ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
31.01.2013
სომხეთის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის მისაბაძი ხდება?

ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სომხეთში, პრემიერ-მინისტრის რანგში, იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ივანიშვილმა საკმაოდ საყურადღებო განცხადება გააკეთა რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 მან თქვა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა შეიძლება მისაბაძიც კი იყოს საქართველოსთვის. ივანიშვილი გულისხმობდა იმას, რომ სომხეთი ახერხებს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან, იმ დროს, როცა თავად არის ОДКБ-ს წევრი და სტრატეგიული ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

 ივანიშვილის თქმით, საქართველომაც უნდა შესძლოს ის, რომ აღადგინოს მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან ისე, რომ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები ნატო-სთან, მიისწრაფოდეს მისკენ და იყოს აშშ-ს და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების პარტნიორი.

 ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებში. მათ განაცხადეს, რომ ამგვარი განცხადებები მოასწავებენ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რადიკალურ ცვლილებას და ახალი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას. ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან სომხეთს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი ნატო-ს წევრი გამხდარიყო და გაწევრიანებულია ალტერნატიულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში (ОДКБ), ამიტომ, თურმე, მოსალოდნელია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კარდინალური შეცვლა.

 ევრაზიის ინსტიტუტი ყოველთვის მიესალმებოდა ამგვარ შესაძლებლობას (საქართველოს საგარეო ორიენტაციის რადიკალურ ცვლილებას) და აცხადებდა, რომ სომხეთის მაგალითი მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც. თუმცა გაბაშვილს ავიწყდება, რომ არათუ სომხეთს, პოსტსაბჭოთა სივრცის არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს სურვილი ნატო-ს ბლოკში შესვლისა. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც უკვე არიან ნატო-ს წევრები, ვერც მათ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები მასში შესვლით და ამაზე მეტყველებს ამ ქვეყნების გაუთავებელი ნერვიულობა და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა იმის გამო, რუსეთის შიში აქვთ.    

 ერთადერთი გამონაკლისი იყო იუშჩენკოს და ტიმოშენკოს ხელისუფლების დროინდელი უკრაინა, რომელიც გამოთქვამდა ნატო-ში შესვლის სურვილს. მაგრამ უკარინაშიც კრახი განიცადა ვარდების რევოლუციის მსგავსმა ე.წ. ნარინჯისფერმა რევოლუციამ და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს აცხადებს ნატო-ში შესვლაზე. მართალია, იქ კვლავ გრძელდება მუსირება ევროკავშირთან დაახლოების თემისა, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, რადგან ნატო და ევროკავშირი არ შეიძლება ავტომატურად განვიხილოთ ერთ პაკეტში. თუმცა, ისიც განსახილველია, რა არის საქართველოსთვის მეტი ინტერესის შემცველი - ევროკავშირი თუ რაიმე სხვა გაერთიანება.

 ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო არის მარტოდმარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ კუთხით (როცა ცდილობს მიურთდეს ნატო-ს) და ამგვარად, იმყოფება იზოლაციაში. ეს სიტუაცია არანორმალურია და ჩვენი პოლიტიკა არაადეკვატური, როცა ვცდილობთ ხმის ჩახლეჩამდე ვიყვიროთ, რომ გვინდა ნატო და ამ დროს ზოგიერთები იყენებენ 2008 წლის 5 იანვრის გაყალბებული არჩევნების პარალელურად ჩატარებულ გამოკითხვას (პლებისციტს), თითქოს ქართველმა ხალხმა ლამის ერთხმად გამოხატა სურვილი ნატო-ს შეუერთდეს. 

 უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა 2008 წლია დასაწყისში, ხოლო დღევანდელი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება იმდროინდელი სიტუაციისგან, რასაც ადასტურებს ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებული გ ამოკითხვა (2012 წლის აგვისტო-სექტემბერი). ამ გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მოსახლეობა სულაც არ არის ასე ერთსულოვნად განწყობილი და ბევრი კითხვები არსებობს ნატო-სთან დაკავშირებით.

 სომხეთის მაგალითი მართლაც იმით არის საინტერესო, რომ სომხეთს კრინტი არ დაუძრავს არასოდეს, რომ უნდა ნატო-ში შესვლა, მაგრამ. მიუხედავად ამისა, კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ასევე შესანიშნავია სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. აზერბაიჯანთან ურთიერთობები გაყინულია ყარაბახის კონფლიქტის გამო, ასევე ოფიციალურად არ აქვს სომხეთს კონტაქტები თურქეთთანაც, თუმცა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები ამჟამად სტაბილურია. მთლიანობაში, სომხეთი სულაც არ იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში, ან რაიმე ამის მსგავსში.

 შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ ეტაპზე აბსოლუტურად სწორია და მართებული. მისი ეს განცხადება შეიძლება არ მოასწავებდეს საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას (სამწუხაროდ), როგორც ამას შიშობენ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები, მაგრამ რეალურად ეს არის შედარებით დაბალანსებული პოლიტიკისკენ მიბრუნება და არსებული რეალიების გათვალისწინება რადიკალიზმზე უარის თქმით. ნაციონალების საგარეო პოლიტიკაზე ამას ვერ ვიტყოდით, რადგან ის სრულიად მოწყვეტილი იყო რეალობას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"