ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
24.01.2013
საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა აზერბაიჯანთან მიმართებაში

 2012 წლის 26 დეკემბერს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. იმის გამო, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები ვნებათაღელვას და სპეკულაციებს იწვევს ქართულ საზოგადოებაში, საჭიროა განმარტებების გაკეთება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და მთავარ თემებზე.

 საქართველოს და აზერბაიჯანის, ისევე როგორც საქართველოს და სხვა ქვეყნების ურთიერთობები, შეიძლება გავყოთ ასეთნაირად: ის, რაც შედის საქართველოს ინტერესებში, რაც შედის საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო ინტერესებში და ის, რაც შედის აზერბაიჯანის ინტერესებში.

 იმ საკითხებს შორის, რომელიც აღელვებს საქართველოს, პირველ რიგში შედის ფასები აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებზე, ძირითადად ბუნებრივ გაზზე. ივანიშვილის ვიზიტის შედეგი აზერბაიჯანში ამ მხრივ უშედეგო იყო, ანუ ტარიფების შემცირება არ მომხდარა, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უარყოფით შედეგად, რადგან ფასები ამჟამად არც ისე მაღალია და შეადგენს 145 დოლარს ათას კუბურ მეტრზე, რაც გაცილებით უფრო მცირეა მსოფლიო ფასებთან შედარებით. როგორც განაცხადა ივანიშვილმა, კიდევ არის რეზერვები იმისთვის, რომ ბუნებრივ გაზზე შიდა ტარიფები შემცირდეს, დისტრიბუციის ხარჯზე.

 რაც შეეხება სხვა ძირითად საკითხებს, აქ უფრო მეტია აზერბაიჯანის დაინტერესება. პირველ რიგში ეს ეხება ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზას. ეს პროექტი მთლიანად აზერბაიჯანის ინტერესებშია. როგორც ცნობილია, ამ პროექტიდან საქართველოს მოგება თითქმის არ რჩება. პირიქით, წაგებაში აღმოჩნდებიან ქართული პორტები (ბათუმი და ფოთი) და თავად საქართველოს რკინიგზასაც შეიძლება შეუმცირდეს მოგება.

 მაგრამ ასევე განსახილველია ეს საკითხი გეოპოლიტიკურ ჭრილში. საქართველოში ხშირად მოვისმენთ აზრს, რომ ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის ხაზის გახსნა ეკონომიკურად კი წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და გეოპოლიტიკურად მომგებიანია. მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ ასე: რა შემთხვევაშია ეს პროექტი გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი საქართველოსთვის? -- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მას გამოიყენებს ბერკეტად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გარკვეული კოზირი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელში იქნება კომუნიკაცია, რომელიც აკავშირებს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან.

 აქვე ისმის კითხვა: შეუძლია კი საქართველოს ეს საკითხი მომავალში ბერკეტად გამოიყენოს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთგვარი შანტაჟიც კი განახორციელოს აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართ, თუკი გართულდა მათთან ურთიერთობები? მაგალითად, თუკი გამწვავდა დავით გარეჯის საკითხი, ან თურქეთს კიდევ უფრო გაუძლიერდა მადა აჭარის მიმართ და ა.შ. ამ შემთხვევაში, შეძლებს კი საქართველო რამენაირად, ზემოქმედება მოახდინოს აზერბაიჯანზე და თურქეთზე, იმ გარემობის გამოყენებით, რომ რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის?

 ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო არ არის ისეთი ძალის და წონის ქვეყანა, რომ თავს უფლება მისცეს, ამგვარი სახის შანტაჟი მოუწყოს ამ მეზობლებს - ვთქვათ, თუ აზერბაიჯანი გაზის ტარიფებს აუწევს, მაშინ საქართველო რკინიგზას გააჩერებს. ლეგიტიმურად ამის გაკეთება შეუძლებელია და ეს დიდ რისკზე წასვლას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისედაც აქვს ბერკეტები აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში, რადგან ამჟამად მოქმედი მათი დამაკავშირებელი კომუნიკაციები ისედაც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. ასე რომ, ეს რკინიგზა უნდა განვიხილოთ, როგორც ზედმეტი ტვირთი, რომელიც ქმნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და შესაძლოა, ეკოლოგიურ პრობლემებსაც, რადგან მისი მარშრუტი გადის ტერიტირიებზე, სადაც ფაქიზი ბუნებაა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ამის შესახებ თავად ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ კითხვები არსებობს და ისინი გასარკვევია, სანამ პროქტი ბოლომდე განხორციელდება და ამოქმედდება.   

 ამრიგად, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზა მთლიანად აზერბაიჯანის ინტერესებშია და სწორედ ეს ქვეყანა ითხოვს მის დაჩქარებულად განხორციელებას.

 შემდეგი საკითხი ასევე აზერბაიჯანის ინტერესებშია. ის ეხება აზერბაიჯანული ბიზნესის მდგომარეობას საქართველოში. ძირითადი ბიზნესი არის ენერგომატარებლების სფეროში, კერძოდ, „სოკარის“ შემთხვევაში. როგორც ჩანს, გარკვეული გარანტიები საქართველოში აზერბაიჯანულ ბიზნესს მიღებული აქვს და აქ შეიძლება დავინახოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში, ყოფილი ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ჩვენ მოვწყდით რუსეთის ეკონომიკურ სივრცეს, თუმცა მაინც დამოკიდებული ვართ რუსეთზე, მაგალითად, იმით, რომ სეზონურად ელექტროენერგიას იქიდან ვიღებთ. იმის გამო, რომ საქართველო ცდილობდა რუსეთის სივრცეს ჩამოშორებულიყო, შეიქმნა სიტუაცია, რომ ჩვენი ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებული გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაზე. ეს არ არის დადებითი მოვლენა.

 ერთი პერიოდი საუბარი იყო ენერგომომარაგების გზების დივერსიფიკაციაზე, ირანის ჩართვაზე ამ პროექტებში, მაგრამ ირანთანაც ვერ ვანვითარებთ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო თანამშრომლობას, რადგან საქართველო იმყოფება აშშ-ს გავლენის ქვეშ, რომელიც ცდილობს დაბლოკოს სხვადასხვა ქვეყნების ურთიერთობები ირანთან. ასევე გამოთიშულია სომხეთის მხარეც, რომლის გავლითაც ჩვენთვის შესაძლებელი იქნებოდა ირანთან დაკავშირება, რადგან ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები არ არის ჯერ-ჯერობით ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს. 

 არის კიდევ ერთი საკითხი - ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც ორივე ქვეყნის (საქართველოს და აზერბაიჯანის) საერთო ინტერესებშია. 2013 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის წინ, გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანული მასმედიის მხრიდან. მათ გააბუქეს და გააზვიადეს მ. ფანჯიკიძის განცხადება და ისე წარმოაჩინეს ის, თითქოს ანტისომხური იყო. ამავე დროს, სომხეთშიც არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ, გაამწვავონ საქართველოსთან ურთიერთობები, მაგრამ ისინი მარგინალები არიან. ასე რომ, აზერბაიჯანული მასმედიის პროვოკაციულ ქმედებას არ მოჰყოლია გართულება საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში.

 საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამაში არაფერი ახალი სომხეთისთვის არ არის. ვინმე ახსენებს თუ არ ახსენებს ყარაბაღს, ამით არაფერი იცვლება. ეს არის მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის ამბავი - როდის რა განცხადების გაკეთება შეიძლება, თორემ ამით პრინციპული პოზიცია არ იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ყველა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არავინ მოიაზრებს ამის ქვეშ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ცხადია, ეს საქართველოსთვის მიუღებელია. ამიტომ, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაში იგულისხმება ყარაბაღიც, ეს სომხეთისთვის გასაგებია. ამ ქვეყნისთვის საკმარისია ის, რომ საქართველოს ურყევი პოზიცია არის და უნდა იყოს შემდეგი: ყარაბაღის პრობლემა უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, ძალის გამოყენების გარეშე.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"