ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
17.03.2013
რა იწვევს დიდ აჟიოტაჟს აფხაზეთში?

ახლახანს ევრაზიის ინსტიტუტს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ბატონი თენგიზ პაჭკორია დაუკავშირდა, რომელიც რიგი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, აფხაზეთს ყურმოკვრით არ იცნობს. მით უმეტეს, მას, აფხაზეთიდან დევნილს, ვერავინ დასწამებს, რომ საქართველოს ერთიანობის თემა ვინმეზე ნაკლებად ადარდებს. ბატონმა თენგიზმა მხარდაჭერა გამოხატა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 8 მარტს გაჟღერებული პოზიციის ძირითადი პოსტულატების მიმართ. კერძოდ, ბატონი თენგიზი აღნიშნავს, რომ საქართველოს 1993 წლის შემოდგომაზე კი არ უნდა მიეცა თანხმობა რუსეთისთვის დსთ-ში შესვლაზე, როდესაც სოხუმი დაეცა და ყველაფერი დამთავრებული იყო, არამედ დროულად, ამ მოვლენაზე ბევრად ადრე. გარდა ამისა, წარმოუდგენელია აფხაზებთან ურთიერთობების დარეგულირება, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გარეშე.

ზუსტად ეს პოზიცია აქვს მრავალგზის გამოხატული ევრაზიის ინსტიტუტს, მის ხელმძღვანელს, წლების მანძილზე. შედარებისათვის გთავაზობთ ბატონი თენგიზ პაჭკორიას მოსაზრებას, რომელიც მან მე-9 არხზე, გადაცემა „ახალკაცის მატრიცა“-ში გამოხატა. კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტის განცხადებით (შესაბამისი მაგალითების მოხმობით), აფხაზეთში დიდ აჟიოტაჟს იწვევს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივა.  რა თქმა უნდა, რუსეთი უკან არ წაიღებს აფხაზეთის აღიარებას, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე რუსები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ შედგეს მოლაპარაკება ქართველებთან ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის შექმნის შესახებ, თუკი აფხაზებიც თანახმანი იქნებიან. ამგვარი პერსპექტივა აფხაზების დიდ ნაწილს დღესდღეობით არ ხიბლავს, თუმცა აფხაზეთში არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრებებიც. მთავარია, არსებობდეს გარკვეული „ჩონჩხი“ რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების საფუძვლად - განაცხადა თენგიზ პაჭკორიამ.

გადაცემის ბმული: იხ. 17-ე წუთიდან 32-ე წუთამდე, ზემოთ მოყვანილი ციტატის მოსასმენად კი - 30 წთ.  16 წმ. - 31 წთ. 12 წმ. - "ახალკაცის მატრიცა".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"