ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
26.01.2013
საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა სომხეთთან მიმართებაში

  სომხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობები არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვიდრე აზერბაიჯანთან და ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოვყოთ თემები, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია, საკითხები, რომლებიც აინტერესებს საქართველოს და, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ყველა ეს საკითხი განხილული იყო პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროს, რომელიც აზერბაიჯანული ვიზიტის შემდეგ შედგა.

  თუმცა, აზერბაიჯანთან უფრო ინტენსიური ურთიერთობები არსებობს, და შესაბამისად, ოპერატიულად გადასაწყვეტი საკითხებიც უფრო მეტია. საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში სტრატეგიულ საკითხად ამჟამად შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების შესაძლებლობა.

  ეს არის თემა, სადაც იკვეთება როგორც საქართველოს, ისევე სომხეთის ინტერესები. შესაძლებელია კამათი იმის შესახებ, ვისთვის ცოტა უფრო მეტადაა ხელსაყრელი ამ რკინიგზის ამოქმედება და ვისთვის ოდნავ უფრო ნაკლებად, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. უფრო მეტიც, არა მხოლოდ საქართველო და სომხეთი, არამედ რუსეთიც დაინტერესებულია რკინიგზის ამოქმედებით. აქ შეიძლება გამოვყოთ ირანის ფაქტორიც, რადგან პერსპექტივაში ისლამური რესპუბლიკაც დაინტერესებულია რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედებით, რადგან ამ შემთხვევაში ირანიც უკავშირდება რუსეთს სომხეთის და საქართველოს გავლით.

  სამწუხაროდ, ეს საერთო ინტერესი უპირისპირდება აზერბაიჯანის ინტერესებს. არა იმის გამო, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს, მაგრამ იგი მაინც აუტსაიდერად რჩება ამ პროექტში, და გარდა ამისა, სომხეთის ეკონომიკის გაძლიერება ამ ეტაპზე (სანამ გადაწყვეტილი არ არის მთიანი ყარაბაღის საკითხი) არ შედის აზერბაიჯანის სტრატეგიულ ინტერესებში.   

  ასევე არ არის დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ხაზის ამოქმედებით თურქეთის რესპუბლიკაც. ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ თურქეთის ოფიციალური პირები, მაგრამ ეს უფრო დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის აუცილებლობით არის განპირობებული.

  თუმცა, შესაძლოა, რკინიგზის ამოქმედებისას შემუშავდეს იმგვარი მოდელი, რომ კავკასიის ყველა სახელმწიფოს და ყველა მხარეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის მონაწილეა ამ პროექტისა. და ეს არ არის ისეთი პროექტი, რომელიც ერთგვარ ღერძს (ე.წ. ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძს) ქმნის და უპირისპირდება აღმოსავლეთ-დასავლეთის „ღერძს“.

  საქართველოს აქამდე თითქმის უგულებელყოფილი ჰქონდა ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი. ერთადერთი, რაც იყო დარჩენილი, ეს არის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც რუსეთს აკავშირებს სომხეთთან. ასევე არის გაზსადენი მოზდოკი-თბილისი-სომხეთი. მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია. ამიტომ აუცილებელია სარკინიგზო ხაზის გახსნა.

  რჩება აფხაზეთის და მისი ხელისუფლების ფაქტორი. ამჟამად აფხაზეთის ხელისუფლება წინააღმდეგია ამ პროექტის განხორციელების. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებს ჯერ თავად ვერ გაურკვევიათ, რა სურთ მათ - მუდმივად რუსეთის დოტაციაზე ყოფნა თუ ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის ზრუნვა. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, შეუძლებელია რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გახსნა.

  ამავე დროს, აფხაზებს არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ საქართველო მათ რაღაცაში ითრევს პოლიტიკურად. არ არის კორექტული, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა ამ პროექტის განხორციელება დაუკავშირონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის (ან ე.წ. რეინტეგრაციის) თემას. თავად ეს ტერმინი ძალზე აშინებთ და აღიზიანებთ აფხაზებს. მათთვის ეს 1992-1993 წ. ომთან ასოცირდება.

  ჩვენმა მინისტრებმა არ უნდა იმუშაონ მხოლოდ შიდაპოლიტიკურ მოხმარებაზე. დაუშვებელია პოლიტიკის თავს მოხვევა ეკონომიკაზე. ქართულმა მხარემ უნდა შესძლოს აფხაზური მხარის დარწმუნება იმაში, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. და თუ მის განხორციელებას მოჰყვება ადამიანური კონტაქტების აღდგენა და კულტურული თანამშრომლობა, არც ეს არის საფრთხე აფხაზებისთვის, რადგან ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე რაიმეს აიძულებს მათ და ატყუებს.

  მეორე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში შეეხება ე.წ. სომხური ეკლესიების ფლობის და აღდგენის თემას. ეს საკითხი ნაკლებად ისმის სომხეთის სახელმწიფოს მხრიდან, სამაგიეროდ, მას აქტიურად აყენებს სომხეთის ეკლესია. ამ თემას პირდაპირ უყენებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ასევე საუბარი იყო სომხეთის ისტორიის სწავლებაზე  სომხურენოვანი რეგიონების სკოლებში. ამაზე სომხურმა მხარემ დადებითი პასუხი მიიღო.

  ტაძრების მფლობელის და პატრონობის საკითხი მარტივი არ არის და იგი გრძელვადიან განხილვას საჭიროებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობა სწორედ ასე მოიქცევა. რაც შეეხება სომხეთის ისტორიის სწავლებას,  დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა და როგორ ისწავლება სომხეთის ისტორიის სასკოლო ფარგლებში. ცნობილია, რომ სომეხი ისტორიკოსების მნიშვნელოვან ნაწილს ახასიათებს გარკვეულწილად არამეცნიერული მიდგომა ისტორიისადმი, და განსაკუთრებით იმაში, რაც შეეხება სომხეთის ისტორიულ საზღვრებს და საერთოდ, სომხეთის როლს კავკასიაში. სომეხი ავტორების ნაწილი გატაცებულია ურაპატრიოტიზმით და ცდილობს, სხვების ხარჯზე გააზვიადოს საკუთარი ქვეყნის ისტორია და მიჩქმალოს მეზობლების წარსული. ამიტომ, უნდა შეიქმნას კომისია საქართველოს განათლების სამინისტროს შემადგენლობაში, რომელშიც კონსულტანტის სტატუსის შეიძლება მოწვეული იქნან სომეხი ავტორები. ეს კომისია შეისწავლის სახელმძღვანელოების საკითხს და მხოლოდ მისი თანხმობის შედეგად იქნება შესაძლებელი სომხეთის ისტორიის სწავლების დაშვება საქართველოს სკოლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის მოქალაქეებს და ახალგაზრდა თაობას მიეწოდება ობიექტური და შეჯერებული ინფორმაცია სომხეთის ისტორიის შესახებ. ეს თემა, ისევე როგორც ეკლესიების ფლობის საკითხის გარკვევა, მხოლოდ სომხური მხარის ინტერესებშია.  მაგრამ საქართველოს შეუძლია, სათავისოდ შემოაბრუნოს ეს საკითხი, როგორც ეს ზემოთ აღვწერეთ. ამ შემთხვევაში სრულიად მიუღებელი იქნება მთავრობის ოპონენტთა კიჟინი სომხეთის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით.

  მთლიანად მისასალმებელია ვაგნ ჩახალიანის გათავისუფლებაც. ეს თემა სომხეთის გარკვეულ წრეებში განიხილებოდა, ახლა კი საქართველოს მთავრობამ ამ განხილვებს საფუძველი მოუსპო. ერთი ვაგნ ჩახალიანი, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერანაირად ვერ დააზიანებს საქართველოს ინტერესებს, ამიტომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე მიუღებელია.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"