ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
30.03.2013
სოსო ხოზრევანიძე: «თურქეთში ცხოვრობს 65 ათასი „თურქი-მესხი“, აქედან 30 ათასი საქართველოში დაბრუნებას ითხოვს»

ინტერვიუ მესხეთის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტთან სოსო ხოზრევანიძესთან.

_ საქართველოში თურქი-მესხების ჩამოსახლება 2011 წლისათვის უნდა დასრულებულიყო, დღეისათვის დამთავრდა მათი ჩამოსახლება თუ კვლავ გრძელდება?

_ მოდით დავიწყოთ იმით, რომ   ტერმინი "თურქი მესხები" არასწორია, ისინი არიან მესხები, ან შეგიძლიათ მოიხსენიოთ, როგორც დეპორტირებული მესხები, ან კიდევ მუსულმანი მესხები. 1944 წელს მესხეთიდან 222 სოფლიდან იძულებით იქნა გადასახლებული 14 493  ათასი ოჯახი, როგორც თურქი, სინამდვილეში ისინი არიან მესხები 70% და 30% აჭარლები. 3052 ოჯახი, როგორც აზეირბაიჯანელები, აქედან 80% აჭარლები და 20% თარაქამები. 1830 ოჯახი როგორც ქურთები, , 15% ლეკები და 5% ოსები. 304 ოჯახი ხემშილები, ისინი არიან მუსულმანი სომხები,7 ოჯახი გადაასახლეს როგორც იეზიდი, ისინი არიან ქურთი იეზიდები.  აქედან 126 ოჯახი როგორც თათრები, ისინი 100% არიან თურქები. სულ გამოდის 19 812 ოჯახი. აქედან სულ  118 872 ათასი. ზუსტი ციფრი 120 ათასია. ეს 1998 წლის არქივის მონაცემებია, დღეისათვის ეს მონაცემები არქივში აღარაა, რადგანაც დაიწვა. გადასახლებულთა შორის 30 სოფელში ცხოვრობდნენ თურქები, ქურთები, ხემშილები, დანარჩენებში სულ თათრები იყვნენ,სულ 4934 ადამიანი გაასახლეს 30 სოფლიდან.

_გადასახლებულთა შორის თურქული ოჯახი რამდენი იყო?

_თურქული ოჯახი იყო 680, მაგრამ   სულ იყო 1926 წლიდან 1934 წლამდე ისინი თურქეთში გადასახლდნენ, გადასახლების დროისათვის  .გადასახლებულთა შორის 92% ივნენ ქართველები, აჭარლები და მესხები. გადასახლების შემდეგ მესხები ჩაწერილი იყვნენ როგორც თურქები და აჭარლები, როგორც აზეირბაიჯანელები.

_ რაც შეეხება რეპატრიაციას, ვიცით, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება თურქი-მესხების ჩამოსახლებაზე, რომელიც დღემდე გრძელდება,რამდენი თურქი-მესხი დაბრუნდა საქართველოში?

_1966 წლიდან 2009 წლამდე საქართველოში  სულ 200 ოჯახი დაბრუნდა. აქედან თბილისში ცხოვრობს 50 ოჯახი, გორში 10, ხაშურში 6, ახალციხეში 30 ოჯახი, აბასთუმანში 15, სამტრედიაში 35-მდე ოჯახი, ოზურგეთში 40 და აჭარაში 60 ოჯახი. მარნეულში 2 ოჯახი, გარდაბანში 2 ოჯახი. გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოში დაბრუნდა 25  ოჯახი. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 40 ოჯახი და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 6 ოჯახია რეპატრირებული საქართველოში, გორის რაიონის სოფელ წითელ უბანში 5 ოჯახი და სოფელ ახაშენში 1 ოჯახი. 2008 წლის მარტის თვიდან ჩასახლდნენ აზეირბაიჯანიდან საქართველოში და მათ ვერ მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. დღემდე რეპატრირებული ოჯახებისათვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი შეჩერებულია. მოქალაქეობას რეპატრირებულებს არ აძლევენ იმიტომ, რომ არ გაგრძელდეს რეპატრიაცია.

_ დღეისათვის რეპატრიაცია მიმდინარეობს თუ არა?

_არა, დღეს რეპატრიაცია შეჩერებულია, რადგანაც რეპატრირებულები მოქალაქეობას ვერ ღებულობენ. საქართველოს ხელისუფლების ნება არ არის. დღეისათვის რეპატრიაციას ითხოვს  ათასობით დეპორტირებული. სააკაშვილმა მართალია ევროსაბჭოში ხელი მოაწერა რეპატრიაციას, მაგრამ მოიქცა, როგორც უკანასკნელი |თაღლითი, მისი ზეპირი ბრძანებით რეპატრირებულებს მოქალაქეობას არ აძლევენ და ხელს უშლიან დეპორტირებულების უკან დაბრუნებას. 6 ოჯახი უკვე რამდენი წელია მოქალაქეობას ითხოვს და მათ უარს ეუბნებიან. რეპატრიაციის სტატუსის მოსაპოვებლად  2009-10 წლებში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დეპორტირებულებისგან  მიღებულია  5841 განცხადება დაბრუნებაზე, აქედან 700-მდე ოჯახს მიანიჭეს რეპატრიანტის სტატუსი, თუმცა ისინი ვერ ბრუნდებიან იმის გამო, რომ მათ არ აძლევენ მოქალაქეობას და არავითარ შეღავათს.

როგორც ვიცით, რეპატრირებულებმა შეიძინეს სახლები, თუმცა მათი ქონების რეგისტრაცია ვერ მოახდინეს, რა მიზეზით?

_ რა თქმა უნდა პრობლემაა ქონების რეგისტრაცია, ამას ხელს უშლიდა დღემდე  სააკაშვილის ხელისუფლება. ისე ადგილობრივი მოსახლეობა კი გვეუბნება, ჩამოდით,  რატომ არ მოდიხართო.? როცა მესხეთში ჩავდივარ, მოსახლება გვეკითხება, რატომ არ ჩამოდიხართო. მესხეთის მოსახლეობას სურს დეპორტირებული მესხების დაბრუნება.

_ ვინ აფინანასებს თურქი-მესხების დაბრუნებას საქართველოში და რა როლს ასრულებს მესხეთის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ საქმეში?

_რადგანაც რეპატრიაციის კანონში არავითარი შეღავათი და ხელშეწყობა არ არის, ამიტომაც არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აფინანსებს ამ პროექტს. ხალილ გოზალიშვილის სახელობის მესხეთის საერთაშორისო ორგანიზაციას ჩვენ წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით მხოლოდ იურიდიული კონსულტაციით., ფინანსურად კი - არა, რადგანაც  ყველა გზა ჩაკეტილი გვაქვს, არც ერთი დონორი ქვეყანა არ აფინანსებს ჩვენს ორგანიზაციას, რადგანაც  კანონით არ არის დარეგულირებული  რეპატრიაცია.

_ ძირითადად აზეირბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები  თურქი-მესხები ითხოვენ დაბრუნებას?

_ყველა ითხოვს, მათ შორის ყაზახეთში, ყირგიზეთსა და თურქენეთში  დეპორტირებულებიც, მაგრამ რადგანაც რეპატრიაციის კანონმდებლობა არ არის მოწესრიგებული, ვერ ბედავენ ამ პირობებში დაბრუნებას. მათ სურთ რეპატრიაცია რეაბილიტაციასთან ერთად.

_ რა გარანტიებს ითხოვენ ისინი?

_ თუნდაც ჩამოსახლების დროს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და სხვა სოციალური შეღავათები. Dდღემდე რეპატრიანტთათვის ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ ჩაურიცხავთ.

_ როგორია დეპორტირებული თურქი-მესხების ეთნიკური ცნობიერება, ისინი თავს ქართველებად თვლიან, ქართული თუ იციან და თუ სურთ ქართულ სინამდვილეში დაბრუნება?

_1966 წელს გადასახლებულთა 80%-მა  იცოდა ქართული ენა, 1974 წელს მხოლოდ 50%-მა, ხოლო 1983 წელს 25%-მა,  დღეს უკვე მხოლოდ 5%-მა. იცის ქართული ენა. ისინი, ვინც ქართული ენა იცოდა, გარდაიცვალა, ახალგაზრდებმა, რომლებიც უზბეკეთსა და ყაზახეთში ცხოვრობენ, იციან ის ენა, სადაც ცხოვრობენ.

_  შესაძლებელია, ენა არ იციან, მაგრამ  საქართველოს თავიანთ ქვეყნად აღიქვამენ და სურთ საქართველოში ცხოვრება?

_ ყველა ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი სამშობლოა, მაგრამ ზოგი თურქად თვლის თავს, ზოგი ქართველად. დაბრუნების შემდეგ მათი ბედი  და ეროვნების საკითხი იმ ქვეყნის ხელშია, სადაც დაბრუნდებიან, მისცემენ იმ ქვეყნის მოქალაქეობას თუ არა, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელში.

_ რეპატრირებულებს ქართული სკოლები რომ გაუხსნან, ისწავლიან ქართულს?

_ ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობდით 2006 წელს, ლტოლვილთა სამინისტრომ   ჩემგან ითხოვა 100 ოჯახის ხელმოწერა, რომ მათთვის ქართული სკოლა გახსნილიყო იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მე 2300 ხელმოწერა შევაგროვე, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს. დეპორტირებულები ელოდებოდნენ, რომ მათთთვის ქართული ენის კურსები გაეხსნათ, მაგრამ უარი გვითხრეს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში არსებობდა მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სახელ-გვარისა და ეროვნების აღდგენაზე მუშაობდა. რეპარტირებულებს სურდათ ძველი გვარების და ეროვნების აღდგენა, მაგრამ როგორც კი სააკაშვილმა გაიგო, რომ ეს კომისია მოქმედებდა და  დეპორტირებული მესხების ქართველობას აღადგენდა, სასწრაფოდ გააუქმა ეს კომისია. ამის შემდეგ რეპატრირებულების ეროვნების აღდგენაზე ლაპარაკიც  კი ზედმეტია,  რაც არ უნდა გააკეთო, დეპორტირებულებს მაინც თურქ-მესხებს ეძახიან.

_ ვთქვათ, ჩამოასახლეს დეპორტირებულები, ისინი ხომ მუსულმანური რელიგიის მატარებელი ხალხია, დადგება თუ არა მეჩეთის აშენების საკითხი, ხომ არ იგეგმება მეჩეთის აშენება უკვე ჩამოსახლებულთათვის?

_ სალოცავი მათთვის აუცილებელია და მოითხოვენ კიდევაც, მოთხოვნა ერთია, მაგრამ ხელისუფლება არ დაგვრთავს ნებას, თუკი კიდევ ჩამოსახლდებიან მესხები, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. მეჩეთის აშენება ხელისუფლების ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, და არა თურქეთის  ან, სხვა მუსულმანური ქვეყნების მიერ. თავად საქართველომ უნდა აუშენოს მეჩეთი მუსულმან მესხებს, რომ  მათ იფიქრონ, რომ საქართველო მათზე ზრუნავს. მეჩეთი რა პრობლემაა, ამდენი ეკლესიები ხომ  არის  და მეჩეთი რატომ არ უნდა აშენდეს, ახლა რეპატრირებულები  სახლში ლოცულობენ და მეჩეთი არ აქვთ, ვაპირებთ მეჩეთის აშენებას, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ. 

_ რა აუცილებელია მეჩეთის აშენება, სადაც არიან იქ რომ ილოცონ?

_ ეს საკითხი აუცილებლად დადგება, ახლა რეპატრიირებულებს ეშინიათ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რაც შეეხება დეპორტირებულებს, წინანწარ არ სურთ მათ ამაზე საუბარი, რადგან არ სურთ  რეპატრიაციაში  ხელი შეეშალოთ.

_ დაბრუნების შემდეგ მოითხოვენ?

_ თუ ნებართვა არ იქნება  ხელისუფლების მხრიდან, როგორ ააშენებენ? თუმცა, ეს საკითხი ადრე თუ გვიან დადგება.

_ თუმცა ასე გაურკვეველი ეროვნების ადამიანების  ერთი ხელის მოსმით ჩამოსახლება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული...

_  თუ რისკები არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, მაშინ ხელისუფლება აამოქმედებს იმ პროგრამას, რასაც ჰქვია ქართული ენის შესწავლა და ქართული ეროვნების აღდგენა, მაშინ ეს პრობლემა არ დადგება. დღევანდელი რეპატრიაციის კანონი ანტირეპატრიაციის კანონია. სააკაშვილის ხელისუფლებას უნდოდა ევროსაბჭოს გულის მოგება და ფულის გაკეთება თურქი-მესხების ხარჯზე.

_ თურქეთში მცხოვრები თურქი-მესხებიც ითხოვენ საქართველოში დაბრუნებას?

_თურქეთში ცხოვრობს 65 ათასი „თურქი-მესხი“, აქედან 30 ათასი საქართველოში დაბრუნებას ითხოვს.

_ რა შანსი აქვთ მათ საქართველოში დაბრუნების?

_ თურქეთში მცხოვრებთ უკეთესი შანსი აქვთ დაბრუნების, ფინანსები მათ აქვთ. იმათგან, ვინც ქართული ორიენტაციისაა არ გააჩნიათ საჭირო ფინანსები, ხოლო თურქული ორიენტაციის მესხებს აქვთ ფინანსები. თურქული ორიენტაციის წარმომადგენლებს თურქეთის ხელისუფლება ეხმარება.

_ თუ საქართველოს ხელისუფლების ნება არ იქნება, როგორ ჩამოვლენ?

_ ფულით იყიდიან  საქართველოს ხელისუფლებას.

_ აზეირბაიჯანსა და სხვაგან მცხოვრებ თურქ-მესხებს არ აქვთ  ფინანსები დასაბრუნებლად?

_ მათ აქვთ საკმაო ფინანსები, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება დაინტერესებულია, იმით, რომ თურქი-მესხები ჩასახლდნენ მესხეთში.  თანაც მესხეთს ეძახიან `ახისხაშს~, რომელიც ნიშნავს თურქულად მესხეთს., თურქეთის ხელისუფლება ეუბნება თურქეთში მცხოვრებ თურქებს, რომ `ახიშხა~, ანუ მესხეთი,  თურქეთის  ტერიტორიის ნაწილია, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა და დაბრუნდით თქვენს ტერიტორიაზეო. გარკვეული საშიშროება არსებობს, რომ თურქეთში მცხოვრები თურქი-მესხები დაბრუნდნენ მესხეთში. თუ ხელისუფლება არ აამუშავებს იმ პროგრამებს, რომელიც იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს, მაშინ თურქეთის ხელისუფლება აისრულებს თავის მიზანს. თუ ჩვენ ჩუმად ვიქნებით უარეს მივიღებთ.

_როგორ უნდა გაკონტროლდეს მათი შემოსვლა?

_ ქართული გვარების აღდგენის პროგრამამ რომ იმუშაოს, ჩვენ ავტომატურად გავიგებთ, თუ ვინ შემოდის საქართველოში.

_ რას იტყოდით თურქეთზე, როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?

_თურქეთი გარეგნულად თითქოსდა საქართველოს მეგობარია, მაგრამ შიგნიდან საქართველოს მტერია. მათ მხოლოდ ჩვენი მიწები უნდათ და სხვა არაფერი, განსაკუთრებით მესხეთის მიტაცება უნდათ. თურქეთის პრეზიდენტი ეუბნება  თურქ-მესხებს, თუ გინდათ თქვენი "ახისხისტავა", ანუ დაბრუნება გაგრძელდეს, მაშინ  ამერიკასთან მაგრად უნდა ვიყოთო. თურქეთიდან თურქი-მესხების  ჩამოსახლების საკითხი მუდმივად იდგა და დგას დღის  წესრიგში თურქეთში. თუ რეპატრიაცია არ დაიწყება, მაშინ დეპორტირებულები ქაოტურად შემოვლენ თურქეთის, აზეირბაიჯანისა და თურქეთის ხელით.  ისინი მოითხოვენ ავტონომიას ევროსაბჭოსგან, გაეროსგან. სახელმწიფოს პროგრამები არ იმუშავებს მათ გასაქართველებლად, მაშინ შემოვლენ იმ სახით, როგორც არიან - ეს უფრო საშიში იქნება.

_ შემოსვლაზე ლაპარაკობთ, მაინც რა გზებით ეცდებიან ჩამოსვლას, თუ არ იქნება ნება თურქი-მესხების  საქართველოში დაბრუნების?

-      ორი ვარიანტია, თურქეთმა შეიძლება კიდევ ჩაასახლოს დეპორტირებულები თურქეთში და კიდევ უფრო გაათათროს, 120 ათასი შეაგროვოს და  შემდეგ მკაცრად მოითხოვვენ ავტონომიას საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობა  და  საქართველო არ აძლევს მათ იქ ჩასახლების საშუალებას, ამიტომ წინასწარ შეიძლება მოითხოვონ ავტონომია. თურქეთში სკოლებში უკვე ასწავლიან, რომ აჭარა და მესხეთი მათი ტერიტორიაა.

_ დღეს თუ არიან ჩამოსული თურქი-მესხები თურქეთიდან?

_ ისინი ჩამოდიან, როგორც ინვესტორები სააკაშვილის დახმარებით, სინამდვილეში არიან მუსულმანი აღმსარებლობის მოლები, მათგან არიან თურქი-მესხებიც. ბათუმში ინვესტორის სახელით მათ რამდენიმე ქუჩაც კი იყიდეს. ისინი ჩვენზე კარგად ცხოვრობენ ბათუმში, თბილისშიც ბევრი თურქია ჩამოსული საცხოვრებლად.

თქვენ  ფიქრობთ, რომ  აჭარაც მიტაცებული აქვთ?

_ აჭარა თთქმის  წაღებული აქვს, ადრიდანვე  აჭარა ხომ მესხეთის ტერიტორიად ითვლებოდა,  არტანუჯი, შავშეთი, კლარჯეთი ხომ მესხეთია, ისე, ბათუმიც მესხეთია. თურქეთის დღევანდელი ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მესხეთის წართმევა უნდათ. ფაქტობრივად ხომ გაათურქეს მესხები არა? ისინი ყველგან მუშაობენ, აგიტაციას ეწევიან აზეირბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და სხვაგან ჩასახლებულ დეპორტირებულებთან. ჩადიან იქ და თურქულ კონცერტებს მართავენ, ატარებენ კრებებს, თუკი დეპორტირებულმა  მესხმა თურქებთან შეხვედრის დროს თქვა, რას ამბობ, მე ხომ ქართველი ვარ, მას იქვე მოკლავენ.

_ მართლა მოკლავენ?

_ მოკლავენ, თუმცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა და ამაზე ჯერ არ წასულან. დეპორტირებულებს იმის ეშინიათ, იქ რომ თქვან ქართველები ვართო, იმიტომ რომ  მათ საქართველოს მხარდაჭერა არ აქვთ.

_ აზებაიჯანში რა რაოდენობაა დეპორტირებულების?

_ აზერბაიჯანში  ასე  40 ათასი დეპორტირებული მესხია, აქედან 50% გათურქებულია.

_ რას იტყოდით რუსეთის ფაქტორზე?

_ თურქეთს უნდა, რომ მესხები ჩაასახლოს მესხეთში, როგორც  "თურქ-ახისხა", რაც თურქ მესხს ნიშნავს. რუსეთს თავისი გეგმა აქვს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოზე მოახდინოს ზეწოლა. რუსეთმა იცის, რომ ისინი მესხები არიან, არქივები ხომ  მათ ხელშია, მაგრამ  თუ საქართველო არ იქნება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი, მაშინ ამ გეგმას აამუშავებს. როგორც ახლა ჯავახეთშია პრობლემა, ასეთი პრობლემა შექმნან ამ შემთხვევაში  თურქი-მესხების სახელით.

_ ამ კუთხით რუსეთი არაკეთილსაიმედოა?

_ ჩემი აზრით, ამჟამინდელ ვითარებაში 90%-ით არაკეთილსაიმედო.

_ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ამ კუთხით სასარგებლო იქნება?

_ თუ რუსეთთან კარგად ვიქნებით, რუსეთი შეიძლება არ წავიდეს იმ რისკებზე, რაც შეუძლია, ანუ თუ რუსეთთან კარგად ვიქნებით, რუსეთი იმ ნაღმებს არ ააფეთქებს, რომელიც  ჩადებული აქვს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

_ დაახლოებით რა რაოდენობით არიან თურქი-მესხები?

_ დეპორტაცია გაუკეთეს  120 ათასს და გახდა 400 ათასი.

_ დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყოდით?

_ ივანიშვილის ხელისუფლების იმედი მაქვს, ივანიშვილი ისეთი კაცია, რომ ის ყველაფერზე ფიქრობს და  არა თავის ჯიბეზე, მისი თქმით საქართველოში არცერთი პრობლემა არ დარჩება მოუგვარებელი. მათ შორის ის  მიიღებს რეპატრიაციის კანონს დ ხელს შეუწყობს დეპორტირებულების დაბრუნებას.

 

ესაუბრა ეთერ ბალაძე

– სპეციალურად "პოლიტფორუმისთვის"
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"