ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
28.04.2013
დაზიანდება თუ არა საქართველოს იმიჯი?

სააკაშვილის ყბადაღებული გამონათქვამი - „ჩვენი მოსვლით გაიცნო მსოფლიომ საქართველო, თორემ შევარდნაძის დროს მას არავინ იცნობდა, რუკაზეც ვერავინ აგნებდა საქართველოს, დღეს კი ყველამ იცისო“, შინ მოყვარეს უბრმავებს თვალს, გართ - მტერს.

 სააკაშვილი მართალია, ვინაიდან სწორდ მისმა ექსცენტრულობამ, რუსეთის მიმართ მკვახე განცხადებებმა, დაუპატიჟებელმა ვიზიტებმა, პოლიტიკური თუ დიპლომატიური ეთიკეტის მუდმივმა დარღვევამ, მოუზომავმა რიტორიკამ, დუჟმორეულმა ლაპარაკმა, ცხვირზე „ღრმადტაქტიანმა“ თითის გასმამ, განსაკუთრებით საჩვენებელი თითის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპა-ამერიკის პოლიტიკოსებზე. ასეთი არ შეიძლება არ მოგწონდეს.

 და მოსწონდათ ის 1995 წლიდან დაწყებული, განსაკუთრებით ბოლო ცხრა წელიწადი. მოსწონდათ იმიტომ, რომ ის განსხვავებული იყო ყველა კოლეგა ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსისგან - ერთობ ტრაფარტულისგან - წინასწარ გათვლილი, აწონილ-დაწონილი ლაპარაკით, დახვეწილი ქცევით.

 მოსწონდათ მისი ჩაცმულობა, ფერთა შეუხამებლობით, როგორც პაოლო კოელიო ამბობს - „მონობისა და ძალაუფლების სიმბოლოს“ (ჰალსტუხი) მუდამ მოღრეცილად ტარებით, თავშეუკავებელი თქვლეფით. რომელ ერთს ჰქონდა ან აქვს მსგავსი თვისებები?

 მაგრამ სააკაშვილი არა მარტო ამისთვის მოსწონდათ. მოსწონდათ რობინ გუდობისათვის, კაკო ყაჩაღობისათვის ანუ ბიზნესისათვის შეწერილი ფულისა და ქონების მათთვის, ვითომდა „ღარიბთათვის“, მიცემისთვის.

სააკაშვილი სხვა რამისთვისაც მოსწონდათ. უპირველესად - ფარული გარიგებებისთვის, რომელიც შესაძლოა არასდროს გახდეს ჩვენთვის ცნობილი, ვინაიდან საიდუმლოა, თანაც ისეთი, სახელმწიფო საიდუმლო რომ ჰქვია. სწორედ ამ საიდუმლო გარიგებების გამო მოსწონდა სააკაშვილი დასავლეთს უმთავრესად და არა ზემოთჩამოთვლილი თვისებებისთვის, თუმცა გვიმტკიცებდა საწინააღმდეგოს - ქარიზმატულობისთვის მომწონსო.

ის, რომ მოჭარბებულად „ქარიზმატულმა“ პრეზიდენტმა, არადიპლომატიური ქცევით ჩირქი მოსცხო ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენდა - დასავლეთს ფეხზე, შესაძლოა სხვა ორგანოზეც ეკიდა. „ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს ქართველების საქმეა, ჩვენ საშინაო ცხოვრებაში არ ვერევითო“, - ამბობდნენ სტრატედიული „პარტნიორის“ წარმომადგენლები. იმდენი მათ რა ვუთხარი.

როცა სჭირდებათ, საშინაო საქმეებშიც ერევიან და კარ-ფანჯარა ჩარაზულ სახლში კანალიზაციიდან შედიან. ასე იყო 2008 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც წაგებულ სააკაშვილს ბუშმა და მისმა ადმინისტრაციამ მოაგებინა.

 ეს რომ არ ყოფილიყო, 2008 წლის ომიც არ იქნებოდა - შესაბამისი შედეგებით. არ იქნებოდა ბევრი რამ, რასაც ომის შემდეგ ჰქონდა ადგილი. „პარტნიორი“ დღესაც სიმაღლეზეა - არც ერთ კანონპროექტს არ ჩაუვლია ამერიკელი ნორლანდის (ელჩის) მახვილი თვალის გარეშე. ივანიშვილის წარმოთქმულ წინადადებას ნორლანდი ასრულებს. ქართული მედია ნებისმიერ საკითხზე უპირველესად ნორლანდის აზრს კითხულობს, თან ცდილობს, როგორმე დადებითი ათქმევინოს მას, შემდეგ ჩვენ რომ გვახაროს.

 საბჭოთა კავშირის დროს გაზეთებში იყო ასეთი რუბრიკა - „ამას ამბობენ შენზე, ჩემო სამშობლოვ“. ჩასაფრებული ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობდა ჩამოსული უცხოელისთვის როგორმე დაეცდევინებინა - „კარგი და ლამაზია საქართველოო“.

 მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ბევრიც შეიცვალა, მაგრამ იმჟამინდელი პროვინციალიზმი გადაურჩა ჟამთა ცვლას. მან ახალი სახე შეიძინა, უფრო აგრესიული. ამერიკის ან ნებისმიერი უცხოელისგან რა მიდის - იტყვის კარგები ხართო და ჩვენც გადარეულები ცრემლებს ვაღვარღვალებთ.

 ბევრი რამ მოხდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტები, რომლებმაც შორს გაიტანეს საქართველოს სახელი. სხვას ვერაფერს იტყვი, თუნდაც აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის ვიზიტზე, რომელსაც მრავალი ქვეყნის ტელეკომპანია პირდაპირ გადასცემდა მთელს მსოფლიოში.

 პოსტსაბჭოთა სივრციდან აბა რომელ ქვეყანას სტუმრობდა აშშ-ს პრეზიდენტი? დსთ-ს რომელ წევრ სახელმწიფოში აქნია ბუშმა თეძოები? „მეოცნებენი“ გაიძახიან, მაღალი სტუმრები საქართველოს სტუმრობდნენ და არა სააკაშვილსო. კეთილი, საქართველოს სტუმრობდნენ სააკაშვილის ხათრით. არ მგონია რომელიმე მათგანს დიდი ცოდნა ჰქონოდა საქართველოს შესახებ, რუკაზეც ვერ მიაგნებდნენ თანაშემწეთა გარეშე.

დასამახსოვრებელი იყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტიც, განსაკუთრებით მისი მიმართვა პრეზიდნტის დედისადმი - „გმადლობთ, ასეთი შვილის აღზრდისთვისო“. ისიც გემახსოვრებათ, სენატორებმა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა, წერილით რომ მიმართეს ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტს, სააკაშვილისთვის ნობელის პრემიის მინიჭებისათვის.

ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, რამეთუ იშვიათობას არ წარმოადგენდა ასეთი მაგალითები. მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა სენატორ მაკკეინის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. გადავრჩით! საქართველოს ღმერთმა კეთილად გადმოხედა, რომ არა ეს, წარმოგიდგენიათ, რას დამართებდა სააკაშვილი ქვეყანას?!

სააკაშვილი მოსწონდათ იმიტომაც, რომ ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი სამინისტროები, დაწესებულებები და ობიექტები ამერიკელი „სპეციალისტებით“ გაჯერდა. ქვეყნის მართვის სადავეები ამერიკული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ქვეყანა დაიფარა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკული ინსტიტუტების ქსელით.

ქართული არასამთავრობოები ამერიკულ ყაიდაზე აეწყო, ამერიკული დაფინანსებითა და იდეოლოდიით. ძალოვანი სტრუქტურები, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო, შსს-ო ამერიკელი სამხედრო ექსპერტების წვრთნის პოლიგონად გადაიქცა. ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის უშუალო კონტროლქვეშ მოექცა.

 რიგით ქართველზე, განსაკუთრებით ახალგაზრდაზე უდიდესი გავლენა იქონია აშშ-დან, სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ჩამოსულმა პედაგოგებმა. სწრაფი ამერიკანიზაციის მთავარი ინიციატორი, სააკაშვილი, ვაშინგტონში გაგზავნილ პატაკში სისტემატურად აღნიშნავდა ჩამოთვლილ „წარმატებებს“.

 სააკაშვილი ყველა მაღალი რანგის სტუმარს სიამაყით ეუბნებოდა ქვეყნის ამერიკულად გარდაქმნის სისწრაფესა და სიკეთეზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ბოლო ვიზიტი სწორედ ამით იყო დასამახსოვრებელი. ვის არ ესიამოვნებოდა ესოდენ გულწრფელი უკანალში ძვრომა? ჰოდა ჰილარიც ლამის აქვითინდა სააკაშვილის ნათქვამზე - ბავშვებს პირველი კლასიდან ვასწავლით ინგლისურსო.

 არის სადმე ქვეყანა, ვისაც არ მოეწონება საკუთარი ენის, ცხოვრების წესის თავქუდმოგლეჯილი მიმდევარი? ალბათ არა. გერმანია, ინგლისი, აშშ-ი, სხვა ქვეყნები დიდ ფინანსებს ახმარენ ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი ენისა და კულტურის გავრცელებას და მიუხედავად ამისა, ისეთ მასობრიობას ვერ აღწევენ, როგორც მათ სურთ. აქ კი, პრეზიდენტის ერთი ხელის მოსმით უმალ გადაიჭრა ამერიკული თემა. არის სადმე ქვეყანა, სადაც ხელისუფლების იდეოლოგი იტყვის, რომ ინგლისური, მშობლიური ენა უნდა გახდესო?

 არის და მას საქართველო ჰქვია. ქვეყანა, რომელიც მერამდენე წელიწადია, აპრილში, ზარ-ზეიმით აღნიშნავს ქართული ენის დღეს. აღნიშნავს ჩვეული პათოსით, მთავრობიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული - ყასიდათ, ფარისეველურად, მოჩვენებით - ვინაიდან სწორედ ისინი უპატაკებენ ვაშინგტონს - ინგლისურის დედა ენობაზე.

14 აპრილი არა მარტო ენის ყასიდი გახსენების თარიღია, არამედ კიდევ ერთი საბაბია ზოგიერთი ქართველის მიერ შეთხზული ზღაპრის საჯარო აფრიალებისთვის, ბრძოლით მოპოვებული მშობლიური ენის შენარჩუნებისთვის. კიდევ ერთი გახსენებაა მტერი რუსეთის მიერ ქართული ენის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში ქართველთა გამარჯვების.

 საბჭოთა საქართველოში აღმოცენებული ზღაპარი მაკრატლიანი რუსი დათვისა, რომელიც ძალით პირს აღებინებს ქართველს ენის მოსაჭრელად ანუ დედა ენის საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებად, დღესაც წარმატებით ხარობს. და როგორც ჩანს ასე გაგრძელდება მომავალშიც. თაობიდან-თაობაზე გადავა ერის ჰეროიკული ბრძოლის ამსახველი ზღაპარი, მერე რა, რომ შევარდნაძის მიერ გამოგონილი, მართლაც ზღაპარია და შორს არის სინამდვილისგან.

 შევარდნაძის დადგმული სპექტაკლის სამზარეულოს თითო-ოროლა მოხელე შემოვრჩით. ჩვენი ხმა, აშკარა უმცირესობაშია და გადაქანებულთა ხმად აღიქმება. ვის აწყობს გმირული ზღაპრის სიცრუედ გამოცხადება, ვის აწყობს ათეული წლების განმავლობაში არსებული ერის ჰეროიკული „ბრძოლის“ გაბათილება? არც არავის.

არც ერს და არც ბერს. არც გუშინდელს და არც დღევანდელს, ვინაიდან გაბათილება თავისთავად მოწმობს საკუთარი თავის დადანაშაულებას და წლების განმავლობაში მტრად წარმოჩენილის გამართლებას. ეს, რომ რუსეთი არყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა ფიქრი, მაგრამ „სამარადისო“ მტრის გამართლება გუშინდელი, მითუმეტეს დღევანდელი ქართველისთვის შეუძლებელია - და რახან შეუძლებელია, სამარადისოდ დარჩება „გმირული ზღაპარი“ - მერე რა რომ ზღაპარია და მეტი არაფერი.

მაინც რატომ არის ზღაპარი? ქართული ენის „მხსნელმა“, შევარდნაძემ, კონსტიტუციის პროექტში, საკუთარი მითითებით შეატანინა - სახელმწიფო ენა - რუსული. შეკითხვაზე, რატომ რუსული, როდესაც წინა კონსტიტუციაში ქართული არისო - მან გვიპასუხა - ქართული რომ არის, ისედაც ცნობილია და მას დაფიქსირება არ სჭირდებაო. იგივეს ამბობდა საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ლაშქარაშვილი.

კონსტიტუციის პროექტს, დღეს რომ ვენეციის კომისიას აახლებენ, მაშინ მოსკოვს ამოწმებინებდნენ. შემოწმების დროს, რუსულმა მხარემ, სწორედ, ამ საკითხს მიაქცია ყურადღება და კატეგორიულად გვირჩია, შეგვეცვალა ანუ დაგვეტოვებინა ისე, როგორც წინა კონსტიტუციაში სახელმწიფო ენა ქართული, რაც არ იქნა გაზიარებული თბილისის მიერ.

რა ამოძრავებდა შევარდნაძეს? უპირველესად, მაამებლობა, ვითარების დაძაბვის შემთხვევაში - გმირის სახელის მოხვეჭა. დეტალებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. პარლამენტის შენობასთან თავმოყრილი სტუდენტობა და ინტელიგენცია გულით და სულით იცავდა საკუთარ ენას. მას ვერაფრით წარმოედგინა, უფრო მეტიც, დღესაც ვერ წარმოუდგენია, რომ იმ დღეს დიდი ფარსი დატრიალდა, რომელმაც შევარდნაძე გმირად აქცია, რუსეთი - მტრად. ასე შეიქმნა „ზღაპარი“ ქართული ენის გადარჩენისა.

 ნათქვამია, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ სიბინძურე, არა აბსტრაქციული სიტყვა „პოლიტიკიდან“ მოდის, არამედ იმ ბინძური ადამიანების მხრიდან, ვინც პოლიტიკას ჩასჭიდებია. პოლიტიკას ბევრი ეჭიდება, მაგრამ კაცობრიობის საბედნიეროდ, უმეტესობა მათგანი პატიოსანი პოლიტიკოსის სახელს ატარებს. სამწუხაროდ, ამ ტიტულით ვერც წინა და ვერც დღევანდელი პრეზიდენტი ვერ დაიკვეხნის, ვინაიდან მათი ცრემლები, ენასთან დაკავშირებით და არა მარტო ენასთან, თითქმის ყველაფერთან, ნიანგის ცრემლებია, მსხვერპლის ჭამისას, რომ გადმოსცვივა საზარელ არსებას.

საქართველოს საზოგადოებას ახსოვს სააკაშვილის თვალთაგან გადმოღვრილი სატელევიზიო ცრემლი. რამდენი ამერიკელი და ქართველი PR-ისტი აკეთებდა ამ ტელეეკრანულ ცრემლს?! გამოუვიდათ! საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა და პატიების მთხოვნელ დამნაშავე პრეზიდენტს, დემონსტრაციის სასტიკად დამრბევს, ტელეკომპანია „იმედის“ ამაოხრებელს - შეუნდო.

 ამერიკელმა PR-ისტებმა მშვენივრად აუღეს ალღო ქართულ აზროვნებას, და არჩევნები სააკაშვილის ანუ ვაშინგტონის სასარგებლოდ გადაწყვიტეს - ნატოში შესვლის „სურვილის“ დაფიქსირებით. ვაშინგტონმა, სააკაშვილისგან ზუსტად ის ქოთანი გამოძერწა, რომელიც მას სურდა.

 ამ ქოთანში ადუღებულ პოლიტიკას დიდი გავლენა უნდა მოეხდინა კავკასიაში. მას პრობლემები უნდა შეექმნა ყველა მიმართულებით, უპირველესად ჩრდილოეთის.

 იდეოლოგიურ-საბრძოლო საწვრთნელ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო ქვეყანა. გადაიქცა კიდევაც. ნაცურმა ხელისუფლებამ იმდენი „იჩალიჩა“, ვიდრე საქართველოს, ცუდი გაგებით, მართლაც არ გაუთქვა სახელი.

 შევარდნაძიდან მოყოლებული, რუსული სპეცსამსახურები, სისტემატურად აცხადებდნენ პანკისში ბოევიკთა საწვრთნელი ბაზების არსებობაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს აფხაზეთის „გათავისუფლებისთვის“ ჩეჩენი ბოევიკების კოდორში გადაყვანა - შსს თანხლებით, დაჭრილი გელაევის მკურნალობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში.

სააკაშვილის დროს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები „დელიკატური“ გახდა. გახშირდა ტერორისტული, ვაჰაბიტური ჯგუფების თბილისის შეკრებები, საქართველოს შსს ინიციატივით გამართული, რის შესახებაც დაიწერა როგორც ამერიკელი, ისე სხვა უცხოელი მკვლევარების მიერ. და ყოველივე აღნიშნული ხდებოდა ერთ მტკაველ საქართველოში, უფრო ზუსტად თბილისში - აშშ-ს საელჩოს მახვილი თვალის წინ.

ბოლო დროს მედიაში არაერთხელ გაიჟღერა ამერიკული ჯეიმსთაუნის უნივერსიტეტის სახელმა, რომლის დაარსება უკავშირდება ცნობილ მეცნიერს, ზბიგნევ ბჟეზინსკის. უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობენ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელები, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები, ძირითადად ანტირუსულად განწყობილები.

 სწორედ ამ უნივერსიტეტის თაოსნობით ზედიზედ სამი კონფერენცია ჩატარდა თბილისში ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებით. შედეგიც გემახსოვრებათ - საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარედა.

 რა მიიღო საქართველომ ამ აქტით? ცუდის მეტი არაფერი. ცუდში მეზობლების გაღიზიანებაა, უპირველესად რუსეთის, არანაკლებად, სომხეთის, რომელიც მთელს მსოფლიოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებს, მოუწოდებს თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას. ჯეიმსთაუნი არის ანტირუსული ტელეკომპანიის საქართველოში გახსნის ინიციატორი. ამ არხს ძირი უნდა გამოეთხარა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში.

 საქართველოში „კვალიფიკაციაამაღლებული“ ექსტრემისტები, „მდიდარ“ გამოცდილებას იყენებენ მსოფლიოს „ცხელ“ წერტილებში. ორმა მათგანმა, ძმებმა ცარნაევებმა ბოსტონის ტერაქტით,  გაითქვეს სახელი.

 აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყურად არ იღო რუსეთის გაფრთხილება ცარნაევების ტერორისტულ მიდრეკილებასთან დაკავშირებით. მომავალი ტერორისტები ხომ მომართული უნდა ყოფილიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ, ისე, როგორც ალ კაიდა, ტალიბანი?! რა გაეწყობა, ასეთია სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება სხვა ქვეყნისადმი.

 ამერიკაში მყოფ სააკაშვილს ელდა ეცა ივანიშვილის განცხადების გამო, რომელიც საქართველოში  ტერორისტთა სავარაუდო მომზადებას ეხება. ეს  ნათქვამი საქართველოს იმიჯს აზიანებსო - ბრძანა მან. სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები - საქართველოს იმიჯის გადარჩენის თაობაზე, საკუთარი თავის გადარჩენას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის.

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"