ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
16.03.2013
"ერისიონის" რუსულ გასტროლებთან დაკავშირებით ატეხილი "ნაციონალური" ისტერია

რაც მართალია, დაძაბული პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს. კვირა ისე არ ჩაივლის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, მათმა გულშემატკივარმა საზოგადოებამ, პროცენტულად მცირედმა, უმრავლესობას (ხალხი მყავს მხედველობაში) ახალი თავსატეხი არ გაუჩინოს. ასე იყო გასულ კვირასაც. თემა - ანსამბლ „ერისიონის“ მოსკოვის კონცერტები. „ეს რა ნახეს ჩვენმა თვალებმა“, - ანჩხლი დედაკაცებივით წიოკობდნენ ნაცები. „ქვეყნის ღალატიაო, კრემლის ყრილობათა სასახლეში გამართული კონცერტები, როგორ შეიძლება ოკუპანტს, საკუთარ სახლში უმღერო და უცეკვოო. ის მაინც გაეკეთებინათ, კონცერტების წინ, სცენაზე, ჩოხა-ახალუხზე წარწერები გაეკეთებინათ - „რაშენს გოუ ჰოუმ“, - გაჰკიოდნენ ისინი.

კონცერტების საწინააღმდეგო განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ვაშაკიძემ წამოიწყო, ნაცებმაც ბანი უთხრეს. „მშვენიერ“ მელოდიას, ყვავთა ჩხავილს რომ ჰგავდა, იმავე სამინისტროს სხვა ყოფილმა მოადგილემ, კაპანაძემ შეაშველა ხმა და იყო ერთი არასასიამოვნო კაკაფონია, რაც მთავარია სახიფათო. ზოგმა ისიც ბრძანა, კულტურის სამინისტრო უნდა დაისაჯოს ანსამბლის მოსკოვში მივლინებისთვისო.

სიტყვით დამოუკიდებელი, საქმით კომუნისტ ნაცებს დაავიწყდათ, რომ 21-ე საუკუნეა, საბაზრო ეკონომიკით და მისგან გამომდინარე შედეგებით. დაავიწყდათ, რომ კულტურის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას ანსამბლების საზღვარგარეთის გასტროლებს, რომ თვით ანსამბლები და უცხოელი იმპრესარიოები არეგულირებენ ამ საქმეს. ნათქვამია - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნაცთა უკიდეგანო სურვილი ყველაფრის კონტროლისა, ფრანკისტული რეჟიმის გამეორების მცდელობაა.

და მაინც რა სანახავი იქნებოდა ერთ რიგში ჩაწყობილი ქართველი მოცეკვავეები წარწერით - ქართველობა არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

ნაცთა ლოგიკით, „ერისიონის“ მოსკოვის გასტროლები ღალატია, ხოლო 2008 წლის ომი, დაწყებული სააკაშვილის მიერ, პატრიოტული ლაშქრობა. მერე რა, რომ ამ მართლაცდა მოღალატური ავანტიურით საქართველომ ძირძველი მიწები დაკარდა?!

მაგრამ ვინაა დამნაშავე იმაში, რასაც ნაცები აკეთებენ მედიაში? ვინ აძლევს მათ საშუალებას თავიანთი გადაგვარებული აზრები - შორს მყოფი სინამდვილისგან, ნამდვილი პატრიოტიზმისგან, თავს მოახვიონ საზოგადოებას? პასუხი ერთია - ნაცური მედია და არა მარტო ის. ამ დარგში ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ნაცთა ბატონობის დროს. და როდესაც ეს ასეა, ეკრანზე მუდამ იყელყელავებენ ჩერგოლეიშვილები, ჩიტაძეები, კაპანაძე-ვაშაკიძეები, ბენდუქიძეები, სხვები და სხვები, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნერვების მოსაშლელად, შავი ამბების გასათეთრებლად.

დაახლოებით იგივე შინაარსისა არის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. აუხდენელი ოცნებების დოკუმენტი არა მარტო გაფიქრებს, არამედ გაშფოთებს კიდევაც. დასავლეთის უკანალში ძრომის აუსრულებელი ოცნების უმაღლესი პილოტაჟი ჰქვია ამ დოკუმენტს. „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“-ო, გვაუწყებს დოკუმენტი.

აღარ მოგბეზრდათ აუსრულებელი ლოზუნგების სროლა?!

ვეღარ მიხვდით, რომ ვერც ნატოში და ვერც, მითუმეტეს, ევროკავშირში, სერიოზულ მიზეზთა გამო, არავინ მიგვიღებს?

ცხადია, ოცნება აკრძალული არ არის, ოღონდ მარტო იოცნებეთ, თქვენთვის - არა ხმამაღლა, არა საჯაროდ, არა ხალხის მოსატყუებლად, მითუმეტეს ხალხს ეს თქვენი მისწრაფება სხეულის ერთ ორგანზე ჰკიდია. „საქართველოს საზოგადოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებითო“, - აღნიშნულია დოკუმენტში. იმ გაყალბებული არჩევნების დროს გამართულ პლებისციტში, რაღა ნატოში შესვლის საკითხი გახდა გაუყალბებელი?

უმჯობესი იქნებოდა, სიმართლის დადგენისთვის ახალი პლებისციტის ჩატარება, მაგრამ, უარყოფითი შედეგების მომლოდინენი, ჩაატარებთ პლებისციტს?!

ერთობ სალაღობოა დოკუმენტის მე-12-ე პუნქტი: „საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის, სხვა სახელმწიფოების პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად“. ვაა, ხედავთ, რა მაგრები ვართ, დიდთა შორის საკითხებსაც ვაწესრიგებთ!

კი მაგრამ ამ პუნქტის ოცნებას, როგორ მოახერხებს მე-18-ე პუნქტით აკრძალული პოლიტიკა? „საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირებში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“. - ბარაქალა თქვენს გონებას.

მაგრამ, თუ პოლიტიკური კავშირი არ გექნება, როგორ იქნება ეს საქმე? ან რა აზრი აქვს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს? ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში ექსპორტის საკითხი გადაიჭრა, ვიმედოვნებ ხილის და ბოსტნეულის საკითხიც გადაიჭრება და შეხვედრებიც ჩიხში შევა.

სჭირდებოდა ამას ასეთი აჟიოტაჟი ან სპეცწარმომადგენელი? გამოეცხადებინა ივანიშვილს, რომ საქართველო მზად არის ვაჭრობის აღსადგენად და ჩამოვიდოდნენ რუსი ბიზნესმენები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოაგვარებდნენ ამ საკითხს. საქართველოს ეკონომიკაში რუსული კაპიტალი სპეცწარმომადგენლის გარეშე შემოვიდოდა.

რეზოლუცია არც კანონია და არც კონსტიტუცია, თუმცა დოკუმენტია, რომელსაც სირთულეები შეიძლება მოჰყვეს.

საყოველთაო დაძაბულობა დღითი-დღე მატულობს. თბილისის აეროპორტში „ერისიონს“ სირცხვილის დერეფანი ვერ მოუწყვეს უბრალო მიზეზის გამო - იყო პოლიცია და რაც მთავარია „ერისიონისტები“ - მრავლად, ნათესავები, მეგობრები და ა.შ.

ბაშმეტს, სამწუხაროდ, საქართველოში არ ჰყავს ნათესავები. თაყვანისმცემლები ჰყავს, მაგრამ მათი განათლება და აღზრდა არ იძლევა ნაცთა მიერ დაქირავებულ, მოხულიგნო ახალგაზრდებთან ხელჩართული ჩხუბის შესაძლებლობას. მოპიკეტე ნაცებმა - ერთობ „პატრიოტულად“ მოაზროვნეებმა ისეთი დემონსტრაცია მოუწყვეს სახელგანთქმულ მაესროს, რუსეთის ტელეკომპანია „RTR Planet”-ის ყურადღება რომ მიეპყრო.

საქველმოქმედო საქმით ჩამოსული სტუმარი ძნელად, მაგრამ მაინც გადაიტანს „საშურ მასპინძლობას“ (რომ იტყვიან - ვირო-მადლიო!), მაგრამ საქართველო?

დამარცხებული ნაცები ქვეყანას ორად ყოფენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჰკიდებენ ერთმანეთს. რით შეიძლება დასრულდეს ყოველივე?!

 

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"