ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
27.04.2013
ივანიშვილი და სტრასბურგი

  ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლას მძაფრი რეაქცია მოჰყვა, როგორც ნაცმოძრაობაში, ისე მის გულშემატკივარ ევროსაბჭოელებში. რეაქცია იყო „ოცნებაში“ და მის გულშემატკივრებშიც - მხოლოდ დადებითი. ექსპერტთა უმრავლესობამ გამოსვლა დადებითად შეაფასა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ მუდამ იყო და არის ლოიალური.

  მაინც, რატომ არ მოეწონათ ყვინჩილა ნაცებს - კანდელაკის, თაქთაქიშვილის, სხვათა სახით, ივანიშვილის გამოსვლა ან რატომ რცხვენიათ მათ? მათივე განმარტებით, „მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესები და ის, თუ როგორ გამოჩნდება ქვეყანა საზღვარგარეთ“, „საქართველოს საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ჰყავს“ - და ა.შ.

  უპირველესად აღვნიშნავ, რომ რა რიგ „ნაცურად“ არ უნდა გამოსულიყო ივანიშვილი, ის მაინც ნეგატიურ შეფასებას (ნაცთა მხრიდან) ვერ ასცდებოდა. ასეთ ვითარებაში ივანიშვილს ანგარიში უნდა გაეწია გუშინდელთათვის? ცხადია, არა, ვინაიდან ეს „გუშინდელნი“ კრიმინალები უფრო არიან, ვიდრე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები.

  „ნაციონალური“ მოძრაობა დანაშაულებით აღსავსე მოძრაობაა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში აბუჩად აიგდო ადამიანის უფლებები, ზეწოლა მოახდინა სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებზე, ყველა სფერო მმართველი ელიტის კონტროლქვეშ მოაქცია, შეურაცხყო ქვეყნის კონსტიტუცია, შექმნა ელიტარული კორუფცია და ა.შ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც ივანიშვილმა აღნიშნა თავის გამოსვლაში.

  დარბაზში მყოფ ევროპელ პოლიტიკოსთათვის ივანიშვილის სიტყვა (განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ნაცთა მმართველობის პერიოდს ასახავდა) პირდაპირ მინიშნება უნდა ყოფილიყო ევროსაბჭოს ზერელე, ზედაპირულ დამოკიდებულებაზე, საქართველოს მძიმე ვითარებასთან მიმართებაში.

 ივანიშვილმა არა მარტო ნაცები ამხილა, არამედ ევროსაბჭოც, რომელმაც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულიდან დაწყებული, 2012 წლის ოქტომბრით დამთავრებული,  გუნდრუკი უკმია „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ფრთას, შემდგომში ნაცმოძრაობას, საქართველოში „ჭეშმარიტი“ დემოკრატიის შემოღებისთვის, კორუფციის დამარცხებისთვის, ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებისთვის და სხვა.

  დღიდან საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრებისა, საქართველოს არაფერი მიუღია ამ ორგანიზაციისგან. რაც მიიღო იყო - ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების სიმტკიცისთვის მეცადინეობა, შემდეგ ჟვანია-სააკაშვილის აღზევება და გაღატაკებული ქვეყნის თავზე ბატონებივით მათი დაბრძანება.

  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - თავის ადგილზე მდგომი ორგანო, საკუთარი პრინციპების დამცველი და არა მერკანტილიზმით გაჯერებული, დამნაშავე სააკაშვილს წირვას გამოუტანდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

   რა დაკარგა ევროსაბჭომ? არც არაფერი. რა დაკარგა საქართველომ - ძალიან ბევრი - 9-წლიანი გაუსაძლისობის სახით, ევროსაბჭოს მიერ ქვეყნისთვის შემოთავაზებული რეკომენდაციების სახით (თურქი-მესხების ჩამოსახლება, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში სომხურ-აზერბაიჯანულის  გაფეტიშებით და სხვა). ევროსაბჭოს ხელშეწყობით ნაცებმა მშვენივრად „იბაირამეს“, დღესაც „ბაირამობენ“ ევროსაბჭოელთა მიერ თავზეხელგადასმულნი.

  ევროსაბჭოს მიზანია - ივანიშვილის ისე გაშავება, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა სარეცხმა ფხვნილმა ვერ გაათეთროს, პარალელურად - ნაცთა ქება და შესაბამისი ფონის შექმნა მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.

  შეძლო ივანიშვილმა მათი გადარწმუნება? ცხადია, ვერა. ვერც შეძლებდა, ვინაიდან ისინი „ნაცური“ ჩამოსხმისანი არიან.

  რა არის ევროსაბჭო? ევროსაბჭო არის ევროკავშირის, ნატოს და აშშ-ს მიერ შემუშავებული კურსის გამტარებელი ორგანო, ამ კურსის იდეოლოგიური შემფუთავი და გამამართლებელი. ამ კურსში თავისი ნიშა იპოვა სააკაშვილმა, უფრო სწორად, სააკაშვილს აპოვნინეს ეს ნიშა. და ადამიანის უფლებების დამრღვევი სააკაშვილი, რუსეთის ადამიანის უფლებების დამრღვევებს მიუქსიეს, როგორც გაავებული ნაგაზი.

   რუსეთი იყო და იქნება ევროატლანტიკური სივრცისთვის უმთავრესი მტერი,  ფარულ ომში მრავალი მეთოდი გამოიყენება, განსაკუთრებით, ერთთა მეორეზე მისევა. ამ პროცესში სააკაშვილს ბადალი არ ჰყავდა. შეძლებს ამას ივანიშვილი? ვერ შეძლებს! ვერ იკადრებს!

  სტრასბურგის დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმა 2008 წლის აგვისტოს ომზე. ივანიშვილმა “აგრესორისკენ” ხელი გაიშვირა, თუმცა არც ნაცები და არც მათი ლიდერი დაინდო. ივანიშვილი პირდაპირ არ შეეხო აგრესიის გამომწვევ  მიზეზს, ირიბად თქვა, მაგრამ კარგი გამგები გაიგებდა. მოეწონებოდა ეს სტრასბურგს? ცხადია - არა! რუსულ აგრესიაზე მას ეიფელის კოშკები აქვს აშენებული. დასავლეთი ვერ შეეგუება საკუთარი „სიმართლის“ ვერსიის გაბათილებას. ის ბოლომდე მიჰყვება ე.წ. „რუსული აგრესიის“ ვერსიას.

  სტრასბურგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რისთვის იბრძვიან ისინი და რომ მათი ბრძოლა შორსაა საქართველოს ინტერესებისგან. საქართველოს კეთილდღეობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იბრძოლოს. მან თავისი საქმე უნდა აკეთოს და არ უნდა შეუშინდეს ამ და სხვა არაობიექტური ორგანიზაციების რისხვას.

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

P.S. ივანიშვილის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით გულბაათ რცხილაძის მოსაზრება, რადიო "ობიექტივში", გადაცემის პირველ ნაწილში:იხილეთ ეს ბმული.


თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"