ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.03.2013
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძველი და ახალი პრიორიტეტები

საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ეს მოვლენა არაორდინალურია საპარლამენტო პრაქტიკაში, თუმცა არა პრინციპულად მიუღებელი და, მით უმეტეს, ლეგიტიმაციას მოკლებული. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს რეზოლუციის მიღების მიზეზი - იგი განაპირობა მძაფრმა შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ და არჩევნების შედეგად დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიამ, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. საზოგადოდ, საშინაო და საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში შიდაპოლიტიკური კონიუნქტურა მეტად ან ნაკლებად პოულობს ასახვას. საქართველოს პარლამენტის მიერ ამა წლის მარტში მიღებული რეზოლუციაც ამგვარი საშინაო კონიუნქტურის ანარეკლად უნდა განვიხილოთ.

  მეორეს მხრივ, არც ის ფაქტორია მხედველობიდან გამოსარჩენი, რომ ადგილი აქვს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გარე ძალების არსებით ზეგავლენას (სპეციალურად არ ვიყენებთ ფორმულირებას - „საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა“, თუმცა ამ ცნების გამოყენებაც სავსებით მართებული იქნებოდა). ჩვენ მოწმენი ვართ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ჰიპერაქტიურობისა - ბატონი ელჩი ხან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ხვდება, ხან მეორისას, მუდმივად აკეთებს კომენტარებს პრესის წინაშე საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მისივე განცხადებით, „სწავლობს“ და „აკვირდება“ ამა თუ იმ მოვლენას, უხვად არიგებს რჩევებსა და რეკომენდაციებს, კორექტულად, მაგრამ ფაქტობრივად მოძღვრავს ქართულ საზოგადოებას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. არანაკლებ აქტიურობენ ევროპელები, ევროპარლამენტში წარმოდგენილი უმსხვილესი „სახალხო პარტიის“ სახით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის პარტნიორად განიხილავს და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „შეშფოთდა“ საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ბედით. გარდა „სახალხო პარტიისა“, არც ევროკავშირის სტრუქტურები ტოვებენ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს უყურადღებოდ. ყველა მათგანი კი ერთხმად განაგრძობს ქართული პოლიტიკური სპექტრის შეგულიანებას, გაგრძელებულ იქნას საქართველოს „სვლა“ დასავლეთისკენ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებისკენ სწრაფვა და ა.შ.

  არასტანდარტული საპარლამენტო რეზოლუციაც სწორედ ამ საშინაო და საგარეო ფაქტორების გამოძახილია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს საზოგადოების მხრიდან განხილვასა და შეფასებას. პირველ ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს კანონის ძალა და იგი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი ვერ იქნება. მით უმეტეს, ეს არ არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომელიც მომავალში ვერ გადაიხედება და მისი პრინციპები არ შეიცვლება. ამ მხრივ, რეზოლუციას დიდი იურიდიული დატვირთვა არ აქვს და ეს კარგია, რადგან სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა მოქნილი, შეუბოჭავი უნდა იყოს და მას არ ესაჭიროება არტახებში მოქცევა. მაგრამ მიღებულ დოკუმენტს აქვს მორალური დატვირთვა, იგი ასახავს ლეგიტიმური პარლამენტის ნებას. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ მოუწია, საგარეო ზეწოლის პირობებში დათმობებზე წასვლა და რეზოლუციაში გათვალისწინებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა აზრებიც. ალბათ გასაგებია, რატომ - სამწუხაროდ, ვინაიდან სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს უძლიერეს და უახლოეს მეზობელ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას, ომსა და ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას. საქართველო რომ შემდგარი, სუვერენული სახელმწიფო იყოს, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლებული იქნებოდა, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ნაცვლად იმისა, რომ მასთან შეთანხმებული ყოფილიყო ქვეყნის სტრატეგია. მაგრამ ასეა თუ ისე, ახალმა მმართველმა პარტიამ ის მაინც მოახერხა, რომ ქვეყანას ააცილა სრული აბსურდი - კონსტიტუციაში საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე შენიშვნების ჩამატება. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მიღებული საპარლამენტო რეზოლუციაც მთლიანობაში ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ზომიერია და იგრძნობა, რომ მმართველმა პარტიამ მაქსიმალურად შეაფერხა „ნაციონალური“ დემაგოგიის ზეგავლენა რეზოლუციის ტექსტზე. მაგრამ დოკუმენტი შეიცავს რამდენიმე მიუღებელ პუნქტსაც, რომელთა პრაქტიკაში რეალიზება მთავრობის მხრიდან, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იქნება.

   პირველ ყოვლისა, პრინციპულად მიუღებელია დოკუმენტის მე-18 პუნქტი, რომლის მიზანი აშკარაა - არ უნდა იქნას დაშვებული რეალური დაახლოება საქართველოსა და რუსეთს შორის, ამ პუნქტში ამთავითვეა გამორიცხული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება რუსეთთან ისე, რომ თავად რუსეთი არც არის ნახსენები. გასაკვირი არაა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების თემა დემაგოგიურად არის მიბმული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხთან: „საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა“.

  რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა საკითხის ამგვარი დასმა, რადგან საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავს ფუფუნება მისცეს, წინასწარ განსაზღვროს, ვისთან უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა და ვისთან - არა, რომელ სახელმწიფოებთან დაამყაროს სავაჭრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი და რომელთან - არა. მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ასეთ პოლიტიკას ატარებს და ტაივანის აღიარებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მუქარით აბრკოლებს, მესამე სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს არის ჩინეთი, თავისი უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენით მსოფლიო დონეზე, რომელსაც საქართველო ამ შემთხვევაში აუცილებლად არ უნდა ბაძავდეს. საქართველოსთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს სერბეთის მაგალითი, რომელსაც დასავლეთმა მისი უძველესი მიწა-წყალი - კოსოვო ჩამოაჭრა და დამოუკიდებლად აღიარა. სერბებისთვის ეს არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე საქართველოსთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ სერბეთის სახელმწიფოს არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები კოსოვოს ამღიარებელ სახელმწიფოებთან და თან „ოკუპანტ“ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის. საქართველოსთვის უზარმაზარი მეზობელი რუსეთი იგივე მნიშვნელობისაა, რა მნიშვნელობაც სერბეთისთვის აქვს ევროკავშირს, გამომდინარე მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან. თუკი საქართველომ თავიდანვე გამორიცხა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები, სადაც რუსეთი მონაწილეობს, ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ვერ დაგვაახლოებს საქართველოს გაერთიანების მიზანთან.

  მაგრამ ინტეგრაციული პოცესებიდან საკუთარი თავის გამიჯვნაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე უარის თქმა. „ნაცური“ დემაგოგია იმის თაობაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების განახლება იმ სახელმწიფოსთან, რომელმაც „ოკუპაცია“ მოახდინა და აღიარა ჩვენი ტერიტორიები, ამ ტერიტორიების ჩვენი მხრიდანაც აღიარების ტოლფასი იქნება, კრიტიკას ვერ უძლებს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მომენტში საქართველოს შეუძლია, წერილობით და ზეპირად, ოფიციალურად დააფიქსიროს, რომ იგი არასოდეს გაიზიარებს რუსეთის მხრიდან თავისი ტერიტორიების აღიარებას და რომ რუსეთი და საქართველო ამ კონკრეტულ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს მხრიდან აღიარება გამოირიცხოს. პირიქით, დიპლომატიური ურთიერთობები და საერთოდ, რუსეთთან დაახლოება, საქართველოს შანსებს ბევრად ზრდის, მომავალში გავლენა იქონიოს აფხაზეთთან და შიდა ქართლის რეგიონთან დაკავშირებულ პროცესებზე. მრავალჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს არაკეთილმოსურნეებს არაფრის ისე არ ეშინიათ, როგორც რუსეთის და საქართველოს ერთმანეთთან დაახლოებისა. არავის აღელვებს არც სოხუმში და არც ცხინვალში, თუკი თბილისი ასიათასჯერ გაიმეორებს, რომ მას ნატოში და ევროკავშირში სურს შესვლა. ხოლო როცა საქმე რუსეთთან ურთიერთობების დათბობას ეხება, სეპარატისტების ემისრები რუსეთში მაშინვე აქტიურდებიან, რუსულ პრესაში ჩნდება აშკარად დაკვეთილი ხასიათის ანტიქართული სტატიები, იწყება ისტერია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზების და ოსების „ზურგს უკან“ არ განახორციელოს მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა. შ. ამ მხრივ უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა ილია მეორის ვიზიტს მოსკოვში, რომელიც ამა წლის იანვარში შედგა. გარდა იმისა, რომ პატრიარქმა გაადნო ყინული და საფუძველი ჩაუყარა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას, მისმა ვიზიტმა დიდი შეშფოთება და აყალ-მაყალი გამოიწვია ანტიქართულად განწყობილ ელემენტებში, რომლებიც სოხუმისა და ცხინვალის გარდა, სამწუხაროდ, მოსკოვშიც უხვად არიან. ამის შესახებ ჩემთვის ჩემი რუსი კოლეგებისგან არის ცნობილი. ამ შეშფოთებამ ნაწილობრივ გამოხატულება ჰპოვა საჯარო სივრცეშიც - ამოქმედდა სეპარატისტების დიპლომატია, კავშირ-ურთიერთობები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება გააკეთებინეს, რომ მოსკოვი არ აპირებს დამოუკიდებლობის უკან წაღებას და საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას აფხაზების და ოსების ხარჯზე... გოჩა ძასოხოვს თავის მართლება მოუწია იმის გამო, თუ რატომ შეხვდა უწმინდეს პატრიარქს...

   ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უკარგავს მოსვენებას გარკვეულ ელემენტებს საქართველოს რუსეთთან დაახლოების იდეა და კერძოდ, პატრიარქის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ამ ფონზე ქართული სახელმწიფო პასიურად არ უნდა იქცეოდეს და „ნაც-პროპაგანდით“ დარეტიანებული, შეცდომას შეცდომაზე არ უნდა უმატებდეს. უკვე უიმედოდ მოძველდა თავგამოდებითი ორიენტაცია დასავლეთზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან და რუსეთში უნდა იმუშაოს ინტენსიურად. ეს არ იქნება ადვილი, ჩვენ წინ გველის ბრძოლა, დიდი ბრძოლა, მაგრამ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ და განვსაზღვროთ ჩვენი ახალი პრიორიტეტი - რუსეთთან არა მხოლოდ ზერელე დაშოშმინება და გაუთავებელი დიალოგი, არამედ მეტი აქტიურობა, დაახლოება და შედეგი გვჭირდება! ეს კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე, უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, თორემ სხვა მხრივ, შეიძლება კიდეც, მოვახდინოთ სიტუაციის დაკონსერვება და ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა.

   ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სანამ შორეულ და რთულად განსახორციელებელ მიზნამდე მივალთ - საქართველოს ერთიანობის საკითხის გადაწყვეტამდე, მანამდე ბევრი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, რომელიც რუსეთის გარეშე არ მოგვარდება - ვაჭრობა, შრომითი მიგრაცია, სავიზო რეჟიმის შერბილება და პერსპექტივაში მოხსნა... ყოველივე ეს დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარებადია. საქართველოს კი განვითარებისთვის სიახლეები სჭირდება.

  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების და პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორების პროცესი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ „ნაცები“ ფიზიკურად ხელისუფლებაში არ იქნებიან, მაგრამ ოპოზიციიდან, ისტერიითა და დემაგოგიით მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის სფეროში. სააკაშვილის დამქაშებისთვის რუსეთთან ურთიერთობის თემა პროპაგანდისტური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებას დიდი ინტელექტი არ სჭირდება - მთავარია, ისპეკულანტო ტერიტორიების თემით და ემოციური ფონის დაძაბვა გარანტირებულია. მე არ ვგულისხმობ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ხელისუფლების მხრიდან დემაგოგებისა და პროვოკატორების იგნორირების აუცილებლობას. ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლებას ამ საკითხში გარანტირებული აქვს, ამას არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა მოწმობს - ქართველ ხალხს სურს რუსეთთან დაახლოება, მასთან სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და რაც მთავარია, სულიერი ურთიერთობების გაღრმავება. კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ყოველივე ამის სრულფასოვანი განხორციელება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ „ნაციონალების“ პროპაგანდას ყური ხელისუფლებამ არ უნდა ათხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ახდება კახა ბენდუქიძის სატელევიზიო „პროგნოზი“ იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას დაახლოებით ერთ წელიწადში მკვეთრად გაუფუჭდება აწ უკვე ნელ-ნელა დაწყებული, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტი ურთიერთობები რუსეთთან. ამის შესახებ იმავე სატელევიზიო გადაცემაში განვაცხადე და ახლაც ვაცხადებ.

  იმისათვის, რათა ხელისუფლებამ მეტი სითამამე გამოავლინოს და ხალხის მხარდაჭერის ირწმუნოს, საზოგადოებამ უფრო აქტიურად და შეუნიღბავად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ. აუცილებელი არაა, ყველა პოლიტიკის სპეციალისტი იყოს (მით უმეტეს, სამწუხაროდ, სულ ერთი მუჭა სპეციალისტები გვყავს, „ექსპერტებად“ მონათლულ დილეტანტებს და თვითმარქვიებს თუ არ ჩავთვლით). პირიქით, სწორედ აპოლიტიკურმა და უპარტიო მოქალაქეებმა, რომლებიც თავიანთ სფეროში არიან სპეციალისტები, მაგრამ რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა მათ ინტერესებს ეხება ან ხვდებიან, რომ ეს თემა ქვეყნის საერთო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, უნდა გამოთქვან თავიანთი აზრი. ამ პროცესის წარმატებულ დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ინიციატივა, როდესაც 27 თებერვალს, სასტუმრო „ვერე-პალასში“ ქართული ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები, ასევე ვეტერანი სპორტსმენები და ახალგაზრდობა შეიკრიბნენ. ხსენებული შეკრებით გაიხსნა საზოგადოებრივი დისკუსიები რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. საინტერესოა, რომ თითქმის 100 ადამიანი შეიკრიბა 27 თებერვალს და სრული ერთსულოვნება სუფევდა მათ შორის განსახილველ თემაზე (ერთი გამონაკლისის გარდა). სწორედ ამ გარემოებამ გააღიზიანა „ნაციონალების“ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები და ატყდა აურზაური, შეკრების მონაწილე ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის გამოძახება სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მისაღებად და იქ ჟურნალისტებად მონათლული „ნაციონალების“ მიერ წნეხში გასატარებლად. ასეთი ნათელი მაგალითია ე. კვესიტაძის მიერ მომზადებული გადაცემა „აქცენტები“, სადაც იგი შეეცადა, ირმა სოხაძისა და ჯემალ სეფიაშვილის ფსიქოლოგიურ ტერორიზებას - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. გამომდინარე აქედან, მივიჩნევ, რომ ევრაზიის ინსტიტუტის წამოწყება აბსოლუტურად გამართლებულია და საჭირო. უახლოეს ხანებში შეხვედრების ფორმატი გაფართოვდება და ტრიბუნა მიეცემა ყველა მსურველს. ხელისუფლებამ კი ეს უბრალოდ უნდა შენიშნოს, დაინახოს და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს, მას ჩვენგან მეტი არაფერი მოეთხოვება.

 

გულბაათ რცხილაძე -

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი,
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

P.S. წინამდებარე სტატია დაიწერა ჟურნალისათვის „სამი საუნჯე“

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"