ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
23.03.2013
ურა-პატრიოტიზმი

„ერისიონის“ მოსკოვის გასტროლებზე ლაპარაკი შედარებით შემცირდა, მაგრამ თემა „ღალატისა“ ქართულ ტელესივრცეში დროდადრო წამოწევს ხოლმე. რა გაეწყობა, დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისთვის მსგავსი პათოსი დასაშვებია, მაგრამ ნაცთა მხრიდან - დაუშვებელი. უპირველესად იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში, რაღაც მაინც უნდა ესწავლათ, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - ამჟამად არასამთავრობოებში გადაბარგებულებს, „პატრიოტიზმით“ დამუხტულებს.

გარდა იმისა, რომ მათ საერთაშორისო დიპლომატიის წყალი არ გადასხმიათ, სხვაც არის - საზოგადოების ნეგატიურად დამუხტვა, როგორც ხელისუფლების, ისე რუსეთის მიმართ, თორემ დიპლომატიაში ოდნავ ჩახედულ პირს უნდა სცოდნოდა, რომ არსებობს ე.წ. სახალხო დიპლომატია, უნდა სცოდნოდა ისიც, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების წამოსაწყებად ყველა ხერხი გამართლებულია, თუნდაც კრემლის ყრილობათა სასახლეში ცეკვა. მათ ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ ვაშინგტონმა პეკინთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად სპორტიც გამოიყენა - მაგიდის ჩოგბურთის სახით. ამერიკელი სპორცმენების პეკინში გამოსვლას უმალ მოჰყვა ჰენრი კისინჯერის ვიზიტი.

„პინგ-პონგის“ დიპლომატია უწოდეს მსოფლიოს ჟურნალისტებმა კისინჯერის პეკინში მოლაპარაკებას, რომელმაც გზა გაუხსნა ორ ქვეყანას ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. რა უფრო უმჯობესი იყო - ამერიკელთა მხრიდან გულზე მჯიღთა პატრიოტული ბაგა-ბუგი, თუ პრაგმატული ნაბიჯი - მაო ძედუნის კომუნისტურ ჩინეთში ჩასვლა?

დაახლოებით იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირში სტუმრად ჩამოვიდა ამერიკელ კონგრესმენთა სოლიდური დელეგაცია, რაც „ცივი ომის“ პერიოდისთვის ერთობ გასაოცარი რამ იყო. კრემლს სურდა ჯეროვანი მასპინძლობა გაეწია სტუმრებისთვის და ამ საქმეში დახმარება საქართველოს ხელისუფალთ სთხოვა. კრემლმა ჩათვალა, რომ ამერიკელთა გულის გასალღვობად მხოლოდ ქართული მასპინძლობა გამოდგებოდა.

ამერიკელ კონგრესმენებს, მართლაც შესანიშნავი მასპინძლობა მოუწყვეს, რაც დაგვირგვინდა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე რესტორან „დარიალში“. საღამოს ახალისებდა ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები. აღფრთოვანებულმა ამერიკელმა სტუმრებმა არა მარტო იმღერეს და იცეკვეს, არამედ არაერთხელ შესვეს მასპინძლებთან „ვახტანგური“, თან იმას ამბობდნენ - კიდევ კარგი, ამერიკელი ჟურნალისტები რომ არ გვესწრებიანო.

ცნობისათვის, დელეგაციას 50 ამერიკელი ჟურნალისტი ახლდა. ისინი სადილს არ ესწრებოდნენ თვით ამერიკელ კონგრესმენთა თხოვნით. სტუმარი ჟურნალისტებისთვის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა, სასტუმრო „ივერიის“ რესტორანში, ცალკე ბანკეტი გამართა.

ამერიკელ კონგრესმენთა გულარხენობა დიდხანს არ გაგრძელებულა.  ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაიგეს დელეგაციისთვის გამართული ბანკეტის თაობაზე და მასპინძლებთან მომღერალ-მოცეკვავე კონგრესმენებს თავზე წამოადგნენ.

მეორე დღეს, ამერიკული პრესა, პირველი გვერდებიდან აუწყებდა მკითხველს კონგრესმენთა ვიზიტის თაობაზე, დიდი სათაურით - „Dancing Diplomacy“  („ცეკვის დიპლომატია“). მასპინძლობის ორგანიზატორებს, მათ შორის მეც - პროტოკოლის ხელმძღვანელს, საბჭოეთის საგარეო უწყებამ მადლობა გადაგვიხადა. სწორედ ამ „ცეკვის დიპლომატიას“ მოჰყვა კისინჯერის მოსკოვის ვიზიტი.

დღევანდელი ნაცი „პატრიოტების“ მიხედვით, უმჯობესია ოკუპანტ რუსეთთან პერმანენტულ „ბუტე-ბუტე გაგებუტეს“ თამაში, რაც თავისთავად, არსებულ ვითარებასთან შეგუებაა.

დღევანდელ მსოფლიოში აშშ-ი თუ ვინმეს მტრად მიიჩნევს - ჩრდილო კორეაა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა კორეის მიერ ბირთვული ბომბის მესამე მიწისქვეშა გამოცდის შემდეგ. ამ ამბავს მკაცრი რეაქცია მოჰყვა, როგორც აშშ-ი, ისე სხვაგან, თუმცა ამას ფხენიანი არ შეუშინებია. ჩრდილო კორეის სამთავრობო გაზეთმა „ნოდონ სინმუნმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ს ტერიტორია არის ჩრდილო კორეის ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის ზონაში“. ამ განცხადებით ჩრდილო კორეა დაემუქრა ამერიკას ატომური თავდასხმით.

და აი ასეთ დაძაბულ ვითარებაში ფხენიანში ჩავიდა აშშ-ს სახელგანთქმული საკალათბურთო გუნდი „ჰარლემ გლობტროტერსი“ („Harlem Globetrotters“) - ლეგენდარული კალათბურთელის დენის როდმანის ხელმძღვანელობით. გუნდი კორეის ახალმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მიიწვია. რაღაც არ მსმენია, რომ ოპოზიციურ რესპუბლიკელებს „პატრიოტული“ ყვირილი აეტეხათ.

ნაცთა აზრით, ალბათ არც ფხენიანს უნდა მიეწვია ამერიკელები და არც ამერიკელებს უნდა მიეღოთ მიწვევა. ფხენიანის მიხედვით, თუ ვინმე არის მისი ტერიტორიების ოკუპანტი (99.000 კვ. კილომეტრი) - ამერიკაა. გარდა ამისა, „ოკუპირებულ“ ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზაა განლაგებული.

გასული საუკუნის კორეის ომის შემდეგ კომუნისტური ჩრდილოეთი ძვალივით აქვს ყელში გაჩხერილი აშშ-ს. 1993-94 წლებში პრეზიდენტ კლინტონს  გადაწყვეტილი ჰქონდა ჩრდილო კორეის ბირთვული ობიექტების დაბომბვა, მაგრამ კომპიუტერული ომის მოდელირებამ დაარწმუნა პენტაგონი, რომ ამერიკისთვის ეს იქნებოდა მარცხის ტოლფასი, გამარჯვება - მინიმუმ ასი ათასი ამერიკელის მსხვერპლით. ნაცვლად იერიშისა ვაშინგტონმა დიპლომატიურ იერიშს მიმართა - გაგზავნა რა ყოფილი პრეზიდენტი კარტერი ფხენიანში.

პოზაში დგომა, მუდმივი ბუტიაობა კარგის არაფრის მომტანია, რაც უნდა შეიგნონ ნაცებმა და ე.წ. პატრიოტმა ქართველებმა.

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"