაქტის წინაშე. ჩავთვალოთ, რომ ომის დაწყებასთან ხალხი, პირდაპირი მნიშვნელობით, არაფერ შუაშია, მაგრამ როდესაც გაიგო, რა გააკეთა?! არც არაფერი.

რა უნდა გაეკეთებინა, - იტყვის მავანი. ყოველ შემთხვევაში თავი უნდა შეეკავებინა პარლამენტის შენობის წინ ცეკვა-თამაშისგან და ხელისუფლების მხარდასაჭერი „მიშა“, „მიშას“ ბღავილისგან, თავი უნდა შეეკავებინა თბილისისა და საქართველოს ქუჩებსა და გზებზე ცოცხალი ჯაჭვის გაბმისგან და სხვა.

საქართველოს ხარჯზე ცუდად მოიქცნენ პოლიტიკური პარტიებიც. მათ უმალ დაუჭირეს მხარი ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ ემხილათ ის დანაშაულში და მოეთხოვათ მისი სასწრაფო გადადგომა. მყისიერ რეაქციას, უდავოდ, მოჰყვებოდა ხელისუფლების ცვლა და, რაც მთავარია, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არ აღიარება. მაგრამ ხალხმა ვერ გაბედა, პირიქით აჰყვა ნაცთა პროპაგანდას, რაც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება.

როდესაც ლაპარაკია აგრესიაზე ერაყსა და ავღანეთში, იშვიათად თუ ახსენებენ აშშ-ს ადმინისტრაციას, რასაც ამბობენ - აშშ-ია ანუ აშშ-ს აგრესია ერაყსა და ავღანეთში.

ხალხი კოლექტიურ გადაწყვეტილებას მხოლოდ არჩევნების დროს იღებს. ცალკეულ შემთხვევაში, ის იძულებულია მიენდოს მის მიერ არჩეულ მთავრობას. არ მოგწონს? - არჩევნებზე გააშავე. არ მოეწონა ფრანგებს სარკოზი და გადაირჩიეს. აირჩიეს სოციალისტი ოლანდი. ის მაშინ მოსწონდათ. დღეს არა - განსაკუთრებით ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების დაკანონებისთვის.

მილიონზე მეტი ფრანგი გამოიყვანა ამ საკითხმა პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. მათმა ხმამ ვერ შეაცვლევინა ხელისუფლებას გადაწყვეტილება. ამჯერად ხალხი დამარცხდა, მაგრამ დროებით. ოლანდის ხელისუფლებას უამრავი პრობლემური საკითხი აქვს მოსაგვარებელი და თუ რომელიმეზე ფეხი წამოიკრა, ხალხი არ დააყოვნებს - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. თუ ეს არა, რიგით არჩევნებზე ოლანდს მხარს არ დაუჭერს.

იმ დალოცვილ დასავლეთს ჩვენთვის ერთი რამ აქვს სანატრელი - მასების პოლიტიკური სიმწიფე, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და შეუპოვარი ბრძოლა. იქ, როდესაც საყვარელი ხელისუფლება უშვებს შეცდომას, არავინ იტყვის - ვაცალოთ, ახალია და ისწავლისო. ამომრჩეველი დაუნდობელია, ამიტომაცაა ევროპის ქვეყნებში სისტემატური ვადამდელი არჩევნები. პატარა შეცდომა და ხალხი ქუჩებშია. ხალხი აკონტროლებს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენთან, მსგავსს კარგა ხანს არ ექნება ადგილი, რამეთუ არც პოლიტიკური ცოდნაა და არც სურვილი.

23-წლიანმა თვალთმაქცობამ, უკუღმართობამ ფეხქვეშ გათელა პატიოსნება - თანაც იმ დონეზე, სიტყვაც (პატიოსნება) რომ დასაცინია. ფულის ტრფიალმა წალეკა პატიოსნებაც, ეროვნულობაც, ქვეყნის სიყვარულიც, ყოველივე ის სიკეთე, რომელიც უხვად იყო ჩვენს ნაძაგებ ტოტალიტარულ საბჭოეთში.

დამოუკიდებლობის არცთუ მცირე პერიოდს არ მოუტანია ისეთი აღზევება მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, ეკონომიკაში, როგორსაც ველოდით. პირიქით, რაც მივიღეთ - დაცემაა, თითქმის ყველგან, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

საზოგადოება გახდა „გამორჩენისტი“. ამ გაგებით ხან „მოქალაქეთა კავშირს“ მიეტმასნა, ხან „ნაციონალურ მოძრაობას“, ხან „ოცნებას“. ხალხი „მე რა მექნება“-ს პრინციპით მოქმედებდა და მოქმედებს. მისთვის უცხოა საზოგადო ანუ საქვეყნო ინტერესები. ის დღევანდელ კვერცხზე ფიქრობს, ის ურჩევნია, ვინაიდან ქათმის ლოდინის თავი არ აქვს.

ხალხი ხელისუფლების მონაა და არა მაკონტროლებელი. მონური მორჩილება თავისთავად ქმნის ხელისუფლებაში უკონტროლობის, დაუსჯელობის, ყოვლისშემძლების განცდას. ამ განცდებით იცხოვრა შევარდნაძის ხელისუფლებამ 1992 წლიდან დაწყებული, 2003 წლის ნოემბრამდე. მან ყველაფერი იკადრა საკუთარი ხალხის გასაძარცვად, გასაუპატიურებლად. იმაზე მეტიც, რისი კადრებაც მივარდნილი აფრიკული ქვეყნისთვისაც რომ მიუღებელი იყო. ხალხს, რომ 2003 წლამდე გამოეღვიძა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ნაცთა ცხრაწლიანი მმართველობისას. ღრმად შეურაცხყოფილმა ხალხმა მხოლოდ 2012 წელს გამოიღვიძა.  ხანგრძლივი პაუზებით ვცხოვრობთ, არადა თანამედროვეობა სხვა ტემპს მოითხოვს - შეცდომის სწრაფ გამოსწორებას.

ახალი ხელისუფლება არაერთ სამართლიან კითხვას ბადებს. მათზე პასუხები არ ჩანს. რაც ჩანს, იმდენად მიუღებელია, რომ ნუ იტყვით. პასუხებში მთავარი აქცენტი თავის მართლებაზე და იმის მტკიცებაზეა გაკეთებული - რაც დაგპირდით, შევასრულეო. ხელისუფლების უკმაყოფილთა რიცხვი რომ გაზრდილა - ფაქტია, მაგრამ სად ან რაში აისახა ეს? თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა სატელევიზიო, უფრო ზუსტად, რადიო გამოკითხვას - არსად.

მაგალითად, რადიო „პალიტრა“, შუალედურ არჩევნებამდე, სისტემატურად ატარებდა გამოკითხვას - ვის უჭერდნენ მხარს ამ არჩევნებში. არც ერთ შემთხვევაში „ოცნების“ კანდიდატებს არ მიუღიათ შესაბამისი მხარდაჭერა, მაგრამ არჩევნებში სამივემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. რას ნიშნავს ეს? უპირველესად, ხელისუფლების მიმართ გაუაზრებულ კუდის ქიცინს.

ამ გამარჯვებამ მეტი თავდაჯერებულობა შემატა ხელისუფლებას, არადა სახალხო უკმაყოფილებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, თუნდაც ერთ რაიონში „ოცნების“ დამარცხება, რამეთუ ეს დამარცხება მთლიანობაში მას ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ გამარჯვების ეიფორიაში მყოფს გამოაფხიზლებდა. გამოფხიზლებას კი შესაძლოა დანაპირების ნამდვილი შესრულება მოჰყოლოდა.

ამომრჩევლისა და არჩეულს შორის ურთიერთობა მუდმივი ბრძოლისა და კონტროლის საგანია. მას არ შეიძლება ჰქონდეს შესვენება, პაუზა, გამამართლებელი არგუმენტები. ამ მუდმივ ციკლში გამარჯვებული ამომრჩეველი უნდა იყოს. და არა არჩეული, როგორც ჩვენშია. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აკადრებს ამომრჩეველს ისეთი მოწოდებით მიმართოს, როგორიცაა - წინა, დამნაშავე ხელისუფლებას  შეუნდეთო.

ნუთუ ასე ადვილია აპატიო დამნაშავეს საკუთარი ოჯახის შეურაცხყოფა, წამება, დასჯა, გაპარტახება, შვილებისა და ახლობლების ხოცვა, ქვეყნის დოვლათის დატაცება, ტერიტორიების დაკარგვა და სხვა?!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დაუსჯელობა ახალი დანაშაულის ჩადენის საბაბს იძლევა. ჩვენზე გაცილებით დაწყობილ, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპის, დამნაშავე პოლიტიკოსს კი არა, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს სჯიან და თქვენ წარმოიდგინეთ სამეფო კარის (ესპანეთი) წარმომადგენელსაც. სწორედ დემოკრატია მოითხოვს ამას. ჩვენ რა, უფრო მეტად დემოკრატები ვართ, ვიდრე ძირძველი ევროპელები?!

შენდობის წინადადება რომ ევროპაზე ნაკლები დემოკრატიიდან მოდის, ეჭვი არავის ეპარება. ამერიკა ხმას იღებს იმათ სასარგებლოდ (ამ შემთხვევაში ნაცების), ვინც თვითონ გამოზარდა. ამერიკა, ნაცების დაცვით, საკუთარ თავს იცავს და არა ყბადაღებულ დემოკრატიას. ისეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოშია, არათუ თავზე ხელის გადასმას, ამოძირკვას საჭიროებს. რა დემოკრატიაა ის, როდესაც უდანაშაულო ხალხს ციხეში ამწყვდევ, მეზობელ ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტებს ამზადებ, პროვოკაციებს აწყობ და შემდეგ ამ პროვოკაციებისთვის მეზობელს ადანაშაულებ?!

ნამდვილი დემოკრატი და საქართველოს გულშემატკივარი აშშ-ი არ მისცემდა სააკაშვილსა და ნაცებს იმ დანაშაულებათა ჩადენის უფლებას, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, სამყარო რომ მართლაც დემოკრატიაზე იყოს აწყობილი. ვაი, რომ ეს ასე არ არის. რაც არის საკუთარი ინტერესების დაცვაა, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.

თვალი გადავავლოთ აშშ-ს მიერ ბოლო წლებში „დემოკრატიისთვის“ განხორციელებულ აგრესიას იუგოსლავიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, ამჯერად სირიაში. არც ერთ მათგანში ადგილი არ აქვს დემოკრატიულ მშენებლობას. ვინ დაამტკიცებს, რომ ომისშემდგომ ერაყში, ლიბიაში უფრო მეტი დემოკრატიაა, ვიდრე სადამ ჰუსეინის ან მოამარ კადაფის დროს?!

ამერიკა დემოკრატის ტიტულით დაგასაჩუქრებს, თუ მისი ხარ, მის დავალებებს ასრულებ, დაკარგავ „მეობას“ და ამერიკული ცხოვრების წესს ეთაყვანები, გააღვივებ ძირგამომთხრელ მუშაობას აშშ-ს მეტოქის წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ ეჭვი აქვს საქართველოში ტერორისტული ბაზების არსებობაზე. მის მიერ გაკეთებული მინიშნებები დასტურია იმისა, რომ მსგავსს მართლაც ჰქონდა ადგილი და რომ ამ საქმეში წინა ხელისუფლება იყო გარეული.

ნაცები გაჰყვირიან - ივანიშვილი საქართველოს სახელს ჩირქს ცხებსო. მაგრამ ჩირქის მოცხება მაშინ დაიწყო, როდესაც შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი ამ ბინძურ საქმეს. სააკაშვილმა ახალი სული შთაბერა „მამა-მარჩენალის“ დაწყებულ საშინელებას და ისეთ ზენიტში აიყვანა, ნორმალური საზოგადოება რომ არ ინატრებდა, თუმც ნორმალურობა და საზოგადოება ხშირად შორს არის ერთმანეთისგან. მაგალითად, „კავკასიის ფონდის“ საქმიანობაც გამოდგება.

ეს ფონდი შსს-ა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად დარეგისტრირდა 2008 წლის ნოემბერს. მიზანი: ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით ოპერატიული მუშაობის გაადვილება; ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის საინტერესო პირთა წრის გამოვლენა, აღნიშნული რეგიონიდან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმეების გამოვლენა; ჩრდილო კავკასიელთა „დავერბოვკება“ და ქართულ მხარესთან სათანამშრომლოდ მოზიდვა; ჩრდილო კავკასიიდან პერსპექტიული სტუდენტების მოზიდვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ა.შ. 2008 წლიდან 2012 წლამდე ორგანიზაციას ოთხი მილიონ 58 ათასი ლარი გამოეყო.

„კავკასიის ფონდსა“ და აშშ-ს „ჯეიმსთაუნის“ ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. მათ ერთობლივად ჩაატარეს რუსეთის საწინააღმდეგო კონფერენციები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები. შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზთა გენოციდი. გახსოვთ ალბათ, ფონდის პრეზიდენტის გივი ღამბაშიძის ღრმადპატრიოტული გამოსვლები საქართველოს ტელესივრცეში და მტკიცება იმისა, თუ როგორი გენოციდი მოუწყო რუსეთმა ჩერქეზებს. ორატორი „დასაბუთებულად“ გვიმტკიცებდა რუსული დამპყრობლური პოლიტიკის თაობაზე. რას არ იზამს ფული?!

შსს დოკუმენტებში ეს ფონდი ასეა მოხსენებული: კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონსპირაციული ორგანიცაზია, არაკომერციული იურიდიული პირი „კავკასიის ფონდი“.

ფონდს მუშაობა ა.წ. იანვარში უნდა დაესრულებინა (დაფინანსების შეწყვეტის გამო), მაგრამ, ზოგიერთთა აქტიურობის შედეგად, გამოიძებნა გზა ივანიშვილისკენ, რომელმაც ფონდის დაფინანსების სურვილი გამოთქვა.

საინტერესოა, იცოდა თუ არა ივანიშვილმა, როდის, რისთვის და ვის მიერ იყო შექმნილი ე.წ. ფონდი? მინდა ვიმედოვნო, რომ არ იცოდა, წინააღმდეგ შეთხვევაში არ გაამახვილებდა ყურადღებას „ბოევიკთა“ მომზადების სავარაუდო ბანაკების არსებობის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრის მიხედვით, მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, გარკვეული შედეგები სახეზეა - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტცმენთა მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება და სხვა.

ურთიერთობის დალაგებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენას. ამ საქმეს, უდავოდ, არ წაადგება „კავკასიის ფონდი“-ს მსგავსი საეჭვო, ჯაშუშური ორგანიზაციების არსებობა.

საქართველო არც თავისი მასშტაბით და არც პოლიტიკური წონით არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის ჯაშუშური ორგანიზაციების ბუდე, არ უნდა ატარებდეს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშურ მოქმედებას, არ უნდა ხარჯავდეს ამ საქმისთვის ასეულ-ათასებსა და მილიონებს. ქვეყნის ინტერესი სხვას მოითხოვს - ღია, გამჭვირვალე პოლიტიკას, დივერსიულ-ტერორისტული სულისკვეთებიდან სრულ დისტანცირებას, სხვისი გაღიზიანების გარეშე, წარმატებული ცხოვრების შენებას. „კავკასიის ფონდისა“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციების არსებობით რუსეთთან ურთიერთობა არ გამოსწორდება, გაუარესება კი შესაძლოა.

ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა - 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია, სააკაშვილმა დაუშვა შეცდომაო. ივანიშვილი მართალია, მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან საქართველომ, ომის დაწყების შემდეგ, არაფერი იღონა დამნაშავე ხელისუფლების გასასამართლებლად.

ტერორისტთა ბანაკების შესახებაც გამოთქვა ივანიშვილმა თავისი მოსაზრება, თან ისიც დაამატა - საქართველო არაფერს შუაშიაო. ივანიშვილი მართალია. საქართველომ მართლაცდა არაფერი იცოდა იმ შავბნელი საქმეების შესახებ, რასაც ნაცური ხელისუფლება სჩადიოდა მრავალი წლის განმავლობაში. და არა მარტო ის, არამედ სტრატეგიულ პარტნიორად მონათლული სახელმწიფო.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი


„გამარჯვებულმა“ თბილისმა აჭარის „დაბრუნება“ აღნიშნა

 

6 მაისს „წარმატებულმა“ საქართველომ აჭარის „დაბრუნების“ მეცხრე წლისთავი აღნიშნა. მედიამ, განსაკუთრებით ელექტრონულმა, გაიხსენა იმჟამინდელი პოლიტიკური პერიპეტიები. წინა პლანზე წამოსწია რა პრეზიდენტის „სასიხარულო“ ცნობა ასლან აბაშიძის „რეჟიმის“ დაცემის და მისი საქართველოდან წასვლის თაობაზე. გაიხსენეს ჩოლოქის აფეთქებულ ხიდთან მყოფი პრემიერ-მინისტრიც - სიტყვებით: „აბაშიძემ უნდა შეიგნოს, რომ მისი დრო დამთავრდა“.

„რევოლუციონერებსა“ და აბაშიძეს შორის დაპირისპირება ლამის 1995 წელს დაიწყო. არჩევნებში გამარჯვებულმა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალაგაზრდულმა ფრთამ იმთავითვე ვერ იგუა პარლამენტში მოხვედრილი აჭარის დეპუტაცია, ზოგთან, გადაბირებისთვის საერთო ენა გამონახა, ზოგთან ფარული მტრობა გაახურა. ახალგაზრდა მოქკავშირელთა სახიფათო სამომავლო გეგმებს ხელს უშლიდა აჭარის ავტონომიის მეთაურის ავტორიტეტი, აჭარაში მიღწეული წარმატებები. იმჟამინდელ ჩაბნელებულ, დამშეულ, ქურდობითა და ყაჩაღობით გაჯერებულ დანარჩენ საქართველოსთან შედარებით აჭარა სიმშვიდის, სინათლის, სტაბილურობის სახეს ქმნიდა.

90-იანი წლების აჭარულ აღმშენებლობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, რამაც გარკვეული შური გააღვივა ცენტრსა და ავტონომიას შორის. შურს ისიც აძლიერებდა, რომ ცენტრი ვერ ახერხებდა ავტონომიის საშინაო საქმეებში ხელის ფათურს. სწორედ ასლან აბაშიძემ არ მისცა მას ამის საშუალება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ყელამდე იყო აღვსილი ცენტრის ამბიციური გეგმებით.

ჯერ იყოდა გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებამ, ავტონომიის გაუქმების თაობაზე, ფართომასშტაბიანი გამოსვლები გამოიწვია ბათუმში, რომლის ჩახშობას აბაშიძის სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა. შემდეგ, კიტოვან-იოსელიანის ლაშქრის შეჩერება. აბაშიძის მოხერხებულობამ და ბათუმში მდგარი რუსეთის სამხედრო ბაზის გამოყენებამ გადაარჩინა აჭარა აოხრებისგან.

აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთში დამარცხებულმა ცენტრმა ჯავრი აჭარის მეთაურზე იყარა - შავი „პიარის“ სახით. რა არ დაიწერა და ითქვა მასზე - რუსის გენერალი, თურქეთის ფაშა, სეპარატისტი, რუსულ-თურქული პოლიტიკის გამტარებელი. ითქვა ისიც, თუ როგორ ცდილობდა აბაშიძე აჭარის რუსეთთან და თურქეთთან შეერთებას. თბილისელ „პოლიტიკოსებს“ ის ვეღარ გაერკვიათ, ერთდროულად როგორ მოახერხებდა ამას აბაშიძე.

ცენტრმა აბაშიძისგან მტრის ხატი გამოძერწა. ბათუმში ჩასულ კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს თბილისი ლამის მოღალატეებად აღიქვამდა. იმჟამინდელმა აჭარამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის, სულის გადარჩენაში. იყო თუ არა ყოველივე ეს საშური? ცხადია, იყო.

ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება არასახარბიელო ნიუანსებს იძენდა, მათ შორის უპირველესი - შემოსავლების გადმორიცხვა-არგადმორიცხვა იყო. ცენტრისთვის წესად იქცა აჭარიდან შემოსული თანხების გარკვეული ნაწილის უკან არ დაბრუნება, რამაც ავტონომიაში ერთობ არასახარბიელო ვითარება შექმნა. ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფ მოხელეებს ვერაფრით გაეგოთ, რატომ არ იღებდნენ ისინი ისე, როგორც ავტონომიის ბიუჯეტზე მყოფი მოხელეები.

ცენტრისთვის, ავტონომიის ხელისუფლების არაერთი თხოვნის მიუხედავად - თანხის გარკვეული ნაწილის დაბრუნება არ ხდებოდა, რამაც აიძულა აბაშიძე გადაედგა კარდინალური ნაბიჯი ანუ აჭარაში მყოფი, ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებული მოხელეების დაფინანსება.

ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება მკვეთრად გაიზარდა 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პარტია „აღორძინების“ მზარდმა პოპულარობამ ცენტრი სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკიდურეს ზომებს მიმართა, მათ შორის შავ „პიარს“. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მან მოუწოდა საზოგადოებას, არ მიეცათ ხმა ფაშისტური პარტია „აღორძინებისთვის“.

ხელისუფლების დავალებით ანტიასლანური პროპაგანდა გამძაფრდა. ტელე-ჟურნალისტმა ყანდიაშვილმა ისიც კი იკადრა, ტყუილით მიემართა ხალხისთვის - „თქვენ, რომ ხელფასებსა და პენსიებს ვერ იღებთ - ასლან აბაშიძის ბრალია, ვინაიდან ფული არ გადმორიცხაო“.

ანტიაღორძინების უმკაცრეს ზომად შეიძლება ჩაითვალოს „აღორძინების“ კონფერენციის ჩასაშლელად თბილისის ყველა დარბაზის ჩაკეტვა. „აღორძინებამ“ სხვა გზას მიმართა - ღია ცის ქვეშ მიტინგის გამართვას, რისთვისაც მიტინგისთვის სპეციალური ავტობუსებიც დაიქირავა მეზობელ თურქეთში.

ხელისუფლების სამარცხვინოდ, ავტობუსებს გადაცმული პოლიციელები დაახვედრეს, რომლებმაც თბილისის შემოსასვლელში დაარბიეს ავტობუსები - ჩაულეწეს მინები, დაუხეთქეს საბურავები და სხვა. სამწუხაროდ, თბილისმა აღნიშნული ბარბაროსული აქტი ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე მიიღო. სიტყვა არც საქართველოში აკრედიტებულ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს საელჩოებსაც არ დასცდენიათ. მათი ფავორიტი „მოქალაქეთა კავშირი“ და პრეზიდენტი შევარდნაძე იყო.

და როდესაც ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური წარსული გაქვს აღარ უნდა გაგიკვირდეს იმ საშინელებების, რაც ნაცებმა ჩაიდინეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

აბაშიძის სახელის გასატეხად ცენტრმა უცხოეთიც გამოიყენა - აქაოდა მარტო ჩვენ კი არ გვაწუხებს აბაშიძე, უცხოეთსაც აწუხებსო და ატყდა დისკრედიტაციული სტატიების წერა „ვაშინგტონ პოსტში“, „ვაშინგტონ ტაიმსში“, სხვა გაზეთებში.

სტატიები ცენტრის მიერ იყო შეკვეთილი. ამ საქმეში ხელი გაიწაფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის კორესპონდენტი, რომელმაც ვრცელი სტატია მიუძღვნა აბაშიძის ნარკობარონობას, იმასაც წერდა, რომ ინფორმაცია მას საგარეო უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა, რომელმაც სთხოვა გვარის არ დასახელება.

ასლან აბაშიძესთან პირად ომში ჩართულ თბილისს სულაც გადაავიწყდა, რომ ამით თავისსავე საქმეს ვნებდა, ანუ ქვეყნის მთლიანობას. ცენტრთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთისთვის აჭარა და მისი მეთაური მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. მათ წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ისინი შეშფოთებით შეჰყურებდნენ, თან იმასაც ამბობდნენ - აჭარას რას უკეთებენ და ჩვენ რას გვიზამენო. აქვე მინდა აღვნიშნო, აჭარის ხელისუფლების სანიმუშო დამოკიდებულება აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან.

თბილის-ბათუმის დაძაბულობა გამძაფრდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მოსკოვში მყოფმა აბაშიძემ, პრეს-კონფერენციაზე ამხილა გამარჯვებულთა სარისკო გეგმები. საფრთხის წინაშე დადგა აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. შერიგების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც რუსი, ისე ამერიკელი დიპლომატები.

2003 წლის დეკემბერს თბილისში, ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკომ, აბაშიძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ის და ჩვენთვის შემდგომში ცნობილი, ბრაისმა, აგრეთვე აშშ-ს ელჩი მაილსი, ჩემის თანხლებით ბათუმს ჩავედით.

ასლან აბაშიძესთან საუბარი კონსტრუქციული გამოდგა, თუმცა არჩევნების ჩატარებაზე დასტური მასპინძელს არ გამოუთქვამს. ეს მოგვიანებით მოხდა მაილსის ვიზიტების დროს. საბოლოო ჯამში აჭარაში ჩატარდა არჩევნები, უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ინაუგურაცია აჭარიდან დაიწყო.

თითქოსდა შეიქმნა გარკვეული სახის თანამშრომლობაც, მაგრამ სამწუხაროდ ყოველივე მოჩვენებითი აღმოჩნდა, რაც დადასტურდა საპარლამენტო არცევნებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ჭიაბერაშვილი) ბათილად ცნო „აღორძინების“ მიერ მიღებული ხმები და არ მისცა მას პარლამენტში შესვლის საშუალება, ხოლო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში გამარჯვებულმა ნაცებმა მთელი საქართველოს „მოხალისეები“ მიაყენეს აჭარის კარს.

მოგვიანებით, სამშობლოდან გადახვეწილი ჟურნალისტი კომახიძე იტყვის, რომ ე.წ. ამბოხებულთა და ჟურნალისტთა დაწიოკების ორგანიზატორი თვით ნაცმოძრაობა იყო და ყოველივე აბაშიძის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

6 მაისს აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივანოვმა მოსკოვს წაიყვანა. გახარებული საქართველო ერთხმად გაჰყვიროდა აჭარის დაბრუნების თაობაზე. იგივეს აცხადებდნენ პოლიტიკური პარტიებიც. მათ შორის დასამახსოვრებელი იყო „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის ჩიხრაძის განცხადება, რომლითაც მარჯვენა შეუქო სააკაშვილს საშვილიშვილო საქმისთვის.

არანაკლები თავშეუკავებლობით იყო აღსავსე იმჟამინდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ზურაბიშვილის 6 მაისამდე ნათქვამიც: „აბაშიძე გიჟია, ვერ ვხვდება, რომ უნდა წავიდესო“. დემოკრატიის ნაკრძალ საფრანგეთში გაზრდილ ქალბატონისგან მსგავსი ნათქვამი, არჩეული მეთაურისადმი გაკვირვებას იწვევდა. აჭარის არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვე იყო დარჩენილი, სწორედ იმ არჩევნებს უნდა გადაეწყვიტა აბაშიძის ბედი და არა თბილისის ძალისმიერ მოქმედებას.

აჭარის „დაბრუნებამ“ ნეგატიურად იმოქმედა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე. ეს ფაქტი მათთვის შემაშფოთებელი გამოდგა. ბათუმური ეიფორიით აღვსილი სააკაშვილი სამხრეთ-ოსეთსაც მიადგა, თუმცა წარუმატებლად, თბილისისთვის შეურაცხმყოფლად. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის თბილისთან ურთიერთობის ჩამოყალიბების საბოლოო იმედიც გადაიწურა. არადა ისინი მზად იყვნენ ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატული კავშირებისთვის.

ფედერალური მოწყობის საკითხები აქტუალური იყო და არის მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ თუ იქ ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, საქართველოში მსგავსს არ ჰქონია ადგილი. დამოუკიდებლობის პერიოდში რეგიონალიზმის, ფედერალიზმის საკითხებზე ყურადღება არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას არ გაუმახვილებია. არ შექმნილა ამ თემაზე მომუშავე სამთავრობო სამსახური. შევარდნაძის მიერ გამოგონილი სამინისტრო, ამჟამინდელი რეინტეგრაციის, მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრა იყო და მეტი არაფერი.

ფედერალიზმისთვის არც საზოგადოება აღმოჩნდა მზად. ის, ისე, როგორც ხელისუფლება, ერთი მიმართულებით იყო და არის მომართული - ცენტრის განუსაზღვრელი ძალაუფლება. მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მოხელე თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას მხოლოდ ცენტრალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე განიხილავს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რიგი საკითხების უფრო დაბალ დონეზე განხილვა-გადაწყვეტა. ხელისუფლებისა და თბილისელთა დიდი ნაწილი სახელმწიფო მართვის ცენტრალიზაციასთან მიმართებაში ერთსულოვანნი არიან.

ავტონომიური მართვის საკითხი უცხო არ არის საქართველოს ისტორიისთვის. ამ თემას საღი თვალით უყურებდა ილია ჭავჭავაძეც: „ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობას. ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუას და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მმართველობისთვის ხალხს აღვიძებს და საზოგადო საქმისათვის წვრთნის და ავარჯიშებს“.

ფედერალური მოწყობის საკითხები რომ ცხოველ ინტერესს იწვევდა საქართველოს ავტონომიებში, გასაკვირი არ არის, რამეთუ სწორედ მათ იწვნიეს ცენტრის ძალისმიერი მართველობის მწარე გაკვეთილები.

ფედერალური მოწყობის სახელმწიფო სისტემის შექმნის წინადადებას აყენებდა 1992 წლის მარტიდან დაწყებული, აფხაზთა ლიდერი არძინბა, შევარდნაძის სახელზე გამოგზავნილ წერილში. ვერაფერს გახდა. საპასუხოდ ტანკები და ომი მიიღო - დღეს რომ ზოგიერთი, თავის გასამართლებლად, რუსეთთან ომს უწოდებს. „ჩვენ, რუსეთი გვეომებოდა და არა აფზახეთიო“, - უტუხად აცხადებენ ისინი, თითქოს კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთთან, სუსტი საქართველოს ომი, დასაშვები იყო.

ცენტრსა და ავტონომიას შორის მთელი რიგი საკითხების დახვეწას მოითხოვდა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი, ერთადერთი ავტონომიის მეთაური აბაშიძე. სწორედ ამისთვის აითვალწუნა ის ცენტრმა, თანაც იმ დონეზე, რომ სეპარატისტიც უწოდა. რა უკუღმართი აზრი უნდა დატრიალებოდა თავში ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რომ მემედ აბაშიძის შთამომავლისთვის სეპარატისტობა ეკადრებინა?!

არძინბას მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რასაც ჯერ ფაქტიური, ხოლო შემდეგ (2008) იურიდიული დამოუკიდებლობა მოჰყვა.

არც აბაშიძის მცდელობამ იხარა. 2004 წლის მაისს ის მოსკოვს წაიყვანეს. „გამარჯვებულმა“ თბილისმა აჭარის „დაბრუნება“ იზეიმა, რასაც აჭარის ავტონომიაში სააკაშვილის პირდაპირი მმართველობის დამყარება მოჰყვა.

სააკაშვილის წყალობით აჭარის ავტონომიას, ავტონომიურობის არაფერი ეტყობა. იქაურ საკითხებს, აქაურები წყვეტენ და არა მარტო აქაურები, მეზობელი თურქებიც. რომ იტყვიან - მთელი სიგრძე-სიგანით მოქმედებს ყარსის ხელშეკრულება. თურქული გავლენა საგრძნობი და მზარდია.

განვდევნეთ აბაშიძე, „დავიბრუნეთ“ აჭარა და თურქეთს ჩავაბარეთ. ომი ავტეხეთ და აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთი რუსეთს ჩავაბარეთ. რას ვაპირებთ ხვალ? თუმცა სახვალიო საქმეებს, სააკაშვილის მეცადინეობით, უკვე აქვს ჩაყრილი საფუძველი. მისი არსებობის შესახებ ჯერ არავინ იცის, ვინაიდან საიდუმლოების სუდარა ფარავს. ვინ იცის, ჩამოხსნის შემდეგ რა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით?!

  ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"