ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
15.01.2013
„გადატვირთვა“ ამერიკულად

„ჩვენ ყველანი ჩავესები ვართ“, - ასე გაიძახოდნენ ინაუგურაციის დღეს, წითელ მაისურებში ჩაცმული, ჩავესის მომხრე, მილიონზე მეტი ვენესუელელი, პრეზიდენტის სასახლის წინა მოედანზე და კარაკასის ქუჩებში შეკრებილები. ინაუგურაცია პრეზიდენტის გარეშე - ასე შეიძლება ვუწოდოთ სახალხო მანიფესტაციას. ისინი ქუჩაში არავის გამოუყვანია. ისინი ჩავესის სიყვარულმა გამოიყვანა, იმ ქარიზმატული ლიდერისა, რომელიც ჰავანის სამედიცინო კლინიკაში ებრძვის ყველაზე საშინელ მტერს, კიბოს. მეოთხე ოპერაციის შემდეგ ჩავესის მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე დასწრებაც ვერ მოახერხა.

ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მარტო ვენესუელაში, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაში სერიოზული განსჯის საგანია. ერთნი სულმოუთქმელად ელიან მის გარდაცვალებას და ამ „ერთნში“, უპირველესად აშშ-ია - ჩავესის დაუძინებელი მტერი. მეორეთათვის, ჩავესი ახალი სოციალიზმის შემქმნელი და მისი დაცვის ხმალშემართული მებრძოლია, ღარიბთა მამა და იმედი, ხალხის სოციალური პირობების გამაუმჯობესებელი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების დამცველი და ჰეგემონი ამერიკის რისხვა, ამერიკელთა გულის გასახეთქად რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ბელორუსის, კუბის მოკავშირე და მეგობარი.

ავადმყოფობამ აშკარად გამოავლინა ვენესუელის მოსახლეობის დიდი სიყვარული ავადმყოფი ჩავესისადმი. მსგავსს, ყველა ქვეყნის მეთაური ინატრებდა, თუმცა ეს ერთეულთა, თანაც უნიკალურთა ხვედრია, რაც ჩავესმა დაამტკიცა 14-წლიანი მმართველობის პერიოდში. ჩავესი კარიბის ზღვისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების უცილობელი ლიდერია, ტრანსნაციონალური კომპანიების რისხვა, უპოვართათვის 100 ათასი საცხოვრებელი სახლის მშენებელი.

„ჩავესიზმი“, ჩავესის არ არსებობის შემდეგაც, მრავალი ათეული წლის განმავლობაში გაჰყვება ლათინურ ამერიკას - ასე აცხადებენ ცნობილი პოლიტოლოგები.

ჩავესის სახელი დამცინავ ღიმილს და გამონათქვამებს იწვევს ქართველ „პოლიტიკოს-პოლიტოლოგებში“, განსაკუთრებით ნაცებში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მათ ის უყვართ, ვინც ვაშინგტონს უყვარს. ვაშინგტონს არ უყვარს ჩავესი და „ჩავესიზმი“, ქართულ პოლიტიკას, რატომ უნდა უყვარდეს?

რახანია საქართველო აშშ-ა აწყობილი - ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებულზე. ამერიკული „სიტკბო“ შორეულზე უფრო მოქმედებს, ვიდრე კარის მეზობლებზე - ერთ დროს ამერიკულ ბოსტნად წოდებულებზე. ქართველ „პოლიტიკოს-პოლიტოლოგობას“ ხშირად უყვართ თქმა - „ლათინური ამერიკის ბანანის რესპუბლიკებს არ დავემსგავსოთო“.  იმასაც ხშირად ამბობენ, თუ რა ინტენსიურობით ხდება იმ კონტინენტზე სახელმწიფო გადატრიალებები.

არადა პოლიტიკურ-სამხედრო გადატრიალებების კბილები ლათინოსებმა რახანია დაიცვალეს. კარგა ხანია ამ ქვეყნებში დემოკრატია ყვავის, მათ შორის ვენესუელაშიც. კარგა ხანია ამ ქვეყნებში პარტიები მხოლოდ გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების გზით მოდიან ხელისუფლებაში, რასაც ჩვენ, 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ. ერთი სიტყვით, ვითარება იმ ძველ ანეკდოტსა ჰგავს - ორი გურული რომ კოჭამდე ტალახში, საფრანგეთში გადახვეწილ მეგობარს იხსენებს - ნეტავ რავაა უბედური ამბაკოო.

ჩავესმა დიდი საქმე გააკეთა - შესძინა რა თავისუფლების რწმენა საკუთარ ხალხს და არა მარტო მას - ამერიკული ჰეგემონიზმისგან თავისუფლების რწმენა. ბევრმა სხვამ ეს ვერ მოახერხა, მათ შორის საქართველოს ლიდერებმა. რაც მათ მოახერხეს - ამერიკისადმი თავდავიწყებული ტრფიალია, ამერიკული ცხოვრებისადმი ხოტბა, საკუთარი „მეს“ დაკარგვა. ახალმა საქართველომ ის მოახერხა - ჰილარი კლინტონისთვის ეპატაკა - ინგლისურს პირველი კლასიდან ვასწავლით, თანაც ამერიკელი მასწავლებლების დახმარებითო.

საკანდიდატო დისერტაციის დაცვისას, ახალგაზრდა „მეცნიერი“ დამსწრე საზოგადოებას გვიმტკიცებდა, საქართველო ნატოში იმიტომ უნდა შევიდეს, რომ ვაშინგტონი და თბილისი ერთ განედზეა, იქ რომ მზეა, აქაც მზე არისო. მას შემდეგ 8 წელიწადი გავიდა, მაგრამ მავანი „მეცნიერის“ წინასწარმეტყველება ვერა და ვერ ასრულდა.

გულს ნუ გავიტეხთ. არ გვაქვს ნატო, მაგრამ გვაქვს ბუშის ქუჩა, რეიგანის ძეგლი, ლუგარის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი და, რაც მთავარია, სისხლში და ხორცში გამჯდარი ამერიკელობა - „კოჰაბიტაციის“ და „ვაუს“ ძახილით. გვაქვს ამერიკულის, მშობლიურივით განცდაც. ქართული პოლიტიკა ისე განიცდის აშშ-ი მიმდინარე ავ-კარგს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ხშირად საკუთარზე მეტად. თუ სტრატეგიული პარტნიორობაა - ასეც უნდა იყოს.

ქართულ პოლიტიკას ახარებს ამერიკელთა სიხარული, ამერიკული ზეიმი, თუნდაც ისეთი, პრეზიდენტის ინაუგურაციას რომ ახლავს თან. ეს ზეიმი წინ გვაქვს და ის უდავოდ გაათკეცდება, თუ ჩვენს „სახეს“, ჩვენს პრეზიდენტს ვიხილავთ მიწვეულ უცხოელ სტუმართა შორის. მაინც რა დიდი საჩუქარი იქნება ეს ქვეყნისთვის, პირადად სააკაშვილისთვის. ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მავანი „ოცნებელები“ უეჭველად იტყვიან - თეთრმა სახლმა სააკაშვილი კი არა, საქართველო მიიწვიაო. ასეა თუ ისე, ერთი სასიამოვნო გაჟრჟოლება გველის.

სულ რამდენიმე დღეც და ვაშინგტონში გაიმართება მეორედ არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინაუგურაცია. გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა ფერადკანიან ობამას, თუმცა ამჯერად მის კანის ფერზე საჯაროდ აქცენტი არ გაკეთებულა. ფარულად კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ - იცოცხლეთ. მათი აზრით, ნოემბრის არჩევნებმა ფარული რასიზმი დააფიქსირა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ს თეთრკანიანი მოსახლეობის 60% ობამას წინააღმდეგ მისცა ხმა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტს მხარი დაუჭირა აფროამერიკელთა 93%-მა, აზიელთა - 73%-ა და ლათინოსთა 71%-ა.

ობამამ შეუძლებელი შეძლო - გაემარჯვა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრობლემები, მაღალი უმუშევრობა და ბიუჯეტის დეფიციტი სუფევდა.

აშშ-ს სახე სწრაფად იცვლება. თეთრკანიანთა ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 70%-ს შეადგენს. დემოგრაფთა გამოთვლით, საუკუნის შუაწელზე ის 50%-მდე შემცირდება. შორს არ არის ის დღეც, როდესაც თეთრი სახლისთვის იბრძოლებენ ლათინური ამერიკის, ინდური თუ ჩინური წარმოშობის ადამიანები. ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირეს თეთრკანიანი საშუალო ფენის 52%-ა, პენსიონერთა - 56%-ა, ამერიკის პერიფერიაში მცხოვრებმა -59%-ა. დემოკრატებს - ქალაქელთა 62%, ახალგაზრდათა 60%-ა, ქალთა 55%-ა და ღატაკთა 60%-ა, გარდა ამისა ეთნიკური და სქესობრივი უმცირესობის 70%-ა.

დემოკრატთა დევიზი იყო - სოციალური უზრუნველყოფისთვის და განათლებისთვის დაფინანსების გაზრდა, ავღანეთის ომის დასრულება, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა, იმიგრაციის რეფორმის ჩატარება. რესპუბლიკელების - გადასახადების შემცირება, სოციალური ხარჯის შემცირება, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა, არალეგალი იმიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, აბორტების საყოველთაო აკრძალვა.

დღევანდელი დემოკრატიული პარტია ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიების მსგავსია. რესპუბლიკური კი - მემარჯვენე კონსერვატიული, ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების მსგავსი. არჩევნების შემდეგ დემოკრატები აკონტროლებენ თეთრ სახლს და სენატს, რესპუბლიკელები - კონგრესის წარმომადგენელთა პალატას.

საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გარდა, ორ პარტიას შორის საგარეო პოლიტიკაშიაც არის აზრთა სხაობა. მაგალითად რესპუბლიკელები მოითხოვენ „გადატვირთვის“ გაუქმებას, რუსეთის გეოპოლიტიკურ ნომერ პირველ მტრად გამოცხადებას. ობამამ უკიაგდო ეს წინადადებები, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას საშველი არ დაადგა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, დემოკრატი ობამას საგარეო-პოლიტიკური კურსი, ნაკლებად განსხვავდება წინამორბედ ბუშის პოლიტიკისგან.

ბუშის ადმინისტრაციამ სერიოზული მარცხი განიცადა ერაყსა და ავღანეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების ორგანიზებაში. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ - ვერაფერი გააწყო ახლო აღმოსავლეთის სისხლისღვრასთან, ავღანელ თალიბებთან, „გადატვირთვასთან“.

ობამას ადმინისტრაციამ ვერ შეძლო არაბული რევოლუციების შემდეგ, იმ ქვეყნებში, საკუთარი პოზიციების განმტკიცება. არაბული რევოლიციების მიწყნარებასთან ერთად, მიწყნარდა აღფრთოვანებული ლაპარაკი არაბულ დემოკრატიაზე. ეიფორიული განწყობა, პესიმისტურით შეიცვალა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ბევრის მომლოდინე ხალხს, ხელში შერჩა რელიგიურ, ეთნიკურ, ტომობრივ ნიადაგზე დაფუძნებული პერმანენტული სისხლიანი დაპირისპირება. მისი კონტროლქვეშ მოქცევა შეუძლებელი გახდა.

არავინ იცის, როგორ შეიძლება მოევლოს სირიას. აშშ-ი ადანაშაულებს რუსეთს, ჩინეთს და ირანს ბაშარ ასადისთვის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გამო. თავის მხრივ აღნიშნული ქვეყნები ადანაშაულებენ აშშ-ს, ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი გადამთიელების მხარდაჭერაში. აშშ-ს სენატმა აუკრძალა პენტაგონს რუსული სამხედრო შვეულმფრენების შესყიდვა. ამ საფრენი აპარატებით პენტაგონი ავღანეთის ჯარს აიარაღებდა. სენატმა აკრძალვის საბაბად სირიისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიწოდება მოიყვანა, და ეს მაშინ, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ვერაფერი გააწყო მოკავშირე ერაყის ხელისუფლებასთან, რომელიც ფართო საჰაერო დერეფანს უქმნის ირანს, სირიისთვის იარაღის მიწოდებაში.

ცნობისათვის, ერაყი სულ უფრო ენერგიულად უჭერს მხარს ირანს, იზიარებს რა მის პოლიტიკას არა მარტო სირიასთან მიმართებაში, არამედ სხვა პოლიტიკურ საკითხებშიც.

ანტირუსულ განცხადებებსა და მოქმედებაში განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. არადა ოთხი წლის წინათ, ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ, მსოფლიო მედიისა და ტელეეკრანების სენსაცია იყო მომღიმარი კლინტონისა და ლავროვის ფოტო და ვიდეო-კადრები - „გადატვირთვის“ სიმბოლოთი ხელში. რა დიდი სხვაობაა ამ კადრებსა და კლინტონის ბოლო განცხადებას შორის? - „დარწმუნებული იყავით, ჩვენ ვიცით ამ კავშირების მიზნების შესახებ და ყველაფერს გავაკეთებთ ხელის შესაშლელად“. საკითხი ეხება ჩეხეთში, რუსეთის მიერ ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას.

კლინტონმა, დაძაბულ გრაფიკში, პრაღაში ჩაფრენის დროც გამონახა, რათა ჩეხეთის ხელისუფლებისთვის საყვედური ეთქვა მშენებლობის პროექტზე ხელის მოწერის სურვილისთვის. ჩეხეთის შემდეგ, დუბლინში კლინტონმა დაუფარავად თქვა, რომ ამერიკა ყველანაირად შეეცდება ხელი შეუშალოს რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ეკონომიკური და საბაჟო კავშირების შექმნას.

კლინტონს არც სენატორი ლუგარი ჩამორჩა. მან, პოსტიდან წასვლისას, ყველას მოუწოდა წინ აღუდგნენ რუსეთის ჰეგემონიზმს ენერგომატარებლების ტრანსპორტირების საქმეში. განსაკუთრებით შეებრძოლონ კასპიის ზღვის აუზიდან, რუსეთის გავლით, ენერგომატარებლების ევროპისათვის მიწოდებას.

ენერგეტიკა ის დარგია, სადაც აშშ-ი რუსეთს ყველაზე დიდ მეტოქედ მიიჩნევს. განსაკუთრებულ ღელვას იწვევს რუსეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ბირთვული ელექტრსადგურების მშენებლობა, ისე, როგორც იარაღით ვაჭრობა. ამ დარგებში რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა და სამომავლოდ დიდ კონკურენციას გაუწევს ამერიკას.

„გადატვირთვის“ პროცესს ლახვარი ჩასცა ე.წ. „მაგნიტსკის აქტმა“, რომელიც არათუ ჩამორჩება, აჭარბებს კიდევაც 1974 წელს შემოღებული ჯეკსონ-ვენიკსას. „კონგრესი თვლის, რომ აშშ-ა მხარი უნდა დაუჭიროს და დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში დაამყაროს მტკიცე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, რომელიც პატივს სცემს პიროვნების თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, „რადიო თავისუფლებისა“ და ინტერნეტის მეშვეობით მიწოდებული, ობიექტური ინფორმაციის დახმარებით.

აშშ-ს მთავრობისა და ხალხის შეშფოთების საგანია რუსეთის ხელისუფლების მიერ ზეწოლა სხვაგვარად მოაზროვნეებსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გაუარესება“, - აღნიშნულია კონგრესის დოკუმენტში.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ დოკუმენტი, უდავოდ, დაიკავებდა შესაბამის საპატიო ადგილს „ცივი ომის“ პერიოდში, მაგრამ ერთობ შეუფერებელია 21-ე საუკუნის მეორე დეკადისათვის, მითუმეტეს ე.წ. „გადატვირთვის“ პერიოდისთვის. გაკვირვებს ისიც - თუ რატომ უნდა შფოთავდეს ამერიკელი ხალხი, რუსეთის  სამზარეულოთ? ნუთუ რუსული სამზარეულო, სააკაშვილის სამზარეულოზე უფრო აუტანელია? ნუთუ ამერიკელს ჰგონია, რომ ის, რაც მან საქართველოში შექმნა - დემოკრატიაა? ხოლო სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა?

ამერიკელთა, განსაკუთრებით კი საქართველოს „პოლიტიკოსთა“ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თუ ქართული, „მიშისტური“ დემოკრატია დემოკრატიაა, პუტინური დემოკრატია - ხალასი ბრილიანტია.

ისე, კაცმა რომ თქვას ვერც ე.წ. დემოკრატიის აკვანი, ვერ დაიკვეხნის ნამდვილი დემოკრატიით, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვით. ადამიანის უფლებებს არ იცავენ ზარბაზნებით, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ერაყში და ადგილი აქვს ავღანეთში, რომ არაფერი ვთქვათ ადრინდელ სამხედრო ექსპანსიებზე.

ადამიანის უფლებებს არ იცავენ „ფერდ-ყვავილოვანი“ რევოლუციებით, ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ძირგამომთხრელი პროპაგანდითა და მზაკვრული ქმედებით, თუნდაც ისეთით, რასაც ადგილი ჰქონდა გივი თარგამაძის მხრიდან, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. პოლიტიკური „ოღრაშობა“ ჰქვია იმას, როდესაც საჯაროდ გმობ გაეროში, პალესტინის სასარგებლო კენჭისყრას, კულისებში კი მეგობარი ისრაელის საწაინააღმდეგო კენჭისყრას დირიჟირობ.

ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი სხვა ქვეყანამ, თუნდაც დიდმა კი არ უნდა შეაფასოს, არამედ მსოფლიო ორგანიზაცია - გაერომ, ცხადია სხვათა, განსაკუთრებით, ამერიკელთა კარნახის გარეშე.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება სულაც არ არის გამოწვეული ამ ქვეყნების მიმართ მოჭარბებული სიყვარულით. საქმე ისაა, რომ ამერიკა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი კი ჩვენი მეზობელი. ამერიკის გარკვეული წრეების მიერ საქართველოს ანტირუსულ წაქეზებას მძიმე შედეგები მოჰყვა - უნიკალური ტერიტორიების დაკარგვის სახით.

მათ შორის ვითარების შემდგომი დაძაბვა საქართველოსაც შეეხება, რამეთუ დაძაბულობის საბაბი, ენერგეტიკა და იარაღით ვაჭრობის გარდა, გავლენის სფეროთა მოპოვება და განმტკიცებაა. რუსეთის გეგმებში არ შედის კავკასიაში, საუკუნეთა განმავლობაში მოპოვებული პოზიციების დათმობა. პოზიციებს არც, კავკასიაში, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში გამოჩენილი ამერიკა აპირებს. ეს, რომ ასეა თბილისში, ამერიკელთა მიერ აშენებული ვეება საელჩოც კმარა. ორთა ჭიდილი საქართველოს ხელისუფალთაგან უდავოდ მოითხოვს აწონ-დაწონილ მოქმედებას, ნამდვილ და არა ბუტაფორიულ დიპლომატიას. ასეთის შემთხვევაშიც კი დაზღვეული ვერ ვიქნებით ძლიერი ქარიშხლისგან.

დავუბრუნდეთ ამერიკის არჩევნებს. ნოემბერში ამერიკელებმა არა მარტო პრეზიდენტი აირჩიეს, არამნედ კონგრესის წევრები, 11 შტატის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამერიკის არჩევნები განსხვავდება სხვა ქვეყნის არჩევნებისგან. მიზეზი ამისა არის ის, რომ ამერიკაში არ არსებობს ერთიანი საარჩევნო სისტემა. ყველა შტატი არჩევნებს წარმართავს საკუთარი წესების მიხედვით. ამერიკელები, რომლებიც ხმას აძლევენ ამა თუ იმ კანდიდატს, ფაქტიურად ირჩევენ არა პრეზიდენტს, არამედ ამომრჩეველს. ამომრჩეველთა კოლეგიაში 538 ადამიანია, თითოეულ შტატს იმდენი ამომრჩეველი ჰყავს, რამდენიც კონგრესში, კონგრესმენი და სენატორი. ყველაზე დიდი რაოდენობის ამომრჩეველი - 55 კალიფორნიას ჰყავს, შემდეგ ტეხასს - 38, ნიუ-იორკს - 29 და ა.შ. ყველაზე მცირე რაოდენობა - 3, ჩრდილოეთ დაკოტას, სამხრეთ დაკოტას, ვაიომინგს და სხვა.

გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა დააგროვოს არა ნაკლები 270 ამომრჩევლის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერ მოაგროვებენ ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმებს, მაშინ პრეზიდენტს აირჩევს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა.

სულ მალე გაიმართება გამარჯვებული ობამას ინაუგურაცია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ნახევრის დასაწყისში მიღებული ნობელის პრემია, მეორე ვადით პრეზიდენტობისას გაამართლებს სამშვიდობო მოლოდინებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

განხილვა ფორუმზე (
Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/geurasia/polit/class/ipb_forum.class.php on line 183