ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
05.02.2013
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ისტორიული ვიზიტი მოსკოვში

გასული თვის მოვლენებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში ის შეხვდა რუსეთის პატრიარქს, ხოლო შემდეგ პატრიარქი მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, და ეს თავად აღნიშნა ილია II-მ, რომ ეს იყო ისტორიული ვიზიტი. მთლიანობაში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჩნდა სინათლის სხივი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. როგორც ცნობილია, ორმხრივი ურთიერთობები ფაქტობრივად აღარ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. ახლა კი, შეიძლება ითქვას, ქართულ-რუსული ურთიერთობები განახლდა და ხელახლა იწყებს განვითარებას. ორ ქვეყანას შორის ახალი ეტაპი დგება.

კათალიკოს-პატრიარქის ვიზიტი იმითაც იყო ისტორიული, რის შესახებაც ილია II-ს განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პატრიარქმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე და განაცხადა, რომ არც რუსეთი, არც საქართველო არ არიან დამნაშავე ამ ომის დაწყებაში. მისი თქმით, დამნაშავეები არიან და ომის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდნენ კონკრეტული პიროვნებები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი ამ ვიზიტის დროს. ჩვენი აზრით, ეს განცხადება არის უმნიშვნელოვანესი და მან დააგვირგვინა პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში.

ევრაზიის ინსტიტუტი მუდმივად ხაზს უსვამდა ამ მომენტს, დაწყებული თავად 2008 წლის აგვისტოს ომიდან, რომ რუსეთს არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ არც საქართველოს დაუწყია იგი. როდესაც ჩვენ და ყოფილი ხელისუფლების სხვა ოპონენტები ვამბობდით, რომ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მაშინ ჩვენ გვიტევდნენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები და დამცველები. მათი აზრით, იმის განცხადება, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, უდრიდა იმის აღიარებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს კი ქვეყნის მტრობას წარმოადგენდა, ხელისუფლების დამცველების თქმით.

თუ იმ ფორმალური პოზიციიდან გამოვალთ, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენდა ქართულ სახელმწიფოს, და მაშინ მართლაც გამოდის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. მაგრამ თუ ჩვენ საქართველოდ მივიჩნევთ არა მის ყოფილ ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს, მაშინ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველ ხალხს არ დაუწყია ომი რუსეთთან. ქართველ ხალხს არ უნდოდა ეს ომი, არც არასოდეს სდომებია და არც ახლა უნდა. ამის შესახებ არსებობს ჩვენი განცხადებები მას-მედიაში, თუ როგორ იქცეოდა ქართული მოსახლეობა აგვისტოს დღეებში, რუსეთის ჯარის შემოსვლის დროს. ხშირი იყო შემთხვევები, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უმასპინძლდებოდა რუსული ჯარის წარმომადგენლებს, საკმაოდ კარგად ღებულობდნენ მათ, არანაირ პარტიზანულ ომს და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ისიც აღვნიშნეთ ერთ-ერთ სტატიაში, რომ რუსეთის მაგივრად რომ ყოფილიყო სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყნის ჯარები, მოსახლეობას უფრო სხვა რეაქცია ექნებოდა.

ამიტომ, კათალიკოს-პატრიარქის ეს ბრძნული განცხადება ჩვენთვის ძალზე მისასალმებელია, რადგან ამით დადასტურდა და განმტკიცდა ის, რაზეც ვსაუბრობდით უკვე წლების მანძილზე. შემთხვევითი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები ძალზე გააღიზიანა ილია II-ს ამ განცხადებამ. ორი მართლმადიდებელი ერის ურთიერთობა, ღვთის მადლით, გრძელდება და პატრიარქის ისტორიული ვიზიტი ამის მაჩვენებელია.

ასევე უნდა აღინიშნოს რუსეთის პრეზიდენტის. ვ. პუტინის ბრძნული პოზიცია, რომ მას არ განელებია სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის და ქართველ ხალხთან მეგობრობის. შეიძლება ითქვას, რომ იგი და მისი სახით მთლიანად რუსეთი არის საქართველოს მხარეს. ის, რომ არსებობს მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები, სხვა საკითხია, მაგრამ ახლა მთავარია დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან. აეწყოს მეგობრობა და თუკი ვინმე მართლა არის საქართველოს მტერი, ეს არის ის, ვისაც არ სურს ამ მეგობრობის აღდგენა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მტრებს ეშინიათ, პირველ რიგში, საქართველოს მეგობრობისა რუსეთთან. მათ ვერ სძინავთ მშვიდად, როცა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის კარგი და ნორმალური.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"