ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
20.02.2013
საქართველოს "კოსმოსური ოდისეა"

მეცნიერებისა და პოლიტიკის კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, როდესაც მეცნიერების წინსვლასა და განვითარებას გააზრებული და ქვეყნის ინტერესების სამსახურში მდგარი პოლიტიკა ემსახურება. ეს თანაბრად ეხება არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ კულტურას, განათლებას, სპორტს და ქვეყნის ცხოვრების ყველა დანარჩენ მდგენელს.

     ამჯერად ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე გიამბობთ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ცხოვრებიდან. მანამდე კი, მოკლედ იმათთვის, ვინც პირველად გაიგონა ამ უჩვეულო დაწესებულების შესახებ:

     მდებარეობს აბასთუმანში, მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ), თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით. ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.

     აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (Astronomical Society of the Pacific) სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.

     ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება, როგორც „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“. ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა.

     ეს ვიკიპედიის ვერსიაა, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაფერიც არ თქმულა. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ „გლაზენაპის კოშკით“ უნდა დაეწყოთ, რომელიც ცნობილმა რუსმა ასტრონომმა სერგეი გლაზენაპმა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმასთან გიორგი რომანოვთან ერთად ააშენა ჯერ კიდევ 1892 წელს აბასთუმანში (სხვათა შორის, ეს სატელესკოპო კოშკი დღესაც დგას). არც ის უნდა დაევიწყებინათ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გაკეთებულა, რომ არაფერი ვთქვათ მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო კვლევებზე და განადგურების პირას მისულ ათწლეულების მანძილზე შექმნილ და დაგროვილ კოლოსალურ საარქივო მასალაზე, რომლის მნიშვნელობა ფასდაუდებელია. პირველ რიგში საუბარია უნიკალურ „მინის ბიბლიოთეკაზე“ (50 000-ზე მეტი კოსმოსური ობიექტების გამოსახულებიანი მინის ფოტოფირფიტა!), რომელიც, შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს და მოკლე ხანში აღარ იარსებებს, თუკი სასწრაფოდ არ მოხდა მისი ციფრულ ფორმატში გადატანა. ისიც „დაავიწყდათ“ ალბათ, რომ ობსერვატორიაში მსოფლიო სამეცნიერო დონის აღმოჩენათა ავტორები მიხეილ ვაშაკიძე და როლან კილაძე მოღვაწეობდნენ. არც გასაოცარი ალექსანდრე მაიერი „გახსენებიათ“, რომელიც, სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე შრომობს და პატრონობს ობსერვატორიის უნიკალურ სამეცნიერო-ტექნიკურ აპარატურას, რომელთაგან უმრავლესი მისი შექმნილია და ურომლისოდაც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ვერ იარსებებდა. აღარაფერს ვამბობთ ამ საოცარი პიროვნების მრავალმხრივობაზე, თუნდაც „მაიერის ტყვია“ რომ გავიხსენოთ (მონადირეებმა იციან, რაზეა საუბარი - დიახ, ამ უნიკალური და კიდევ მრავალი ათეული გამოგონების ავტორი ალექსანდრე მაიერი გახლავთ!)...  

     სწორედ ამიტომ, შევეცდებით ჯერ ეს სამართლიანობა აღვადგინოთ და ერთ კონკრეტულ უსამართლობაზე, თუ გაუგებრობაზე, ოდნავ ქვემოთ მოგახსენოთ.

     პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია (ასე იწოდებოდა 1992 წლამდე დღიდან დაარსებისა) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება გახლდათ, და რომ არა აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, ვერ შეიქმნიდა იმ ისტორიას, რომელზეც დღემდე დგას, მიუხედავად სტატუსის არნახულად დადაბლებისა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების განყოფილების დონემდე. სახელწოდებაც „სწორად“ შეუცვალეს - ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია უწოდეს (გახსოვთ, ალბათ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში „ეროვნულმა“ ხელისუფლებამ ზოოპარკიც კი „გააეროვნულა“, გეგონება საქართველოში ავსტრალიის კუთვნილი ზოოპარკი, ცირკი, სტადიონი ან შადრევანი შეიძლებოდა ყოფილიყო!) და ხარაძის სახელიც მოაშორეს! ეს კი, ირონიის გარეშე უნდა ვთქვათ, ნამდვილად სწორად გააკეთეს, ვინაიდან დღევანდელი ობსერვატორია და ევგენი ხარაძე უსაშველოდ შორს დგანან ერთმანეთისაგან!

     ისევ ჩვენს ისტორიას დავუბრუნდეთ, რომელიც ვერა და ვერ დავიწყეთ:

     2005 წლის დეკემბრის ბოლოს, ობსერვატორიის აწ გარდაცვლილი დირექტორის როლან კილაძის ინიციატივით დაისვა საკითხი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ნარჩენების (ე.წ. „კოსმოსური ნაგავი“) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი (პულკოვოს) ობსერვატორიის გამოკვლევებში აბასთუმნის ობსერვატორიის ჩართვის თაობაზე. დაიგეგმა საცდელი სტატისტიკური დაკვირვებების ჩატარება თანამგზავრების ნამსხვრევების ფოტომეტრიული კვლევისა და მათი ზუსტი მდებარეობებისა და ორბიტის ელემენტების განსაზღვრის მიზნით.

     პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო სამზადისი: მუხტიანი მიმღების CCD 6303-E (ამერიკული კომპანია FIL-ის წარმოების, ღირებულება შეადგენს 24 000$-ს) ბაზაზე დამზადებული იქნა სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ჩატარდა დაკვირვებები 2005 წლის 30 დეკემბრიდან 2006 წლის 5 იანვრის ჩათვლით. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა (რაგული) ინასარიძე, რომელიც თვითონ ატარებდა დაკვირვებებს. მიღებული შედეგების დამუშავებამ მოულოდნელი და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა და ეს გახდა საფუძველი ხელშეკრულებისა, რომელიც 2006 წლის აპრილში დაიდო პულკოვოსა და აბასთუმნის ობსერვატორიებს შორის.

     ხელშეკრულების დადებამდე და შემდგომაც შ. ინასარიძე აწარმოებდა სისტემატურ დაკვირვებებს თანამგზავრების ნამსხვრევებზე ფართოველიანი ასტროგრაფის მეშვეობით. მიღებული შედეგების საფუძველზე და კვლევების გაფართოების მიზნით 2007 წელში პულკოვოს ობსერვატორიამ გადასცა შ. ინასარიძეს 22 სმ-იანი სარკიანი ტელესკოპი და კამერა CCD PL 09000 (საერთო ღირებულება შეადგენს 21 000$-ს), რაც იძლეოდა სუსტი ნათების ძველ და ახალ კოსმოსურ ნარჩენებზე დაკვირვების საშუალებას. მაშინვე დღის წესრიგში დადგა მცირე ზომის (10 – 25 სმ სიგრძის) ნამსხვრევებზე დაკვირვების საკითხი, რომელიც მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიის 70 სმ-იან მენისკურ ტელესკოპზე იყო შესაძლებელი...

    აქ მეცნიერებისგან ცოტა შევისვენოთ და ჩვენს „ეროვნულ“ თავისებურებებს მივუბრუნდეთ: აღმოჩნდა, რომ მენისკური ტელესკოპის ასეთ „წვრილმანებზე“ მოცდენა არ შეიძლებოდა და დაიწყო კასკადი ბინძური ობსტრუქციისა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტელესკოპს უკვე ობსერვატორიის დირექტორს უბლოკავდნენ „ეროვნული“ მეცნიერები და ინტრიგების აბლაბუდაში გაახვიეს ობსერვატორია...

     2007 წელს შ. ინასარიძემ მაინც შეძლო დაკვირვებების ნაწილის ჩატარება, რომელთა შედეგების საფუძველზე 2008 წლის აპრილში პულკოვოდან მას კვლავ გამოუგზავნეს ახალი კამერა CCD FIL 4301 (ღირებულება - 27 000$). ამ დროისათვის ობსერვატორიაში მოქმედი 4 კამერიდან 3 ჩართული იყო თანამგზავრების ნამსხვრევების კვლევაში და საქმე, შეიძლება ითქვას, გამართულად მიდიოდა...

     აქ კვლავ უნდა შევისვენოთ მეცნიერებისგან: ფხიზლობდნენ „ეროვნული“ თანამშრომლები და „მტრის ინტერესების გამტარებელი შ. ინასარიძე“ (პულკოვო რუსეთშია, რუსეთი მტერია...) „მეცნიერულად ჩაუშვეს“ შესაბამის „ორგანოებთან“. მათაც არ დაახანეს. კონტრდაზვერვის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2009 წლის 26 ოქტომბერს შ. ინასარიძეს კატეგორიულად აუკრძალეს კვლევების გაგრძელება.

     ასე და ამგვარად, პროექტი, რომელშიც რუსეთის გარდა მონაწილეობენ საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები, საქართველოსთვის დაიხურა. იმედია, სხვა პროექტებსაც იგივე ბედი არ ეწევა!

     კვლევების პერიოდში შ. ინასარიძემ თანაავტორებთან ერთად სხვადასხვა მოწინავე სამეცნიერო გამოცემებში გამოაქვეყნა 23 სამეცნიერო ნაშრომი.

     დღეისათვის შ. ინასარიძე ხარკოვის ობსერვატორიასთან თანამშრომლობს და დედამიწასთან მოახლოვებულ ასტეროიდებს აკვირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წელიწადში მას უკვე სერიოზული რაოდენობის მასალა დაუგროვდა (1000 Gb-ზე მეტი).

     ერთი „ბიუჯეტური ჩანართი“: ზემოაღნიშნული თანამგზავრების ნამსხვრევებზე დაკვირვების პროგრამა, რომელმაც მხოლოდ 4 წელი იმუშავა, 80 000 $ დაჯდა. გარდა ტექნიკურისა, აქ ჩართულია სახელფასო ხარჯები - 3 000 $ 4 წელიწადში, ანუ 60 $ თვეში! (შედარებისათვის - მსგავს სამუშაოებში ანალოგიური კვალიფიკაციის სპეციალისტებს ცივილიზებულ ქვეყნებში 60 $-ს 2 საათში უხდიან!). და კიდევ ერთი: ზემოხსენებული „მინის ბიბლიოთეკის“ გადარჩენას მხოლოდ 120 000 $ ესაჭიროება, რომელიც შეუფასებელ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანძურს შეუნარჩუნებს არა მხოლოდ საქართველოს!

     იმედია, დღევანდელი ხელისუფლება, წინამორბედებისგან განსხვავებით, ცოტა ხანს მაინც გადადებს „ეროვნულობაზე“ ზრუნვას და საქმეს მიხედავს. მითუმეტეს, როცა იგი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას და უსაფრთხოებას ემსახურება.

 

ჩვენ მრავალმხრივ შევისწავლით ამ თემას და უმოკლეს ვადაში შემოგთავაზებთ ჩვენი მოკვლევის საფუძველზე მომზადებულ ანალიზს. მანამდე კი მივმართავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელებს: ძალიან გთხოვთ, გაეცნოთ ზემოაღნიშნულ ფაქტებს და იმოქმედოთ და იზრუნოთ თქვენი პროფილის პრობლემების მოგვარებაზე!

     ამ სტატიას, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უმსგავსობის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს, პირველ რიგში იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ვუგზავნით!

 

 

დავით ფურცხვანიძე -
პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი

   P.S.    ერთი დამატებითი შეკითხვა: რის საფუძველზე, რამდენად და ვის მიეყიდა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა-ში მდებარე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ქალაქის ლაბორატორიის 4 სართულიანი შენობა?

     და, რაც მთავარია: როდის მოეხსნება ტაბუ თანამგზავრების ნამსხვრევებზე დაკვირვების პროგრამას და ვის მოეთხოვება პასუხი ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე?

 შეკითხვები კიდევ ბევრია!

 P.P.S.  ვაშა! მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აბასთუმნის ობსერვატორიას დაფინანსება გ ა უ ნ ა ხ ე ვ რ დ ა!

 

 

დ. ფ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"